Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: რომელ შეკავებასა და სტაბილურობაზე გველაპარაკებიან, როცა ბრიგადები გააუქმეს და არტილერია,...

გურამ ნიკოლაიშვილი: რომელ შეკავებასა და სტაბილურობაზე გველაპარაკებიან, როცა ბრიგადები გააუქმეს და არტილერია, ტანკები ძირითადად კონსერვაციაზეა გადაყვანილი

3855
გურამ ნიკოლაიშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 4 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაზე სამხედრო აგრესია განხორციელდება, “უწყებას კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა აქვს”. მისი განმარტებით, აღნიშნული გეგმა, რომელიც სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, მოწინააღმდეგის მაქსიმალურ შეკავებასთან ერთად, სტაბილურობის შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს: “იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მაქსიმალურად შევაჩეროთ მოწინააღმდეგე

შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის ერთობლიობას, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კომპონენტის, ანუ ისეთი მაღალი ხარისხის გარემოს შექმნას, რათა პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში, მას ეს ძვირად დაუჯდება, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით”… მინისტრს თავის გამოსვლაში არ განუმარტავს, კონკრეტულად რა განაპირობებს საქართველოს თავდაცვის გეგმის ეფექტიანობას ან რა სტრატეგიას ეფუძნება პოტენციურ მოწინააღმდეგეზე პოლიტიკური ზეწოლის გეგმა და რატომ შეიძლება ის აგრესიის შემაკავებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს. არის თუ არა დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისთვის მზად და რა რესურსებს ფლობს ქვეყანა რეალურად ამ თვალსაზრისით?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მის უწყებას აქვს ნატოს სტანდარტების შესაბამისი გეგმა, რომელიც აერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო კომპონენტებს. ეფექტიანი თავდაცვის გეგმა აქვს დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს?

_ მე, როგორც გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, რომელიც ამ გეგმებს ვაკეთებდი და ვამუშავებდი წლების განმავლობაში, გეტყვით, რომ დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არანაირი გეგმა არ აქვს. რაც აქვთ, ეს არის აბსოლუტურად უვარგისი და ამოვარდნილი იმ რეალობის, იმ საფრთხეების კონტექსტიდან, რომლებიც სინამდვილეში არსებობს. რაც შეეხება იზორიას გამოსვლას, ჯერ ერთი, თავდაცვის გეგმაზე მინისტრი კი არა, გენერალური შტაბის უფროსი უნდა ლაპარაკობდეს, და მეორე _ რომელ ეფექტიანობაზეა საუბარი, როცა ბოლო წლების განმავლობაში გატარებულმა ყველა .. რეფორმამ, რომლებიც თითქოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავდა მიზნად, პრაქტიკულად მოშალა და გაანადგურა შეიარაღებული ძალების ყველა მნიშვნელოვანი სეგმენტი. რომელ თავდაცვისუნარიანობაზეა საუბარი, როცა ჯარი პრაქტიკულად დაშლილია და, რაც არის, იმის მნიშვნელოვანი ნაწილიც წასულია .. სამშვიდობო მისიებში. საუბარია დაახლოებით ათას კაცზე და ათასი კიდევ ემზადება წასასვლელად. ან რომელ შეკავებასა და სტაბილურობაზე გველაპარაკებიან, როცა ბრიგადები გააუქმეს და არტილერია, ტანკები კონსერვაციაზეა, ძირითადად, გადაყვანილი. ტანკების უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული.

_ გამოდის, მინისტრის გამოსვლა თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული?

_ თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთ თემაზე ლაპარაკობს არა შესაბამისი სამხედრო თანამდებობის პირი, ანუ გენერალური შტაბის უფროსი, არამედ პოლიტიკური ფიგურა _ თავდაცვის მინისტრი, უკვე ცხადყოფს, რომ ეს გამოსვლა თავიდან ბოლომდე გათვლილი იყო გარკვეულ შიდა პოლიტიკურ მოხმარებაზე და არა იმაზე, რომ რეალურად საქმეზე ესაუბრათ. დავუბრუნდეთ ისევ შეიარაღებულ ძალებს. არ მინდა, ზოგადი ფრაზებით გავაკეთო შეფასებები, ამიტომ კონკრეტულად ვისაუბრებ. ბიუჯეტი გავზარდეთ და თავდაცვისუნარიანობა ამაღლდაო, რომ ამბობენ, ორი მილიარდი დოლარის სამხედრო ტექნიკა იყო შეძენილი 2008 წლამდე. სად არის დღეს ეს ტექნიკა? ნაწილი ომის დროს განადგურდა, ნაწილი დაიკარგა, ნაწილი გადაიყვანეს კონსერვაციაზე. სხვათა შორის ბევრი დაჭრეს და უტილიზაციაზე გაუშვეს

 _ კონკრეტულად რომელ ტექნიკაზეა საუბარი?

