Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ცივილიზაციური კატეგორიებით აზროვნება, ჩვენ ისევ ვიწრო...

გულბაათ რცხილაძე: სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ცივილიზაციური კატეგორიებით აზროვნება, ჩვენ ისევ ვიწრო გაგების ნაციონალისტები ვართ

718
გულბაათ რცხილაძე

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის _ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის _ გრიგორი კარასინის ონლაინრეჟიმში გამართულ შეხვედრას 28 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებს შორის საუბარი ძირითადად ორ თემას შეეხო _ საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ადამიანების გატაცებას:

“მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს, რისი პირობებიც კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული გამოხდომების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა… იმედი გვაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას რადიკალური წრეების მხრიდან გამოვლენილი რუსოფობიური რიტორიკა წარსულს ჩაბარდება”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, რომლებიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატის _ სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, გარკვეული დესტრუქციული ძალების მხრიდან ანტირუსული პოლიტიკისა და განწყობების ყველაზე მკაფიო გამოვლინება იყო, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომას საჭიროებს (ამის გარეშე უწყება ავიამიმოსვლის აღდგენას შეუძლებლად მიიჩნევს), თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, როდის შეიძლება ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პროცესის დაწყება ან რა კეთდება ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს.

ცნობისთვის: ზემოაღნიშნულ განცხადებას საქართველოს ე.წ. პროდასავლურმა ოპოზიციამ (ძირითადად, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა) პროვოკაციული უწოდეს, რაც, თურმე, ანტიქართული პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა. თუმცა არანაკლებ მძიმე და მწვავე განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართაც გაკეთდა, რომელთა შორის “რუსეთის აგენტობის” ტრადიციული ბრალდებაც იყო.

არის თუ არა დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობები, რა ძალები ცდილობენ ამ განწყობის შექმნას და რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების აბაშიძეკარასინის ფორმატს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორ ქვეყანას, რუსეთსა და საქართველოს, შორის ავიამიმოსვლის აღდგენის ერთერთი პირობასაქართველოში რუსოფობიური გამოვლინებების შეწყვეტაა…” საუბარი იყო, აგრეთვე, .. გავრილოვის ღამის პროვოკაციაზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზერა გზავნილია ეს საქართველოსთვის, არის კი აქ რუსოფობიური განწყობები და რა ძალები დგანან ამ ყველაფრის უკან?

_ დავიწყოთ იმით, რომ ეს ყველაფერი უკვე იწვევს ერთგვარი დეჟავიუს განცდას, ვინაიდან მუდმივად მეორდება ერთი და იგივე და შედეგი არის ნული. აბაშიძეკარასინის თუ კარასინი-აბაშიძის ფორმატი რომ ავიღოთ, არაფრის მომცემი ის არ არის, უკვე 4-5 წელია, ერთ ადგილს ტკეპნიან. საერთოდ, ნებისმიერი განცხადება, რომლებიც ამ ფორმატის ფარგლებში კეთდება, იქნება ეს შეხვედრის შემდეგ თუ მანამდე, როგორც რუსები იტყვიან ხოლმე, “მორიგე ფრაზებია”. მორჩა, ამის იქით პროცესი ვერ მიდის, ეს არის ფაქტი. თუმცა ყოველი შეხვედრის შემდეგ აქ იწყება ერთგვარი პოლიტიკური ფუსფუსი. გამოდის ბატონი აბაშიძე და ისე ლაპარაკობს, თითქოს გმირია, თითქოს პრინციპულად დასვა რაღაც საკითხები და ა.შ. რატომ, ვის, ან რაზე ელაპარაკება, გაუგებარია. ორ-სამ თვეში ერთხელ ეს ფორმატი თავს გვახსენებს, ოღონდ სიახლეებით კი არა, ძველი ტექსტებით, რომლებიც შეიძლება, სადღაც კომპიუტერში აქვთ დამახსოვრებული და შეხვედრების შემდეგ მცირე ცვლილებით ავრცელებენ. რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ამან თითქმის აზრი დაკარგა. ტურიზმი ამ პანდემიის გამო წელში გაწყდა და დიდი ხნით ვეღარ აღდგება ძველი სიმძლავრით… სხვათა შორის, არ მინდა, თემას გადავუხვიო, მაგრამ აქვე მოკლედ შევეხები ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც ჩვენი ე.წ. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი და მედიასაშუალებები ყურადღებას არ ამახვილებენ. ახლახან ძალაში შევიდა შეთანხმება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნების მოქალაქეების _ შრომით მიგრანტების _ საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, ისტორიული შეთანხმებაა ამ კავშირის წევრი ქვეყნებისთვის. კერძოდ, რას გულისხმობს ის? _ ვთქვათ, ერთი ქვეყნის, მაგალითად, ყირგიზეთის მოქალაქე ლეგალურად მუშაობს ევრაზიის კავშირის წევრ მეორე ქვეყანაში, ვთქვათ, რუსეთში და იხდის გადასახადებს, რომლებშიც, ბუნებრივია, საპენსიო შენატანებიც არის, სულ ცოტა, ერთწლიანი სტაჟის. საპენსიო ასაკში მას უფლება აქვს, მოითხოვოს რუსული პენსია. ხვდებით, რაზეა საუბარი?! ამ პირს თავის ქვეყანაში ნამუშევარი სტაჟიც ეთვლება და ორმაგ პენსიას იღებს ჩნდება შეკითხვა _ სანამ ჩვენ ევროკავშირში შესვლას ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ ჩვენი მოქალაქეები იქ ლეგალურად შეძლებენ მუშაობას, რაც, რა თქმა უნდა, სრული ილუზიაა, ხომ არ ჯობია, ცოტა გვერდითაც გავიხედოთ და ვიფიქროთ ამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციაზე?

_ გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილმა დაახლოებით ერთი წლის წინათ რომ განაცხადა: 2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოს ეკონომიკა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში ვერ შექმნის, ამიტომ ხალხი საზღვარგარეთ უნდა წავიდეს სამუშაოდ, ზოგი ქუთაისში იმუშავებს, ზოგი _ მიუნხენშიო

_ მიუნხენში, დიდი ბოდიში, ვერ იმუშავებ… ამას წინათ საკუთარი თვალით ვნახე, რა დღეშია ხალხი გერმანიის საელჩოსთან, სადაც რიგი იდგა გაუბედურებული ახალგაზრდების და თითქმის ყველა ცივი უარით გამოისტუმრეს _ ატირებული გოგონები, დაღონებული ბიჭი… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რიგში, ფაქტობრივად, ვერ ჩადგები, საათობით უნდა იჯდე კომპიუტერთან და აწკაპუნო, რომ გაჭირვებით დარეგისტრირდე… ეს, პრაქტიკულად, არის ადამიანების წვალება და უმეტეს შემთხვევაში მთავრდება საკონსულოს უარით. გამომდინარე აქედან, ბატონ ივანიშვილს ტყუილად აქვს იმედი, რომ ევროპასთან რაღაც შეთანხმებას მიაღწევს და, აქ თუ ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, მოქალაქეების რაღაც ნაწილი ევროპაში დასაქმდება. ჩვენი ხალხი იქ არალეგალები არიან და მათი ბედი ბეწვზე კიდია. ახლახან სტამბოლის აეროპორტშიც ვნახე უამრავი ქართველი, რომელიც იძულებით ბრუნდებოდა ევროპიდან უკან, საქართველოში. რაც შეეხება ისევ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და იმას, რომ საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ამ ყველაფრის დანახვას არ სჭირდება არც კარასინი და არც აბაშიძე, სჭირდება ნორმალურად მოაზროვნე მთავრობა, რომელიც არ გვყავს და, როგორც ჩანს, არც გვეყოლება

_ ამ ყველაფრის ფონზე, რა მომავალი აქვს საქართველოს? რას მოიტანს ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს ატარებს ქვეყანა?

