მთავარი პოლიტიკა დამოკიდებულების დღე

დამოკიდებულების დღე

1836
გააზიარეთ
საქართველოს დროშა

ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოში მუდამ აქტუალურია საკითხი, რომელ დღეს უნდა აღვნიშნოთ დამოუკიდებლობის დღე _ 26 მაისს თუ 9 აპრილს. მოგეხსენებათ, მეოცე საუკუნე ქართველთათვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ ორჯერ გამოვაცხადეთ ქვეყნის დამოუკიდებლობა: 1918 წლის 26 მაისს _ ნოე ჟორდანიას მთავრობამ, ხოლო 1991 წლის 9 აპრილს _ ზვიად გამსახურდიას მთავრობამ.

1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე კითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: “გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”

და ამ კითხვაზე საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ გაცემული დადებითი პასუხის შედეგად 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს “მეორე რესპუბლიკა”.

ასე რომ, საბოლოოდ მაინც 26 მაისია რეალურად საზეიმო თარიღი, თუკი საერთოდ გვეზეიმება, და სრულიად ფუჭია მოთხოვნა დამოუკიდებლობის 9 აპრილს აღნიშვნისა, რადგან გამსახურდიასეული 9 აპრილი იურიდიულად ჟორდანიასეულ 26 მაისზე დგას. თუმცა, მთავარი ის კი არ არის, ვინ რომელ თარიღს ანიჭებს უპირატესობას, არამედ ის, გვეზეიმება თუ არა დამოუკიდებლობის დღე. ეს ორივე თარიღი, უბრალოდ, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა და არა რეალურად დამოუკიდებლობის. ჰოდა, აი, ეს არის სწორედ საკითხავი _ საზეიმოა კი დამოუკიდებლობის გამოცხადება?

რეალურ დამოუკიდებლობაზე რომ იყოს საუბარი, კი, ბატონო, მაგრამგამოცხადებისდავერშესრულებისდღის აღნიშვნა, თანაც ასე პომპეზურად, როგორც ეს წელს მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ, ცოტა არ იყოს, კომიკური ხომ არ არის?

პირდაპირ შეიძლება ითქვას: ამ დამოუკიდებლობის დეკლარირებით მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რომ ვიცვლით დამოკიდებულებას სხვადასხვა დამპყრობლის მიმართ, რეალური დამოუკიდებლობა კი საქართველოს გიორგი ბრწყინვალეს მეფობის შემდეგ აღარ ღირსებია.

ჩვენ, ბოლო 100 წელიწადია, მხოლოდ სხვადასხვა დამოკიდებულებას ავიკიდებთ ხოლმე სხვადასხვა ძლიერი სახელმწიფოს მიმართ, ხოლო რეალური დამოუკიდებლობა ჩვენს ხელისუფლებებს სულაც ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ რეალური დამოუკიდებლობის ასეთი დაკიდების შედეგია ის, რაც გვემართება ხოლმე. დამოკიდებულების აკიდება კი იმის მიხედვით ხდება, საქართველოს ყოველი კონკრეტული ხელისუფლება ვის, რომელ გარე ძალებს უნდა უმადლოდეს იმას, რომ ხელისუფლებაში მოხვდა.

მაგალითად, ბევრმა არც იცის ან არ იაზრებს, რომ პირველი რესპუბლიკისგამომცხადებელი საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობა რეალურად რუსეთის სოციალდემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის წარმომადგენლები იყვნენ და მათ არაფერი ეცხოთ ეროვნულისა და ქართულის.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის, მეფის ტახტიდან გადაყენებისა და რუსეთის იმპერიის სათავეში ალექსანდრე კერენსკის მენშევიკური დროებითი მთავრობის მოსვლის შედეგად საქართველოში, როგორც რუსეთის იმპერიის ამიერკავკასიის რეგიონის ცენტრში, აღზევებული ნოე ჟროდანია რუსეთის იმპერიის ეროვნებით ქართველი წარმომადგენელი იყო მხოლოდ. რომ არა იმავე წლის ოქტომბერში (ახალი სტილით 7 ნოემბერი) ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში, ჟორდანია და ქართველი მენშევიკები აზრადაც არ გაივლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

1921 წლის სისხლიანი ამბებიც, ქართველი თავად-აზნაურების შვილების, “იუნკრებად” ცნობილი მეომრების, დაპირისპირებაც რუსეთიდან შემოჭრილ სამხედრო აგრესორებთან სინამდვილეში სწორედ მენშევიკ-ბოლშევიკთა შეიარაღებული პოლიტიკური “საქმის გარჩევა” იყო მხოლოდ და არა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა.

ანუ ეს იყო იმის შედეგი, რომ რუსეთის სათავეში მოექცა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაპირისპირებული იყო საქართველოს სათავეში მოქცეულ პოლიტიკურ ძალასთან და რა ხელშეკრულებები და “ურთიერთაღიარებებიც” უნდა დაედოთ ერთმანეთთან ვლადიმერ ლენინსა და ნოე ჟორდანიას, ადრე თუ გვიან საქართველოს ძალიასმიერი გზით “გაწითლება” გარდაუვალი იქნებოდა.

