Home რუბრიკები პოლიტიკა დავინახოთ ის, რაც ხდება, და არა ის, რაც მავანს უნდა, რომ გვეჩვენებოდეს

დავინახოთ ის, რაც ხდება, და არა ის, რაც მავანს უნდა, რომ გვეჩვენებოდეს

492

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ვიდეორგოლები, რომლებშიც დატყვევებული რუსი ჯარისკაცები არიან. ისინი აცხადებენ, რომ აღარ სურთ ბრძოლა, რომ იარაღი დაყარეს და ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ. ისინი მღერიან უკრაინის ჰიმნს და აგინებენ თავიანთი ქვეყნის პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეს ვიდეოები უკრაინის მხარდამჭერთა შორის აღფრთოვანებას იწვევს და ყველა ერთ ხმაში ამბობს, რომ ეს რუსეთის დასასრულია, რომ პუტინს მისი ჯარისკაცები ღალატობენ, რომ მათ არ სურთ ომი. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატომღაც არავინ სვამს ძალიან მარტივ კითხვას: საკუთარი ნებით მტრის მხარეს გადასული ჯარისკაცები რატომ არიან ან დაჭრილები, ან სასტიკად ნაცემები და, ყველა შემთხვევაში, თავიდან ფეხებამდე გაკოჭილები, თანაც ისე, რომ მათ უმრავლესობას თვალებიც ახვეული აქვს?

რა გამოდის: ჯარისკაცმა დააგდო იარაღი, ააფრიალა თეთრი დროშა, საკუთარი ნებით გადავიდა მტრის მხარეს და მტერმა ის ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ გაკოჭა და ბოლოს უკრაინის ჰიმნი ამღერა?! სადაა ლოგიკა?! ნებით შენ მხარეს გადმოსულ ადამიანს არ სცემ, არ კოჭავ და ბოჭავ, თვალებს არ უხვევ და კამერების წინ დედის გინებით არ ესაუბრები. ზემოთ თქმულის მიუხედავად, ეს არ არის მთავარი. ახლა ჟენევის კონვენციის რამდენიმე მუხლს გაგაცნობთ და გეტყვით, რომ ამ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი ლამის მთელ მსოფლიოს და მათ შორის უკრაინასაც:

ჟენევის კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემო ხელის მომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კონვენციის შესრულება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ და უზრუნველყონ ამ კონვენციის შესრულება.

მუხლი 2. კონვენციის გამოყენება

იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა შესრულდეს მშვიდობიან დროს, ეს კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის შეიძლება წარმოიშვას, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს ომის მდგომარეობას.

კონვენცია გამოიყენება, აგრეთვე, მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის მთლიანი ან ნაწილობრივი ოკუპირების ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.

თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის ამ კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, მათ შორის ურთიერთობებში კონვენციით დავალდებულებულნი რჩებიან; ამასთანავე, კონვენციის დავალდებულებულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი მიიღებს და გამოიყენებს მის დებულებებს.

მუხლი 3. არასაერთაშორისო ხასიათის კონფლიქტები

ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია, გამოიყენოს, სულ ცოტა, შემდეგი დებულებანი:

1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი, ან პირები, რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო მონაწილეობას აღარ იღებენ საომარ მოქმედებებში, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის; სქესის, წარმომავლობის; ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად ან სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ამ მიზნით აკრძალულია და ყოველთვის და ყველგან აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი მოქმედებანი:

) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;

) მძევლად აყვანა;

) პირის ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

) სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ, ცივილიზებული ხალხების მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების დაცვით გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება.

2. დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეაგროვონ და სათანადო დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ისეთ მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.

მუხლი 5. მოქმედების ხანგრძლივობა

დაცვის ქვეშ მყოფი იმ პირების მიმართ, რომლებიც მოწინააღმდეგის ხელში იმყოფებიან, ეს კონვენცია მოქმედებს მათ საბოლოო რეპატრიაციამდე”.

რა გამოდის? უკრაინული არმია ყოველდღე არღვევს ჟენევის კონვენციის მუხლებს და ამის გამო არავის პასუხს არ სთხოვენ? აბა, მანახვეთ ერთი ვიდეო მაინც, რომელშიც რუს სამხედროებს ტყვედ უკრაინელი ჯარისკაცები ჰყავთ და აიძულებენ, რუსეთის ჰიმნი იმღერონ, ზელენსკის შეაგინონ, მშობლებთან დარეკონ და ცხარე ცრემლით იტირონ. ხომ გამორიცხულია, რომ დღემდე ერთი უკრაინელი ჯარისკაციც არ ჩავარდნილა ტყვედ?! და ანალოგიური ვიდეო რუსულმა მხარემ რომ გაავრცელოს, ხომ წარმოგიდგენიათ, ლიბერალები რა ამბავს დააწევენ? “წითელი ჯვარიმაშინვე მოსთხოვს კონკრეტულ ტყვეებთან შეხვედრას, მათ დახმარებას, მაგრამ ამას არ აკეთებს რუსი ტყვეების შემთხვევაში. რატომ? სამხედრო ტყვე უკრაინელიც, რუსიც და მოზამბიკელიც ტყვეა და მას ჟენევის კონვენცია უნდა იცავდეს, მაგრამ არ იცავს და ეს კონვენციაც საკუთარ თავზე აქვს მორგებული დასავლეთს.

