Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: სანამ ჩვენთან ძირფესვიანად არ შეიცვლება ვითარება, მნიშვნელოვან გარღვევას რუსეთთან ურთიერთობის...

გურამ ნიკოლაიშვილი: სანამ ჩვენთან ძირფესვიანად არ შეიცვლება ვითარება, მნიშვნელოვან გარღვევას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით არ უნდა ველოდოთ

182

რუსეთსა და უკრაინას შორის მზარდი დაძაბულობა კვლავ ცენტრალური საკითხია მსოფლიოში. კრიზისი ღრმავდება და მხარეების შეხვედრებს ჯერჯერობით შედეგი ვერ მოაქვს. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება, რაც ჟენევაში გამართულმა ბოლო შეხვედრამაც ცხადყო. ოფიციალური მოსკოვის პოზიცია უცვლელია _ კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამორიცხვას ითხოვს. აშშის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ამ პოზიციას არ შეიცვლის და დაასაბუთა, რატომ არის მისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაბრუნება წინანდელ საზღვრებში.

ის, რომ ალიანსი თავის დროზე საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ხოლო დღეს სამიზნეში რუსეთი ჰყავს ამოღებული, სიახლე არ არის. ამის თაობაზე სერგეი ლავროვმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგაც ღიად ისაუბრა, მაგრამ მის არგუმენტს ვაშინგტონი ისევ “ტრადიციული” ლოზუნგებით სცემს პასუხს: “ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო თვითონ წყვეტს, შევა თუ არა ალიანსში” (მსგავსი არჩევანის უფლება თურმე საქართველოს და უკრაინასაც ჰქონიათ).

საინტერესოა, რომ “არჩევანის უფლება” საქართველოსაც და უკრაინასაც (განსაკუთრებით საქართველოს) წართმეული აქვს, როცა საქმე ეხება ე.წ. შიდა დემოკრატიას. მაგალითად, ეს უფლება წართმეულია, როცა საუბარია სამართლიანობის აღდგენაზე ან თუნდაც ამა თუ იმ ლიბერალური კანონის მიღება-არმიღებაზე, რომელიც ქართულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. საუბარი აღარ არის იმაზე, რომ ქვეყანას “დემოკრატიული” დასავლეთისგან წართმეული აქვს ფუნდამენტური უფლება, იმოქმედოს თავისი სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად. ამის ნათელი მაგალითი “3+3” ფორმატის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თავდაპირველ მეტ-ნაკლებად ადეკვატურ პოზიციაზე ამერიკელების დაუფარავი აღშფოთება იყო. მოგეხსენებათ, ზალკალიანს მიუთითეს, რომ ფრაზაში “ოკუპანტთან ერთად რამე ფორმატში მონაწილეობა რთულია”, სიტყვა “რთულიას” ნაცვლად უნდა ეთქვა სიტყვა “შეუძლებელია”. რაც შეეხება უკრაინას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ახლო მომავალში ალიანსის წევრი ვერ გახდება. სხვათა შორის, ბაიდენს არც იმის მორიდებია, რომ ერთმანეთისგან გაემიჯნა რუსეთის “მცირე შეჭრა” უკრაინაში და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მცირე შეჭრის” შემთხვევაში დასავლეთის პასუხი გაცილებით მსუბუქი იქნება, რაც უკრაინაში პროტესტით აღიქვეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ არსებობს დიდი და მცირე შეჭრა ან დიდი და მცირე მსხვერპლი, თუმცა, მიუხედავად ამისა, დასავლეთის პოზიცია უცვლელია _ უკრაინისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა რუსეთისთვის სანქციების დაწესება იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ კრემლი “მცირე შეჭრის” მასშტაბებს დაარღვევს…

რას მისცემს ზესახელმწიფოსთან ომის ზღვარზე მყოფ უკრაინას რუსეთისთვის თუნდაც უმკაცრესი სანქციების დაწესება, რომლის ალბათობაც თითქმის არ არსებობს, და რას ნიშნავს ნატოს წევრობის მომლოდინე საქართველოსთვის ბაიდენის საჯარო უარი ალიანსში უკრაინის მიღებაზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა მზარდია, ომის ალბათობა _ დიდი. ამის ფონზე აშშის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნატოში უკრაინის მიღების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. ის, აგრეთვე, ხაზს უსვამს რუსეთის მხიდან უკრაინაშიმცირე შეჭრას”, რომლის შემთხვევაშიც, დასავლეთის რეაქცია გაცილებით მსუბუქი იქნება. რას ნიშნავს ეს გზავნილები უკრაინისა და საქართველოსთვის?

_ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება და დაძაბულობა ინსპირირებულია გარედან, ისევე, როგორც 2008 წელს ჩვენსა და რუსებს შორის იყო. რეალურად, თუ ვინმეს არ უნდა დღეს ომი და მით უფრო არ უნდა უკრაინასთან, ეს რუსეთია. რუსებს გასაყოფი და სამტრო უკრაინელებთან არაფერი აქვთ. რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას, რომ უკრაინა ვერ გახდება ალიანსის წევრი, მინდა, გაგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტი მზადდებოდა და იდგა საკითხი, სამიტს უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების პერსპექტივა დეკლარაციაში აესახა, თვით ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის იყო სერიოზული წინააღმდეგობა. მაგალითად, ცნობილია, რომ გერმანია ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ასევე ეჭვს იწვევდა საფრანგეთის პოზიციაც.

რატომ ვიხსენებ ამ ყველაფერს: მე საუბარი დავიწყე იმით, რომ უკრაინის მოვლენები თავიდან ბოლომდე გარედანაა ინსპირირებული. სწორედ ეს ბუქარესტის გადაწყვეტილება და მსგავსი ნაბიჯებია ინსპირაციის საშუალება. ამ გზით ახერხებენ ისინი, პირველ რიგში, ცხადია, შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ, რომ რუსეთის გარშემო მუდმივად იყოს ცხელი წერტილები. ამით რას იღებენ? იღებენ იმას, რომ ჯერ ერთი, რუსეთი მუდმივად საომარ ვითარებაშია და მეორე _ როდესაც შენ გარშემო მუდმივად არის მტრული გარემო, ეს გართმევს ძალიან დიდ რესურსს, რომ შეინარჩუნო უსაფრთხო რეალობა…

_ მოდი, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს _ დასავლელი ლიდერები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტიც, საჯაროდ გვეუბნებიან, რომ ვერ გავხდებით ნატოს წევრები. რისთვის სჭირდება რუსეთს ამის დეკლარირება ალიანსის მხრიდან, რა პოლიტიკური დატვირთვის მქონე შეიძლება იყოს ეს?

_ სხვათა შორის, ბაიდენის განცხადებაში იყო ასეთი ფორმულირება: ალბათობა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატოს წევრი გახდება, მცირეა. მიაქციეთ ყურადღება, აქ საუბარია არა გამორიცხვაზე, არამედ ახლო პერსპექტივაზე. ეს არის რიტორიკა, რომელიც მათ გრძელვადიან პერსპექტივაში გარკვეული ლავირების საშუალებას უტოვებს. რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მსგავსი განცხადებები სიმშვიდის საფუძველი, რუსეთს სჭირდება დეკლარირებული გარანტია, სხვანაირად თავს უსაფრთხოდ ვერ ჩათვლის და ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. რატომ? იმიტომ, რომ ნატოს ბაზების ყოფნა უკრაინაში ან სამხრეთ კავკასიაში ნიშნავს რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, გაქრობის შეუქცევად პროცესს. საერთოდ, მე, ცოტა არ იყოს, მიკვირს იმ ხალხის, რომელიც სერიოზულად სვამს შეკითხვას: კი მაგრამ, რუსეთს რატომ აღიზიანებს ასე ძალიან ნატოს თუნდაც სამხედრო გემების შემოსვლა შავ ზღვაში, მას ხომ ბირთული იარაღი აქვს? მეორე მხრიდან შევხედოთ _ რუსეთის სამხედრო გემები რომ შევიდნენ და ბაზები განათავსონ კუბაზე ან ვენესუელაში, იქნება შეერთებული შტატები მშვიდად? აი, ასე მივუდგეთ საკითხს და გასაგები იქნება, რომ აბსურდია, როცა ვიღაც ამბობს, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თვითონ წყვეტს, თავის ტერიტორიაზე ვის შემოუშვებსო. დამოუკიდებელი ქვეყანაა კუბა, მაგრამ აბა, გადაწყვიტოს და განათავსოს თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები, ულტიმატუმებს და აგრესიას მერე ნახავთ ვაშინგტონიდან…

_ საქართველოზე როგორ აისახება უკრაინის მოვლენები და რას ნიშნავს ჩვენთვის ის, რომ უკრაინას უარს ეუბნებიან ნატოში მიღებაზე?

