მთავარი პოლიტიკა დაპირებები გასცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…

დაპირებები გასცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა…

749
გააზიარეთ
ბიძინა ივანიშვილი

გასულ კვირას დეპუტატებმაქართული ოცნებისდატოვება დაიწყეს. მმართველი პარტია იმკის იმას, რაც დათესა. ხელისუფლების დაკარგვა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს რეალურ პერსპექტივად აღიქმება.

პარლამენტმა ჩააგდო “მეამბოხე” დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას ითვალისწინებდა. უმრავლესობამ ის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის საბაბით დაიწუნა. შემდეგ ჩავარდა “პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუცია სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების თაობაზე. ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დაასახელა “შენიშვნები სამართლებრივ მხარესთან”.

უმრავლესობის პოზიცია ამ ორ საკითხზე შეიძლება დახასიათდეს, როგორც “უარი თანხმობის ელემენტებით” ან “თანხმობა უარის ელემენტებით”. პარლამენტის ვიცესპიკერ გია ვოლსკის კომენტარი განვითარებულ მოვლენებზე სწორედ ამ მიმართულებით გვიბიძგებს: “მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც მოსამართლეებთან, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის შეფასებასთან დაკავშირებით, პოზიცია, პათოსი, დამოკიდებულება, განწყობა არ განსხვავდება. გაცილებით უფრო სერიოზული რეზოლუცია გვაქვს მიღებული მე-8 მოწვევის პარლამენტში, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება უვადო დანიშვნებს, რასაკვირველია, თემა და განწყობა ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში, მაგრამ არ შეიძლება ისეთი კანონი იქნას მიღებული, რომელიც საკონსტიტუციო ნორმას არ შეესაბამება. აქედან გამომდინარეობს ვითარების სირთულე. ეს არის ინდიკატორი და აჩვენებს, რომ დაძაბულობა გაცილებით უფრო მძიმე და მკვეთრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება გეჩვენოს. არ შეიძლება, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს კანონპროექტი შემოგვთავაზეს, არ იცოდნენ მისი შეუსაბამობის შესახებ კონსტიტუციის მიმართ. მე ვფიქრობ, ეს მაინც პოლიტიკური დემარშია” (ინტერპრესნიუსი).

მმართველი პარტიის ლიდერები, სავარაუდოდ, აცნობიერებენ, რომ ორივე საკითხში საკუთარი ამომრჩევლების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიან და ამიტომ ამჯობინებენ, უარი არ თქვან. ამასთანავე, ჩანს, რომ ისინი განიხილავენ კანონპროექტს მჭიდრო კავშირში მის ავტორებთან და მათ სიმბოლურ გამარჯვებას (დადგენილების მიღებას) ირაკლი კობახიძე და მისი გარემოცვა აღიქვამდა, როგორც საკუთარ მარცხს. თუ მთავარი იქნებოდა არა ეს ფაქტორი, არამედ საბოლოო შედეგი (შიდაპარტიული კრიზისის ჩაქრობა და მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღება), ისინი, ალბათ, გამონახავდნენ ტექსტზე ერთობლივი მუშაობის, იურიდიული მხარის დახვეწისა და კონსენსუსის მიღწევის ისეთ ფორმას, რომელიც ორივე დაპირისპირებულ მხარეს დააკმაყოფილებდა, მაგრამ კობახიძისთვის, როგორც ჩანს, მთავარი იყო ის, რომ “9 ამბოხებულს” თავისი არ გაეტანა; მეტიც, “შფოთისთავები” მმართველი პარტიიდან წასულიყვნენ, რაც “ახალგაზრდა გვარდიის” კოორდინატთა სისტემაში, სავარაუდოდ, სამოთხიდან განდევნის ტოლფასია. სხვებისთვის შეიძლება ასე არ იყოს და “ქართული ოცნებისგან” დროულ დისტანცირებას საკუთარი თავის გადარჩენად აღიქვამდნენ. ცხადია, ყოველივე თქმული არ გამორიცხავს ვოლსკის ვერსიას “დემარშზე”, იმას, რომ კანონპროექტის ავტორები თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ მის ჩაგდებაში და საპასუხო ნაბიჯებისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.

