მთავარი პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: ეს ვითომ პროტესტი არის აგრესიული პოლიტიკური ძალების რევანშის მცდელობა

გულბაათ რცხილაძე: ეს ვითომ პროტესტი არის აგრესიული პოლიტიკური ძალების რევანშის მცდელობა

677
გააზიარეთ
გულბაათ რცხილაძე

რამდენიმე დღის წინათ ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა და ამერიკის გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებულმა ანალიტიკოსმა არიელ კოენმა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების აქტიური მომხრეა, მედიასთან საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ალიანსისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კავკასიის რეგიონი უნდა იყოს. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები და ნატო გააძლიერებენ კავკასიასა და შავ ზღვაში ყოფნას, რაც საქართველოსთან სამხედროსტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ესძლიერი სიგნალი იქნება მტრებისთვის: “საქართველო წარმოადგენს კავკასიონის კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც აკონტროლებს რუსეთის წვდომას ირანსა და სომხეთთან. საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რა როლი შეუძლია შეიტანონ პატარა ქვეყნებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, რაც ხანდახან ვაშინგტონს ავიწყდება…”

კოენის განმარტებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა მისი პორტების გათვალისწინებით, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულ ბერკეტებს ქმნის რეგიონის სტაბილურობისთვის და, მეორე მხრივ, დასავლეთისთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა: “საქართველოს თავისი პორტებით ბათუმში, ფოთსა და ანაკლიაში, რომელიც ახლა შენდება, შეუძლია, უდიდესი როლი ითამაშოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის განვითარებაში…” თუმცა განცხადებაში მკვლევარი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ “უსაფრთხოების სტრატეგიაში” ან რაში ხედავს პორტების მნიშვნელობას და განსაკუთრებით ანაკლიის მშენებარე პორტის დანიშნულებას “რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გაკონტროლებაში”.

ცნობისთვის: თავის დროზე, როცა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი აქტიურად დადგა და მწვავე პოლიტიკური განხილვის საგანი შეიქნა, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე ამერიკელი დიპლომატები და ნატოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ეს პროექტი მხოლოდ კომერციულია და რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ იყო (თუ კომერციულია, რა ესაქმებათ კომერციასთან დიპლომატებს და მით უმეტეს ნატო-ს, სამხედრო ბლოკს?). მსგავსი შინაარსის პოლიტიკური გზავნილები კრემლის მისამართით საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც ისმოდა, თუმცა ოფიციალური მოსკოვისთვის ამ განცხადებებს, ბუნებრივია, დამაჯერებლობა აკლდა და ქვეყანაში ნატოს ძალების თუნდაც მინიმალური წარმომადგენლობით შემოყვანის მცდელობაზეც კი ჩრდილოელ მეზობელს უმწვავესი დიპლომატიური რეაქცია ჰქონდა.

საქართველოსთვის რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს შავ ზღვაში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერების მცდელობა და რას ნიშნავს ამერიკელი ანალიტიკოსის შეფასება ანაკლიის მშენებარე პორტის მნიშვნელობაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

 _ ბატონო გულბაათ, თუ ამერიკელ მკვლევარსა და ანალიტიკოს არიელ კოენს დავუჯერებთ, საქართველო, როგორც ამერიკისა და ნატოს მოკავშირე სახელმწიფო, სტრატეგიული თვალსაზრისით, მეტად მნიშვნელოვანია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ასაცილებლად. მისი თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყნის პორტებია, მათ შორის, საუბარი ანაკლიის მშენებარე პორტზეც იყო. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება, რეალურად იგულისხმებოდეს ამ შეფასებაში?

_ ის, რომ საქართველოს და მთლიანად კავკასიას გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის, არახალია და დღეს ამას კოენი იტყვის თუ სხვა რომელიმე წარმომადგენელი ამერიკული ლობისტური წრეებისა, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ბოლო პერიოდში ვაშინგტონმა გარკვეული პოზიციები დათმო, სტრატეგიულ კომპრომისზე წავიდა და, უწინარესად, ეს შავი ზღვის რეგიონს ეხება…

_ კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს კომპრომისი?

