Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ნატომ ათასობით ადამიანი მოკლა და ყველაფერი იმით გაამართლეს, რომ თურმე...

გურამ ნიკოლაიშვილი: ნატომ ათასობით ადამიანი მოკლა და ყველაფერი იმით გაამართლეს, რომ თურმე ადამიანის უფლებები ითხოვდა ამ სისასტიკეს…

5423
გურამ ნიკოლაიშვილი

24 მარტს 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაცცივილიზებულმა მსოფლიომმისი მთავარი ჰეგემონისა და მენტორის _ ამერიკის შეერთებული შტატების _ ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა სერბეთი, რომელიც იმხანად თავის საკუთარ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ცდილობდა, “საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშად დარღვევის გამომკაცრად უნდა დასჯილიყო. 1999 წლის 24 მარტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საჰაერო ძალებმა ბელგრადზე პირველი მასირებული იერიში მიიტანეს და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ სერბ ხალხს დემოკრატიის სახელით სისხლიანი კალო მოუწყვეს.

ამ წარმოუდგენელ სამხედრო და პოლიტიკურ სისასტიკეს, რომელშიც ნატოსთან ერთად ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-ქაიდაც” აქტიურად მონაწილეობდა, ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. დაიბომბა და განადგურდა ინფრასტრუქტურა, საწარმოები და სამრეწველო ობიექტები, მართლმადიდებლური ტაძრები. (!) შეტევები განსაკუთრებით ინტენსიური იყო აღდგომის დღეებში (გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსახლეობა დაბომბვების შედეგად განადგურებული ეკლესიების ნანგრევებში ხშირად პოულობდა ჭურვის ნამსხვრევებს წარწერით: “გილოცავთ აღდგომას”). ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვრამდე მივიდა. მშვიდობიანი მოსახლეობა ნატოს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინაშე სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. “დემოკრატიული დასავლეთი” ამ ყველაფერს იმით ხსნიდა, რომ თურმე სერბეთის სამთავრობო ძალების მიერ შევიწროებულ ალბანურ მოსახლეობას სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებოდა. მეტიც, კონფლიქტის გაღვივებაში, რომელიც კოსოვოს მკვიდრმა ალბანელმა სეპარატისტებმა დაიწყეს, პასუხისმგებლობა სერბეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრა. დამნაშავედ გამოცხადდა პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი და მისი გარემოცვა. ის დაადანაშაულეს ეთნოწმენდასა და სხვადასხვა სახის სამხედრო დანაშაულის ჩადენაში არა მხოლოდ სერბეთში, არამედ ხორვატიასა და ბოსნიაში. მოკლედ, ომიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ მილოშევიჩს ცნობილი დასავლური სცენარით რევოლუცია მოუწყვეს (ე.წ. ბულდოზერების რევოლუცია) და გადადგომა აიძულეს, 2001 წელს კი იგი დამნაშავის სტატუსით ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს. 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ჰააგის ციხეში ისე გარდაიცვალა (ოფიციალური ვერსიით, გულის შეტევით), რომ ტრიბუნალმა მისთვის განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო. უფრო სწორად, შეგნებულად გაწელეს პროცესი, რომ განაჩენი არ გამოეტანათ. რაც შეეხება ნატოს ძალების მიერ სერბეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ აგრესიას, დასავლეთმა ეს ყველაფერი ისევ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობით ახსნა. კანონიერ ქმედებებად გამოცხადდა ყველა დანაშაული, რომლებიც ალიანსის ხელმძღვანელობამ ჩაიდინა ქვეყნის ტერიტორიაზე; მერე კი იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ კოსოვო “განსაკუთრებული შემთხვევაა” და მისი დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იქნება. ერთი სიტყვით, 2008 წელს სერბეთს ისტორიული მიწა ჩამოეჭრა და მსოფლიო რუკაზე ახალი “დამოუკიდებელი სახელმწიფო” გაჩნდა. პირველმა ეს “სახელმწიფო” სწორედ აშშ-მა აღიარა, შემდეგ _ ევროპის ქვეყნებმა… ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლება მიესალმა ბელგრადის დაბომბვებსაც 1999 წელს და კოსოვოს აღიარებასაც 2008 წელს.

