Home რუბრიკები პოლიტიკა დასავლეთზე ჩამოკიდებული და გამოკიდებული პოლიტიკოსები თვითონ კი არიან დანაყრებული, მაგრამ ხალხმა რა...

დასავლეთზე ჩამოკიდებული და გამოკიდებული პოლიტიკოსები თვითონ კი არიან დანაყრებული, მაგრამ ხალხმა რა ქნას, ხალხმა?

სოციალური აფეთქების მოლოდინი უნდა გქონდეთ, ბატონებო, ოღონდ ისეთი აფეთქების, თქვენც რომ გაგიყოლებთ და იმ ოპოზიციასაც, ჩასაფრებული რომ ელოდება ხალხის ჯანყს

391
დასავლეთზე ჩამოკიდებული და გამოკიდებული პოლიტიკოსები თვითონ კი არიან დანაყრებული, მაგრამ ხალხმა რა ქნას, ხალხმა?

2021 წლის ნოემბერდეკემბერში დავწერეთ პირველად იმის შესახებ, რომ 1 აპრილიდან პროდუქტები გაძვირდებოდა. შემდეგ პრაქტიკულად ნომერი არ ჩაგვიგდია, ხელისუფლებისთვის რომ არ გვეთქვა, რომ გაძვირება გარდაუვალი იქნებოდა და ზომები იყო მისაღები, მაგრამ ბევრს არ სჯეროდა ფასების მომატების, ბევრი შეგუებული იყო, რეალურად კი ისე ჩანდა, რომ ხელისუფლება გამოსავალს ვერ პოულობდა. თანაც, იმხანად პროდუქტებისა და მოსახლეობისთვის არავის ეცალა, ხელისუფლება იყო შესანარჩუნებელი, ოპოზიციას კი იმედი ჰქონდა, რომ სათავეში მოვიდოდა. ეს იწილობიწილო პოზიციასა და ოპოზიციას შორის დღემდე გრძელდება, ქვეყანა კი თავზე დაგვექცა, ლარი გაგვექცა, პროდუქტი კი

საგანგაშო არაფერი ხდებაო. ის კაცი, რომელიც ამას გვიმტკიცებდა, გასულ კვირას თანამდებობიდან წავიდა, მაგრამ ლარის გაუფასურებას მაინც ვერ გაასწრო _ ეროვნული ვალუტა მასზე სწრაფად გარბოდა. ფინანსთა მინისტრზე მოგახსენებთ, რომელიც ჯიუტობდა: ნუ შემჭამეთ, ისეთი ბიუჯეტი და ისეთი გათვლები გვაქვს, მშვიდი წელი გველოდებაო. ჰოდა, ამ სიმშვიდის ფონზე, 1 აპრილს მაღაზიაში შესულ მომხმარებელს სახუმარო ფასები ნამდვილად არ დახვედრია. ხუმრობა იქით იყოს და ხალხს მომავალში შემწვარი კარტოფილი მოენატრება, მის ხარშვაზე გადავა, რადგან ზეთს ისეთი ფასი აქვს, რაღა ეგ დაგისხამთ ტაფაზე და რაღა ოქროს წყალი.

ივანე მაჭავარიანის მსგავსად, თანამდებობიდან წასვლა არ უფიქრია ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს. როგორი დასატოვებელია, როცა ორი ხელფასი გაქვს _ ბატონი კობა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის წელიწადში 62 712 ლარს იღებს, ხოლო იმავე საბჭოს პრეზიდენტობისთვის წლიურად 142 771 ლარი აქვს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ბატონი კობას მეუღლე, ქალბატონი ირინე კოკაია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში საოპერაციო ოფიცრად მუშაობს და მისი წლიური ჯამაგირი… 176 250 ლარია. დაგვეთანხმებით, ძნელია ასეთი შემოსავლების შემთხვევაში ლარის გაუფასურება ან ზეთის გაძვირება იგრძნო, თუმცა ის, რაც გვენეტაძემ თქვა, ცოტა არ იყოს, სასაცილოცაა. თურმე, ლარის გაუფასურების ერთერთი მიზეზი ყოფილა ის, რომ თურქეთში ლირა გაუფასურდა და, რადგანაც თურქეთზე ბევრი რამით ვართ დამოკიდებულნი, ამან ლარზეც იმოქმედა.

