მთავარი პოლიტიკა “გლობალური კვლევების ცენტრმა” ჩინეთის ახალი ინიციატივის _”ერთი სარტყელი _ ერთი გზის” შესახებ...

“გლობალური კვლევების ცენტრმა” ჩინეთის ახალი ინიციატივის _”ერთი სარტყელი _ ერთი გზის” შესახებ სემინარი გამართა

1260
გააზიარეთ
ნანა დევდარიანი

2 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრმასაქართველოჩინეთს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ახალი ინიციატივის _ “ერთი სარტყელი _ ერთი გზისშესახებ სემინარი გამართა. ქართველმა სპეციალისტებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რას მიიღებს საქართველო ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში და როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე. შეხვედრაზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს ქართველმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა _ იოსებ არჩვაძემ, მამუკა არეშიძემ, არჩილ გეგეშიძემ, გუბაზ სანიკიძემ, პეტრე მამრაძემ და ვასილ კაპანაძემ.

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

_ ჩვენი შეკრება მიეძღვნა იმ ახალ გიგანტურ პროექტს, რომლის იდეაც ჩინეთს ეკუთვნის. ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩინა ამ პომპეზურმა პროექტმა “ერთი სარტყელი _ ერთი გზა”. საინტერესოა ამ ინიციატივის განხორციელების პერსპექტივა, როგორი იქნება საქართველოს როლი და ადგილი ამ პროექტში, ხომ არ მცირდება ამ შემთხვევაში ჩვენი როლი და მომავალში წამგებიან პოზიციაზე ხომ არ აღმოვჩნდებით? ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური. შესაბამისად, ჩინეთის ბიზნესინტერესების გაფართოებას, შესაძლოა, მოჰყვეს მისი პოლიტიკური ინტერესების გაფართოებაც. სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს სემინარზე საგანგებოდ მოწვეულმა სპეციალისტებმა. სხვათა შორის, დაახლოებით ერთ თვეში ჩინელ კოლეგებთან შეხვედრას და მათთან ერთად სემინარის გამართვასაც ვაპირებთ.

იოსებ არჩვაძე
იოსებ არჩვაძე

იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი:

_ აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი ეკონომიკურ ურთიერთობებს უჭირავს. ამ მხრივ ჩინეთი გამოირჩეულია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ სწრაფად იზრდებოდა პროდუქციის როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. მაგალითად, ბოლო 4 თვის მონაცემებით, ჩვენი პროდუქციის ექსპორტში ჩინეთს თითქმის 10% უჭირავს და, ამჟამინდელი მდგომარეობით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვას თუ გადავხედავთ, ჩინეთი მეოთხე ადგილზეა თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ. ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილია თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც დამატებით იმპულსს აძლევს ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს. საგულისხმოა, რომ ჩინეთს საქართველო აინტერესებს რამდენიმე ასპექტის გამო, მათ შორის, შედარებით ლიბერალური საგადასახადო რეჟიმისა და გეოგრაფიული მდებარეობის, ვინაიდან ეს მას საშუალებას მისცემს, ერთგვარი პლაცდარმი შეიქმნას ევროპისა და დასავლეთის მიმართულებით.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში ჩინური ბანკის გახსნის თაობაზეც. მართალია, ჯერ ცნობილი არ არის, ეს საინვესტიციო ბანკი იქნება თუ კომერციული, რადგან ამას თამაშის განსხვავებული წესები და პირობები მოჰყვება, ამიტომ ამ ინფორმაციის გარეშე რთულია დასკვნის გამოტანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბანკის შემოსვლა ქართულ საკრედიტო ბაზარზე სერიოზული მოთამაშის გამოჩენას ნიშნავს და ბანკებს შორის კონკურენციას გაზრდის. ამიტომ, ვფიქრობ, პოზიტიურად უნდა განვეწყოთ აღნიშნული პროცესებისადმი. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკური ინტერესები დავიცვათ.