მე არ ვიჭერ არც “ბოლშევიკების” და არც “მენშევიკების” მხარეს. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ, რუსეთსა და საქართველოში ხელისუფლების სათავეებთან ერთი მიმართულების პოლიტიკური ძალები რომ მოსულიყვნენ, საქართველოსთვის, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მხრივ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუნდაც რუსეთის ხელისუფლების სათავეში კერენსკისა და მის მენშევიკებს თავი შეენარჩუნებინათ და ბოლშევიკებთან არ დამარცხებულიყვნენ. მაგრამ, ვინაიდან რუსეთიგაწითლდა”, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ საქართველოსთეთრებისმთავრობას, ეროვნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, უნდა დაეთმო პოზიციები. ამ შემთხვევაში ქვეყანა უამრავ უარყოფით და საზარალო შედეგს აირიდებდა თავიდან.

თუმცა “თეთრმა” ქართველებმა ეს არ გააკეთეს და ვითომდა “პატრიოტული” მოტივით კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწიეს “წითლებს”. ხაზს ვუსვამ _ “ეროვნულად” მონათლული შეიარაღებული წინააღმდეგობა სინამდვილეში პოლიტიკური წინააღმდეგობა იყო, თორემ, რუსეთის სათავეში “თეთრები” რომ დარჩენილიყვნენ, ქართველ “თეთრებსაც” მიავიწყდებოდათ პარიოტიზმი და სრულიად ბედნიერად დარჩებოდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მათ ადგილზე ქართველი “წითლებიც” სწორედ ასე მოიქცეოდნენ, ანუ ქართველი გინდ “თეთრებისა” და გინდაც “წითლების” ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოსაზრებები განაპირობებდა და არა ეროვნული. შესაბამისად, 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობაც მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთის ჯიბრზე გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი იყო და არა რეალური ეროვნული თვითგამოხატვის აქტი. “თეთრი რუსეთისშენარჩუნების შემთხვევაში, დამოუკიდებლობის აქტს არც კი მიიღებდნენ. აქედან გამომდინარე, მართლაც უნდა დავფიქრდეთ, საზეიმოა თუ არა ეს დღე ჩვენთვის.

ცოტა სხვაგვარად, მაგრამ პრინციპში ანალოგიურადაა საქმე 1991 წლის 9 აპრილის შემთხვევაშიც.

იმ პერიოდის მოვლენების მიუკერძოებელი შეფასება და წყაროების გაანალიზება იძლევა დასკვნის საფუძველს _ საბჭოთა კავშირის დაშლა და მასში შემავალი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადებააღიარებაზევითიყო გადაწყვეტილი. ამას მხოლოდ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ შუა აზიის რესპუბლიკებს, რომლებსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოები არასოდეს ჰქონიათ, ლამის ძალით გამოაცხადებინეს დამოუკიდებლობა. კრემლიდან ჩასული ემისრები იქით ეხვეწებოდნენ ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და შუა აზიის სხვა რესპუბლიკებს, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, ხოლო საბჭოთა კავშირიდან გასვლისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნის შესახებ 15 რესპუბლიკიდან პირველმა თვით რუსეთმა განაცხადა.

ფაქტია, ე.წ. ეროვნული მოძრაობის ერთიან “ფრონტს” მოწყვეტილმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა გარემოცვამ სცადეს, საბჭოთა კავშირის დანგრევა და საქართველოსთვის დამოუკიდებლობის “მოპოვება” საკუთარ “დამსახურებად” წარმოეჩინათ და საბჭოთა კავშირის რეალურად დამშლელ ძალებს უბრალოდ “დაასწრეს”. ისევ და ისევ “ჯიბრთან”, ანუ დამოუკიდებლობის ვიღაცის “ჯინაზე” გამოცხადებასთან გვაქვს საქმე.

არადა, რომ ეცლიათ, მოვლენები თავისი ბუნებრივი კალაპოტით წასულიყო და, როგორც მართლაც ეროვნული მოღვაწე მერაბ კოსტავა მოითხოვდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერები დარჩენილიყვნენ მხოლოდ მაკონტროლებლის როლში და სახელმწიფოს მართვაში უშუალოდ არ ჩარეულიყვნენ, შედეგიც, ალბათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის.

