Home რუბრიკები საზოგადოება დამოუკიდებელი საქართველოს სავალალო პარადოქსები

დამოუკიდებელი საქართველოს სავალალო პარადოქსები

998
დამოუკიდებელი საქართველოს სავალალო პარადოქსები

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების მიუხედავად, შემდგომი წლების სამარცხვინო ისტორია აშკარად მიუთითებს, რომ ჩვენივე უგუნურებითა და უზნეობით, ეროვნული ღირსების დაკნინებით, ეგოისტური გათითოკაცებით და მავანთა მიერ საერთოსახალხო სახელმწიფოებრივი ქონების უსამართლოდ მითვისებით, ფსევდოდემოკრატიული და ანტისამართლებრივი მმართველობით, უცხო პოლიტიკური ძალების დირექტივებითა და მათ ინტერესებზე დამყარებული იდეოლოგიის გატარებით, ეკონომიკის არაკვალიფიციური მართვით თუ მისი განვითარების მიზანმიმართული შეფერხებით მივიღეთ უმძიმესი შედეგი: ჩვენი მოსახლეობის ხავერდოვანი გენოციდი _ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5,4 მილიონიდან  28 წლის განმავლობაში შევმცირდით 3,7 მილიონამდე, .., დაახლოებით მესამედით.

ჩვენი ყველაზე დიდი და გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა ცხოვრების სოციალისტური ფორმაციიდან უკიდურესად უზნეო და მტაცებლური მეთოდების გამოყენებით არა სამართლიან და ჯანსაღ კონკურენტუნარიან საბაზრო ეკონომიკის ფორმაციაზე გადასვლა, არამედ უკუსვლა მე-19 საუკუნის დასაწყისის ველური კაპიტალიზმის ფორმაციისკენ, რაც, ძირითადად, იმ გარემოებამ განაპირობა, რომ არაკანონიერად მოპოვებულმა კაპიტალმა ჩვენს ქვეყანაში არაკანონიერება დაამკვიდრა.

* თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების საძირკველი და ბაზისი არის ენერგორესურსების (წყლის, ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტებისა და წიაღისეული საწვავის) მომხმარებლისთვის გონივრულ ფარგლებში ხელმისაწვდომ ფასად მიწოდება;

* თუ არ გავაცნობიერებთ, რომ ამ რესურსების მოპოვება-შესყიდვა და გამოყენება, უპირველესად, ზოგადსახელმწიფოებრივი და არა ვიწრო ბიზნესკომერციული რანგის კატეგორიებია და რომ შესაბამისად უნდა მოხდეს მათი არანაკლებ 70-დან თითქმის 100 პროცენტამდეც კი განსახელმწიფოებრიობა, რათა სახელმწიფო სექტორმა, თავისუფალი კონკურენციის პირობებში კერძო ბიზნესსექტორსაც უკარნახოს ოპტიმალურად დაბალი ფასები;

* თუ არ გავაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოს უპირველესი რესურსი და კაპიტალი შრომისუნარიანი და განათლებული ადამიანია და რომ განსაკუთრებული საბაზისო მნიშვნელობა აქვს ერის, განსაკუთრებით მოზარდი თაობის ჯანმრთელი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისა და შრომისუნარიანობის ამაღლებისთვის ჩვენივე სოფლის მეურნეობისა და მისი გადამამუშავებელი ადგილობრივი მრეწველობის ეკოლოგიურად სუფთა კვებითი პროდუქტებით მომარაგებას;

* თუ არ გავაცნობიერებთ იმ მანკიერ და პარადოქსულ ვითარებას, რომ ნაყოფიერი მიწებით დაჯილდოებულ, უძველესი დროიდან სოფლის მეურნეობის მწარმოებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ქრონიკულად განიცდის სურსათის უკმარისობასა და დეფიციტის შესავსებად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოგვაქვს, ვარგისანთან ერთად, უფრო ხშირად საეჭვო კვებითი ღირებულების პროდუქტები, სხვა ქვეყნების ეკონომიკას ვაძლიერებთ და ჩვენი ერის მასაზრდოებელი მეურნე გლეხკაცი კი, რომელსაც ეროვნული სულისკვეთების მქონე და გონიერი ხელისუფლება ხელისგულზე უნდა ატარებდეს, შექმნილი არახელსაყრელი სამეწარმეო ვითარებისა და გაუსაძლისი პირობების გამო დიდ ქალაქებსა და უცხოეთის ქვეყნებში გარბის ლუკმაპურის საშოვნელად;