ისევე, როგორც საკონსტიტუციო რეფორმის პერიოდში, მოხდა პრიორიტეტების აღრევა _ ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, არჩილ თალაკვაძისა და სხვა “ახალგაზრდების” ტაქტიკური ინტერესები რაღაც მომენტში წინააღმდეგობაში შევიდა “ქართული ოცნების” სტრატეგიულ მიზნებთან, რომელთა შორის უდავოდ არის პარტიის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამომრჩეველთა ბირთვის შენარჩუნება. “ახალგაზრდა გვარდიის” მოქმედება აიძულებს ბიძინა ივანიშვილს, მაქსიმალური პოლიტიკური (და არა მხოლოდ) ფასი გადაიხადოს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში, იქნება ეს საკონსტიტუციო რეფორმა, “კვირიკაშვილის სახელობის კრიზისის” დაძლევა თუ მორჩილი სასამართლო სისტემის ფორმირება.

დღეს ბიძინა ივანიშვილს ხშირად ადანაშაულებენ, რომ სურს, სააკაშვილის მეთოდებით საქართველოს თავზე დაასვას სააკაშვილის მორჩილი მოსამართლეები. ამ ფონზე უმრავლესობა უარს ამბობს, რომ წინა რეჟიმი დანაშაულებრივად გამოაცხადოს. ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე იძულებული ხდება, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭო დატოვოს. ამ ისტორიაში ბევრი ნიუანსია და თითოეული მათგანი, მაგალითად, უცხოელი აქციონერების პოზიცია, დაკვირვებას საჭიროებს, მაგრამ გაღიზიანებული ამომრჩევლები დღეს მხოლოდ ერთ ასპექტს ხედავენ _ ზეწოლას ბიზნესზე, ისევ და ისევ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. გასაკვირი არ არის, რომ გასულ კვირას გავრცელდა არაერთი კომენტარი იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობას” დაემსგავსა, “ნაცმოძრაობად” იქცა, “განაცდა” თუ “გამონაცდა”.

ქართულ ოცნებასარ აქვს გამოკვეთილი იდეოლოგია და ღირებულებათა სისტემა, მის ზედა (და არა მხოლოდ) რგოლში ქარიზმული, რეიტინგული ლიდერების მწვავე ნაკლებობაა. პოლიტიკურ სივრცეში მისი პოზიციონირების მთავარი და ერთადერთი საშუალება იმის ხაზგასმა იყო, რომ ისნაცმოძრაობისგანგანსხვავდება, მასზე უკეთესია. როდესაც ეს ზღვარი იშლება და “2012 წლის ამომრჩეველიხედავს, რომ მმართველი პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინჩალაძის, მურუსიძისა თუ ზარდიაშვილის მსგავს ფიგურებთან, იდენტიფიცირების ძველი მექანიზმი უქმდება და იქ, სადაც ადრე ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტია ეგულებოდა, ერთ დიდნაცმოძრაობასხედავს.

საგულისხმოა, რომ პარტიის მიერ “სახის დაკარგვის პერიოდში” მისი ლიდერი საზოგადოებასთან ურთიერთობას გაურბის. ის პრაქტიკულად გაქრა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უხვი დაპირებები გასცა. შეიძლება ითქვას, რომ “დაპირებები გასცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”. გარკვეული ლოგიკა ამაში, ალბათ, არის, რადგან დაუწერელ პაქტში, რომელიც ივანიშვილმა საზოგადოების ნაწილთან მეორე ტურის წინ გააფორმა, მმართველ პარტიაში წესრიგის დამყარება და საკადრო პოლიტიკის შეცვლა ერთ-ერთ მთავარ პუნქტად მოიაზრებოდა (ყოველ შემთხვევაში ამომრჩევლებმა ასე ჩათვალეს). ამის ნაცვლად “ქართული ოცნების” წიაღში კოსმოსური მასშტაბის დებოში დაიწყო.