დღეს მომავალ თაობას ყურებს უჭედავენ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის მაგალითით, რომლებმაც საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ ევროკავშირში გაერთიანებასაც კი მიაღწიეს, მაგრამ არავინ ეუბნება გაუთვითცნობიერებელ ბავშვებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ბალტიის რესპუბლიკებს ისევ კომუნისტები (ვიტაუტას ლანდსბერგისი, კაზიმირა პრუნსკენე) მართავდნენ და მხოლოდ “ხავერდოვანი” გარდაქმნების შემდეგ გადაიბარეს იქ ხელისუფლება არაკომუნისტურმა ძალებმა. აი, ყოველგვარ პოლიტიკურ გარჩევებზე წინ ეროვნული ინტერესების დაყენების მაგალითი. და არა ის, რაც გამსახურდიამ გააკეთა, როდესაც ქვეყანაში მართლაც დემოკრატიული არჩევნების შედეგად პარლამენტში მეორე ადგილზე გასული კომუნისტური პარტია სრულიად გააქუმა და აკრძალა, რითაც კიდევ ერთ დიდ დაძაბულობის კერას დაუდო საფუძველი “ვიღაცების ჯინაზე”. გვახსოვს მისი სრულიად უაზრო გამოთქმაც: ედუარდ შევარდნაძე უმუშევარი უნდა დავტოვოო! ასეთმა წინდაუხედავმა “გაჯიბრებებმა” რა ტრაგიკული შედეგი მოუტანა პირადად გამსახურდიასა და მის ოჯახს, ეს კიდევ ცალკე თემაა, მაგრამ რა დამართა ამ ყოველივემ სახელმწიფოსა და ქვეყანას, ამაზე კარგად გვმართებს დაფიქრება.

ე.წ. ზვიადისტების უმრავლესობა დღემდე სიამაყით იხსენებს გამსახურდიას ცნობილ ფრაზას, როდესაც მან ამერიკის შეერთებული შტაბების პრეზიდენტს გასცა პასუხი კრიტიკულ შენიშვნაზე, ზვიად გამსახურდია მსოფლიო პოლიტიკური დინების საწინააღმდეგოდ ცურავსო. გახსოვთ, ზვიადმა ამაყად უპასუხა: მდინარებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო!

ამით დღემდე ტრაბახობენ გამსახურდიას მიმდევარნი.

არადა, მართებული იქნებოდა, გახსენებოდათ ნოდარ დუმბაძის “თეთრი ბაირაღების” პერსონაჟის _ ჭიჭიკო გოგოლის მიერ დამნაშავე გამცემლიძისთვის პასუხად ნათქვამი, როდესაც ეს უკანასკნელი თავის დაცვის მიზნით თომას ჯეფერსონს იშველიებდა _ ადამიანის გონებაზე ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების დაუძინებელი მტერი ვიქნებიო მუდამ, ბრძანა ამერიკული დემოკრატიის მამამო. ჭიჭიკო გოგოლი მას არხეინად უპასუხებს: გამცემლიძევ, ჯეფერსონი მაგას რომ ამბობდა, 1-მილიონიანი ჯარი ჰყავდა და 100 იმდენი ადამიანი მხარს უჭერდა კიდევო!

მაშ, მიპასუხეთ: რის იმედად ცდილობდა ზვიად გამსახურდია, არა მკვდარი, არამედ “მოფართხალე” თევზის ამპლუაში წარდგომოდა მსოფლიოს გიგანტი სახელმწიფოების ლიდერებს? მით უფრო, როდესაც მის წინააღმდეგ უკვე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მსოფლიოს დემოკრატიის აკვნად წოდებული აშშ-იც კი განეწყო? “მოფართხალე თევზის” როლი მაშინ შეგიძლია ითამაშო, როდესაც საკითხი პირადად შენ და შენს თავგანწირვას ეხება, მაგრამ, როდესაც შენმა “ფართხალმა”, შესაძლოა, შენი სამშობლო საფრთხის წინაშე დააყენოს, მგონია, რომ ცოტა ნაკლებად გაქვს “ფართხალისა” და ვაჟკაცობაზე თავის გამოდების უფლება.

და, როდესაც შენიფართხალისგამო, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები (და არა მხოლოდ რუსეთი) ურთიერთშეთანხმებით (დიახ, ეს აშკარად მსოფლიო გიგანტთა შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ) შენს ქვეყანას მართლამკვდარ თევზსდაამსგავსებენ და უკვე დინების მიმართულებით კი არ გააცურებენ, არამედ, საერთოდ, “მშრალზეამოაგდებენ; როდესაც მინისტრის მერვე მოადგილესაც კი ვერ ნიშნავდიღმის პოლიტიკურ ბაზასთანშეუთანხმებლად და როდესაც შენი აღმაშენებელი მეფის დიად გამარჯვებასაც ვერ აღნიშნავისტორიულ მეგობრადგამოცხადებული დაუძინებელი მტრის შიშით როგორ ფიქრობთ, გვეზეიმება კი ან 1918 წლის 26 მაისი და ან 1991 წლის 9 აპრილი _ დღეები, რომლებიც არა რეალური დამოუკიდებლობის, არამედ ამ დამოუკიდებლობის მხოლოდ ფორმალური გამოცხადების თარიღებია?

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here