Home სხვადასხვა დაიჯესტი დანა ზურგში

დანა ზურგში

ბაიდენი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას ცდილობს

102

აშშის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრებმა _ სკოტ მორისონმა და ბორის ჯონსონმა _ 2021 წლის 15 სექტემბერს, ვიდეოკონფერენციის გამართვის შემდეგ წყნარ ოკეანეში ახალი სამმხრივი კავშირის შესახებ განაცხადეს. ალიანსს უწოდს AUUKUS (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, აშშ). როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პაქტის მონაწილეები AUUKUSის მეშვეობით განამტკიცებენ თითოეული მათგანის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში, ხოლო ახალი ალიანსის პირველი დიდი ინიციატივა იქნება ატომური წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნა ავსტრალიაში.

უახლოეს ხანში დაიწყება კანბერასთვის იმ ტექნოლოგიების გადაცემა, რომლელთა გამოყენების უფლებასაც აშშ მხოლოდ დიდ ბრიტანეთს აძლევდა. სავარაუდოდ, იმსჯელებენ ბირთვული მასალების გადაცემაზეც. მართალია, ბაიდენი ყველას ამშვიდებს, რომ ლაპარაკია მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღით აღჭურვილ ატომური რეაქტორების მქონე წყალქვეშა ნავებზე, მაგრამ გამორიცხული არ არის, ავსტრალიამ მიიღოს წვდომა აშშ-ის ატომურ იარაღზე. ამით აშშ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისადმი ერთგულების საკითხს. ექსპერტთა აზრით, ავსტრალია იქნება ერთადერთი არაბირთვული სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული პოტენციალი ექნება ზღვაზე. სამმხრივ გარიგებაში ნახსენები არ არის ჩინეთი, მაგრამ, საერთაშორისო მიმომხილველების აზრით, ეს ნაბიჯი მიმართულია ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

31 აგვისტოს, როცა ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცებმა დატოვეს ავღანეთი, ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში უსაყვედურა რუსეთსა და ჩინეთს, რომ მათ სურთ, “ამერიკა კიდევ 10 წლით იყოს ჩაფლული ავღანეთში”.

ბაიდენის თქმით, “მსოფლიო იცვლება” და ვაშინგტონი არავის მისცემს შესაძლებლობას, ამერიკა სადმე “ჩაფლული” ნახოს. აშშ-ის ლიდერი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს კონკურენტებთან _ ჩინეთთან და რუსეთთან _ ბრძოლაში.

ამერიკის ყველა ადმინისტრაციისთვის დამახასიათებელი რწმენა საკუთარ განსაკუთრებულობაში და იმპერიული მისწრაფებები არ გამქრალა. ამერიკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ჩინეთთან ხისტი ურთიერთობა ჰქონდეს, ამისთვის კი საუკეთესო საშუალებად მოკავშირეებთან ერთობლივი ფლოტის შექმნა მიიჩნია. რუსეთთან დაპირისპირებაში ბაიდენი ნატოს პოტენციალის გაძლიერებას აპირებს.

“აშშ, _ განაცხადა ბაიდენმა, _ უნდა იყოს ლიდერი და არც ერთ სხვა ერს არ აქვს ასეთი უნარი”. ჩინეთსა და რუსეთს შორის კავშირების გაღრმავება კი აშშ-ის ლიდერობას ეჭვქვეშ დააყენებს.

2020 წლის ოქტომბერში ჩინეთთან ფორმალური სამხედრო კავშირის შექმნის შესახებ კითხვას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასე უპასუხა: “თეორიულად ეს სავსებით შესაძლებელია”. რუსეთი და ჩინეთი რეგულარულად ატარებენ ერთობლივ სამხედრო სწავლებებს, მოსკოვი ჩინეთის შეიარაღების თანამედროვე სისტემებითაც ამარაგებს.

რაც დრო გადის, აშშ-ს მით უფრო უჭირს ორ მეტოქესთან _ რუსეთსა და ჩინეთთან _ ბრძოლა, ამიტომ ცდილობს, მათ შორის შუღლი ჩამოაგდოს.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების თემების სია ძალიან გრძელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრატეგიული სტაბილურობისა და შეიარაღების გაკონტროლების საკითხები. სწორედ ეს საკითხები იყო 2021 წლის 16 ივნისს პუტინისა და ბაიდენის ჟენევაში შეხვედრისას ყურადღების ცენტრში. არის სხვა თემებიც: უკრაინა, სირია, ირანი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ჩინეთის საკითხის განხილვას შეუდგეს რომელიმე დონეზე. ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობას ამერიკა ვერაფერს დააკლებს.

სხვა საქმეა ნატო. აშშ-ის ევროპელმა მოკავშირეებმა 2021 წლის 14 ივნისს ბელგიაში გამართულ სამიტზე პირველად დაასახელეს ჩინეთი ალიანსის საფრთხედ.

“ჩინეთის გაცხადებული ამბიციები და შეუპოვარი მოქმედებები სისტემური გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც დაფუძნებულია ალიანსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებზე”, _ ნათქვამია ნატოს დასკვნით კომუნიკეში. ვაშინგტონის ევროპელმა მოკავშირეებმა ვალდებულება დაიკისრეს, მოაგვარონ ის პრობლემები, რომლებითაც ჩინეთი ხელს უშლის აშშ-ის ლიდერობას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ჩინეთი ახლა ისევე ჰყავს ამოღებული სამიზნეში, როგორც რუსეთი.

G7-ის, ნატოსა და ევროკავშირის სამიტების მიხედვით აშკარაა, რომ აშშ მთლიანად კონცენტრირებულია რუსეთსა და ჩინეთთან დაპირისპირებაზე. “ორმაგი საფრთხის” თეზისის გამოყენებით ამერიკელები მიუთითებენ, რომ ისინი შეინარჩუნებენ დაძაბულობას რუსეთთან. ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ბევრი ელოდა, რომ აშშ-ის იმპერიული ამბიციები შემცირდებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

AUUKUS-ის შექმნით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი ანტიჩინური დაჯგუფება ჩამოაყალიბა. ვაშინგტონმა მონიშნა საზღვარი ევროპასა და ანგლოსაქსურ სამყაროს შორის. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი ალიანსი არის “ინგლისურენოვანი” სამხედრო კავშირი, რომლიდანაც “მოტეხეს” საფრანგეთი.

2016 წელს ავსტრალიამ გარიგება დადო საფრანგეთთან დიზელის ძრავიანი წყალქვეშა ნავების ფლოტის შეძენაზე და უარი თქვა ინლისურ-ამერიკულ ატომურ სუბმარინებზე, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ბაიდენის მოსვლის შემდეგ ავსტრალიელებმა ფრანგებთან გარიგება გააუქმეს. ავსტრალიელების ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრონმა “ზურგში დანის ჩარტყმა” უწოდა.

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის. AUUKUS-ის შექმნა მოწმობს, რომ ჩინეთთან დაპირისპირებაში აშშ-ის ნებისმიერ მოკავშირეს შეიძლება ჩაარტყან “დანა ზურგში”.

rusdozor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here