მთავარი პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: საქართველო თავისი პოლიტიკური კურსითა და ორიენტაციით საფრთხეა საკუთარი თავისთვის

გურამ ნიკოლაიშვილი: საქართველო თავისი პოლიტიკური კურსითა და ორიენტაციით საფრთხეა საკუთარი თავისთვის

810
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 2008 წლის აგვისტოს ომზე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ, მიუხედავად რიგი სირთულეებისა, რომლებიც თავისთავად გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენდა, საქართველო თავის ისტორიულ არჩევანთან უპრეცენდენტოდ ახლოსაა. მისი თქმით, ამ გზაზე ქვეყანამ ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუძლო (კი, აბა რა, ძალიან ღირსეულია, რომ ტერიტორიები დავკარგეთ და ქვეყნის მოსახლეობა განახევრდა, ეკონომიკა გაგვანადგურებინეს და ევროპაამერიკის ყურმოჭრილ მონებად გვაქციეს. მონობა გამორჩეულად ღირსეული მდგომარეობაა) და საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ალიანსის წევრობისთვის მზად არის. გამოსვლისას პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ სწორ პოლიტიკას დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ, რაც ბოლო პერიოდში ამერიკელი კონგრესმენების მიერ გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებებშიც ნათლად გამოჩნდა. თუმცა პრემიერს არ განუმარტავს, კონკრეტულად რაში ჩანს და აისახება ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი, ან რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მომავალში, რომ მათ მიერვე გამოგონილირუსული საფრთხისგანქვეყანა მეტნაკლებად დაცული იყოს

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა რამდენიმე დღის წინათ გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ დროა, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. აღნიშნულ გამოსვლას ხელისუფლებაში მაშინვე მოჰყვა აღტკინებული აჟიოტაჟი, მაგრამ მედიაში ნაკლებად გაშუქდა განცხადების ის ნაწილი, რომელშიც კონგრესმენი ამბობს, რომ ტერიტორიების ერთი მესამედის ოკუპაცია არ უნდა გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. აი, ამ ფონზე გვიცხადებს პრემიერი, რომ საქართველო თავის ისტორიულ არჩევანთან უპრეცენდენტოდ ახლოსაა…

რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში პრემიერის განცხადება ნატოს წევრობისთვის საქართველოს სრულ მზადყოფნაზე და რას ნიშნავს ამ ყველაფრის ფონზე კინზინგერის მინიშნება, რომოკუპაცია ინტეგრაციის შემაფერხებელი არ უნდა იყოს”? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო გურამ, პრემიერმა გახარიამ ამას წინათ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველო, როგორც არასდროს, მზადაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის, რასაც, თურმე, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხედავენ და აფასებენ. თავის მხრივ, დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები, ძირითადად, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები, უკვე მერამდენედ გვეუბნებიან, რომ ინტეგრაციაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა ვიფიქროთ. ახლახან კინზინგერმაც გააკეთა მსგავსი განცხადება. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, რა პოლიტიკური გათვლა შეიძლება იყოს ამის უკან და რას მოგვიტანს ეს ჩვენ?

