Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ჩვენი ფულით ვყიდულობთ იარაღს ამერიკელებისგან და ვიყენებთ მათ მიერ წარმოებულ...

გურამ ნიკოლაიშვილი: ჩვენი ფულით ვყიდულობთ იარაღს ამერიკელებისგან და ვიყენებთ მათ მიერ წარმოებულ ომში, რომელიც ჩვენთან დაკავშირებული არ არის

“საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, გამოყენებულია ერთგვარ ინსტრუმენტად იმისათვის, რომ მოსკოვი აიძულონ, გარკვეული მოქმედებები განახორციელოს”

491
გურამ ნიკოლაიშვილი

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს თავდაცვის ახალდანიშნულ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და აშშის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა და სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა, აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან გაზრდილი აგრესიისა და მავნე გავლენის ფონზე, საქართველოს დაეხმაროს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მინისტრმა ბურჭულაძემ მადლობა გადაუხადა ლოიდ ოსტინს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და რეფორმების გატარებაში დახმარებისთვის, რომელმაც, თურმე, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები მოუტანა. შეგახსენებთ, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკის თავდაცვის უწყება თავის განცხადებებში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოსთვის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დახმარების საკითხზე, ასევე “რუსულ საფრთხეებზე” და მის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლის აუცილებლობაზე. თუმცა, შეფასებები, რა საპასუხო მოქმედებები შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს ოფიციალური მოსკოვიდან, არც საქართველოში და მით უფრო არც ვაშინგტონში არ კეთდება.

რას ნიშნავს განცხადება, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმაროს და რა საფრთხეებს შეიძლება, ეს ჩვენთვის შეიცავდეს, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაუფლება ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაიბარა, პენტაგონმა მოუხშირა განცხადებებს, რომ უნდა დაეხმარონ საქართველოსა და უკრაინას თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში, შეიარაღების მოდერნიზაციაში და .. ხშირად ახსენებენგაზრდილ რუსულ საფრთხეებსა და გავლენებსაც…” “პროდასავლურიპოლიტიკური სპექტრი საქართველოში ამ ყველაფერზე დიდ იმედს ამყარებს. რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში ჩვენთვისთეთრი სახლისეს რიტორიკა და მან რეალურად რა შეიძლება მოგვიტანოს?

_ ის, რომ აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ბაიდენის მოსვლა გლობალურ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევდა, სიახლე და მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. რა თქმა უნდა, გადაიხედება მთელი რიგი პრიორიტეტებისა, რომლებიც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა, და ეს აისახება რეალურ ნაბიჯებში. თუმცა ის მოლოდინი, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ სპექტრშიც, რომ აი, ახლა ამერიკა დაბრუნდა, როგორც ბაიდენმა განაცხადა ინაუგურაციის დღეს, დაპარტნიორქვეყნებს ეშველებათ, ცოტა არ იყოს, ინფანტილურია; იმიტომ, რომ ეჭვი მეპარება, ეს ცვლილებები საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან თანხვედრაში იყოს; და მეორე, საქართველოს არ ჰყავს დღეს საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული ხელმძღვანელობა, რომელიც კორექტივების შეტანას შეეცდებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ეს, რაც არახალია. რაც შეეხება პენტაგონის განცხადებას, აშშ მზად არის, საქართველოს დაეხმაროს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაშიო, გამომდინარე იქიდან, რომ განცხადება საკმაოდ ზოგადია, რთულია კონკრეტულად იმის თქმა, რა სახის დახმარებაზე შეიძლება იყოს ამ ვითარებაში საუბარი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონი ორიენტირებულია, ერთგვარი რკალი შექმნას რუსეთის გარშემო და გაიძლიეროს დასაყრდენი, როგორც შავ ზღვაში, ისე სამხრეთითაც. საერთოდ, შავი ზღვა სუსტი რგოლია ამერიკისთვის. შესაბამისად, ამ რეგიონში ის ცდილობს, ჩამოაყალიბოს ერთგვარი გეოპოლიტიკური ტრიუმვირატი, საქართველო-უკრაინა-მოლდოვის სახით, რომელსაც კონიუქტურის მიხედვით პერიოდულად გაააქტიურებს და ნაწილობრივ, ალბათ, ცხელ წერტილადაც აქცევს…

_ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ერთერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ამერიკა არავის უკარნახებს, როგორ უნდა მოიქცეს. ის მხოლოდ მაგალითს უჩვენებსხომ არ ფიქრობთ, რომ ეს განცხადება გარკვეულწილად გზავნილიაპარტნიორიქვეყნებისთვის, რომ მათ თვითონ უნდა მოაგვარონ თავიანთი პრობლემები?