ბატონო კობა, შარშან, დეკემბერ-იანვარში ლირა რომ გამყარდა, ეროვნულ ვალუტას რატომ არ დაეტყო? თუ მხოლოდ ინფლაცია ეტყობა და სიმყარის შემთხვევაში არაფერი მოქმედებს? სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ან არ იცის, რა სჭირს ვალუტას, ან იცის და არ ამბობს. ორივე შემთხვევაში საქმე სავალალოდ არის და, თუ იმასაც დავიჯერებთ, რასაც მაჭავარიანზე ამბობენ, ყველაზე საინტერესო წინ გველოდება. მაჭავარიანზე კი იმას ამბობენ, რომ ლარს კატასტროფული ინფლაცია ელის და ბატონ ივანეს არ სურდა, ეს ყველაფერი მის სახელთან ყოფილიყო დაკავშირებულ-ასოცირებული. და მაინც, რა გაძვირდა ყველაზე მეტად ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში? საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ათეული ასე გამოიყურება: მზესუმზირის ზეთი _ 62,79%, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი _ 40,39%, წიწიბურა _ 36,39%, ლურსმანი _ 35,20%, თერმომეტრი _ 31,89%, სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) _ 31,84%, მწვანე ლობიო _ 30,83%, თევზის კონსერვი _ 30,60%, შაქარი _ 30,12%, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები _ 29,21%. ათეულში ხუთი საკვები პროდუქტია, თუმცა… პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში იძულებულნი იქნებიან, პურიც გააძვირონ. 1 აპრილს სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამა დასრულდა და, როგორც კი სუბსიდირებული ფქვილი ამოიწურება, ფასი მთავარ საკვებ პროდუქტზე, სულ ცოტა, 20%-ით მოიმატებს. თუ გახსოვთ, ამის შესახებაც არაერთხელ დავწერეთ და ისიც ვთქვით, რომ აუცილებელი იყო რუსეთში ჩასვლა, რუსულ მხარესთან მოლაპარაკება ფასზე, რომელიც მისაღები იქნებოდა. დასავლელმა მეგობრებმა, რა თქმა უნდა, ამის უფლება არ მოგვცეს და შედეგად მივიღეთ გაძვირებული ხორბალი. არადა, პურისთვის საჭირო ხორბლის თითქმის 100% რუსეთიდან რომ შემოდის, კარგად მოგეხსენებათ.

ზუსტად ვიცით, ხელისუფლებას გაზაფხულისა და ზაფხულის იმედი აქვს, რადგან ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქტები შემოდის, სეზონურად კი ეს პროდუქტები იაფი ღირს და, წესით, მოსახლეობამ ფინანსური წნეხი ვერ უნდა იგრძნოს, თუმცა აქაც ცდებით, ბატონებო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცოტა მიწა სწორედ წელს დაიხნა (ეს პანდემიითაც არის გამოწვეული), რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონური პროდუქტი მოსალოდნელზე გაცილებით მცირე იქნება, ხოლო ის, რაც მცირეა, ძვირი ღირს.

თუ აკვირდებით, ოპოზიცია სოციალურ ფონს ნაკლებად ახსენებს. წესითა და რიგით, ისინი ახლა ბოლო ხმაზე უნდა გაჰყვიროდნენ, მოსახლეობას შიმშილით სული სძვრებაო, მაგრამ, როცა ამას იტყვი, ისიც უნდა თქვა, სად და რაშია გამოსავალი. ეს კი ოპოზიციამ ან არ იცის, ან არ სურს, ხმამაღლა თქვას. ორივე შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლა გამოსავალი არ არის, რა ვითარებაც არის ახლა, ის იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, უბრალოდ, მაღალ ხელფასებს სხვები აიღებენ და ისინი, ვინც ახლა იღებს, ქუჩაში გავლენ გადადექიგადადექის ძახილით. პოლიტიკა და პოლიტიკოსები ჩვენი საშველი რომ არ არის, ამას, დიდი ხანია, მივხვდით. სამწუხაროდ, დრომ ისე მოიტანა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს დანაზოგი, რათა საკუთარი შექმნას, საკუთარი მოიფიქროს და ესეც არ იყოს, რამე რომ შექმნა და აწარმოო, გასაღების ბაზარიც ხომ გინდა?! ვიღაცამ ხომ უნდა იყიდოს და იმ ვიღაცას, ანუ მეზობელს, მეგობარს, ნათესავს ფული, უბრალოდ, არ აქვს. თუ გახსოვთ, ოპოზიცია ხელისუფლებას ხშირად ახსენებს, _ არჩევნები 5-5 კილო კარტოფილითა და ხახვით მოიგეო, მაგრამ ახლა იმასაც აღარ ამბობს, ამ 5-5 კილო კარტოფილისა და ხახვის ფასი ერთი ბოთლი ზეთი რომ ღირს. დასავლეთზე ჩამოკიდებული და გამოკიდებული პოლიტიკოსები თვითონ კი არიან დანაყრებული, მაგრამ ხალხმა რა ქნას, ხალხმა? სწორედ შიმშილის ბრალია ის, რომ მოსახლეობას არ აინტერესებს ქუჩაში გასვლა და პროტესტი, რომ არა სამსახურის დაკარგვის შიში, ვერც ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებდა მმართველი გუნდი და ხალხსაც ვერ გამოიყვანდა ქუჩაში. ამჟამად არ არსებობს ძალა, რომელსაც ხალხი გულითა და სულით გაჰყვება. ხელისუფლებას ქუჩაში გაჰყავს ისინი, ვისაც სამსახურის დაკარგვის შიში აქვს, ოპოზიციას კი ისინი, ვისაც სამსახურის დაწყების იმედი აქვს. ორივე შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა.