არჩილ გეგეშიძე
არჩილ გეგეშიძე

არჩილ გეგეშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშში:

_ რამდენიმე ხნის წინათ თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკვე ჩატარებული კვლევის განხილვას ეძღვნებოდა. აღნიშნული კვლევა, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად, სტოკჰოლმში ცნობილი ანალიტიკური ცენტრის _ “სიპრის” მკვლევარებმა ჩაატარეს და კვლევის საგანი იყო ჩინეთის ახალი ინიციატივის შესაძლო გავლენა სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე. კვლევაში არ იყო ნახსენები სამხრეთი კავკასია, შესაბამისად, სწორედ ამ სიცარელის შესავსებად გაიმართა ეს დისკუსია, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კვლევის ავტორები და ექსპერტები სამხრეთ კავკასიიდან, მათ შორის _ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ვიმსჯელეთ, რას უქადის ეს ინიციატივა ჩვენს ქვეყნებს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ამ საკითხზე გაცილებით მეტი შეკითხვა გაჩნდა, ვიდრე პასუხი არსებობს, მაგრამ ფაქტია, ჩინელებს ძალიან უნდათ, უცხოეთში შექმნან ჩინური პროდუქციის გასაღებისა და თავიანთი მუშახელის დასაქმების ბაზრები, ვინაიდან ქვეყნის შიგნით ამის რესურსი არ არსებობს.

ამას გარდა, მართალია, თვით ჩინელები ამას უარყოფენ, მაგრამ ჩინეთის ამ ინიციატივების უკან გეოსტრატეგიული და სხვა მიზნებიცაა, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია და ფაქტებზე არ არის დაფუძნებული. საზოგადოდ კი, ევრაზია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში და ამ უზარმაზარი სივრცის სტაბლურობას გლობალური მშვიდობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დასავლეთისთვის, ასევე, ჩინეთისთვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ვისი პირობით დამყარდება ეს სტაბილურობა. დასავლეთს მიაჩნია, რომ ჩინეთის ამ ინიციატივას შეუძლია ხელი შეუშალოს დასავლეთის წესებით ევრაზიაში სტაბილურობის დამკვიდრებას და ის აფრთხილებს თავის პარტნიორებს, მათ შორის, ჩვენც, მოსალოდნელი რისკების შესახებ. ერთ-ერთ რისკად ასახელებენ ამ პროექტის მასშტაბურობას, რომლის გამოც ჩინეთს შეიძლება მისი მართვა გაუჭირდეს. არადა, თუ ეს პროექტები ჩავარდება, ჩინეთის რეპუტაცია შეილახება და ამ ქვეყანას უდიდესი პოლიტიკური რისკების წინაშე დააყენებს.

ისე კი, ძალიან ოპტიმისტები თუ ვიქნებით, საქართველოს შეუძლია არამხოლოდ თავისი მდებარეობით, არამედ გამჭრიახი დიპლომატიითა და გონივრული პოლიტიკით ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომ ქვეყნებს შორის ერთგვარი ხიდის როლი შეასრულოს. რადგან ჩინეთსა და ევროკავშირს ძალიან სჭირდებათ ერთმანეთი, ოღონდ ურთიერთობის მისაღებ პრინციპებზე ჯერ ვერ თანხდმებიან და, თუ შეთანხმდნენ, შეიძლება საქართველოს როლიც გამოიკვეთოს. მეორე საკითხია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან და რუსეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე, პოლიტიკურად როგორ დავიკავოთ კორექტული პოზიცია. ამას გარდა, საინტერესოა, როგორი იქნება აშშ-ის ინტერესები. ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, მაქსიმალურად დივერსიფიცირებული უნდა გვქონდეს საგარეო ურთიერთობები.

პეტრე მამრაძე
პეტრე მამრაძე

პეტრე მამრაძე, “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის დასრულებული პროექტი, ის ჯერჯერობით მხოლოდ ინიციატივაა. მეტიც, ჩინეთს დღემდე არ წარმოუდგენია პროექტით გათვალისწინებული მარშრუტების ოფიციალური რუკა. ამჟამად არსებული ყველა რუკა ცალკეული პირების შექმნილია და არა სახელმწიფოსი. სხვათა შორის, ჩინეთის სახელმწიფო მედიამ მიიღო პირდაპირი მითითება, რუკები არ გამოქვეყნდეს.

ჩინეთში საკმაოდ დიდ პოპულარიზაციას უწევენ იმ საკითხს, რომ საქართველოსთან ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

რაც შეეხება იმ კრედიტების დაბრუნების გარანტიას, რომლებიც ჩინეთს ბევრი აქვს შრი-ლანკასა და სხვა ქვეყნებში გაცემული, ჩინეთს ის არ აქვს. პრობლემა ის არის, რომ, შესაძლოა, ჩინეთის საბანკო სისტემა ჩამოიშალოს, ვინაიდან პირობების შესულების არანაირ ინდიკატორი წარმოდგენილი არ არის.

