Home რუბრიკები სამართალი დასავლეთი ან დაგვცინის, ან კიდევ ერთ დიდ ექსპერიმენტს ატარებს და საცდელ ბოცვრებად...

დასავლეთი ან დაგვცინის, ან კიდევ ერთ დიდ ექსპერიმენტს ატარებს და საცდელ ბოცვრებად საქართველოს მოსახლეობა ჰყავს შერჩეული

მიიღეს და ცვლილება შეიტანეს დაახლოებით 4 ათას კანონში, მაგრამ მათგან ერთზეც ვერ ვამბობთ, რომ ჩვენთვის კარგი იყო

2411
საქართველოს კონსტიტუცია

ამერიკის კონსტიტუცია 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს და მასში დღემდე სულ 27 ცვლილება განხორციელდა. მათგან ათი კონსტიტუციაში შევიდა, ერთობლივად მოიხსენიება და ეწოდება კანონი უფლებების შესახებ. შემდეგ კიდევ 17 ცვლილება განხორციელდა და მათ შორის ორი მშრალი კანონის მიღებაგაუქმებას ეხებოდა. ბოლო შესწორება კონსტიტუციაში 1992 წელს შევიდა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ხელფასი გაეზარდათ (კონსტიტუციით)…

2012 წლამდე საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული იყო 29 ცვლილება, 2012 წლის შემდეგაც მასში არაერთი ცვლილება შევიდა. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ საქართველოს ძირითადი კანონი ყველა ხელისუფლებამ საკუთარ თარგზე მოჭრა და საკუთარ ტანზე მოირგო. საქმე მხოლოდ კონსტიტუციას არ ეხება, საქართველოსთვის ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ საკანონმდებლო ორგანო ყოველწლიურად ახალ-ახალ კანონებს ისე მარტივად იღებს, ხშირად თვალის მიდევნება ჭირს. მხოლოდ შარშან დეპუტატებმა 705 კანონპროექტი მიიღეს და 49 ხელშეკრულებისა და შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირეს მხარი. არ გეგონოთ, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელი იყოს. არა, ბატონებო, წინა და იმის წინა და კიდევ უფრო იმის წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანო უფრო მეტს ახერხებდა და ასე განსაჯეთ, ათასსაც აჭარბებდა. ამ თემას ისევ დავურბუნდებით, მანამდე კი…

საქართველოში ხშირად მოისმენთ, რომ ხალხისთვის მთავრობა არასოდეს იქნება, რომ ყველა ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, რასაც კატეგორიულად მხოლოდ მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში მყოფი ადამიანები არ ეთანხმებიან. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო კანონმდებლობის დახვეწა. თავდაპირველად თითქოს გვერდს უვლიდნენ კონსტიტუციას, მაგრამ მერე ნელნელა მიეპარნენ და ბოლოს ისე გათელეს, როგორც თელავდადიდოელი ლეკი ნაბადსა…”

სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსებს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, ისინი ხელახლა გადაწერეს, პრაქტიკულად, ყველაფერი დაიწუნეს და, ასე ვთქვათ, ევროპულ თარგზე მოჭრეს. სწორედ ევროპულ თარგზე მოჭრის შედეგად ამოიღეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილით დასჯა, რომლის დაბრუნებასაც დღეს საზოგადოების ნაწილი ითხოვს. ითხოვს იმის გამო, რომ საზარელი და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული ძალიან მომრავლდა. ინდივიდუალურია მოსაზრება, უნდა იყოს თუ არა სიკვდილით დასჯა, მაგრამ რიგ ქვეყნებში, რომლებსაც დემოკრატიასა და ტოლერანტობაზე სხვებზე მეტი პრეტენზია აქვთ, სიკვდილით დასჯა არსებობს. და ვინ იცის, ამ საკითხზე საქართველოში რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, რა შედეგს მივიღებთ. თუმცა ეს სხვა თემაა და ისევ ჩვენს კანონებს დავუბრუნდეთ, იმ კანონებს, რომლებსაც, აგერ მერამდენე ათეული წელიწადია, რიგრიგობით ხვეწს ყველა მთავრობა და ბოლოში მაინც ვერ გავიდნენ.