_ ყურადღებას გავამახვილებ იმ შეფასებებზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კეთდება მიმდინარე მოვლენების ფონზე. უცხოეთიდან დაფინანსებული ცხელი თავები ამბობენ, რომ თურმე რუსეთი ჩიხშია, კრიზისშია, დანგრევისა თუ დაშლის პირასაა და უკრაინის მოვლენები მას საბოლოოდ გადაიყოლებს. ამ მავნებლური პროპაგანდის ვაკუუმში მყოფ საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ბოლო წლებში რუსეთმა შექმნა შეიარაღების ისეთი საშუალება, რომელიც ანულებს ყველა სხვა ქვეყნისა თუ სამხედრო ბლოკის არსენალს. საუბარია სტრატეგიული დანიშნულების ტრიადაზე, რომელიც მოიცავს, როგორც ხმელეთს, ისე ზღვასა და საჰაერო სივრცეს.

_ კონკრეტულად?

_ საუბარია რაკეტებზე, რომლებითაცმიგ 31”-ებს აღჭურვავენ, ასევე წყალქვეშა ნავებსაც. რაც შეეხება კონკრეტულადცირკონს”, რომლის გამოცდამაც გასაოცარი შედეგები აჩვენა, ეს არის ჰიპერბგერითი რაკეტა, რომლის სისწრაფეც 9 მახს, ანუ ბგერის სიჩქარეს 9-ჯერ აჭარბებს. ხვდებით, რაზეა საუბარი? “ცირკონსანალოგი არ მოეპოვება და მიდის საუბარი, რომ მოდერნიზების შემდეგ მისი სისწრაფე, შესაძლოა, საათში 27-28 ათას კილომეტრამდეც გაიზარდოს. აი, ამ შეიარაღებას ფლობს რუსეთი და ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს იმდენი ბირთვული ქობინი, რამდენიც დანარჩენ სხვა ქვეყნებს ერთად, თურმე ჩიხშია. არაფერს ვამბობ იმ რადიოლოკაციურ სისტემებზე, რომლებსაც კოსმოსში შეუძლია მოწინააღმდეგის თანამგზავრების განადგურება, რაც კავშირგაბმულობის პარალიზებას გამოიწვევს… შეკითხვას რაც შეეხება, როგორ აისახება ჩვენზე რუსეთ-უკრაინის მოვლენები, გიპასუხებთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პირდაპირ გვეხება ეს პროცესები, მაგრამ ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოზეც. თუ ჩვენ განვაგრძობთ ჩვენთვისვე მავნე პოლიტიკას, რომ რუსეთი ოკუპანტია და თანაც თურმე იშლება, ამიტომ მასთან დიალოგი რა საჭიროა, მაშინ, რა თქმა უნდა, გავიჭყლიტებით. სხვათა შორის, უკრაინის მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ის “მცირე შეჭრა”, რომელზეც ბაიდენი მზადაა, თვალი დახუჭოს, საქართველოზე დიდ ტერიტორიას გულისხმობს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენზე ისე დადუმდებიან და ისე მიგვაყოლებენ ხურდაში, რომ ვერც კი გაიგებს დანარჩენი მსოფლიო…

_ აქვს კი დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ოდნავ მაინც დარეგულირების რესურსი?

_ დღევანდელ ხელისუფლებაში, შესაძლოა, არიან ცალკეული ადამიანები, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის სახით, რომლებსაც აქვთ მეტ-ნაკლებად ადეკვატური მიდგომები, მაგრამ ერთია პიროვნულ დონეზე პოზიციის არსებობა და მეორე _ დეკლარირებული პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი, სამწუხაროდ, არ იძლევა საშუალებას, რომ საგარეო პრიორიტეტები განისაზღვროს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით; შესაბამისად, სანამ ეს ვითარება ძირფესვიანად არ შეიცვლება, მნიშვნელოვან გარღვევებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით არ უნდა ველოდოთ. აი, ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთო ვერაფერი მოაქვს და ვერც მომავალში მოგვიტანს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here