Home რუბრიკები საზოგადოება გულბაათ რცხილაძე: ლიბერალური ფაშიზმი _ მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის

გულბაათ რცხილაძე: ლიბერალური ფაშიზმი _ მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის

“9 მაისი არის სიკეთის, სინათლის გამარჯვება ბოროტებასა და სიბნელეზე”

931
გულბაათ რცხილაძე

რუსოფობია და ანტირუსული ისტერიის ხელოვნური დაძაბვა ფაშიზმის რეანიმაციისკენ პირდაპირი გზაა”, _ აღნიშნეს 5 აპრილს თბილისში შეკრებილმა ექსპერტებმა.

“ეროვნულ ნიადაგზე შეუწყნარებლობა აცოცხლებს მახინჯ და დამანგრეველ ფაშიზმს, რომელიც უზარმაზარი მსხვერპლის ფასად დაამარცხეს ევროპაში” _ ეს იყო საერთო აზრი “საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის” (თავმჯდომარე ალექსანდრე ბეჟენცევი) მიერ ორგანიზებული შეხვედრისა, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი საზოგადოებრიობის აქტიური წევრები: ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, მოძრაობა “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, ვიცეპოლკოვნიკი გივი ვანიშვილი, პოლიტოლოგი, საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი თემურ ფიფია, ისტორიკოსი ვიქტორ ცაავა, “სახალხო-პატრიოტული მოძრაობის” თავმჯდომარე თეიმურაზ მაკარიძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი დავით ფურცხვანიძე, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ინტერნეტვერსიის მიმომხილველი კონსტანტინე ჩიკვილაძე, “საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე. შეხვედრის მოდერატორი გახლდათ პოლიტოლოგი, “ევრაზიის ინსტიტუტის” დამაარსებელი გულბაათ რცხილაძე.

ლევან ჩაჩუა-დიმიტრი ლორთქიფანიძე
ლევან ჩაჩუა-დიმიტრი ლორთქიფანიძე

შეხვედრაზე განიხილებოდა თემა “ფაშისტური იდეოლოგიის რეანიმაციის საფრთხე საქართველოსთვის _ ბრძოლის მეთოდები”. შეხვედრის მოდერატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსოფობია და ანტირუსული ისტერიის ხელოვნური დაძაბვა ფაშიზმის რეანიმაციისკენ პირდაპირ მიმავალი გზაა. ფაშიზმის რეციდივების გამოვლენის წინაღობას შეიძლება წარმოადგენდნენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დიდ სამამულო ომზე ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, ახალგაზრდობის აღზრდა პატრიოტული სულისკვეთებით, ასევე, 9 მაისის გამარჯვების დღის საზეიმოდ რაც შეიძლება მეტი მოქალაქის მოზიდვა, პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას დამსახურება ამ საქმეში. დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თავის მხრივ, გაიხსენა ის ფაქტები, რომლებიც დღევანდელ საქართველოში იჩქმალება ქართულ-რუსული ურთიერთობების ჯანსაღი აღქმისთვის ხელის შეშლის მიზნით. მაგალითად, არაფერს ამბობენ გამოჩენილი რუსი დიპლომატის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრის, აწ განსვენებული ევგენი პრიმაკოვის პირად დამსახურებაზე, რომელმაც 1997 წელს, პრაქტიკულად, მთელი აფხაზური ელიტა ჩამოიყვანა საქართველოს დედაქალაქში. თბილისის შეხვედრა წარმატებული და ძალზე იმედისმომცემი გამოდგა, მაგრამ მან, სამწუხაროდ, თავისი გაგრძელება სხვადასხვა მიზეზის გამო ვეღარ ჰპოვა. მაგრამ პრიმაკოვმა მოახდინა გარღვევა და ქართულ მხარეს მისცა შანსი, ესარგებლა ამ სამშვიდობო მისიით. გულბაათ რცხილაძემ დასძინა, რომ თვითონ გამოაქვეყნა “ევრაზიის ინსტიტუტის” ვებგვერდზე მასალა პრიმაკოვის დამსახურების შესახებ, ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, ვინ მოახდინა დაწყებული ქართულ-აფხაზური დიალოგის ტორპედირება. მისი თქმით, აფხაზური დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, საქართველოში იმხანად სტუმრად იმყოფებოდა ამერიკელი სენატორი მიჩ მაკონელი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის სახელით აკეთებდა განცხადებებს. ეს განცხადებები კი ხელს არ უწყობდა საქართველოს ხელისუფლების მოტივაციის განმტკიცებას, გაეგრძელებინა მოლაპარაკებები.

