Home რუბრიკები პოლიტიკა “გირგვლიანის პაკეტი” და შპს “შემწყალებელი”

“გირგვლიანის პაკეტი” და შპს “შემწყალებელი”

3151
გირგვლიანი

ქართული ოცნებისდეპუტატებმა დაიწყეს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელსაცგირგვლიანის შესწორებებსუწოდებენ. ის გაამკაცრებს სასჯელს სახელმწიფო მოხელეებისთვის, რომლებიც მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიან. საინტერესოა, რა დგას ამ ინიციატივის უკან და ხომ არ სპეკულირებსქართული ოცნებასანდრო გირგვლიანის სახელით?

კანონის (პაკეტის) ან შესწორების დაკავშირება კონკრეტული ადამიანის სახელთან მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში ეს პირველად ხდება. 29 იანვარს ამ თემისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ამ სახელის შერჩევას სიმბოლური უწოდა. მან ვრცლად ისაუბრა ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების რეაქციაზე იმ განაჩენზე, რომელიც სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო გამოუტანეს (სამი წლით თავისუფლების აღკვეთა). ამიტომ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს “რეაქციას რეაქციაზე”, ამასთანავე, ხსენებული განაჩენის ერთგვარი გამყარების მცდელობას.

როგორც ჩანს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ, როდესაც გირგვლიანის თემას ეხება, წაუგებელ თამაშს თამაშობს. ამ საქმეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მან შეცვალა ქვეყანა და სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის წინაპირობები შექმნა. ეს ერთ-ერთი იშვიათი (თუ არა ერთადერთი) ეპიზოდია, რომელზეც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ამბობენ, რომ 100%-ით მართლები იყვნენ, შეცდომებზეც საუბრობენ და ცდილობენ, საზოგადოების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება შეარბილონ. ახლახან “დოიჩე ველეს” ჟურნალისტმა ამ თემაზე საუბრისას, უბრალოდ, “გასრისა” მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამაოდ ცდილობდა, თავი დაეძვრინა, რადგან გადაცემის წამყვანი მას ფაქტებზე დაყრდნობით ესაუბრებოდა.

რაც მთავარია, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების არგუმენტები ამ საქმესთან დაკავშირებით გამყარებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით კი ამ ფრაზით: “სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”.

თქმულიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ პროცესში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა (სავარაუდოდ, სასამართლოდან, პროკურატურიდან, შსს-დან, მმართველი პარტიიდან და ა.შ.) და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. საქმის საფუძვლიანი გამოძიებისა და ყველა ფიგურანტის გასამართლების გარეშე, “ცალკე აღებული” მიხეილ სააკაშვილის გასამართლებამ მართლა შეიძლება შექმნას პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილება უცხოელი დამკვირვებლების თვალში, მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” ბელადის ჩართულობა “შეთანხმებულ ქმედებებში” ეჭვს არ იწვევს.

აქვს თუ არა მორალური უფლება ხელისუფლებას, რომელიც ეყრდნობა ძველი რეჟიმის ზონდერმოსამართლეებს თუ ზონდერპროკურორებს და კანონებს ობერზონდერ ვანო ზარდიაშვილს აწერინებს, “გირგვლიანის შესწორებებიმიიღოს?

საგულისხმოა, რომ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე არ გამიჯნა ერთმანეთისგან საუბარი სასჯელის გამკაცრებაზე და გიორგი მარგველაშვილის განცხადებების პოლიტიკური შეფასება. ამის გამო შეიძლება შეიქნას შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნება” პრეზიდენტს თითს უქნევს, თითქოს აფრთხილებს, რომ შეწყალების უფლების გამოყენებას შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოჰყვეს იმ საბაბით, რომ მის უკან ანგარება ან დანაშაულის დაფარვის სურვილი იდგა. საერთოდ, გიორგი მარგველაშვილის მიერ ამ უფლების გამოყენების თაობაზე უამრავი კითხვა დაგროვდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, საზოგადოების უმრავლესობას სურდეს, რომ ეს კითხვები პრეზიდენტს მამუკა მდინარაძემ ან “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენელმა დაუსვას. ამასთანავე, მარგველაშვილისა და სააკაშვილის “ერთ ქვაბში მოხარშვა” ხელს უწყობს იმას, რომ დისკუსია, ზოგადად, შეწყალების უფლებაზე მიდიოდეს და არა მის გამოყენებაზე, კონკრეტულ საქმეში დანაშაულებრივი განზრახვიდან გამომდინარე.

ყოველივე ეს მთლიანობაში, ბრალდების მიერ წარდგენილ არცთუ მყარ მტკიცებულებებთან ერთად, ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა განაჩენი სტრასბურგში გაასაჩივროს და, სიტუაციის პარადოქსულობის მიუხედავად, მოიგოს, რაც მთელ ამ საქმეს თავდაყირა დააყენებს.

არის სხვა საქმეებიც _ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის, აგრეთვე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის და მისი ხელში ჩაგდების ეპიზოდებში; აგრეთვე, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებაში და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში (8,83 მილიონი ლარი). ვინაიდან “ქართული ოცნება” ფრიად მგრძნობიარეა დასავლეთის რეაქციის მიმართ, ცდილობს, წინა პლანზე ის ეპიზოდები წამოწიოს, რომლებშიც ბრალდება და განაჩენი პარტნიორების თვალში “უფრო ლეგიტიმურია”. რეალურად, ასეთი საქმე ორია: გირგვლიანისა და “იმედის”, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ ეს ეპიზოდები თავის დროზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში და მათ ანგარიშებში მოხვდა.

