Home რუბრიკები საზოგადოება გულიკო ჩაფიძე: თუ დამკვიდრდა ის “სიახლე”, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, მედიცინა განადგურდება

გულიკო ჩაფიძე: თუ დამკვიდრდა ის “სიახლე”, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, მედიცინა განადგურდება

11505
ლეგენდარული გულიკო ჩაფიძე

საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ბოლოს და ბოლოს, ინფარქტების განყოფილებები რომ შეიქმნა, ამ სტრუქტურების სათავეში ყველგან ქალები აღმოჩნდნენ, რუსეთის გარდა, სადაც ინფარქტის განყოფილებას პროფესორი ევგენი ჩაზოვი ჩაუყენეს სათავეში, საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მომავალი მინისტრი, საქართველოში _ ქალბატონი გულიკო ჩაფიძე. იქიდან მოყოლებული (უფრო ადრიდანაც) ქართული მედიცინის კაბადონზე მისი ვარსკვლავი ბრწყინვალებს.

ვსხედვართ მისი სახელობის კლინიკის 503-ე პალატაში მკურნალი და პაციენტი, რომელიც, საუბედუროდ, ჟურნალისტიც არის და “კომპეტენტურობით” მოვარაყებული დილეტანტური შეკითხვებით საქმეს აცდენს ექიმს.

უწინარესად, არკვევს, რას ნიშნავს კარდიოლოგია, რომელიც მოიცავს გულის ყველა დაავადებას…

_ ანთების, ინტოქსიკაციის შედეგად რომ ჩნდება, ესაა მანკები, მიოკარდიტი, იშემიური დაავადება, კარდიომიოპათიები.

_ თქვენ, ქალბატონო გულიკო, მხოლოდ ჩამოთვალეთ გულის დაავადებები და მე, მსმენელი, უკვე დავითრგუნე. თქვენ, როგორც ვიცი, ამ სფეროში 61 წელი მოღვაწეობთ.

_ 65 წელიწადია.

_ მით უფრო!.. ხომ არ დაიღალეთ?

_ არა, მუშაობისგან არა, ცხოვრებისგან _ ძალიან. ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი წარმოუდგენლად მძიმე იყო, განსხვავებით პირველი ნახევრისგან, რომელიც შეიძლება ბედის ნებიერას ჰქონდეს: გარემო _ არაჩვეულებრივად კარგი, ოჯახში, შეიძლება ითქვას, იდეალური პირობები, შესანიშნავი მეუღლე, მშობლები, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ, საყვარელი შვილები…

და ერთ დღეს უეცრად დაინგრა ეს ყველაფერი: ჯანმრთელი შვილი ხელიდან გამოგვეცალა. ავარიამ შეიწირა. შემდეგ მოყვა ამას მეუღლის გარდაცვალება, მეორე ვაჟის, შვილიშვილის ამ ცხოვრებიდან წასვლა.

ამან ძალიან დამღალა: დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!”… დამღალა კი არა, გამანადგურა. ავადმყოფების მკურნალობას, მუშაობას არ დავუღლივარ. პირიქით, სულ ვეძებ (იმათ გარდა, ვინც ვიცი, ვისზეც ნათქვამი აქვთ) მძიმე ავადმყოფებს, კლინიკის ყველა სართულს ჩამოვივლი ყოველ დღე, ვნახულობ.

_ გაკლიათ და ივსებთ?

_ ჯერ ერთი, მე თვითონ მაქვს ამის სურვილი. მეორე, ახალგაზრდებს უნდა ავუხსნა, ვურჩიო, გარკვეული კონსულტაცია მივცე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნდა გაკეთდეს ავადმყოფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

დიდი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ, რაც შემიძლია, ვეხმარები. როგორც წესი, ახალგაზრდა ექიმების მიერ არჩეული მკურნალობის სტრატეგია სწორია და თანამედროვე მოთხოვნებს მაქსიმალურად უპასუხებს.

დამღალა და მღლის ის საშინელი ყოფა, რომელიც ქვეყანაშია და რომელსაც ვერ ვეგუები. ვერც ვერასოდეს შევეგუები ადამიანების გულგრილობას, შურს, ბოროტებით მოწინააღმდეგის განადგურების სურვილს.