* თუ არ გავაცნობიერებთ, რომ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებით შევქმნით იმ საბაზისო წინაპირობას, რომლის საშუალებითაც განვითარების შემდგომი ქმედითი პროგრამებით გზას გავუხსნით მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური შეიარაღებითი თავდაცვის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, მაღალხარისხოვანი ტურიზმისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ამაღლების კუთხით ქვეყნის შემდგომ წინსვლას;

წინააღმდეგ შემთხვევაში: ჩვენი სამიათასწლიანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის განმავლობაში ქართველთა სწორედ ის სამარცხვინო თაობა აღმოვჩნდებით, რომელნიც უახლოეს მომავალში, არა მხოლოდ ვერ შევინარჩუნებთ ისედაც მყიფე და ნომინალურ დამოუკიდებლობას, არამედ ეთნიკურადაც გადავგვარდებით და გადავშენდებით ჩვენივე სამკვიდრო ღვთითმომადლებული მიწა-წყლიდან, რომელზეც აშკარად თუ შეფარვით მუშტრის თვალი უჭირავთ, როგორც შორეულ, ასევე მეზობელ ქვეყნებს.

არ იფიქროთ, რომ ზემოთ ნათქვამი არის მხოლოდ სიტყვაკაზმული რიტორიკა, არა! ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განვლილი 28-წლიანი სიღრმისეული ანალიზი მიანიშნებს, რომ პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და იგი ჩვენივე მმართველი წრეების მარიონეტული პოლიტიკის ხელშეწყობით წარმატებით ხორციელდება.

განა უცნაური არ არის, რომ 28 წლის განმავლობაში ვერ ჩამოვაყალიბეთ ჯანსაღ პრინციპებზე დამყარებული საკანონმდებლო ბაზა და მმართველობის სტრუქტურული სქემები, რომლებიც გარანტირებულად მიგვიყვანდა ჭეშმარიტად დემოკრატიული და სამართლებრივი გარემოს შექმნასთან და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან?!

განა ნორმალურია, რომ სახელმწიფოს მართვის სტრუქტურების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად დღესაც საჭიროა საკანონმდებლო ბაზის გადამუშავება და მათ შორის უმთავრესის _ საქართველოს კონსტიტუციისა, რომელიც 1995 წლის პირველი კონსტიტუციის მიღებისთანავე, თანდაყოლილ ხარვეზებთან ერთად, შემდგომ წლებში, ვითომ სახელმწიფოს მართვის უფრო მაღალი დემოკრატიის რანგში საპარლამენტო მართვაზე გადასვლის კეთილშობილური განზრახვის საბაბით, რეალურად კი, ყოფილი პრეზიდენტის _ მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის ბატონობის სამარადჟამოდ განმტკიცების მიზნით, ისე დავამახინჯეთ, რომ ვეღარ გაგვირკვევია, რა არის ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ფუნქციები; ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე მეთაური; რა მეთოდებით უნდა იმართებოდეს სახელმწიფო საომარ ვითარებაში, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ექვემდებარება პრემიერმინისტრს, ხოლო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი პრეზიდეტია?! მით უმეტეს, რომ, კონსტიტუციის ბოლო შესწორებული ვარიანტის თანახმად, პრეზიდენტს მაქსიმალურად შეეკვეცა ის დარჩენილი უფლებებიც და 2024 წლიდან, საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად, მას აირჩევს, პარლამენტართა ჩათვლით, ეგრეთწოდებული სამასი ხმოსანი?!

როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ, შემიძლია განვაცხადო, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ, ვითომ უფრო მეტი ევროპულობის მოჩვენებითი თვალსაზრისით, წინა ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო შესწორებით “ნაანდერძევი” საპარლამენტო მმართველობის შემოღება, ამ ფსევდოდემოკრატიულ, შეუმდგარ და ფინანსურ-ეკონომიკურად გაპარტახებულ სახელმწიფოში ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯია და ემსახურება მხოლოდ იმ მერკანტილურ ინტერესს, რომ ქვეყნის უმაღლეს პოსტზე ვირჩევდეთ კანდიდატს არა პირდაპირი, საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით, არამედ ამომრჩეველთა რაც შეიძლება შეზღუდული კონტიგენტით, რაც მავანთათვის სასურველი კანდიდატის გაყვანის უფრო კომფორტული და შედარებით იოლად მისაღწევი საშუალებაა.

საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას კი, ნამდვილად ესაჭიროება აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის უფლებით, მოსახლეობის საყოველთაო და პირდაპირი არჩევნებით მინიჭებული მაღალი ხარისხის ლეგიტიმურობით აღჭურვილი პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხის მსახური და მისი ნების გამომხატველი, რომელიც რეფორმატორული გზით ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან.