რატომ იყო დაინტერესებული აშშ სერბეთის დაბომბვით და რას ნიშნავდა საქართველოსთვის, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მქონე სახელმწიფოსთვის, კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელმაც ჩვენთვის არასასურველი პრეცენდენტი შექმნა?

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატოს ძალებმა სერბეთს საკუთარ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მცდელობისთვის ომი გამოუცხადეს და მასირებული საჰაერო იერიშებით ქვეყანა, პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორეს. ამას მოყვა პროცესი, რომელიც კოსოვოსდამოუკიდებლობითდასრულდა. რა მიზნებსა და პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა ეს ყველაფერი?

_ ნატომ, იმავე ამერიკამ, საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება ისე მიიღო, გაეროს თანხმობა არ ჰქონია. უფრო მეტიც, ის არათუ დაელოდა ამ თანხმობას, არც კი დაუყენებია საკითხი, იყო თუ არა ის საჭირო. ამით ვაშინგტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მას, პრაქტიკულად, საპირწონე ძალა აღარ ჰყავდა და, როგორც ყველაზე მძლავრი სახელმწიფო, განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა გარკვეული ლეგიტიმაცია, რა თქმა უნდა, მის მოქმედებებსაც სჭირდებოდა და ამისთვის აუცილებელი იყო კონფლიქტის წარმოჩენა, როგორც ჰუმანიტარული კატასტროფის. გარდა ამისა, თუ შეერთებული შტატები მხოლოდ საკუთარი ძალებით ჩაერეოდა კონფლიქტში, ეს მაინც ერთი სახელმწიფოს ინტერესებად აღიქმებოდა. ამ ფორმით კი, ბუნებრივია, გაცილებით რთული იქნებოდა იმის წარმოჩენა, თითქოს განვითარებული მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოქმედებები ნატოს სახელით უნდა განხორციელებულიყო. სხვათა შორის, ჩეხეთი იერიშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეიყვანეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, იმიტომ, რომ მისი აეროდრომები გამოეყენებინათ. რაც შეეხება ვაშინგტონის ინტერესებს, ჯერ გავიხსენოთ ის, რომ სერბეთი ისტორიულად ყოველთვის იყო რუსეთის მოკავშირე და გვერდით მდგომი ქვეყანა. მაგალითად, 1905 წელს, როცა რუსეთსა და იაპონიას შორის კონფლიქტი მიმდინარეობდა, მათ ომი გამოუცხადეს იაპონიას და აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. მერეც, როცა უკვე საბჭოთა კავშირი შეიქმნა, სოციალისტურ ბანაკში სერბეთი ისევ რჩებოდა კრემლის ერთ-ერთ საიმედო სლავურ სახელმწიფოდ. რაც მთავარია, ამ კავშირებს ორ ქვეყანას შორის განაპირობებდა არა მხოლოდ საერთო პოლიტიკური ინტერესები, არამედ ერებს შორის ოდითგანვე არსებული კეთილგანწყობა, რაც მათ, შეიძლება ითქვას, ბუნებრივ მოკავშირეებად აქცევდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაშინგტონმა ახალი დღის წესრიგის შექმნა დაიწყო და ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა. გაჩნდა ახალი მოცემულობა სივრცეში, სადაც 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი ადგენდა თამაშის წესებს.

სერბეთი
სერბეთი

_ სერბეთი ამ მოცემულობაში ვერჩაჯდა”?