“კანონებს ვიღებთ, სადაც აღარავინ გვეთანხმება, არავინ ჩვენსკენ არ არის ამ იდეასა და მოცემულობაში. მარტონი დავრჩით”, _ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების წინ. მან თანაგუნდელების მოქმედება უმძიმესად შეაფასა: მორალური ზღვარი აღარ არსებობს. “ოცნებამდღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, რომლებიც სააკაშვილს წლების განმავლობაში იურიდიულად უფორმებდნენ ყველაფერს, რასაც ის ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიოდა”.

გასულ კვირას ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რა პოლიტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს გოგიჩაიშვილს ან ეკა ბესელიას, ან სხვა “მეამბოხეებს”. პარალელურად გრძელდებოდა მკითხაობა მამუკა ხაზარაძის ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესებში.

ეს მართლაც შეიძლება მოხდეს, მეტიც, გამორიცხული არ არის, რომ “ძველი გვარდიის” ან ხაზარაძის მოქმედებამ სხვადასხვა ფლანგზე რაღაც მომენტში ხელი შეუწყოს ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევას, ალტერნატიული “მესამე ძალის” (ან “ძალების”) გამოჩენის ილუზია შექმნას. ეს შეიძლება საკმაოდ ჭრელი პარლამენტის არჩევით და კოალიციური მთავრობის ფორმირებით დასრულდეს, რასაც ხელისუფალნი, ალბათ, შეაფასებენ, როგორც მორიგ წარმატებას ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ “ახალგაზრდა გვარდია” შეეცდება, ივანიშვილს მსგავს სცენარზე უარი ათქმევინოს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სცენარისკენ, ანუ “ნაც-ქოცური” ბრძოლის მორიგი მოდელირებისკენ და “ფაქტობრივი ერთპარტიულობისკენ” უბიძგონ. ეს ახლა ადმინისტრაციული რესურსის გაცილებით აქტიურ გამოყენებას მოითხოვს, ვიდრე 2016-ში, ან თუნდაც 2018-ში, რადგან “ქართული ოცნების” პოტენციალი მცირდება, ხოლო ამომრჩევლების დამოკიდებულება მის მიმართ უარესობისკენ იცვლება. ეს კი შეიძლება ხელისუფლების კრახით დაგვირგვინდეს.

საუბარი ამა თუ იმ პირის ან ჯგუფის პერსპექტივებზე საინტერესო და სახალისოა, მაგრამ გარკვეულწილად არასწორი. ჯერ უნდა დადგინდეს, რა პერსპექტივები აქვს არსებულ სისტემას, რადგან მისი დაცემა დაუყონებლივ შეცვლის პოლიტიკური ძალების მდგომარეობას და შესაძლებლობებს. ამის წინაპირობა ნამდვილად არსებობს, რადგან პოლიტიკური ელიტა განვითარებაში ჩამორჩა საზოგადოების პროგრესულ ნაწილს, რომელსაც აღარ სურს, ძველი სისტემის წესებსა და შეზღუდვებს შეეგუოს (მაგალითად _ უსამართლო სასამართლოს). ეს წარმოშობს კონფლიქტს, რომლის დარეგულირება პოლიტიკური მანევრებით, მოსყიდვით ან ძალადობით შეუძლებელია (ყოველივე ეს, უბრალოდ, ახანგრძლივებს აგონიას). ასეთ ვითარებაში არსებობს მხოლოდ ორი გამოსავალირეფორმები ან სისტემის რევოლუციური დემონტაჟი.

ვინ გაატარებს ამ რეფორმებს: კობახიძე? თალაკვაძე? ზარდიაშვილი? იქნებ ჩინჩალაძე მურუსიძესთან ერთად? თუ “2012 წლის ამომრჩევლებს” ამ კითხვებს დავუსვამთ, შეიძლება უაღრესად რადიკალური პასუხი გაგვცენ. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც ამბობდნენ, _ “აი, ახლა გონს მოეგებიან” _ დღეს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ივანიშვილის პარტიის ისტორიაში ძალიან მძიმე და, შესაძლოა, დასკვნითი ეტაპი იწყება, თუმცა ეს უკვე მისი პრობლემაა და არა ჩვენი.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here