მაღალი ლეგიტიმურობა და ფართო უფლებები რომ არ გადაიზარდოს ავტორიტარიზმსა და ერთპიროვნულ დიქტატურაში, მოქმედი პრეზიდენტი რომ განიმსჭვალოს ამომრჩეველთა წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით, ამისათვის საჭიროა, კონტიტუციურად დაკანონდეს, რომ, თუ პრეზიდენტი გარკვეულ პერიოდში არ ან ვერ შეასრულებს ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანათა წრეს, პარლამენტსა და ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ რეალურად ხელშესახები საკანონმდებლო მექანიზმები, რათა გაიწვიონ ასეთი პრეზიდენტი და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხს, ჩვენი ქვეყნის მასშტაბისა და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა ის, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე მე-19 საუკუნის სამოციანი წლების დასასრულს არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით აგებული ამიერკავკასიის მთავარმართებლის ყოფილი რეზიდენცია (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე), რომელიც თავისი დაგეგმარებითი ფუნქციითა და ფასადური გამომსახველობით, რაღა თქმა უნდა, წარმოადგენს ადმინისტრაციული მმართველობის ტიპის ნაგებობას და რომლის დღევანდელ მოთხოვნათა გათვალისწინებით მოდერნიზება დაჯდებოდა, ალბათ, სულ რაღაც, 10-15 მილიონი დოლარი, სრულად დააკმაყოფილებდა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭიროა საქართველოს პრეზიდენტის სახელისუფლო მმართველობის აღსრულებისთვის, ხოლო ქალაქის ცენტრალურ უბანში მოსწავლე ახალგაზრდობისთვის აშენებულიყო თანამედროვე, მისი კონკრეტული ფუნქციის შესაბამისი ნაგებობა.

განა პარადოქსი და ანომალია არ არის, როგორც კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური, ასევე საერთოდ, ქვეყნის ჰარმონიული განვითარების თვალსაზრისითაც, რომ ჩვენს დედაქალაქ თბილისში არის თავმოყრილი ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი?!

თბილისის განტვირთვისა და შემდგომი ტერიტორიული გაფართოების შეჩერების მიზნით, უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვით პრიორიტეტი უნდა მიეცეს, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დარგობრივი საწარმოების, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრების შექმნას.

თბილისის განტვირთვის “გასაღები” რეგიონების ფუნქციონირების გააქტიურების ამაღლებაშია.

ამ თვალსაზრისით საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის, ქუთაისში და საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას არანაირი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს.

ჯერ კიდევ კაცობრიობის ისტორიის ადრეული ეპოქიდან, ტრადიციულად და სავსებით ლოგიკურადაც ქვეყნის პოლიტიკური მართვის ცენტრს, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ეწოდებოდა სატახტო ქალაქი და დედაქალაქი, რაც დღევადელობის გაგებითაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის ფუნქციიდან და სტატუსიდან გამომდინარე, ქვეყნის პოლიტიკური მართვის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, მასში უნდა იყოს განთავსებული და დაფუძნებული, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სახელისუფლო შტოები, ასევე უცხო ქვეყნების საელჩოებიც. ხელისუფლების მხრიდან კი ისეთი ქმედება, რომელიც თბილისს უკარგავს პოლიტიკური მმართველობის ფუნქციას და, შესაბამისად, დედაქალაქის სტატუსს, მრავალი ხილული თუ უხილავი ფაქტორის გათვალისწინებით, რბილად რომ ვთქვათ, სტრატეგიული შეცდომაა.

განა პარადოქსი არ არის, რომ ჩვენი დიდი წინაპრების: დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილისა და იოსებ სტალინის შთამომავალი ერი ისე დავკნინდით და დავმცირდით, რომ გვიჭირს საკუთარი ქვეყნის სრულფასოვანი და წარმატებული მართვა?!

განა პარადოქსი არ არის, რომ ჩვენი ბედკრული ისტორიის განმავლობაში რა ზიანიც მოუყენებია გარეშე მტერს ჩვენი ქვეყნისთვის, არანაკლები ზიანი მივაყენეთ ჩვენც საკუთარ თავს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ამ ოცდაათი წლის მანძილზე ეგოისტური, უგუნური და ქვეყნისადმი მოღალატური ქმედებებით?!

მაგრამ ისტორიის ამ მცირე მონაკვეთში ქართველმა ხალხმა დააგროვა მწარე გამოცდილება, რომლითაც 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაანახვა ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და, თუ ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლიანობის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესების კუთხით, წერტილს დაუსვამს მის ყოფნას ქვეყნის სათავეში.

ანზორ დავითაშვილი,

არქიტექტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here