_ ვფიქრობ, ამ განცხადებას და, საერთოდ, ყველა მსგავს გზავნილს, აქვს თავისი კონკრეტული შინაარსი, რომელიც ნაკარნახევია არსებული მოცემულობით. რა თქმა უნდა, ვაშინგტონი გარკვეული თვალსაზრისით თავს ითავისუფლებს ვალდებულებებისგან პარტნიორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აქ არ აქვს თავისი ინტერესები. ჩემი აზრით, გზავნილები იმის თაობაზე, რომ აშშ არავის საქმეში არ ჩაერევა და ყველამ თვითონ უნდა მოაგვაროს საკუთარი პრობლემები, გულისხმობს შემდეგ ქვეტექსტს: არსებული ვითომ პარტნიორული ურთიერთობების ფარგლებში ამერიკელები მიიღებენ სარგებელს, თუნდაც მოსკოვთან ჩვენი ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებით, ხოლო იმ ნაწილში, რომელსაც ამ გამწვავებული ურთიერთობით გამოწვეული სირთულეების გადალახვა ჰქვია, უნდა ვიყოთ სრულიადდამოუკიდებლები”, პირისპირ დავრჩეთ საფრთხეებსა და გამოწვევებთან. რაც შეეხება განცხადებას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დახმარების თაობაზე, აქაც ძალიან მარტივია რეალობის დანახვა იმ თვალსაზრისით, რომ არავინ არავის ეხმარება კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა რამე ინტერესის გარეშე. ამერიკის ინტერესი დღეს არის ის, რომ მან რაც შეიძლება მეტი იარაღი მიჰყიდოსმოკავშირექვეყნებს. ეს არის გზა, მისი სამხედრო ინდუსტრიის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერებისკენ. სხვათა შორის, ახლა 125 მილიონი აშშ დოლარია დახმარების სახით უკრაინისთვის გამოყოფილი, რათა მან გარკვეული ტიპის ამერიკული შეიარაღება შეიძინოს. გარდა ამისა, თვით უკრაინის სამხედრო ბიუჯეტიდანაცაა თანხები გამოყოფილი. მიუხედავად ამისა, უკრაინას, რომელსაც ოდესღაც საკმაოდ განვითარებული სამხედრო ინდუსტრია ჰქონდა, დღეს პრაქტიკულად ფლოტი არ ჰყავს. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი ბრძოლისუნარიანი გემი ჰყავს, დანარჩენი პატარპატარა კატარღებია, რომლებსაც მხოლოდ საზღვრის დაცვის ფუნქცია აკისრიათ და ბრძოლაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

_ საქართველოს რა მდგომარეობა აქვს ამ თვალსაზრისით?

