მთავარი პოლიტიკა გისმენთ და გემორჩილებით!

გისმენთ და გემორჩილებით!

2080
გააზიარეთ
გისმენთ და გემორჩილებით!

დასავლეთს არ აინტერესებს, რა ხდება ჩვენთან, არის თუ არა დღევანდელი ყოფა რისკის შემცველი. მათ სურთ ერთადერთი რამ _ მითითება უნდა შესრულდეს და უნდა შესრულდეს თუნდაც სიცოცხლის ფასად!

19 მარტს მთავრობა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეიკრიბა, შემდეგ კი გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ რამდენიმეჯერ გაიმეორა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რომელიც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული…” .., ცუდად კი არის საქმე, მაგრამ ეს პოლიტიკურ პროცესზე არ უნდა აისახოსო. ჰგავდა თუ არა ეს პარლამენტის თავმჯდომარის მონოლოგს? არა, ბატონებო, ეს უფრო მონის მონოლოგი იყო. “ხალხის რჩეულმა”, რომელმაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცალ ფეხზე დაიკიდა ამომრჩევლის ჯანმრთელობა, პირდაპირ განაცხადა: პოლიტიკურ პროცესზე ამას არ ავსახავთო. რა თქმა უნდა, თალაკვაძეს საკუთარი თავის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არ ავიწყდება, ძალიანაც აღელვებს და ამიტომ ამ განცხადებიდან მეორე დღესვე პარლამენტში დადგეს აპარატი, რომელიც ტემპერატურას დისტანციურად ზომავს და შენობაში ვერავინ შევა, ვისაც საეჭვო ტემპერატურა ექნება. ეს აპარატები დეფიციტიაო, _ კი თქვეს, მაგრამ პარლამენტისთვის გამოინახა, არ გამოინახა მეტროპოლიტენისთვის. სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეჩერების ფონზე მეტროპოლიტენი განსაკუთრებულად დაიტვირთა, ამიტომ, შესასვლელში რომ დაემონტაჟებინათ ანალოგიური აპარატები და მოქალაქეებს უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი, ურიგო არ იქნებოდა. მაგრამ, არა! მთავარია, ძლიერნი ამა ქვეყნისანი იყვნენ კარგად, თორემ რიგითი მოკვდავები ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, ვის ადარდებს

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, გამოვლენ ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები და იტყვიან: როგორ არ გრცხვენიათ, დღე და ღამე არ გვძინავს თქვენზე ფიქრით და დარდითო. რეალურად კი, ვითარების სიმძიმე ექიმების მხრებზე გადადის, აკი ვხედავთ კიდეც ექიმების გამოუძინებელ სახეებს და დაღლილი ხმაც გვესმის, აი, პოლიტიკოსებს კი… ჰო, ოპოზიციისაც ვთქვათ, _ მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული: არ ვაკრიტიკებთ ხელისუფლებასო. ეს, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან, თუ ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში რამეს აშავებს, აუცილებლად უნდა გააკრიტიკო და მიუთითო, რომ სავალალო შედეგი არ მივიღოთ. ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული _ ოპოზიციამ მოისმინა ის, რისი მოსმენაც სურდა, გაიგო, რომ ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების შეჩერებას და ამიტომ მიყუჩდა. ისინიც ხომ რეალურად ხელისუფლებაში მოსვლისთვის და საკუთარი სავარძლებისთვის იბრძვიან?! ეს ის შემთხვევაა, როცა ოპოზიციისა თუ პოზიციის ხედვები, მიზნები და სურვილები ასი პროცენტით ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ხმის ამომღები არავინაა. ჰო, გიორგი ვაშაძემ თქვა, სწრაფი ტესტები რომ შემოვიტანოთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ხელისუფლების ნებაა საჭირო, თორემ აგერ, შვიდ კომპანიას შემოტანაზე უარი უთხრესო. ამ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, რა გამოდის? ტესტები დეფიციტია (პარლამენტისთვის არა) და მაინც არ შემოგვაქვს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების რომელიღაც მაღალჩინოსანი საკუთარ კომპანიას ქმნის, ეს ტესტები რომ შემოიტანოს და სახელმწიფოსგან არაერთი მილიონი მიიღოს, ამიტომაც ყველაფერი ჭიანურდება. “ახლა არის ფულის კეთების კარგი დროო”, _ ამას წინათ წამოსცდა ერთ მაღალჩინოსანს. როგორც ჩანს, აღნიშნულ მოსაზრებას ყველა იზიარებს და ცდილობს, საბანი თავის მხარეს გაქაჩოს.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი: ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დავიცავთო. არადა, რამდენიმე ათეული ემიგრანტი ითხოვს, _ სახელმწიფომ სპეცრეისი დანიშნოს და სამშობლოში დაგვაბრუნოსო, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ რეისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მოქალაქეთა რაოდენობა, სულ ცოტა, 100 იქნება. რა გამოდის? 40 და 50 ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება არაფერს ნიშნავს? თუ რეისი ძვირი ჯდება და ბარემ “ოპტომ” წამოიყვანოს მგზავრები? რას ნიშნავს, _ ასი კაცი მოგროვდით?

დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩატარდება თუ არა 2020 წლის არჩევნები. სიურპრიზები არ არის გამორიცხული, თუმცა ისე ჩანს, დასავლეთის მითითების შესრულებას წინ მაინც ვერაფერი დაუდგება. დაზუსტებული ინფორმაციით, უკვე მუშაობენ პროგრამაზე, რომელიც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერ საკითხს კენჭი ონლაინ უყარონ და კანონი მიიღონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ყოველგვარი განხილვისა და დებატის გარეშე შეეძლებათ, მიიღონ კანონები, შემდეგ, უბრალოდ, გამოაქვეყნონ და მოსახლეობა დააყენონ ფაქტის წინაშე. ისიც ხომ მწარე რეალობაა, რომ 120/30-ზე შეთანხმება სწორედ მოსახლეობის გარეშე მოხდა, არავინ გაითვალისწინა ამომრჩევლის აზრი ან ვინ არის მილიონობით ამომრჩეველი ამერიკის ელჩთან შედარებით?! ერთმა ჩია ქალმა, კელი დეგნანმა, გადაწონა ქართველი ერი. უფრო ზუსტად, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადააწონინა და, რაღა თქმა უნდა, ქალბატონი კელი საკუთარ ძალაუფლებასა და გავლენას, როგორც არასდროს, ისე ირწმუნებდა. ქალბატონი კელი ხომ ვერც წარმოიდგენდა, რომ თითის ერთ გატკაცუნებაზე მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი პირველმეორეზე გაითვლიდა დასწორდი, სმენაზედადგებოდა. დაახლოებით ისე მოხდა, როგორცყვარყვარე თუთაბერშია”, შემთხვევით რომ დააბაკუნებს ფეხს და ყველა გაეჭიმება.

ქვეყანას უჭირს, თანაც ძალიან. ამის მიუხედავად, დღევანდელი პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ თავსა და მომავალ თანამდებობებზე ფიქრობენ. ერთი, ერთადერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, რომელიც იტყოდა, რა დროს საარჩევნო კანონია, ხალხს შიმშილი ემუქრება და რაიმე ვიღონოთ _ პრემიადანამატების მუხლი გავაუქმოთ, ბიუჯეტის კორექტირება მოვახდინოთ, ტაშფანდურზე გაწერილი სახსრები სოციალური პროექტებისკენ მივმართოთ, საკვების მარაგი შევავსოთო.

არა, ბატონებო, ამის მთქმელი არავინაა, რადგან ყველას ეჭვის ჭია ღრღნის: ვაითუ სიტუაცია მალე გამოსწორდეს, მერე ხომ წამომაძახებენ, _ შენ საარჩევნო კანონის მიღება არ გსურდა, ხალხზე ზრუნავდი და ამიტომ თამაშგარეთ რჩებიო. პოლიტიკოსებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება შიმშილი მათი ოჯახის წევრებსაც შეეხოს, მათი გადმოსახედიდან ხომ ფულზე ყველა და ყველაფერი იყიდება.

ფული კი იმდენი აქვთ, დღესვე რომ დარჩნენ უმუშევრები, შვილიშვილებსაც არაფერს გაუჭირვებენ, ამიტომ არ ადარდებთ, რა იქნება ხვალ, როგორი სოციალური რეალობა გვექნება, რადგან საკმარისი მარაგიც აქვთ და შესაძლებლობაც. ახლა მათთვის მთავარი სწორედ საარჩევნო კანონია, მაგრამ ისინი ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ _ თუ ერი იშიმშლებს, თუ ამომრჩეველი არ იქნება, ვერც ისინი დაიკავებენ თანამდებობებს და ვერც ფულს მოტეხავენ.

ამიტომ “მუშათა კლასს” გაუფრთხილდით, ბატონებო, სწორედ მათით გიდგათ სული, თორემ ეს კლასი თუ დაიმშა, როგორ გგონიათ, სარჩოსთვის ვის მიადგებიან პირველ რიგში? და მერე არ ექნება მნიშვნელობა, პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, კომიტეტის შეფი თუ უბრალო პარლამენტარი, კუჭმა თანამდებობის გარჩევა არ იცის.

რაც შეეხება ჩვენს ეჭვებს, რომლებიც არჩევნების უცხოელი “პარტნიორების” ჩარევით შეთანხმებული ცვლილებებით ჩატარებას შეეხება, ხელისუფლებამ დაგვაიმედა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც დასავლელ პარტნიორებს გაუხარდებათ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. სრულიად ვეთანხმები ავტორისეულ შეფასებას. მეტიც – დღეს (დ საერთოდ!) საქართველოში დამყარებული დასავლური დიქტატურა დამღუპველია. ჩვენს სამშობლოს გადაარჩენს მხოლოდ – ქართულ იდენტობაზე დაფუძნებული იდელოგიით ხელმძღვანელობა. დაუყოვნებლივ შესამუშავებელი და ხალხისთვის სასწრაფოდ გასაცნობია (თუ საჭრო იქნება – ასახსნელიც!) წრმატებულ მომავალზე გათვლილი პროგრამა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here