_ ვფიქრობ, ის რიტორიკა, რომ თურმე საქართველო დღითიდღე სულ უფრო ახლოსაა ნატოსთან და ეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სწორი პოლიტიკის შედეგია, ყველაფერთან ერთად, ამ ხელისუფლების სისუსტისა და უუნარობის ერთგვარ ინდიკატორადაც იქცა. რას ვგულისხმობ? _ იმას, რომ, მიუხედავად ამ პროპაგანდის უშედეგობისა, შიდა მოხმარების თვალსაზრისით, მმართველ გუნდს სხვა უფრო ოპტიმალური სათქმელი აღარ დარჩა ხალხისთვის. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურად გაკოტრებულია და არა მხოლოდ ხელისუფლება, მთლიანად ის სპექტრი, რომელსაც, უკვე 15 წელია, ერთგვარი დოღი აქვს გამართული ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის ერთგულების გზაზე. რაც შეეხება კონკრეტულად პრემიერის განცხადებას ალიანსის წევრობისთვის საქართველოს სრულ მზადყოფნაზე, მან უკვე მერამდენედ “ახარა” საზოგადოებას, რომ საქართველო, როგორც არასდროს, ახლოსაა ნატოსთან და, დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მიგვიღებენ. ჯერ ერთი, გახარია მთავრობის მეთაურია და, სულ ცოტა, უნდა ესმოდეს, რომ მის ნებისმიერ სიტყვას განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა აქვს, მეორე _ შეიძლება, ამხელა თანამდებობის პირი განცხადებას ისე აკეთებდეს, რომ ერთი არგუმენტიც არ მოჰყავდეს?! დაასახელონ თუნდაც ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ცხადყოფს, რომ წინსვლა გვაქვს, ვთქვათ, თავდაცვისუნარიანობის ან შეიარაღების გაუმჯობესების კუთხით… ყველა კომპონენტში სრული რეგრესია და რომელ მზადყოფნაზეა საუბარი?! სხვათა შორის, ის რიტორიკა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ნატოს წევრი, გვესმის 1994 წლიდან, როცა ამოქმედდა პროგრამაპარტნიორობა მშვიდობისთვის”. აი, იმ პერიოდიდან გვპირდებოდნენ ამერიკელები, რომ 1998 წლამდე, დიდიდიდი, 2000-მდე, ალიანსში მიგვიღებდნენ, მაგრამ მერე როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. ჯერ ის მოიმიზეზეს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები იყო აქ განლაგებული; შემდეგ, ბაზები რომ გავიდა, გვეუბნებოდნენ, დემოკრატიული რეფორმებია გასატარებელიო; შემდეგ _ თავისუფალი არჩევნები უნდა ჩაატაროთო. მოკლედ, დაპირება დაპირებად დარჩა, მისი არშესრულების საბაბები კი არ დაილია.

_ წლების წინათ, როცა ალიანსში მიღების კონკრეტულ ვადებს გვისახელებდნენ, მართლა იდგა ეს საკითხი დღის წესრიგში თუ მაშინაც გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა?

_ ერთ ფაქტს გავისხენებ. 1994 წლის 22 აპრილს მე და იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე ვიყავით ედუარდ შევარდნაძესთან კაბინეტში რიგ საკითხებზე სასაუბროდ. მახსოვს, ლათინური ტე-ს ფორმის მაგიდა იყო _ მე მარჯვნივ ვიჯექი, ჩიკვაიძე _ მარცხნივ, შუაში ბუნებრივია _ პრეზიდენტი. ჩიკვაიძემ დაიწყო საუბარი და შევარდნაძეს არწმუნებდა, რომ ნატო მზად არის საქართველოს მისაღებად, უკვე ველაპარაკე ხელმძღვანელობას და გვპირდებიანო. მცირე პაუზის შემდეგ შევარდნაძემ მაგიდაზე დაარტყა ხელი და თქვა, აქედან არაფერი არ გამოვაო. ძალიან გამიკვირდა. მმართველ გუნდში სულ სხვა განწყობა და მოლოდინი იყო… ორი დღის შემდეგ გავემგზავრეთ ნატოს სამიტზე და იქ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჩვენ მივუერთდით პროექტს, “პარტნიორობა მშვიდობისთვის.” მოვისმინეთ ბევრი დაპირებაც. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები, დასაწყისშივე, როცა ჯერ კიდევ კულუარულ დონეზე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდებოდა, უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში ამას სერიოზულად არ უდგებოდნენ. ანუ, პრეზიდენტს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, არ სჯეროდა, რომ ეს საკითხი სერიოზულად დადგებოდა და არ სჯეროდა იმიტომ, რომ არსებულ პოლიტიკურ კონიუქტურას ადეკვატურად აფასებდა. დღეს კი ვხედავთ, რომ დაწყებული პრემიერით, დამთავრებული პრეზიდენტითა და პარლამენტის თავმჯდომარით _ ყველანი სიტყვებს ჰაერში ისვრიან და მაღალი ტრიბუნებიდან ისე გაიძახიან ტყუილს, რომ ამ ტყუილის დამაჯერებლობაზე ფორმალურადაც არ ფიქრობენ.

_ იმ დღეს, როცა გახარიამ ნატოს წევრობისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა, ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ერთერთ ონლაინკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპაცია არ უნდა იყოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემაფერხებელი. ანუ, მისი აზრით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა მიიღონ, .. ჩვენ ოფიციალურად უნდა ვთქვათ უარი ჩვენი მიწის ნაწილზე. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ალიანსის იქით გზა არ აქვს, ნიშნავს თუ არა თანხმობას სამხედრო ბლოკში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრებაზე?