_ სერბეთი, როგორც პოსტსოციალისტური სახელმწიფო, ისევ რჩებოდა რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს კი, ცხადია, სრულიად ამოვარდნილი იყო იმ პოლიტიკური კონიუქტურიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა რეგიონში… ის, რაც შემდეგ ამ ქვეყანაში ჩაიდინეს, რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა თვით დასავლეთის მიერ დადგენილ თამაშის წესებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსად არასოდეს დამდგარა საკითხი, ვინმეს რამე ფორმით პასუხი ეგო. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები, და ყველაფერი იმითგამართლდა”, რომ თურმე ადამიანის უფლებები ითხოვდა ამ სისასტიკეს; თურმე, ალბანელები რომ იხოცებოდნენ, ეს ეთნოწმენდა იყო; სერბებს რომ 3 თვენახევრის განმავლობაში ბომბავდნენ, ეს _ დემოკრატიული პრინციპების დაცვით ნაკარნახევი აუცილებლობა. სრულიად მსოფლიომ ნახა ის უმძიმესი კადრები, რას აკეთებდა ამერიკის ავიაცია ბელგრადის ცაზე, რა ჯოჯოხეთი დაუტრიალეს მშვიდობიან მოსახლეობას. მსოფლიომ ნახა ნანგრევებად ქცეული მართლმადიდებლური ტაძრები, ნაცარტუტად ქცეული ქალაქები და გაუბედურებული ადამიანები. ცალკე თემაა, პოლიტიკურად რა გააკეთეს და რა აფერა გაითამაშეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ე.წ. რევოლუცია მოუწყვეს ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებას და დაამხეს… მოკლედ, სერბეთი სამაგალითოდ დასაჯეს, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ერთი ქვეყნის დასასჯელად განხორციელებული გეგმა. ეს იყო, პირველ რიგში, დემონსტრირება იმის, რა დაემართებოდა დასავლეთის იდეოლოგიურ-პოლიტიკური დღის წესრიგის წინააღმდეგ წამსვლელ ნებისმიერ სახელმწიფოს. ეს იყო ძალისა და შესაძლებლობების წარმოჩენა…

_ საქართველოს ჭრილში შევხედოთ ამ ყველაფერს. კოსოვოს აღიარებაზე დღემდე ერთი აზრი ჩვენს ქვეყანაშიც არ არსებობს: ზოგი თვლის, რომ ამით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა; ზოგს მიაჩნია, რომ სახიფათო პრეცენდენტი შეიქმნა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ თეთრი სახლი კარგა ხნის განმავლობაში არწმუნებდა მსოფლიოს, რომ კოსოვო განსაკუთრებული შემთხვევაა და მისი აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ იქნებოდა, მაგრამ ამერიკელების არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებდა. რატომ უნდა გამოცხადებულიყო სუვერენული ქვეყნის ერთი ისტორიული მხარე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, გაუგებარი დარჩა, თუმცა მათთვის ამას ხელი არ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში. რაც შეეხება საქართველოს, რთულია ერთმნიშვნელოვნად თქმა, მოახდინა თუ არა კოსოვოს დამოუკიდებლად გამოცხადებამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების პროცესზე რამე გავლენა, მაგრამ ფაქტია: როგორც დასავლეთმა ვერ ახსნა და გაამყარა თავის დროზე რეალური არგუმენტებით თავისი გადაწყვეტილება სერბეთის მიმართ, ისე რუსეთსაც არ დასჭირვებია დიდი ახსნა-განმარტებები. დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: როდესაც საქმე მათ სტრატეგიულ ინტერესებს ეხება, საერთაშორისო სამართალს შეიძლება მხოლოდ ძალა წარმოადგენდეს. ასე მოხდა სერბეთის შემთხვევაში და ასე გვემართება ჩვენც. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით, იქ მეტ-ნაკლებად მოვიდნენ აზრზე _ ჩაუღრმავდნენ, სად რა შეცდომები დაუშვეს. აქ კი ხელისუფლებაში მოკალათებული ცხელი თავების ხროვა სისულელის კეთებას განაგრძობს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. კოსოვო და მისი მართლმადიდებლური ტაძრები იგივეა სერბებისთვის და მსოფლიო მართლმადიდებლობისთვისაც, რაც ჩვენთვის მცხეთა და სვეტიცხოველი. ასე რომ, იუგოსლავიის და კოსოვოს ტაძრების განადგურება მარტო პოლიტიკური აქცია არ იყო, ეს მართლმადიდებლობის მოსასპობად დაწყებული ცხელი ომი უფრო იყო.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here