დანარჩენი გამომსვლელები სხვადასხვა თემას შეეხნენ, ეს თემები მთავარ თემასთან, ფაშიზმის პრევენციასთან, იყო დაკავშირებული. თემურ ფიფიამ აღნიშნა, რომ მემარცხენე და მემარჯვენე პატრიოტებს, კომუნისტებსა და მორწმუნეებს არაფერი აქვთ გასაყოფი, ყველანი ისინი საქართველოს პატრიოტები არიან და ერთობლივად უნდა იბრძოლონ და იმუშაონ ქვეყნის სასიკეთოდ. ასევე ერთობლივად უნდა აღინიშნოს 9 მაისის ზეიმი, რომელიც აერთიანებს ყველა ნორმალურ ადამიანს, ეროვნული, რელიგიური და პარტიული კუთვნილებისგან დამოუკიდებლად. გულბაათ რცხილაძემ და გივი ვანიშვილმა დააანონსეს 9 მაისის საზეიმო ღონისძიებების გამართვა “უკვდავი პოლკის” პრინციპით, ქვეყნის ზოგიერთი რეგიონიდან ქართველი მოსახლეობის მონაწილეობით. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ქართველები სოლიდარობას გამოუცხადებენ მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანებს. 9 მაისის ზეიმის აქცენტი გაკეთდება საერთო გამარჯვებაში საქართველოს წვლილზე, ადგილობრივი სპეციფიკისა და მენტალობის გათვალისწინებით.

გულბაათ რცხილაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საძმო სასაფლაოსა და დიდი სამამულო ომის მონუმენტის აღდგენის აუცილებლობაზე. “ქართველებს არ ეკადრებათ საფლავების დატოვება მოუვლელ მდგომარეობაში, ხოლო ასეთი საფლავები და მონუმენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამწუხაროდ, ბევრია”, _ განაცხადა მან.

გვესაუბრება 9 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ერთერთი ორგანიზატორი, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე:

_ საქართველოში პოლიტიკური ფონი დამძიმდა, ხალხის სიდუხჭირემ, ეკონომიკურმა პრობლემებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, პერპექტივა კი არ ჩანს, აქდან გამომდინარე, ქვეყანაში იქმნება ნოყიერი ნიადაგი იმისა, რომ ფაშისტურმა იდეოლოგიებმა იჩინოს თავი.

_ თქვენ იდეოლოგია მრავლობით ფორმაში წარმოთქვით. რა სახის იდეოლოგიებზეა საუბარი?

_ ლიბერალ-ფაშისტურ იდეოლოგიაზე, რომელიც გაბატონებულია. რას ნიშნავს ლიბერალ-ფაშიზმი? _ ეს არის ლიბერალების მომძლავრება, რომლებიც ხელს უშლიან ალტერნატიული აზრის გავრცელებას. ამის ნათელი მაგალითია 13 აპრილს ფილარმონიაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პუბლიცისტ დავით მხეიძეს თავისი აზრის თქმის საშუალება არ მისცეს, მისი აზრის მოსმენა არ ისურვა აგრეთვე, არც ერთმა ტელევიზიამ. ეს შემთხვევითი არ იყო. გარდა იმისა, რომ ლიბერალები ალტერნატიულ აზრს ბლოკავენ, საკუთარის დამკვიდრებას გამალებით ცდილობენ. მაგალითად, რუსეთი მტერია, პუტინი საშინელია და ა.შ. სხვა აზრი მათთვის მიუღებელია. ჩვენ გვაქვს კლასიკური მაგალითები, რა დღეში აგდებენ საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთში არიან მიწვეულები ღონისძიებებზე. პირდაპირ ტერორი იწყება ამ ადამიანების წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს ე.წ. კარვის ქალები, მაგრამ ისინი დღევანდელ ლიბერალებთან მონაგონია, რადგან ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი, ქუჩის დონეს სცილდება, ქუჩა ახლა დიდ პოლიტიკაშია შემოსული. აქედან გამომდინარე, ლიბერალური ფაშიზმი მთავარი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც ლიბერალფაშისტები მართავენ.

ამ ყველაფერს საზოგადოებამ არ უნდა დაუპირისპიროს განწყობები და თეორიები, რომლებიც რასისზმსა და ქსენოფობიაში გადადის. დღეს საქართველოში ყველა “პატრიოტის” მთავარი ლოზუნგია “რუსეთი ოკუპანტია” და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ამას თუ დაიძახებენ, რაღაც კარი გაიღება და სასწაული მოხდება. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ “რუსეთი ოკუპანტია”-ს ძახილი აუცილებლად წინ დაგვხვდება, თანაც ძალიან ცუდად.

ფაშიზმის საფრთხე არსებობს, თანაც ფონია ხელშემწყობი. ჩვენ შეკრებაზე განვიხილეთ ეს საკითხები და ვთქვით, რომ არსებული ვითარების გასანეიტრალებლად არსებობს არჩვეულებრივი თარიღი _ ფაშიზმის დამარცხების დღე 9 მაისი. 9 მაისი იყო ყველანაირ ფაშიზმზე გამარჯვების დღე და არა მხოლოდ ჰიტლერულ ფაშიზმზე ან მუსოლინიზე, ან იაპონიის ფაშისტურ მილიტარიზმზე გამარჯვება, 9 მაისი არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვაპირებთ 9 მაისი გრანდიოზულად აღვნიშნოთ, ვიზეიმოთ ხალხთან ერთად. ეს არ არის ეროვნული უმცირესობების ან უმრავლესობების ზეიმი, ეს ყველას ზეიმია. ეთნიკურ უმცირესობას და უმრავლესობას ხაზს ნეოლიბერალების გასაგონად ვუსვამ, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ყველას წინაპრები იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ, ეს არ დაავიწყდეს არავის!