საინტერესოა, რომ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში კანონმდებლები ევროპა-ამერიკის ინსტიტუტებისკენ იშვერენ ხელს, _ აქაოდა, მათი რეკომენდაციებია და ჩვენ რა ვქნათო. აქამდე კითხვა არავის დაუსვამს, რატომ გვაძლევენ ასე ულუფა-ულუფა რეკომენდაციებს, რატომ არ გვეუბნებიან გასაგებად, რა და როგორ არის გასაკეთებელი და, თუ მაინც იმათ თარგზე უნდა ვჭრათ ჩვენი კანონები, ბარემ ერთხელ მოვჭრათ და ეგ იქნება. მაგრამ არა: წინა ხელისუფლება უცხოელთა რეკომენდაციებს სხვაგვარად იგებდა, მოქმედს _ სხვაგვარად ესმის და ბოლოს ისე გამოდის, ერთსა და იმავე ნაწერს სხვადასხვაგვარად თარგმნიან ხელისუფალნი. შედეგად, ყველა სათავისოდ ირგებს კანონებს და ამას ხმამაღლა ვამბობთ. სათავისოდ იმიტომ, რომ დაგვისახელეთ თუნდაც ერთი კანონი, რომელზეც რიგითი მოქალაქეები იტყვიან, რომ მათთვის კარგი იყო, რომ შვება იგრძნეს. არ არსებობს ასეთი, არ მიუღიათ, არ შეუქმნიათ, არ გაუკეთებიათ და იმიტომ! რა გამოდის?! მხოლოდ 2003 წლიდან დღემდე რომ ავიღოთ, ყველა მოწვევის დეპუტატები, ყველა მინისტრი გვიმტკიცებს, რომ ხალხზე ფიქრობს, მიიღეს და ცვლილება შეიტანეს დაახლოებით 4000 კანონში, მაგრამ აქედან ერთზეც ვერ ვამბობთ, რომ ჩვენთვის კარგი იყო. ანუ, 4000 შესწორება თუ კანონი მიიღეს მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფალთ საკუთარი ყოფა გაეუმჯობესებინათ.

2010 წელს ლამის მთელი ინგლისი ქუჩაში გამოვიდა, ლორდთა და თემთა პალატამ მთელი წლის განმავლობაში ექვს კანონზე იმუშავა, მათგან ოთხი მიიღო, რაც ჩვენი შეურაცხყოფააო. კონსერვატორი ინგლისელების აზრით, წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო ერთი წლის განმავლობაში ამ ოდენობის კანონის მიღება, რადგან ეს მათი ცხოვრების წესი უნდა გამხდარიყო. გესმით, კანონმდებლებო?! ინგლისში ექვსი კანონი გააპროტესტეს, ბევრიაო; თქვენ კი შარშან გამართულ 51 სესიაზე 705 კანონს უყარეთ კენჭი; უფრო ზუსტად, კენჭი გაცილებით მეტს უყარეთ, მაგრამ 705 მიიღეთ, ანუ საშუალოდ ერთ სესიაზე 14 კანონი მიიღეთ და ეს მაშინ, როცა ინგლისისთვის წელიწადში 4 კანონიც ბევრია.

ერთი შეხედვით, გარედან საუბარი ადვილია, მით უმეტეს, როცა კანონმდებლებს ამ ყველაფერს ღიად ვეუბნებით, ისინი გამაჯერებელი ტონით გვიხსნიან, რომ ყველაფერი ევროკონვენციებთან შესაბამისობაშია, რომ ევროპელი პარტნიორები ამ ყველაფერს გვიწონებენ, რომ მათი რეკომენდაციების მიხედვით ვმოქმედებთ და… კი მაგრამ, ბატონებო, ეგ ევროპელები არ იყვნენ, წინა ხელისუფლების დროს ტაშის კვრით ხელის გულები რომ ჰქონდათ გადატყავებული, ისეთ რეფორმებს ატარებენ, ჯერ რომ არ გაგვიგიაო?! მაშინ რა გამოდის? წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს ახლიდან ვწერთ და ევროპელები ისევ ტაშს გვიკრავენ, _ რა მაგარია, რა კარგად მოგიფიქრებიათ, რეფორმების ქვეყანა ხართო?! (აქ ერთიც უნდა ვთქვათ აუცილებლად: ევროპა-ამერიკის კარნახით რომ ვწერთ კანონებს, ჩვენ აზროვნების უნარი დავკარგეთ? კანონი ქცევის სავალდებულო წესია და ვითომ სხვებმა ჩვენზე უკეთესად რატომ იციან, რა არის ჩვენთვის კარგი და რა _ ცუდი? როდემდე უნდა ვიცეკვოთ სხვების დაკრულზე? _ რედ.) ძალიან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, დასავლეთი ან დაგვცინის, ან კიდევ ერთ დიდ ექსპერიმენტს ატარებს და საცდელ ბოცვრებად საქართველოს მოსახლეობა ჰყავს შერჩეული. ორივე შემთხვევაში საქმე სავალალოდ არის, მაგრამ უბედურება ისაა, რომ, რაც უნდა ვთქვათ ჩვენ, გამორიცხულია, ხელისუფლებამ ევროპას ან ამერიკას გაუბედოს წინააღმდეგობის გაწევა. იმ ამერიკას, რომელიც თვითონ დიდი სიფრთხილით ეკიდება კანონებს და საუკუნეების განმავლობაში კონსტიტუცია ლამის წმინდა წიგნად აქვს გამოცხადებული, ჩვენი არც კონსტიტუცია უნდა ხელშეუხებელი და არც ნებისმიერი კოდექსი. წინა ხელისუფლების პირობებში, ლამის იქამდეც მივედით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ამერიკის ელჩი თვითონ წერდა მისთვის სასურველ ქვეთავებს.