_ არაერთხელ ვთქვი თქვენი გაზეთის მეშვეობით და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ხალხი გადაშენებისთვისაა განწირული. ალბათ, 30-40 წელი დასჭირდება ამასარ მინდა ვთქვა, მაგრამ, ვფიქრობ, აქ არაფერი გამოვა, თუ არ დამკვიდრდება სერიოზული ავტორიტარული სისტემა. შეიძლება, დიქტატურაც იყოს საჭირო, მაგრამ ეს, ალბათ, არ არის რეალური, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ არც სამხედრო და არც არანაირი ელიტა არ გვყავს. დღეს ყველა არის ჩარჩი, ვაჭარი, მედროვე და აფერისტი. არაფერს ვამბობ ცინიზმით სავსე მუცლით მეზღაპრეებზე, რომლებსაც რატომღაც პოლიტიკოსები შეარქვეს.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვისწავლეთ ცივილიზაციური კატეგორიებით აზროვნება, ჩვენ ისევ ვართ ვიწრო გაგების ნაციონალისტები. შეხედეთ, რა პროცესები მიდის გარშემო _ თურქეთი და აზერბაიჯანი აცხადებენ, რომ ერთი ხალხია ორ სახელმწიფოში (.. გაერთიანებისკენ ისწრაფვიან და ვინ ჰყავთ გაჩხერილი შუაში?), ევროკავშირი კულტურულ ერთიანობაზე საუბრობს, რუსეთი თავის გარშემო იკრებს ევრაზიულ ხალხებს. იქ აქცენტი კეთდება მართლმადიდებლობასა და ევრაზიულ, .. ტრადიციულ ფასეულობებზესაქართველო სად არის?! საქართველო ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, ჩვენ, ფაქტობრივად, ჰაერში ვართ გამოკიდებული, იმიტომ რომ არსად, არც ერთ გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და კონიუნქტურაში არ განგვიხილავენ…

_ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვაზე რას იტყვით? ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის თანახმად ხომ მთავარი ორიენტირი ეს არის? სხვათა შორის, ამ კონტექსტში დღესპროდასავლურიპოლიტიკური ძალები გარკვეულ იმედებს ბაიდენზე ამყარებენ. მიაჩნიათ, რომ ახალი ადმინისტრაცია, ტრამპისგან განსხვავებით, მეტს გააკეთებს რუსეთის გავლენების შესამცირებლად სამხრეთ კავკასიაში

_ ვფიქრობ, ის აჟიოტაჟი, რომელიც ამერიკის არჩევნების გამო ატყდა ჩვენს საზოგადოებაში, ვგულისხმობ, როგორც ბაიდენის ქომაგებს, ისე “ტრამპომანებს”, რომელმაც სოციალური ქსელები ააფეთქა, ერთი დიდი ტრაგიკომედიაა. დაწყნარდით, მეგობრებო, არც ბაიდენის მოსვლა მოასწავებს ჩვენთვის რამე განსაკუთრებულს და არც ტრამპის წასვლა, ვინაიდან ის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვართ მოყოლილი, არ იცვლება. არც ტრამპის და არც ბაიდენის შემთხვევაში საქართველო არ იქნება ინტეგრირებული ნატოში, ისევე, როგორც არ იქნება ევროკავშირში და ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესდება. რაც შეეხება იმას, რომ აქ პერიოდულად შემოდიან ამერიკელი სამხედროები, მათ შორის სამხედრო გემები და გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებენ, ვფიქრობ, ამის გამო ატეხილი აჟიოტაჟი და შეფასებები, რომ თურმე ამით ნატო რაღაც უპრეცენდენტო მხარდაჭერას გვიდასტურებს, ჩვეულებრივი პოლიტიკური პერფორმანსია. შემოვიდა და რა, ამით ჩვენ რამე მოგვემატა?! დარჩება რამდენიმე დღე, იტრიალებს და, როგორცაა გათვალისწინებული შესაბამისი საერთაშორისო კონვენციით, გავა ისევ უკან. აი, ეს არის რეალობა, რომელიც არ იცვლება და ვერც შეიცვლება. ისე, არც მოლოდინით შავდება მაინცდამაინც რამე, არც ოცნებით, მაგრამ ქვეყანა პირისპირ დგას მწარე სინამდვილის წინაშე: ამ რეალობითა და მოცემულობით საქართველოს მომავალი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, ამ რეალობით საქართველო, ფაქტობრივად, უმომავლო ქვეყანაა, განსხვავებით რეგიონის სხვა სახელმწიფოებისგან, რომლებმაც ასე თუ ისე იპოვეს თავიანთი ადგილი და როლი მსოფლიო გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. სავსებით მართალი ბრძანდებით ბატონო გულბაათ. რამ აგვირია ასე გონება ან მთავრობას, ან ხალხს, მარტო ცრუ დაპირებებითა და ილუზიებით რომ ვიკვებებით. ვერა და ვერ ვისწავლეთ სიტუაციის ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა.

  2. რა საკვირველია სწორად მსჯელობს რცხილაძე. ფიზიკურად გადარჩენის ამოცანა დგას…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here