_ 9 მაისის ღონისძიებებს არასოდეს ჩაუვლია ინციდენტის გარეშე. როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდები, რომლებსაც ისტორია სხვანაირად აქვთ შესწავლილი და იციან, რომ სტალინი იყო ყველაზედიდი ფაშისტი”, არ ჩაშლიან დაგეგმილ ღონისძიებას?

_ 9 მაისის ღონისძიებებს ახალგაზრდები არ შლიან, ამას აკეთებენ საშუალო ასაკის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე თანამშრომლობნენ კაგებესთან და ახლა კომპლექსები აწუხებთ. მათ სურთ, გადაფარონ წარსული და აიყოლიონ ამაში ახალგაზრდებიც. ჩვენ, გამარჯვების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ვინც ვგეგმავთ, კარგად ვიცით, ვინც არიან ის ადამიანები, რომლებიც პროვოკაციებს აწყობენ, ვიცით მათი სახელები და გვარები. ეს ადამიანები არიანნაციონალურ მოძრაობასთანდაკავშირებულები, მათ აქვე ვაფრთხილებ, არ გაბედონ იქ მოსვლა, გაისრისებიან, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას 9 მაისის დღესასწაულზე. არავის ვებრძვით, პროვოკაციას არ ვაწყობთ, მივდივართ ჩვენი წინაპრების ფოტოებით და გვაქვს ამაღლებული განწყობა. ასე რომ, ყველა გონს მოეგოს, ვისაც ღონისძიების ჩაშლის სურვილი გაუჩნდება, ნუ ჩააფურთხებენ საკუთარ პაპებს საფლავში. დადგნენ ჩვენს გვერდით და ვაქციოთ ეს დღე საქართველოს გაერთიანების დღედ.

_ სოსო ცისკარიშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, “ქართული ოცნებაიქცა რუსულ ოცნებად და საქართველო ამისგან არის დასაცავიო. თქვენ კი შერიგებაზე საუბრობთ

_ პიროვნულად არ შევეხები სოსო ცისკარიშვილს, მაგრამ მისი ბიოგრაფია კარგად მახსოვს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი. ჩემი კლასი მიდიოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იმხანად საზღვარგარეთ ხალხის გამგზავრებას ასე ვთქვათ, “ცეკა-ტეკა” წყვეტდა, ბატონი სოსო მაშინ ამხანაგი ცისკარიშვილი იყო, მისი თანამდებობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ ის წყვეტდა, ვინ საწულიყო უცხოეთში და ვინ _ არა. გეტყვით იმასაც, რომ ეს იყო 1990 წელს… სოსო ცისკარიშვილი საბჭოთა სისტემის წარმომადგენელი იყო, მსახური კომუნისტური პარტიისა, ამიტომ არ ვიცი, დღეს რა ნამუსით ლაპარაკობს რუსეთზე ასე. ცისკარიშვილი ასევე იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი მაშინ, როდესაც ბურჯანაძე რამდენჯერმე უკვე შეხვედრილი იყო რუსეთის პრეზიდენტს.

ასეთი ხალხი ხმაურობს, ასეთი ადამიანები აფუჭებენ სიტუაციას. ესენი არიან ის ადამიანები, ზემოთ რომ მოგახსენეთ, ყოფილ “კა-გე-ბეშნიკებზე”, ესენი გვასწავლიან საქართველოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელსაც მე ვერ მივიღებ. საბედნიეროდ, ჩემსავით ფიქრობს ძალიან ბევრი. ცისკარიშვილისნაირები იყვნენ კომუნისტების კორუფციაში ჩაფლულ ელიტაში, ესენი არიან დღესაც დასავლეთის მიერ დააარსებულ არანაკლებ კორუფცირებულ არასამთავრობოებშიც, პატიოსანი ხალხი კი გაძრცვულია, გასაცოდავებულია, მათ საქართველო ჯართად გაყიდეს და კიდევ ბედავენ, რომ გვასწავლონ და ჭკუა დაგვარიგონ. არავის დავინდობ, თუ საჭირო გახდა, იარაღსაც ავიღებ ხელში და დავიცავ საქართველოს, ჩემს მოტყუებულ და გაძარცვულ ხალხს. დაწყნარდეს ყველა ლიბერალი, ჩაღუნონ თავი, ჩუმად ისხდნენ და პატრიოტიზმს ჩვენ მივხედავთ, უბრალო ხალხი. გამოვალთ 9 მაისს და ჩვენს სიტყვას ვიტყვით ქართველები, ისე, როგორც აქამდე გვითქვამს!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here