ყველაზე ცუდი კი ამ ისტორიაში არის ის, რომ თებერვალში საგაზაფხულო სესია განახლდება, ისევ შევა პარლამენტში კანონები, ისევ მიიღებენ თითო სესიაზე 14-15 კანონს და ისევ არაფერი შეიცვლება რიგითი ადამიანებისთვის. შემდეგ კი, როცა გავიღვიძებთ, ყველა ერთად მივხვდებით, რომ არაფრის შეცვლა აღარ შეგვიძლია, რადგან ამას კანონი კრძალავს; ის კანონი, რომელიც ჩვენ მიერვე არჩეულმა თუ შერჩეულმა პარლამენტმა მიიღო, ის კანონი, რომლის განხილვასაც ერთი საათიც არ მოანდომეს; ის კანონი, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდით, სანამ ცხვირში არ მოგვხვდა. სად არის საშველი?! _ ამ გადასახედიდან, არსად არ არის, არსად არაფერი ჩანს, არსად არავინ ჩანს. მიღებულ თუ მისაღებ კანონებზე და მათ შესაძლო შედეგებზე ფიქრი კი არა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველდღიურად პურის ფულის შოვნა ეფიქრება, პურისა, რომელიც გაძვირდა და რომლის გაძვირებასაც ვერც ერთი კანონი ვერ შეაჩერებს; ეს ის პროდუქტია, რომელიც ძირითად საკვებად ქცეულა უმრავლესობისთვის და ახლა ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ “მამაო ჩვენოდან” სიტყვებს _ “პური ჩვენი არსობისა…”

2018 წლის მთავარ მონაპოვრად იმ საკონსტიტუციო ცვლილებას თვლიან, რომლითაც პრეზიდენტის ძალაუფლება შეიზღუდა და 2024 წლიდან მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის სულერთია, როგორი წყობა გვექნება, მთავარი ის არის, ხალხმა შვება იგრძნოს, შვება კი არც საპრეზიდენტო წყობის დროს ჩანდა და არც საპარლამენტო წყობისას გამოჩნდება. გარედან ასე ჩანს და შიგნიდან

დასასრულ, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ამერიკის კონსტიტუციაზე ერთი საინტერესო მოსაზრება არსებობს: ამერიკის აღმოჩენის შემდეგ, იქ, როგორც ცივილიზებული ადამიანებით დაუსახლებელ კონტინენტზე, დამნაშავეების გადასახლება დაიწყეს. ასე შეიკრიბნენ ამერიკაში მკვლელები, თაღლითები, ქურდები, ყაჩაღები და შემდეგ დაწერეს კანონები, კონსტიტუცია და შექმნეს სახელმწიფო. ჰოდა, დამნაშავეების მიერ დაწერილმა კონსტიტუციამ გაამართლა, მათ დაწერეს ისეთი კანონები, რომლებიც ხალხზე, ანუ მათზე იქნებოდა მორგებული. პირდაპირ ვთქვათ, დამნაშავეები ხელისუფლებაში არც ჩვენ გვაკლდა არასდროს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკაში გადასახლებულ კრიმინალებს ქვეყანა ჩვენს კანონმორჩილ ხელისუფლებაზე მეტად უყვართ. არა?..

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here