მორწმუნე ვარ. რომ გითხრა, ძალიან მორწმუნემეთქი, ალბათ, არა. ჩემი ეკლესიაში შესვლა დაიწყო შვილის გარდაცვალების შემდეგ. უწმინდესმა შთამაგონა. და, საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. მან არ წამაქცია. ყველაფერი გააკეთა, ამ ცხოვრებისკენ ჩემ შემოსაბრუნებლადთავის მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი. მაშინ წამიყვანეს უწმინდესთან. პირველივე დღეებში ჩემი უბედურების.

სხვა საზრუნავი დამაწვა მხრებზე: შვილიშვილები უნდა გამეზარდა. მარტო დავრჩი. სიკეთე უნდა გამეკეთებინა, ეკლესიაშიც უნდა ვყოფილიყავი და, ექიმის მოვალეობაც უნდა შემესრულებინა.

ჩემი ყოველი დილა იწყება ლოცვით. ადრე, როცა წაკითხვა მიწევდა, ორ საათს ვანდომებდი. ახლა, როცა უკვე ზეპირად ვიცი, ერთი საათი მჭირდება.

_ სიხარულს რა განიჭებთ, ქალბატონო გულიკო?

_ ის, რომ ორი შვილიშვილი მყავს. სამი მყავდა, მაგრამ ერთი, 23 წლის ბიჭი დამეღუპა.

მყავს ოთხი შვილთაშვილი. ესენია ჩემი სიხარული და, ამასთან ერთად, რასაკვირველია, ჩემი, როგორც მკურნალის, საქმიანობა.

არასოდეს მიფიქრია, დილით რატომ არ უნდა დავაგვიანო; მძიმე ავადმყოფი ვნახო, ის, ვისაც რამდენჯერმე სჭირდება დახედვა, იმდენჯერვე მივიდე; ან ტელეფონით დავუკავშირდე, ან ახალგაზრდა მედპერსონალის მეშვეობით, რომელიც ჩემთან კაბინეტში ზის. გავიგო მისი ამბავი.

დღის მეორე ნახევარში, როგორც წესი, ვკითხულობ სპეციალურ ლიტერატურას, ვეცნობი მედიცინის სიახლეებს, ჩემმა პატარა შვილთაშვილმა, წიგნებში და ჟურნალებში ჩემს ჩაკირკიტებას რომ უყურა (მაშინ უფრო პატარა იყო), მითხრა: სულ რომ ზიხარ და კითხულობ, შენ, ალბათ, გიჭირს დამახსოვრება და სწავლა, თორემ მე ერთხელ წავიკითხავ და ვიხსომებო (ვიცინით გულიანად).

ესენი მანიჭებენ სიხარულს და, როცა ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში ხელს შევუწყობ, რაღაცას რომ გავუკეთებ, არ ვამბობ _ სასწაულს, ის მახარებს.

სია მაქვს ავადმყოფების, ყოველ დღე ახალ სიას ჩამოვწერ, ქვევიდან მოვყვები, მეშვიდე სართულამდე ავდივარ, თუ რამ სჭირდებათ, ვეხმარები და, ცოტა მაინც თუ ეშველა, ის მამშვიდებს.

აი, ახლა თქვენც შემოგიარეთ.

_ მადლობელი ვარ დიდადთქვენ რომ ახსენეთ საგალობელიდავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”, ავტორი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქიაწლებია, მის გვერდით ხართ.

_ ოცდაათი წელიწადია უკვე.

_ შეგიძლიათ, მითხრათ, როგორი პიროვნებაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, როგორი ადამიანია ყოფით ურთიერთობაში?

_ თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ ამქვეყნად წმინდა ადამიანი, ასეთია საქართველოს პატრიარქი ილია II. მე მისნაირი სიკეთე და სიყვარული არც მინახავს, არც გამიგია. რაც გინდა დააშავოს ადამიანმა, ყველას მიმტევებელია. ცოცხალი მაგალითია თანადგომის, თანალმობის.

ორი შვილი, შვილიშვილი და მეუღლე დავკარგე. მეუღლეც, ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა იყო. იმან ვერ გაუძლო. მე გავუძელი, ხომ ხედავთ. არც ერთხელ არ დავცემულვარ, უწმინდესმა არც ერთხელ არ დამაჩოქა, ქედის მოდრეკის უფლება არ მომცა.