გუბაზ სანიკიძე
გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე, პოლიტიკური პარტიაეროვნული ფორუმისყოფილი წევრი, ისტორიკოსი:

_ ახლახან ვიმყოფებოდი ჩინეთში. პეკინის უნივერსიტეტში მიმიწვიეს, სადაც წავიკითხე საჯარო ლექცია თემაზე “ერთი სარტყელი, ერთი გზა, უსაფრთხოება”. ამას გარდა, ორი დახურული შეხვედრა მქონდა პეკინის სტრატეგიული კვლევების ცენტრსა და შანხაიში მოქმედ კვლევით ცენტრში. სხვათა შორის, ორივე ცენტრი რეკომენდაციებს აწვდის ხელისუფლებას. შესაბამისად, ჩემი ვიზიტიდან გამომდინარე, გარკვეულ კითხვებზე უკვე მაქვს პასუხები. რა თქმა უნდა, აინტერესებთ ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია. ჩინეთში კარგად ესმით, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს და ძალიან აინტერესებთ რელიგიური ურთიერთობები.

ჩემი აზრით, ამ პროექტით ჩინელები ქმნიან ერთგვარ საბაზისო სახელმწიფოებს, რომლებიც მომავალში ჩინეთის მოკავშირეები უნდა გახდნენ. მათი საუბრებიდან გამომდინარე, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩინელები პირველობისთვის ემზადებიან და დადგება ეტაპი, როდესაც დანარჩენი სამყარო ჩინეთს სთხოვს, სულ მცირე, ევრაზიას მაინც ჩაუდგეს სათავეში.

ივლისში შანხაის ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს ჩვენს ხელისუფლებასა და ქართველ ექსპერტებთან შესახვედრად. ჩინელები მიიჩნევენ, რომ დღეს მათ ქვეყანას ბევრი მტერი ჰყავს და ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს მეგობრებისა და .. მხარდამჭერი ქვეყნების მოძებნისკენ. განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნები აინტერესებთ, როგორიც საქართველოა, და პირდაპირ თქვეს კიდეც, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ჩვენი დიდი მეგობარი და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთო. ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებენ, მაგრამ, ვფიქრობ, დიდძალ ფულს პოლიტიკური გავლენაც მოჰყვება.

რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, არა მგონია, ჩინეთი ამერიკას დაუპირისპირდეს, პირიქით _ რაღაც ეტაპზე დიდი საერთო ამერიკულ-ჩინური პროექტიც შეიძლება მივიღოთ და ამერიკამ და ჩინეთმა მსოფლიოში გავლენის სფეროები გაიყონ. შესაბამისად, ეს პროექტი, შესაძლოა, ანტირუსულიც გახდეს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

ჩემის აზრით, საქართველოსთვის ეს ძალიან პერსპექტიული საკითხია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დიპლომატიურ გამჭრიახობაში მეპარება ეჭვი. თორემ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და მან პოზიტიური გამტარის როლიც შეიძლება შეასრულოს. ასე რომ, აღნიშნული პროექტი და ჩინეთის გამოჩენა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია.

მამუკა არეშიძე
მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ თვალს ვადევნებ ჩინეთის საქმიანობას საქართველოში. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიდი პროექტი მზადდება, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე ქვეყანაში 350 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. სავარაუდოდ, პროექტს ხელი აგვისტოში მოეწერება და დაიწყება ლოკომოტივების ქარხნის მშენებლობა, დასაქმდება 1500 კაცი. სხვათა შორის, ცოტა ადრე, ამავე კორპორაციის ანალოგიური ქარხანა აშენდა ჩიკაგოშიც. დოკუმენტში ასევე გაწერილია, რომ პირველი ხუთი წლის განმავლობაში ისინი პროდუქციის გაყიდვაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.

ვასილ კაპანაძე, ჟურნალისტი, ექსპერტი:

_ დაახლოებით 15 წელიწადია, რაც ჩინეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო განვითარებადი ქვეყნებიდან სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტების მიწვევა და ძალიან დიდ რესურსებს ხარჯავენ ამისთვის. ჩინეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტრო თავისი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ყოველწლიურად 70-80 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავს. სამ-სამი კვირით ჩაჰყავთ საქართველოდან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მაგალითად _ პოლიციელები, მეხანძრეები, ეკონომისტები, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები და ა.შ. უტარებენ სემინარებს. სხვათა შორის, ჩინელები ამბობენ, დღეს ამერიკა პირველი სახელმწიფოა, ჩინეთი კი _ მეორე, მაგრამ გვაქვს პერსპექტივა, გავხდეთ პირველებიო.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here