წინ _ წყალი, უკან _ მეწყერიო, ხომ გსმენიათ? ჰოდა, ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვართ ახლა. პოლიტიკოსები ვერაფერს აკეთებენ, პანდემია არ ჩერდება და ყოველდღიურად მიაქვს ადამიანების სიცოცხლე. აგერ, ორი დიდი ხელოვანი ერთ კვირაში გამოგვეცალა ხელიდან, მაგრამ თითქოს ესეც ვერ აღვიქვით ეროვნულ ტრაგედიად. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობა თვითონ უყურებს სიკვდილს თვალებში და, რაც ყველაზე საშინელია, ამ შემთხვევაში სიკვდილს შიმშილი ჰქვია. ვინმე აუხსნის პენსიონერებს, გაძვირებული მედიკამენტების, გაუფასურებული ლარის, პროდუქტებზე საშინლად მომატებული ფასების ფონზე, როგორ უნდა ირჩინონ თავი? ოღონდ ამ კითხვაზე პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს არ გააცემინოთ, ბატონი კობა წლიურად იმდენ ხელფასს იღებს, რამდენსაც 80 პენსიონერი ერთად აღებული. ლამის მილიონი პენსიონერი შიმშლისთვის ჰყავს განწირული ხელისუფლებას და, პენსიამ რომც მოიმატოს, დიდი ვერაფერი ბედენაა. გაუფასურებული ლარის ფონზე, პრაქტიკულად, იგივე გამოდის, რაც ადრე. ოღონდ ადრეს რომ ვამბობთ, ბოლო ათ წელს ვგულისხმობთ, ლარის კურსითა და პროდუქტების გაძვირების სკალით თუ ვიმსჯელებთ, პენსიონერებს არაფერი მომატებიათ.

გაძვირება კვლავ გარდაუვალია. იმის ფონზე, როცა ნავთობპროდუქტების ფასი კატასტროფულად იმატებს, ავტომატურად ძვირდება ყველაფერი, იმიტომ, რომ ნებისმიერ რამეს ტრანსპორტირება სჭირდება, ტრანსპორტირებას _ ბენზინი, დიზელი, გაზი. ხორბლის სუბსიდირებას ის სჯობს, ხელისუფლება რუსეთს ხორბლის ფასზე დაელაპარაკოს, დააკლებინოს და ეგებ პური მაინც გადავარჩინოთ გაძვირებას. ისე, პურის გარდა, ფქვილისგან წარმოებული ყველა პროდუქტი გაძვირდა, რადგან მთავრობა მხოლოდ პურის ქარხნებს აფინანსებს, თორემ ვიღაც ფუნთუშას რომ აცხობს და მცირე ბიზნესს ეწევა, ის მომატებულ ფასს იხდის როგორც ფქვილში, ისე გაზსა და ელექტროენერგიაში. სოციალური აფეთქების მოლოდინი უნდა გქონდეთ, ბატონებო, ოღონდ ისეთი აფეთქების, თქვენც რომ გაგიყოლებთ და იმ ოპოზიციასაც, ჩასაფრებული რომ ელოდება ხალხის ჯანყს.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ამ ბოლო დროს, ქართული პრესა აჭრელდა სტატიებით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ”მთავრობა” ისრაელს საკუთარ ხალხს (ქართველებს) სთავაზობს მუშებად. ისრაელი კი თავის მოსახლეობას ხელს უწყობს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაში და აქ დაფუძნებაში ისე, რომ ქართული მხარე ქართული ენის ცოდნასაც არ ითხოვს მათგან. ისინი ყიდულობენ მიწებს/სახლებს/და სხვა უძრავ ქონებას ბათუმსა და სხვა ახლომდებარე ზღვისპირა რაიონებში. აი, რატომ ”ეპატიჟებიან” თურმე ქართველებს უცხოეთში ”სამუშაოდ” ასეთი მონდომებითა და თავგამოდებით!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here