ერთხელ მონასტერშიც კი წამიყვანა_ ეს მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ იყო, სადაც თვე-ნახევარი დავყავი, როცა მიწა გამომეცალა ფეხქვეშ… კონსულტაციაზე გერმანიაში წავიყვანე, რადგან აქ, ჩვენთან ვერ დასვეს დიაგნოზი, გული კი მეუბნებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ფილტვების ანთება არ იყო.

გერმანიაში წავიყვანე-მეთქი შვილი. კონსულტაციის შემდეგ გერმანელი კოლეგებისგან რომ გამოვედი, პირველი ზარი (როგორ გათვალა, მიკვირს) უწმინდესის იყო:

_ გულიკო, როგორ ხარ?

_ უწმინდესო, დავიღუპე-მეთქი, და გაჩერდიო, მითხრა, _ ყველაფერი კარგად იქნებაო.

_ არ იქნება კარგად, ვუპასუხე, სასწაულები არ ხდება.

_ ხდება სასწაულები! წამოიყვანე და წამოდით.

ყველაზე დიდი თანადგომა, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი საქმე აბარია, ქრისტეს მოძღვრების დაცვის, ქართველი ერის სულიერების, რწმენის განმტკიცების ისტორიულად მნიშვნელოვანი საქმე, ერთი დღეც არ მიგრძვნია, ჩემზე რომ არ ფიქრობდა.

სწორედ მაშინ აპირებდა გერმანიაში ჩასვლას უწმინდესი. გვიან ღამეს დამირეკეს და მეუბნებიან, რომ ჩემთან უნდა დალაპარაკება. მიაწოდეს ყურმილი და მეუბნება:

_ გულიკო, შენ წამოხვალ ჩემთან ერთად. ღამის რეისით მიფრინავდა, სამ თუ ოთხ საათზე.

_ ვერ წამოვალ, არ შემიძლია-მეთქი.

არც ბილეთი მქონდა, არც პასპორტი, არც ვიზა.

_ წამოხვალ! _ მითხრა კატეგორიულად და შალვა პეტრიაშვილის ბილეთით მართლაც გავყევი უწმინდესს.

როგორ მოახერხა ამის ორგანიზება, არ მიკითხავს არც მაშინ, არც მას შემდეგ. არასოდეს.

მაინც დიდხანს ვერ გავჩერდი. ვუთხარი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი თბილისში.

რატომო, მკითხა.

ვუთხარი, რომ მენატრება.

რა გენატრებაო?

ჩემი შვილების საფლავები.

დამთანხმდა.

_ ამის მოსმენაც კი მიჭირს, ქალბატონო გულიკო, _ ძლივს ამომხდა მეტყველების უნარდაკარგულს.

_ ამიტომაა, რომ მეც ვცდილობ, არც არავის ველაპარაკო ამის თაობაზე. ჩემი ოჯახის წევრებმაც არ იციან, რასაც მე განვიცდი. სამსახურში ხომ ჩემი ცრემლი არავის უნახავს პაციენტთან, მის პატრონთან ურთიერთობისას. ამიტომ ყველა მეუბნება: გულიკო, რა კარგად ხარ!

ესეც უწმინდესმა მირჩია: როცა გეკითხებიან, როგორ ხარ, უპასუხე, რომ კარგად ხარ… მეც ასე ვიქცევი.

კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა მაისურაძე - მოდის ღირსეული ცვლა
კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა მაისურაძე – მოდის ღირსეული ცვლა

მკურნალის ჯვარია ეს: აბა, წარმოიდგინეთ, პაციენტის წინაშე საკუთარ გაჭირვებასა და უბედურებაზე მოწუწუნე ექიმიეს ხომ ყველა პერსპექტივისთვის საფუძვლის გამოცლას ნიშნავს

_ მე საკუთარ თავთან მარტოდ ვრჩები მხოლოდ გვიან ღამით. რას განვიცდი მაშინ, ეს არავის საქმე არ არის: ჩემი ტრაგედიით სხვას ვერ და არ დავთრგუნავ… საფიქრალი და საზრუნავი ისედაც ყველას აქვს, ჩემითაც რომ არ დავუმძიმო…

(რესპონდენტის გულახდილობით სპეკულაცია ცოდვაა არცთუ მცირე და მიუტევებელი, ამიტომ ამ თემის ექსპლუატაციისგან თავს შევიკავებ და სამედიცინო დარგის პრობლემებზე გადასვლას ვიჩქარი).