_ საქართველოს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4% აქვს გამოყოფილი შეიარაღების მოდერნიზაციისთვის, დაახლოებით 100-150 მილიონი აშშ დოლარი. ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ, რაც არის, ამით ჩვენ მათგან ვყიდულობთ იარაღს. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინათ საქართველომ ამერიკისგან სხვადასხვა კალიბრის ტყვიამფრქვევები შეიძინა, რომლებიც კი არის იარაღი და თავის ამოცანას მეტ-ნაკლებად ასრულებს, მაგრამ ბრძოლის ველზე მაინცდამაინც დიდი ეფექტიანობით ვერ გამოირჩევა. რაც შეეხება, საზოგადოდ, თავდაცვას და თავდაცვისუნარიანობას, მოდი, დავიწყოთ ფლოტით. დღეს საქართველოს საზღვაო ძალები, პრაქტიკულად, არ ჰყავს. ჩვენ გვყავს მხოლოდ 30 ტონა წყალწყვის სასაზღვრო კატარღები, რომლებზეც დაყენებულია 30-მილიმეტრიანი ქვემეხები, მეტი არაფერი. სხვათა შორის, აფხაზებს უფრო დიდი ფლოტი ჰყავთ დღეს, ვიდრე ჩვენ. მათ 16 გემი ჰყავთ და 1000 კაცამდე _ სამხედროსაზღვაო ძალებში. ახლა შეიარაღება ავიღოთ, ხელისუფლება ძალიან ამაყობდა თავის დროზე და დღესაც ამაყობს “ჯაველინებით”, რომლის შეძენაც, თუ არ ვცდები, 2018 წლიდან დაიწყო. მათი გარკვეული რაოდენობა უკვე გამოიყენეს ავღანეთში; უფრო სწორად, ნაყიდი იყო იმისთვის, რომ იქ გამოეყენებინათ. ე.ი., ჩვენი ფულით ვყიდულობთ იარაღს ამერიკელებისგან და ვიყენებთ მათ მიერ წარმოებულ ომში, რომელიც ჩვენთან არავითარ კავშირში არ არის. ჩნდება მარტივი შეკითხვა: რა პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა სახის სარგებელს იღებს აქედან საქართველო?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, ამ შემთხვევაშიც გამოყენებულია ერთგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რათა მოსკოვი აიძულონ, გარკვეული მოქმედებები განახორციელოს და მერე “დემოკრატიულმა” დასავლეთმა საერთაშორისო ტრიბუნებზე იძახოს: შეხედეთ, რუსეთი რა აგრესორიაო…

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო მომავალშიც არ გამოიყენონ ამგვარ ინსტრუმენტად?

_ პირველ რიგში, ალბათ, უნდა გავაცივოთ ცხელი თავები მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში, რომლებსაც სჯერათ და გაიძახიან, რომ, თურმე, საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს, რომ ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა გავაგრძელოთ სვლა ნატოსკენნეტარ არიან მორწმუნენი! მიბრძანდნენ, მაგრამ, თუ ვინმეს სჯერა, რომ ახლა ბაიდენი ყველაფერს თავდაყირა დააყენებს საქართველოს ან უკრაინის გადასარჩენად, ძალიან ცდება. ის, რაც განცხადებების დონეზე გვესმის, დარჩება ლაპარაკად, ხოლო რეალური პოლიტიკა გაცილებით მოკრძალებული იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ დღეს ამერიკას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. მისი მხოლოდ საგარეო ვალი 31 ტრილიონ დოლარზე მეტია. აცნობიერებთ, ეს რამხელა თანხაა?! რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, იმ ცხელ თავებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დემოკრატების აქტიური პოლიტიკა კრემლის პოზიციებს შეასუსტებს და ჩვენ გაგვაძლიერებს, შევახსენებ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც დოქტრინაში პირდაპირ უწერია ბირთვული შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობა აუცილებლობის შემთხვევაში. ეს, იცით, რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების რამე ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება სრული კატასტროფის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიოსთვის. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ _ ან საქართველო, ან თუნდაც უკრაინა ვინმეს უღირს იმად, რომ ამ ისედაც გაქანებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბირთვულ სახელმწიფოსთან ომში ჩაებას?! საქართველო, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ერთგვარ განტევების ვაცად გამოყენებული ე.წ. პარტნიორების მხრიდან, სანამ აქ არ მოვა ადეკვატური სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელი ხელმძღვანელობა. ეს არის ყველასთვის ხილული რეალობა, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რა პროცესებიც უნდა მიდიოდეს, ყოველთვის მოგვყიდიან იარაღს, ჩაგვითრევენ ომში, რომლის შედეგადაც ისევ დავკარგავთ ტერიტორიებს და ბოლოს მადლობასაც გვათქმევინებენ “მხარდაჭერისთვის”. რას მოგვიტანს ეს საბოლოოდ? კიდევ უფრო დასუსტებულ, დაქუცმაცებულ სახელმწიფოს, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არც ერთი თვალსაზრისით და მიმართულებით არ ექნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here