რაც შეეხება გაფლანგვის საქმეს, რომელსაც სააკაშვილი “პიჯაკების საქმეს” უწოდებს, პრეზიდენტ მარგველაშვილს განსხვავებული პოზიცია ამ შემთხვევაშიც აქვს. თავიდან ის არ ხსნიდა გრიფს “საიდუმლო” შესაბამისი დოკუმენტებიდან, სამი კვირის წინათ კი ამ საქმეზე “რუსთავი 2”-ის ეთერში შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მე მართლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი არა ერთ ძალიან მაღალი დონის შეხვედრაზე, იმიტომ, რომ მეკითხებოდნენ სერიოზულად: მართლა ამაზე ასამართლებთ თქვენს პრეზიდენტს? ჩვენ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ პრეზიდენტს 5 პიჯაკის გულისთვის ვიჭერთ”. მარგველაშვილი შეიძლება თვალთმაქცობდეს, რადგან საბიუჯეტო ფულის გაფლანგვას დასავლეთში სავსებით სერიოზულად აღიქვამენ, ამასთანავე, საუბარი მხოლოდ 5 პიჯაკს არ ეხება. საინტერესოა, რა გააკეთა მარგველაშვილმა, როდესაც ეს უთხრეს (თუ მართლა უთხრეს) _ კანონის უზენაესობაზე მიუთითა თუ თავი დახარა? სხვა საქმეა, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს განუვითარებელ სახელმწიფოდ აღიქვამენ, რომლის ხელისუფლებას, ძველი იქნება თუ ახალი, არ შეუძლია კანონის უზენაესობის პრინციპით იხელმძღვანელოს და სასამართლოს ანგარიშსწორებისთვის იყენებს.

მარგველაშვილი სააკაშვილის ადვოკატად ამ ეპიზოდშიც მოგვევლინა; მას შეიძლება ორი მთავარი მოტივი ამოძრავებდეს. ის სააკაშვილს იმ თემებთან დაკავშირებით იცავს, რომლის გამო მომავალში პრობლემები შეიძლება თავად შეექმნას და თითქოს წინასწარ ემზადება იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულოს. ამასთანავე, მას, სავარაუდოდ, სურს საპრეზიდენტო არჩევნებზე მერყევი ნაციონალებისა და “შუაშისტების” ხმები მოიზიდოს. გამორიცხული არაა, რომ მის ბოლო იდეასაც წინასაარჩევნო ქვეტექსტი აქვს _ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივი დანაშაულებების მიმართ შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ გააკეთა ეს მარგველაშვილმა გაცილებით ადრე. სოცქსელებში იხუმრეს კიდეც, რომ მარგველაშვილმა შპს “შემწყალებელი” გახსნა, თუმცა, ძირითადად, მოახლოებულ არჩევნებზე მსჯელობდნენ.

“მარგველაშვილის მხარე” გირგვლიანის საქმის გარშემო შექმნილი სიტუაციის აბსურდულობაზე მიუთითებს. “მაშინ, როდესაც შემსრულებლები, დამკვეთები არა მხოლოდ სისტემაში რჩებიან, არამედ დაწინაურებულებიც არიან, რა “გირგვლიანის პაკეტზეა” საუბარი? – განაცხადა რადიო “პალიტრის” ეთერში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა. _ თუ ეს ადამიანები არ ჩამოშორდებიან სისტემას, ეს იქნება მორიგი ფარსი და კიდევ ერთი შეურაცხყოფა, როგორც სანდრო გირგვლიანისა და მისი ხსოვნის, ისე იმ ათობით და ასობით ადამიანის, რომელთა ნაწილიც დაიღუპა ამ უსამართლობაში… 26 000 ფაილი რომ არსებობდა, რომლითაც აშანტაჟებდნენ და, შესაძლოა, დღემდე აშანტაჟებენ ადამიანებს, და რომელსაც კონკრეტული პირები ახორციელებდნენ, სად არიან დღეს ეს ადამიანები?! ისინი კვლავ რჩებიან სისტემაში და ეს არის აქ მთავარი პრობლემა”.

საბოლოოდ, ისეთი მნიშვნელოვანი თემა, როგორიცაა გირგვლიანის საქმეში დამნაშავეების დასჯა, რომელსაც ქართული სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, მორიგ საჯილღაო ქვად იქცაქართული ოცნებისადა მისი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის აბსურდულ დაპირისპირებაში. მან ანეკდოტური, სახელმწიფოსთვის დამამცირებელი ფორმა არაერთგზის მიიღო (“ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას?”, “ვინ უხელმძღვანელებს ქართულ დელეგაციას გაეროში?” და ..), ამიტომ საზოგადოების ინტერესი იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც მხარეები განიხილავენ, როგორც წესი, მკვეთრად ეცემა. ეს კი ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხელს.

თავის დროზე გირგვლიანის საქმემ უამრავი ადამიანი სააკაშვილის რეჟიმის არაადამიანურობაზე დააფიქრა და მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგა. ამან უზრუნველყო რეჟიმის იზოლაცია საზოგადოებისგან და გაამარჯვებინა ივანიშვილის ბლოკს 2012 წლის არჩევნებში. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ისტორიული კადრები ხაშურის მე-10 საარჩევნო უბნიდან, როდესაც უიარაღო ხალხი შეიარაღებულ ზონდერებს დაუპირისპირდა, რათა ბიულეტენები დაეცვა. ამ შემართებისა და თავგანწირვის გარეშე, “ქართული ოცნება” არჩევნებს ვერ მოიგებდა. ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ უფლება, მოსთხოვონ ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს ამ საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური შეთქმულების მიუკერძოებელ გამოძიებას, სანდრო გირგვლიანის სახელით სპეკულირებას კი თავი დაანებოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here