_ მაგალითად, უტილიზაციაზე გაუშვეს საჰაერო თავდაცვის დანადგარი, 1000-მილიმეტრიანი KS-19, რომელიც 19 კილომეტრზე ისვრის, და 57-მილიმეტრიანი შ-60. რატომ, რისთვის, არავინ იცის. ჯამში, სულ 600 ერთეული დანადგარი დაჭრეს. სანაცვლოდ რა მივიღეთ? _ შეიძინეს “ჯაველინები”. ახლა ვიღაც იტყვის: რა არის ცუდი, თუ შეიძინესო?! თავისთავად არც არაფერი, მაგრამ რას წარმოადგენს ეს “ჯაველინი”, რა შეუძლია? “ჯაველინის” სროლის მანძილი სამი კილომეტრია. ჩნდება შეკითხვა: სამ კილომეტრზე რომ მოგიახლოვდება მოწინააღმდეგის ტექნიკა, შენი პოზიციები დაცული იქნება? რაც შეეხება რეფორმებს, ჩვენ ხშირად გვესმის განცხადებები, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, მიდის შეიარაღების მოდერნიზაცია, რომ სამხედროები გადამზადებას გადიან… ძალიან კარგია, თუ რამ კარგი კეთდება, მაგრამ კონკრეტულ შედეგში ჩანს, რომ ამ რეფორმებმა რამე გააუმჯობესა?! გაუმართავი ტექნიკაა მოდერნიზაცია თუ კონსერვაციაზე გადაყვანილი ტანკები?! ნებისმიერი ჯარისკაცი გეტყვით, რომ არმიაში კატასტროფული მდგომარეობაა.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, ყველაზე მეტი პრობლემა რომელ სეგმენტშია?

_ მთლიანად შეიარაღებულ ძალებშია სერიოზული პრობლემები. მაგალითად, ხონის ბრიგადაში თვითმავალი საარტილერიო დანადგარების უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული, დაახლოებით 15-20 პროცენტია გამართული. დანარჩენი გადააქვთ ხოლმე სპეციალური ტექნიკით. არადა, თვითმავალი იმიტომ ჰქვია, რომ თავისი სვლით უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.

ახლა საზღვაო ძალები ავიღოთ. ერთი ნორმალური გემიც არ არის, ჰყავთ მხოლოდ სასაზღვრო ძალების პატარა კატარღები, რომლებიც პატრულირებისთვის გამოიყენება. მინისტრი ამბობს, რომ აქვთ თავდაცვის ეფექტიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და ა.შ. საზღვაო სივრცეს რით დაიცავენ? ვთქვათ, მოხდა დესანტის გადმოსხმა, რა საშუალებები არსებობს თავდაცვისთვის? აი, ამაზე ესაუბრა ბატონ იზორიას, მაგრამ როგორ ისაუბრებდა, როცა რეალურად ამ საქმის არაფერი ესმის…

_ მან გამოსვლისას რამდენჯერმე ახსენა ნატოს სტანდარტები. რას ნიშნავს ეს სტანდარტები?

_ კიდევ ვიმეორებ: ეს არის სიტყვების თამაში, გათვლილი პოლიტიკურ პიარზე. სინამდვილეში არ არსებობს არავითარი ნატოს სტანდარტი, იმიტომ, რომ რა შეიარაღებაც შენ გაქვს მოცემულ მომენტში, ის არის სტანდარტი. საერთოდ, ამ პოლიტიკის მიზანი არის ის, რომ საქართველო უნდა გადავიდეს ამერიკის მიერ წარმოებულ სამხედრო ტექნიკაზე. არადა, ჩვენი ბიუჯეტი წარმოუდგენლად მწირია. შეგვიძლია ჩვენ უახლესი შეიარაღების შეძენა? ჯერ ერთი, ამ შეიარაღებას ასე იოლად არავინ მოგვყიდის და მეორეც _ გვაქვს კი ამდენი ფული? ესენი ნატოს სტანდარტებს ეძახიანჯაველინებსდასტინგერებს”. არადა, არც ერთი და არც მეორე არ არის იმ ტიპის შეიარაღება, რომელზეც შეიძლება სახელმწიფომ თავდაცვა ააწყოს

რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, იზორიას შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოვიდა და ილაპარაკა, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა, ვიღაცამ გაფლანდა და ა.შ. _ მოვისმინეთ მხოლოდ ბრალდებები. მაინტერესებს, ამ ადამიანებისთვის მხოლოდ ეს არის საქმე? მობილიზაციის კანონი არ გაქვს, ყოფილი სამხედროების საპენსიო უზრუნველყოფის კანონი არ გაქვს, რა ბრალდებებზე ლაპარაკობ?! თუ ვინმემ რამე დააშავა, არსებობს პროკურატურა, გამოიძიონ და მიიღონ ზომები. შეიძლება თავდაცვის მინისტრი ან პარლამენტის წევრი ამაზე საუბრობდეს?! სხვათა შორის, იმავე გამოსვლაში იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის გეგმა მოიცავს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ ნაწილს და ხაზგასმით აღნიშნა: ნებისმიერ მოწინააღმდეგეს პოლიტიკურადაც ძვირი უნდა დაუჯდეს აგრესიის განხორციელებაო. ჩნდება შეკითხვა: რა პოლიტიკური მექანიზმები აქვს საქართველოს, რომ ძვირი დაუჯინოს, ვთქვათ, რუსეთს სამხედრო აგრესია ან თურქეთს? რუსეთს იმიტომ ვამბობ, რომ მაინც ის იგულისხმება, როცა ესენი საფრთხეებზე საუბრობენ…

_ ალბათ, დასავლეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას გულისხმობდა.

_ უკვე წლებია, დასავლეთი სანქციებს სანქციებზე უწესებს რუსეთს და ცდილობს, ეკონომიკურად დაანგრიოს, მაგრამ რა, დაინგრა?! დაიწევს პუტინის რეიტინგი _ არის აჟიოტაჟი: ემხობაო, მერე ისევ აიწევს… ეს ჩვენთვის არაფრის მომტანი რომ არ არის, ხომ ცხადია?! ახლა რაც შეეხება შესაძლო აგრესიას: რუსეთი თავის გავლენის სივრცეში აგრესიას განახორციელებს ერთადერთ შემთხვევაში: თუ დაინახავს საშიშროებას, რომ ნატო შეიძლება მის საზღვრებს მიუახლოვდეს და საფრთხე შეუქმნას. აი, ამ სცენარის შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირება, ცხადია, გარდაუვალი იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაშინგტონი, რა თქმა უნდა, არასოდეს დაუშვებს კრემლთან პირდაპირ კონფლიქტს

_ თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ალიანსი შავ ზღვაზე პოზიციებს იმაგრებს.

_ 1960-იანი წლების “კუბის კრიზისი” ყველამ ვიცით. მაშინ კენედის შეუტანეს პენტაგონის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ერთდროულად 150 ობიექტზე დარტყმას. კენედი გაეცნო ამ გეგმას და იკითხა: კი მაგრამ, არსებობს გარანტიები, რომ ამ იერიშების განხორციელების შემდეგ ამერიკაში არ ჩამოვარდება მოწინააღმდეგის თუნდაც ერთი ბომბი? მას უთხრეს, რომ არა. მორჩა, იმის იქით ის გეგმა არ წასულა. მერე დაიწყო ფიქრი სხვა გამოსავალზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ისეთ ზესახელმწიფოებს შორის, როგორიცაა რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, არასოდეს მოხდება პირდაპირი კონფლიქტი. ისინი ყოველთვის გამონახავენ მესამე ქვეყანას, სადაც ირიბად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მოსინჯავენ ძალებს, გამოცდიან იარაღს და .. მერე კი, როცა ერთ-ერთი დაინახავს, რომ მას ეს კონფლიქტი დივიდენდებს ვერ აძლევს, წავა. ეს ასე ხდება საერთოდ. ვიქნებით თუ არა ჩვენ ასეთი პოლიგონი, ძნელი სათქმელია, მაგრამ არსებული ხელისუფლების მანკიერი საგარეო პოლიტიკის პირობებში ნამდვილად არაფერი გამიკვირდება. საერთოდ, საქართველოს დღეს სათავეში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ერთი კვალიფიციური, ჭკვიანი და საქმის მცოდნე პოლიტიკური ფიგურაც არ ჰყავს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ. საქართველოს ჰყავს დასავლეთის მიერ ლეგიტიმირებული მექანიკური ხელისუფლება, რომელიც ასრულებს მანქანის ფუნქციას. მისცემენ ბრძანებას _ იწყებს შესრულებას, მორჩა! იმის იქით ამ მოქმედების ანალიზი და გააზრება არ ხდება. აი, ეს არის დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველაფერია მოსალოდნელი…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ქართული ავიაცია და სხვა შენაერთები მოსპობის პირზეა.ვაი ამთავრობას რომელნიც საქართველოს მოსპობას უპირებს.გ ა ი ღ ვ ი ზ ე საქართველო სანამ დროა!.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here