სოციალურ ქსელში იმ ვიდეოს გავრცელებაც აკრძალულია, რომელზეც ნათლად ჩანს, როგორ ძარცვავენ დიდ სუპერმარკეტებსა და ტექნიკის მაღაზიებს უშუალოდ იმ ქალაქში მცხოვრები უკრაინელები. არადა, ასეთი ვიდეო ბევრია, თუმცა ისინი სოციალური ქსელებიდან მალე ქრება და ამბობენ, რომ ასეთი კადრების გავრცელება ქვეყნის მტრობა და რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა (?!). მოიცა, მაღაზიებს უკრაინელები ძარცვავენ, ტელევიზორებსა და ელექტროღუმელებს ეზიდებიან, ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ პლანშეტებსა და მობილურ ტელეფონებს და მტრის წისქვილზე წყალს მე ვასხამ?!

რეალურად, უმრავლესობა იმ ჯარისკაცებისა, რომლებსაც ვიდეოებში გვიჩვენებენ, ტყვედ კი არ ჩავარდა, დაიჭრა, ან ალყაში მოჰყვა, ან აფეთქების შედეგად კონტუზია მიიღო და დააკავეს. ეს არის სიმართლე და, თუ გვსურს, რომ ობიექტური ვიყოთ და, საზოგადოდ, რაიმეს თქმაზე გვქონდეს პრეტენზია, უწინარესად, სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ.სასაცილოა ისიც, რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტი ბუნკერში იმალება. რა უნდა პუტინს ბუნკერში? მოსკოვი იბომბება ან რუსეთის რომელიმე ქალაქი და არ ვიცით? ომი უკრაინის ტერიტორიაზეა და ბუნკერში ყოფნის აუცილებლობა რუსეთის პრეზიდენტს, უბრალოდ, არ აქვს.

წეღან აკრძალული ვიდეოები ვახსენეთ და სოციალურ ქსელში ცოტა ხანს ისეთი ვიდეოც კი ვრცელდებოდა, რომელზეც ასახულია, როგორ ეუბნებიან დაკავებულ და მიწაზე დაწვენილ რუს ტყვეს უკრაინელი სამხედროები: “გაიქეცი”, შემდეგ კი გაქცეულს ტყვიას ზურგში ესვრიან და კლავენ. ესეც სამხედრო დანაშაულია. ანალოგიური რამ რუსულ მხარეს რომ ექნა, საერთაშორისო სასამართლო გამოძიებას დაიწყებდა, როგორც ომში ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ ამ შემთხვევაში თვალი დახუჭა.

და ერთიც _ ლიბერალური ფრთა მოუთმენლად ელის, როდის გამოაქვეყნებს “ანონიმუსი” იმ აგენტების სიას, რომლებიც რუსეთზე მუშაობენ. თურმე ეს სია “ანონიმუსმა” რუსეთის უშიშროების კომპიუტერებიდან მოიპარა. როგორ გგონიათ, როცა სამხედრო კონფლიქტი იწყებოდა, რუსული უშიშროების სამსახურში ვერავინ მოიფიქრა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, კიბერშეტევა მოხდარიყო და საიდუმლო მასალები ჰაკერებს ხელში |ჩავარდნოდათ? იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ იმ მასალების მოპარვა და “აგენტების” გამოაშკარავება რუსეთის სპეცსამსახურებს აძლევდათ ხელს? იქნებ ის დაშიფრული აგენტების სიაც სწორედ იმიტომ შეაჩეჩეს ჰაკერებს, რომ იქ შეიძლება, მაგალითად, ჯო ბაიდენის ან იმავე ბორის ჯონსონის სახელი და გვარი ეწეროს. და იმ სიაში ზელენსკი რომ იყოს, მერე ვის დავუჯეროთ _ ჰაკერებს, ზელენსკის თუ რუსეთის უშიშროებას?! ამიტომ ვამბობთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს და ჩვენ ჯიუტად ერთს ვხედავთ. ჩვენ, ჰო, ჩვენ, ვცდილობთ, იმაზე მეტი ავიღოთ საკუთარ თავზე, ვიდრე შეგვიძლია და, რაც მთავარია,ობიექტურობა დავიბრუნოთ და დავინახოთ ის, რაც ხდება, და არა ის, რაც მავანს უნდა, რომ გვეჩვენებოდეს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here