_ უწინარესად, მხედველობაში მაქვს ის, რომ ყირიმი შეუერთდა რუსეთს, რითაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ რეალობაში და პროცესების დინამიკამაც სხვა ხასიათი მიიღო. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ერთი განცხადება, რომელიც ამ დღეებში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა, მან განაცხადა, რომ გოლანის სიმაღლეებს აღიარებენ ისრაელის ნაწილად, განსხვავებით ყირიმისგან, რომელიც თურმე სულ სხვა ვითარებაა და სხვა რეალობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს “ლოგიკა” აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და ყველამ იცის, რომ არანაირი ისტორია ებრაულ სახელმწიფოს არ აკავშირებს გოლანის სიმაღლეებთან, რომელიც სირიის კუთვნილებაა; ყირიმი კი 1783 წლიდან რუსეთის შემადგენელი ნაწილია, სხვათა შორის, სრულიად სამართლიანად და კანონიერად, იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება შედგა და სულთანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, ეს ტერიტორია ოფიციალურად რუსეთს გადაეცა. რაც შეეხება ისევ იმ ცნობილ დასავლურ რეაქციულ რიტორიკას, რომ ნატო უნდა გაძლიერდეს შავ ზღვაზე და ამით თავიდან აიცილოს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები, ჯერ ის ვთქვათ, რომ დასავლეთში უკვე აღარ არსებობს ერთიანი აზრი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიაზე და ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ღია პოზიცია (და მერკელის ცოტათი მდუმარე თანხმობა) უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. მეორე _ თურქეთი, მართალია, ნატოს წევრია, მაგრამ რუსეთთთან პირდაპირი თანამშრომლობის პარალელურად მას ბევრი რამ აქვს გასარკვევი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის ფაქტი, რომ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში დაუფარავად საუბრობენ პოზიციების გაძლიერებაზე, მათ შორის, რუსეთისა და თურქეთის გავლენების არეალში, პირდაპირ მიანიშნებს იმ შეშფოთებაზე, რომელიც ოკეანის გაღმა არსებობს თუნდაც ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დამთბარი ურთიერთობების გამო, მაგრამ ეს დიდი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და ამ პროცესებს ჩვენ სუბიექტურად არ უნდა შევხედოთ. საქართველოს რაც შეეხება, უნდა გვესმოდეს და, უწინარესად, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს ერთი რამ: ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერი განცხადება თუ მინიშნება საქართველოს მნიშვნელობაზე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების ასაცილებლად, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გამოყენებას პლაცდარმად. ის ზესახელმწიფო, რომლის ხელმძღვანელობაც აცხადებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რომელიმე სხვა ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, პრაქტიკულად ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ინტერესთა შეჯახების, დაპირისპირების არეალი. ახლა ვიღაც იტყვის, რომ ჩვენ ყოველთვის რომელიმე პოლიტიკურ ორბიტაზე უნდა ვიყოთ და ამ ორბიტაზე ყოფნა გარკვეულ პოლიტიკურ მსხვერპლსაც მოითხოვსო, მაგრამ, თუ ვინმე მეტყვის, პოტენციური საფრთხეების საპირწონედ რა უმეტეს სარგებელს იღებს საქართველო მწვავე ანტირუსულ პროვოკაციულ ორბიტაზე ყოფნით და პოლიტიკური გამღიზიანებლის როლის შესრულებით, დავეთანხმები, მაგრამ მსგავსი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს…

_ თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ ამ ვითარებაში?

