მთავარი პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ვეკითხები ჩვენს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს: რუსული საფრთხისგან დაგვიცავს ევროპა,...

გურამ ნიკოლაიშვილი: ვეკითხები ჩვენს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს: რუსული საფრთხისგან დაგვიცავს ევროპა, რომელსაც რუსეთთან დიალოგის გარეშე საკუთარი უსაფრთხოება ვერ წარმოუდგენია?

3220
გააზიარეთ
გურამ ნიკოლაიშვილი

3-4 დეკემბერს ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის გამართვის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი ალიანსის მტერი არ არის. მისი აზრით, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, რომლებიც პოლიტიკურ ვექტორებს შორის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით არსებობს, ნატო და რუსეთი რიგ საკითხებში პარტნიორებიც არიან: “ვინ არის ნატოს მტერი? რუსეთი მტერი აღარაა. ის კვლავ რჩება საფრთხედ, მაგრამ, ამასთანავე, გარკვეულ საკითხებში პარტნიორიცაა. ჩვენი მტერი დღეს საერთაშორისო ტერორიზმი, განსაკუთრებით ისლამური ტერორიზმია”.

რაც შეეხება დიალოგს, იმავე პოსტში მაკრონი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელ ვითარებაში ცივილიზებულ მსოფლიოს კრემლთან დიალოგი აუცილებლად სჭირდება. მეტიც, მისი თქმით, აქამდე განხორციელებულმა ბოიკოტისა და იზოლაციის პოლიტიკამ ცხადყო, რომ რუსეთთან დიალოგზე წაუსვლელობას ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია.

საფრანგეთის პრეზიდენტის ღია განცხადება რა გზავნილია დღეს ცივილიზებული სამყაროსთვის, რას ცვლის ეს მიდგომა მსოფლიო ასპარეზზე და რა სტრატეგიულ კორექტივებს შეიძლება საჭიროებდეს იგი საქართველოს დღევანდელ საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებში? _ გვესაუბრება გენერალლეიტენანტი, საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამას წინათ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს მტერი არ არის და მასთან დიალოგი აუცილებელია. ამის გამო ის ექსპერტებისა თუ დიპლომატების (მათ შორის დასავლელი დიპლომატების) გარკვეული წრეების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. როგორ ფიქრობთ, ადეკვატურია ეს განცხადება და რა გზავნილია ის ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც თავიანთი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად სწორედ ალიანსი წარმოუდგენიათ?

_ ეს სამიტი აქამდე ჩატარებული სხვა სამიტებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ წინაპირობები იყო უფრო რთული. უკვე გამოჩნდნენ გარკვეული ქვეყნები ალიანსის ბირთვში, რომლებსაც ამ ფორმითა და არქიტექტურით სამხედრო ბლოკის არსებობა არ აკმაყოფილებთ. ავიღოთ თუნდაც თურქეთი, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ამ ორგანიზაციაში თავისი სტრატეგიული მდებარეობით, მრეწველობით, ეკონომიკით, ადამიანური რესურსით და სამხედრო პოტენციალით ხომ არის და არის; მაგრამ, როდესაც უკიდურესად დაეძაბა ურთიერთობა რუსეთთან და კინაღამ სამხედრო კონფრონტაციამდეც მივიდა საქმე, მან პრაქტიკულად ვერანაირი მხარდაჭერა ალიანსისგან ვერ მიიღო. ეს ნიშნავდა თეორიულად ერთ ძალიან მარტივ რამეს, რომ მეხუთე პუნქტი შეთანხმების, რომელიც მთავარი აზრია და ამოსავალი წერტილი ალიანსის არსებობის, კონკრეტულ შემთხვევაში აღმოჩნდა ფორმალური _ შეთანხმება პრაქტიკულად დარჩა ქაღალდზე და რეალურად ქვეყანა, რომელსაც რუსეთის შემდეგ, მგონი, ყველაზე მეტი სამხედრო პოტენციალი აქვს ევროპის კონტინენტზე, პრაქტიკულად, ერთი ერთზე შეატოვეს ურთულეს პოლიტიკურ ამოცანას. ამით კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ არანაირი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, როგორც ერთიანი მთლიანი გეოპოლიტიკური მონოლითი, არ არსებობს; არსებობს მხოლოდ ცალკეული ქვეყნების ინტერესები და სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც, არათუ არ ემთხვევა ყოველთვის ერთმანეთს, ზოგჯერ, შესაძლოა, ურთიერთსაწინააღმდეგოც იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სამხედრო ბლოკში შემავალ სახელმწიფოებზეა საუბარი.