_ ქალბატონო გულიკო, ობივატელის ლოგიკა წლების განმავლობაში ტრაფარეტულ ფორმულად ჩამოყალიბდა: ჯანდაცვის სფეროში პრობლემის წარმატებით გადაწყვეტად ითვლება ამა თუ იმ დაავადების აღმოფხვრა _ შავი ჭირი, ყვავილი, მალარია.

კარდიოლოგიის დარგში მედიცინის მიღწევების პარალელურად, გულსისხლძარღვთა დაავადებები კი არ მცირდება, არამედ მატულობს, “ახალგაზრდავდება”.

იქნებ აუხსნათ ჩვენს მკითხველებს, რა ხდება?

_ ამას ობიექტური მიზეზები განაპირობებს, მთელ მსოფლიოში. ახალი რისკ-ფაქტორები დრომ მოიტანა. ავიღოთ, თუნდაც, ისეთი ელემენტარული რეალობა, როცა ადამიანი ვეღარ იკვებება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით, გამოფიტულ მიწას შხამ-ქიმიკატებით ვანოყიერებთ, არაორგანული სასუქით. შეიცვალა ცხოვრების ტემპი და, საერთოდ, ყველა დროს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი მოაქვს, რაც ყოველთვის როდია კაცობრიობისთვის სასარგებლო. სტრესული სიტუაციები ძალიან ბევრია.

ამასთანავე, მედიცინამ, საერთოდ, მსოფლიოში და საქართველოში, კერძოდ, დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ. ამას დაბეჯითებით ვაცხადებ, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვეწეოდი სამედიცინო საქმიანობას, აქტიურად, როგორც ექიმი.

40-50 წლის წინათ ძალიან დიდი იყო სიკვდილიანობა. დღეს მედიცინამ, მე მხოლოდ კარდიოლოგიაზე ვლაპარაკობ, მიაღწია იმას, რომ, რისგანაც უწინ ხალხი იღუპებოდა, აღარ იღუპება. ინფარქტს ვმკურნალობდით თვეების განმავლობაში და ამის შემდეგ 3-6 თვე კიდევ ბიულეტენზე იყო პაციენტი. ახლა მე-4-მე-5 დღეს ეწერება საავადმყოფოდან, საკუთარი ფეხით მიდის.

ინფარქტის გამო სიკვდილიანობა, ძალიან დიდი ხანია, არ აღრიცხულა.

მოიმატა სიცოცხლის ხანგრძლივობამ. ყოველდღე ჩვენთან შემოსული პაციენტები, ძირითადად, არიან ასაკოვანი ადამიანები. მათ შორის, ძალიან ბევრი ოთხმოც წელს არის გადაცილებული.

სამწუხაროდ, გაჩნდა ახალი დაავადებები, ახალი ფორმები წარმოიქმნა და ასე იქნება ყოველთვის, სანამ არსებობს კაცობრიობა. თუ ერთი საუკუნის წინათ ადამიანები ერთი დაავადებისგან იღუპებოდნენ, 50 წლის შემდეგ ახალი დაავადება დარევს ხელს.

ბავშვები იღუპებოდნენ წითელათი, ქუნთრუშათი. ეს წარსულს ჩაბარდა, რადგან დაინერგა ვაქცინაცია, პროფილაქტიკის ეფექტიანი მეთოდი.

მოკლედ, მედიცინამ ძალიან წინ წაიწია და კარდიოლოგიამ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა პროგრესისკენ, გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა დარგმა. გაცილებით დიდი.