_ არც აფხაზეთიან-ცხინვალიანად და არც მათ გარეშე ნატოში არავინ არ მიგვიღებს, ეს უკვე ნათქვამია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პირით, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში ეს არ არის, მთავარია თვითონ დამოკიდებულება იმ ქვეყნისა და ხალხისა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მიჩნეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გარანტად. კინზინგერს რაც შეეხება, ცხადია, ის არ გამოხატავს ამერიკის უმაღლესი ხელისუფლების პოზიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავს განცხადებას პირველად არ ვისმენთ. გახსოვთ ალბათ, თავის დროზე ანდერს ფოგ რასმუსენმაც თქვა იგივე და მაშინ ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა ჩვენს საზოგადოებაში. ეს განცხადებები არის იმის მკაფიო დემონსტრირება, რომ ისინი თეორიულადაც კი არ ითვალისწინებენ საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ ამოცანას _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ისე, კარგი იქნებოდა, ჟურნალისტებმა ბატონ პრემიერს დაუსვან შეკითხვა, რას ფიქრობს ნატოს წევრობაზე ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ვიცი, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც პირად საუბრებში ამბობენ, რომ მოცემულ ვითარებაში ეს დასაშვებია. საინტერესოა, მთავრობის მეთაური რა აზრისაა ამ ყველაფერზე

_ ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე ნატოში საქართველოს მიღების საკითხით მანიპულირება დასავლეთის მხრიდან რუსეთის გაღიზიანებას ემსახურება. დღევანდელ ვითარებაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ კრემლმა აქტიურად იმოქმედოს სამხრეთით?

_ სექტემბერში რუსეთს დაგეგმილი აქვს გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო წვრთნაკავკაზ-2020”, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, უამრავ სახმელეთო და საზღვაო პოლიგონზე ჩატარდება. მასში 150 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 26 000-მდე სამხედრო ტექნიკა, 404 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი მიიღებს მონაწილეობასაი, ეს არის კრემლის პასუხი ნებისმიერ არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეზე, რომელსაც მოწინააღმდეგე პოლიტიკური ვექტორი ქმნის.

რაც შეეხება საფრთხეებს, საქართველო, ბოლო 15 წელია, თავისი პოლიტიკური კურსითა და ორიენტაციით საფრთხეა საკუთარი თავისთვის და ეს უკვე ერთგვარ პრაქტიკად იქცა. ჩვენი ხელისუფლებებისწარმატებულობაგანისაზღვრება იმის მიხედვით, როგორ ახერხებს ის სხვისი ინტერესების სამსახურს საკუთარის საზიანოდ. ვფიქრობ, სანამ ასეთი ანომალიური მიდგომებით იმართება ქვეყანა, საფრთხე ჩრდილოეთიდანაც არის, სამხრეთიდანაც, დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. ამიტომ არის აუცილებელი, რომ გამოცხადდეს სამხედრო მოუმხრობლობა და ქვეყანა შორს დადგეს სამხედრო ბლოკებისგან. ახლა ვიღაცა იტყვის, რომ ეს არის რუსული ნარატივი და სინამდვილეში ჩვენ ნეიტრალიტეტის საშუალებას არ მოგვცემენ, მაგრამ ამას ამბობს ჯგუფი დასავლეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსებისა, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ახორციელებენ. ასეთი ხალხი ან უნდა გააძევო პოლიტიკური სპექტრიდან და, საერთოდ, ქვეყნიდან, ან უნდა გამოიძიო მათი საქმიანობა და, დარწმუნებული ვარ, ბევრი დასაჭერიც იქნება. თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მსგავსი ცვლილებების ილუზია არ მაქვს. ცვლილებებზე თუ ვსაუბრობთ, უწინარესად, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ორივე ძალა _ “ოცნება” და “ნაციმოძრაობა”_ სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს სახელისუფლო სადავეებს და მსგავსი ანტისახელმწოფოებრივი სუბიექტებისთვის ადგილი პოლიტიკურ სპექტრში აღარ უნდა გაჩნდეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here