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთი ალიანსის მტერი არაა და პირიქით _ რიგ საკითხებში პარტნიორიც არის, რა თქმა უნდა, რთულია იმაზე გადაჭრით საუბარი, არიან თუ არა ისინი რომელიმე საკითხში მართლა პარტნიორები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაკრონის შეფასება წინააღმდეგობაში მოდის რეზოლუციასთან, რომელიც ლონდონის სამიტზე მიიღეს და რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ალიანსისთვის ნომერი პირველი საფრთხე სწორედ რუსეთია. სხვათა შორის, ეს რეზოლუცია საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ მასში საფრთხეების თვალსაზრისით ერთ ჭრილშია განხილული რუსეთი, ჩინეთი და ტერორიზმი. ეს კი ნიშნავს, რომ სამიტზე ვაშინგტონის პოზიცია დომინირებდა, თუმცა თავისთავად არც ესაა პრობლემა. ამერიკა ყოველთვის იყო ალიანსში დომინანტი ქვეყანა. პრობლემა არის ის, რომ ევროპას დღეს გაცილებით ძვირი პოლიტიკური და ეკონომიკური საფასურის გადახდაც უწევს ამერიკის პატრონაჟის ქვეშ არსებული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნისთვის, რაცთეთრი სახლისამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგია და ტრამპი, მოგეხსენებათ, ყველა თავის გამოსვლაში დასავლეთს პრაქტიკულად აყვედრის, რომ აშშ ალიანსის ყველაზე მსხვილი გადამხდელი ქვეყანაა.

_ ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ალიანსის წამყვან სახელმწიფოებს შორის ინტერესთა კონფლიქტია?

_ ინტერესთა კონფლიქტი, ალბათ, ხმამაღალი ნათქვამია. მე სხვანაირად ვიტყოდი: ნატო, მოგეხსენებათ, 1949 წელს შეიქმნა, 70 წლის წინათ. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო გეოპოლიტიკურმა დღის წესრიგმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, რამაც, ბუნებრივია, შესაბამისი კორექტივები შეიტანა დამოუკიდებელი ქვეყნების და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ალიანსში შემავალი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესებშიც.

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელსაც, ალბათ, გასაკვირი არაა, რომ დასავლეთში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა, გამომდინარე იქიდან, რომ მაკრონისგან პირველად არ ისმის მსგავსი რიტორიკა და მოგეხსენებათ, მან მცირე ხნის წინათ ნატო ტვინმკვდარ ორგანიზაციადაც მოიხსენია, ვფიქრობ, ჩვენ ეს განცხადება ალიანსის დემონტაჟის ერთგვარ იდეოლოგიურ-პოლიტიკურ გამოვლინებად უნდა განვიხილოთ, თუმცა, საფრანგეთი არ არის დღეს ერთადერთი ქვეყანა, რომლის სახელმწიფოებრივ ინტერესსაც ალიანსი ვერ აკმაყოფილებს. თურქეთი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ორგანიზაციის გეგმას ბალტიის ქვეყნების თავდაცვის გაძლიერების თაობაზე, თუ იგი ტერორისტებად არ აღიარებს ძალებს, რომლებსაც თურქეთი ებრძვის. სხვათა შორის, მთელი ამ პოლიტიკური ჭიდილისა და ვაჭრობების ფონზე მოსკოვსა და ანკარას შორის C-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მიდის მუშაობა. ეს კი ნიშნავს, რომ ვაშინგტონის სამხედროსამრეწველო ჰეგემონია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ალიანსის წევრმა ყველა სახელმწიფომ და არა მხოლოდ ალიანსის წევრმა, მათ შორის ჩვენისთანა სატელიტებმაც, ამერიკაში წარმოებული ტექნიკით უნდა აღჭურვოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, ამ შემთხვევაში დარღვეულია. ეს არის უკვე ერთგვარი სიგნალი ვაშინგტონისთვის, რომ სამყარო აღარაა პოლიტიკური ვექტორის თვალსაზრისით უალტერნატივო, ერთპოლუსიანი; სამყარო, სულ ცოტა, ორპოლუსიანია და ის მზარდი, შეუქცევადი სამხედროსამრეწველო აღმავლობა, რომელიც დღეს რუსეთშია, ამის ნათელი მაგალითია. ისე, რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოსთვის რუსეთი იყო დანიშნული საფრთხე, რომლისგანაც ვაშინგტონმა საფრთხობელა შექმნა

_ რას ნიშნავს დანიშნული საფრთხე?