თავის დროზე, მოსკოვში, ლენინგრადსა და თბილისში ერთი წლის ინტერვალით გაიხსნა ინფარქტის განყოფილებები. ჩვენ კვალში მოგვყვა უკრაინა, ბალტიისპირეთი. ყველას გვარები მახსოვს, ვინც იმ დროს ხელმძღვანელობდა ინფარქტის განყოფილებებს, უმჭიდროესი კონტაქტები გვქონდა უცხოელ კოლეგებთან.

მე ვიყავი საქართველოში ინფარქტის განყოფილების პირველი უფროსი. ორ წელიწადში ერთხელ ვატარებდით საერთაშორისო კონფერენციებს. ვიწვევდით კოლეგებს საბჭოთა კავშირიდან ყველას, მაგრამ მათთან ერთად ამერიკიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან და ა.შ., პრაქტიკულად, ყველა განვითარებული ქვეყნიდან.

საქართველოში ჩვენ პირველებმა გავხსენით ინფარქტის განყოფილება მხოლოდ 12 წლის შემდეგ გაიხსნა ასეთი განყოფილება კარდიოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც წესითა და რიგით, ამ საქმის მეთავე უნდა ყოფილიყო.

ჩვენ შემდეგ ძალიან მალე სომხეთშიც გახსნეს: ამ საქმეს ხორცი შეასხა ამერიკაში დაბადებულმა და განათლებამიღებულმა სომეხმა, ძალიან კარგ დონეზეც დააყენა კარდიოლოგია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. და მათი კარდიოლოგია უცებ ჩავარდა. ბრწყინვალე მეცნიერი იყო. მის შემდეგ მოსულმა კარდიოქირურგმაც დიდი საქმე გააკეთა, მაგრამ ისიც გარდაიცვალა…

_ საქართველოში ეს დარგი ძალიან ჩამორჩება მსოფლიო დონეს?

_ არა, არა! იყო დრო, როცა მართლაც ჩამოვრჩებოდით, სანამ დაიწყებოდა ინვაზიური კარდიოლოგია, ქირურგია. ახლა, პრაქტიკულად, ერთ დონეზე ვდგავართ, მაგრამ, ალბათ, ამჩნევთ, რომ რაღაც არამდგრადი მდგომარეობა იქმნება.

ახალი ტენდენცია დაიწყო, რომლის გამოც ყველაფერი იცვლება, ძალიან ცუდითაც იცვლება. იმედი მაქვს, საბოლოოდ არ მიიღებს იმ სახეს, როგორიც ახლა წარუდგინეს ექიმებს.

ახლა პანიკაა. ეს “სიახლე”, თუ დამკვიდრდა, მედიცინა სულ ცოტა ხანში განადგურდება, სულ ცოტა ხანში. იმ გეგმის თუ ცვლილების განხორციელება, რომელიც სამინისტრომ წამოაყენა, არ შეიძლება, ყველაფერი განადგურდება. ახალგაზრდა ექიმები მასობრივად წავლენ საზღვარგარეთ სამუშაოდ. ახალგაზრდებმა ენა (ინგლისური) იციან, ყველგან მიიღებენ _ ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ძალიან კარგად მომზადებული კადრები გვყავს. მოკლედ, კადრებს დავკარგავთ, თუ ამ ცვლილებებს დავაკანონებთ.

ერთიც კიდევ.

ყველა სამედიცინო დაწესებულებას, არა მხოლოდ კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსაც ვგულისხმობ, უნდა ხელმძღვანელობდნენ ექიმი-პროფესიონალები. ახლა იტყვიან, გულიკო კომუნისტების დროს მისტირისო. არავის მივტირი, ფაქტს ვიხსენებ: ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებად ინიშნებოდნენ მხოლოდ დამსახურებული, დიდი კლინიცისტი პროფესორები, დოქტორები.

40-მდე მინისტრი შეიცვალა ჩემ დროს, ისინი კორიფეები იყვნენ, შესანიშნავად იცოდნენ, რა სჭირდება ექიმს, რა სჭირდება პაციენტს. მინისტრისა და ექიმის ურთიერთობისას მათ ერთმანეთის ესმოდათ.

ასეთი ტრადიციაც იყო: ახალდანიშნული მინისტრი ცოტა ხანში იწვევდა ყველა დარგის წამყვან ექიმებს. პრობლემა არ იყო მინისტრთან შესვლა, მასთან თავისუფლად დალაპარაკება.