_ ყოველ შემთხვევაში დღეს ერთი რამ ნათელია და, მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით: რა საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის ქვეშაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, რა ზეწოლაც და გავლენებიც არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაზე, არ უნდა ჩავერთოთ არანაირ ავანტიურაში, არ უნდა გავხდეთ ბრმა იარაღი რომელიმე ზესახელმწიფოსი, რომელმაც რაღაც გავლენები დაკარგა და ახლა მის დაბრუნებას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი აქ დაიწყება კიდევ დამატებით რამე სახის თანამშრომლობა დესტრუქციულ ძალებთან, რომლებიც რუსეთს მუდმივად უკირკიტებენ, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს გადამწყვეტი ზომები. კიდევ ვიმეორებ: ეს იქნება პრევენციული მოქმედებები და ნებისმიერი სახელმწიფოებრივი საფრთხის შემთხვევაში კრემლს ექნება უმკაცრესი რეაქცია, რაც სავსებით ლოგიკურია.

_ ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ მოვლენებზეც შეგეკითხებით. უკვე რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე ლიბერალური პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარშემო გაერთიანებული ადამიანების აქციები გრძელდება. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი? არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეულ ძალებს კიევის ევრომაიდნის მსგავსი დაპირისპირების მოწყობა სურთ.

_ აქციების შესახებ მოკლედ ვიტყვი: “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ანასხლეტების გაკონტროლებული ლიბერალური მედია ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ეს პროცესები, თითქოს ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და “გადააგდო”. რეალურად ხდება რა _ ხელისუფლებამ არ შეასრულა დაპირება, რომლითაც თავის დროზე ვითომ გავრილოვის საქართველოში ვიზიტით შეშფოთებული აგრესიულილიბერალურიუმცირესობა დააცხრო და გაუშვა სახლებში. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რასაც ჩვენ ამ დღეებში თვალყურს ვადევნებთ, არის არა საერთო სახალხო მღელვარება, არამედ მღელვარება რევანშისტული პოლიტიკური ძალების გარშემო გაერთიანებული მცირერიცხოვანი აგრესიული ჯგუფებისა, რომელთა რეალური მიზნებისა და ამოცანების იდენტიფიცირებაც ამ დღეებში მოხდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ აქციებზე უკვე ღიად გაკეთდა რამდენიმე განცხადება შესაძლო რევოლუციურ სცენარზე. რაც შეეხება ევრომაიდნის საფრთხეს, მოგვწონს თუ არა, ერთი რამ ფაქტია და ამას ყველა ხედავს: არსებობს გარკვეული რეაქციული ძალები დასავლეთში, რომლებსაც სურთ საქართველოს ხელახლა რადიკალიზაცია რუსეთის წინააღმდეგ. მათ მიაჩნიათ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ თვალსაზრისით საკმარისად ეფექტიანი ვერ არის. აი, ამ ძალებისგან, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია სერიოზული ჩარევა აქ მიმდინარე პროცესებში და, თუ ისინი ამაში რამე რეალურ პერსპექტივას დაინახავენ, ცხადია, უარს არ იტყვიან. თუმცა აქ არის ერთი მომენტიც, რომელიც მათთვის ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორია: უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში დესტრუქციულ ძალებს ფართო საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ვერ გამოყავთ ხალხი და ვერ ამწვავებენ ვითარებას საკმარისად, იმიტომ, რომ მოსახლეობა უკვე კარგადაა პოლიტიკურ ნიუანსებში გათვითცნობიერებული. სხვა დანარჩენს, ხვალ რა იქნება და ზეგ რა მოვლენებს ვიხილავთ, პროცესების დინამიკა გვიჩვენებს.

რაც შეეხება უმრავლესობიდან წასული დეპუტატების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ხალხის “გადამგდებ” ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდნენ, ჩემთვის ეს სასაცილო არგუმენტია. მოტყუება და “გადაგდება” თუ ეთაკილებოდათ, 7 წლის წინათ ამოეღოთ ხმა და მაშინ წასულიყვნენ უმრავლესობიდან, როცა ხელისუფლებამ სრულიად საქართველო “გადააგდო” მთავარი წინასაარჩევნო დაპირების არ თუ ვერ შესრულებით სამართლიანობის აღდგენაზე…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here