_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა უკვე რუსეთსა და დასავლეთს შორის სოციალისტური ბანაკის სახით უზარმაზარი ბუფერი გაჩნდა, ევროპას სანერვიულო არაფერი ჰქონდა, მაგრამ ალიანსის გამუდმებულ სამხედროპოლიტიკურ ინტერვენციას, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცის დიდი ნაწილი უნდა აეთვისებინა და ერთგვარ რკალში მოექცია რუსეთი, სჭირდებოდა მტრის ხატი. ეს იდეოლოგიური სქემა მუშაობდა 90-იან წლებში, როცა მოსკოვს პრაქტიკულად არ ეცალა გლობალური პოლიტიკისთვის, დღეს კი უკვე კარდინალურად განსხვავებული ვითარებაა: კრემლი საერთაშორისო ასპარეზზე ცალკე ორბიტას წარმოადგენს, ის არ არის ვიღაცის მიერ ხელოვნურად შექმნილი საფრთხობელა, ის რეალურ პოლიტიკურ ვექტორს ქმნის.

ახლა საქართველოზეც ვისაუბროთ: თუ რუსეთთან მუდმივმა კონფრონტაციამ, დაპირისპირებამ, სანქციებმა და იზოლაციის პოლიტიკამ ევროპა ვერ გახადა უფრო უსაფრთხო, დაშლილ-დაქუცმაცებულ, ჩამოქცეულ და გაღატაკებულ საქართველოს რა სიკეთეს მოუტანს? ვეკითხები ჩვენს პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს: რუსული საფრთხისგან დაგვიცავს ევროპა, რომელსაც რუსეთთან დიალოგის გარეშე საკუთარი უსაფრთხოება ვერ წარმოუდგენია?!

_ როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ჩვენს ხელისუფლებას ტყუილი, რომ ნატო დაგვიცავს?

_ ვფიქრობ, დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე კატეგორიის ძალაა თავმოყრილი: ერთი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები არ აინტერესებს და ძალაუფლების სანაცვლოდ უსიტყვოდ ასრულებს დასავლეთის, ამ შემთხვევაში უფრო ვაშინგტონის, დესტრუქციულ მითითებებს რუსეთის წინააღმდეგ; მეორე, რომელიც ძალაუფლების რიგშია და მუდმივად კოჭს უგორებს ვაშინგტონს, რომ მას უფრო შეუძლია კრემლის გაღიზიანება; და მესამე, რომელიც მოწყვეტილია თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რეალობას. ერთიც, მეორეც და მესამეც წარმატებით ანგრევენ სახელმწიფოს. ყოველ შემთხვევაში მათ შეჯიბრებასა და ჭიდილს ანტიქართული პოლიტიკის განხორციელებაში უკვე მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი, ტერიტორიების მესამედის დაკარგვა და, ხვალ-ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის…

_ ამ ვითარებაში გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

_ ერთადერთი გამოსავალი დღეს სამხედრო-პოლიტიკური მიუმხრობლობაა. კიდევ ვიმეორებ: ნატოს წევრი 80-მილიონიანი თურქეთი მივიდა დასკვნამდე, რომ ალიანსი უკვე აღარ შეესაბამება მის ინტერესებს. ნუ დაგავიწყდებათ, საუბარია ქვეყანაზე, რომელმაც თავისი არსებობის განმავლობაში 12 ომი წააგო.

რაც შეეხება ჩვენს დიალოგსა და ურთიერთობების მოგვარებას მოსკოვთან, ამის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება. სანამ პოლიტიკური სპექტრი დაპყრობილი და მონოპოლიზებული აქვს აგრესიულ, რეაქციულ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც მაშინვე პუტინის აგენტის იარლიყს გაკერებს და ბინძურ კამპანიას იწყებს შენ წინააღმდეგ, როგორც კი სიტყვა დაგცდება კრემლთან დიალოგის აუცილებლობაზე, ჩვენ სიმშვიდე არ გვიწერია. ნებისმიერ მცდელობას ამა თუ იმ საღი და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედი ძალისას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, ისინი ყოველთვის პროვოკაციებისთვის გამოიყენებენ. აი, ეს არის დღევანდელი ჩვენი რეალობა, რომელიც აცდენილია მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას და, რაც დრო გადის, დიდ სახელმწიფოთა შორის გამუდმებულ ჭიდილში სულ უფრო ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს ქვეყანას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here