მაგრამ ბოლო წლებში მინისტრებად ვინ არ დაგვისვეს _ ეკონომისტი, ფინანსისტი, ისტორიკოსი, ვინც გინდა, მაგრამ არა ექიმი. რა ენაზე უნდა გველაპარაკა ჩვენ, ექიმებს, მათთან?! ისინიც ვერ გველაპარაკებოდნენ, არ იცოდნენ, რა უჭირდა, ან რა ულხინდა ექიმს, ავადმყოფს.

_ მოადგილეები ხომ ჰყავთ, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტები!

_ ძალიან ხშირად ისინიც არ არიან ექიმები, მენეჯერები არიან. და მათაც არ იციან, რა არის მთავარი, ოპერატიულად გადასაწყვეტი საკითხები, რა სიახლე უნდა დანერგონ დიდი სახსრების დახარჯვის გარეშე.

კერძო კლინიკები აიღეთ, ნახეთ, ვინ მართავს _ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ მკურნალობის პროცესზე, სჭირდებათ დარწმუნება, რომ ავადმყოფობის მკურნალობა კი არ არის მათი საქმე და დანიშნულება, არამედ ავადმყოფის გამოჯანმრთელება.

_ გამოსავალს ხედავთ?

_ ჯერ ერთი, ყველგან უნდა იყვნენ პროფესიონალები, მათ უნდა გაუფრთხილდნენ. მნიშვნელობა არ აქვს ასაკს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა შეუქმნან დაოსტატების, პროფესიული ზრდის პირობები: ექიმმა უნდა იმუშაოს ავადმყოფთან და არა ქაღალდებთან. ბიუროკრატიზმი უნდა შემცირდეს. და თუ მაინცდამაინც სავალდებულოა, დაავალონ საკანცელარიო საქმის წარმართვა არა ექიმს, არამედ კანცელარისტებს.

ექიმის ინტერესებითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ და არა მხოლოდ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. ექიმს მუშაობის კომფორტულ პირობებს თუ შეუქმნი, იგი დღე და ღამე საქმეზე იქნება გადაგებული.

სულ ახლახან ძალიან მძიმე პაციენტს ორი ოპერაცია ერთდროულად გაუკეთდა _ შუნტირება ძალიან რთული მანკით და აორტის ანევრიზმა. მთელი ბრიგადა ორი თუ სამი დღე და ღამე კლინიკიდან არ გასულა.

ის ავადმყოფი კარგად გაეწერა.

ექიმი თავდადებული იქნება, თუ ხელს შეუწყობენ. სხვანაირად არაფერი გამოვა.

_ მაგალითად მოხმობილ ექიმების ბრიგადას ვინ ხელმძღვანელობდა?

_ ახალგაზრდა ქირურგი ლაშა ბასილაშვილი.

_ წოდებები არ აქვს?

_ არავითარი, მაგრამ ძალიან კარგი ქირურგია.

ქირურგიული ოპერაციები ჩვენთან ჯერჯერობით ყოველ დღე ტარდება, მაგრამ, თუ ის “რეფორმა” დაინერგა, რომელსაც სამინისტრო გვთავაზობს, ოპერაციები ჩვენთან მნიშვნელოვნად შემცირდება, პატარა კლინიკებში კი საერთოდ გაქრება.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი კერძო კლინიკაა. რომ ვკითხე, თქვენ რა წილი გაქვთ ამ კერძო საკუთრებაშიმეთქი, მიპასუხა:

_ არავითარი! ხელფასზე ვმუშაობ. იმაზე დიდი წილი, ჩემი სახელობის კლინიკა რომ არის, ვერც წარმომიდგენია!

..

3 COMMENTS

  1. ასეთები,როგრიც ქლბატონი გულიკოა, აღარც არიან. პროფესიონალისაქმეშიც და სამწუხაროდ განსაცდელში. უფალმა დაგლოცოთ, გადღეგრძელოთ.

  2. ყველას მისი შრომის შესაბამისად და სამართლის დაცვა – ბაზარი ყველაფერს ავტომატურად დაარეგულირებს! კონკურენცია და უკეთესად ცხოვრების სურვილია საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალა, რასაც ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობებმა ….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here