Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ჩახაია: არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობამ თვალნათლივ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ალტერნატიული პოლიტიკური...

გიორგი ჩახაია: არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობამ თვალნათლივ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის მოლოდინშია

ჩვენ ისეთი სუსტი ეკონომიკა გვაქვს, რომ, პირობითად, 10 მილიონის ტრანზაქციამაც შეიძლება გამოიწვიოს ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება

2055
გიორგი ჩახაია

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ლარის კურსი მკვეთრად დაეცა, მაგრამ მთავრობის წევრები ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ იმაშიც, რომ სახელმწიფო უწყებებში ხშირად საეჭვო ტენდერები ტარდებაარის თუ არა ლარის კურსის იმავე ნიშნულამდე აწევის ალბათობა, რაც ზაფხულში იყო და რა ხდება ტენდერებზე სახელმწიფო სტრუქტურებში _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსფინანსისტი, ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ჩახაია ესაუბრა:

_ რით ახსნით ბოლო პერიოდში ლარის კურსის მკვეთრ დაცემას?

_ ჩვენ ისეთი სუსტი ეკონომიკა გვაქვს, რომ, პირობითად, 10 მილიონის ტრანზაქციამაც შეიძლება გამოიწვიოს ლარის კურსის მკვეთრი ცვლილება ბაზარზე. ლარის გაუფასურება, შესაძლოა, პოსტსაარჩევნო პერიოდთან იყო დაკავშირებული ან წინასაახალწლო პერიოდთან, როდესაც, როგორც წესი, იმპორტი იზრდება და, შესაბამისად, დოლარზე დიდი მოთხოვნაა. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ბაზარზე ერთბაშად იზრდება დოლარის მოთხოვნა, ჩნდება დეფიციტი და მყისვე ხდება კურსის ცვლილება.

_ 5 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაცქართული ოცნებამართავს ქვეყანას, გვპირდებოდნენ, რომ ხელისუფლების სათავეში მათი მოსვლიდან მეოთხე წელი იქნებოდა საუკეთესო

_ იმ ოთხ წელიწადში სწორედ ის მეოთხე წელიწადი იყო ყველაზე მძიმე. წელს ეკონომიკური ზრდა თითქოს მეტია, მაგრამ პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის 4-5-პროცენტიანი ზრდა მიზერულია. ის დაპირებებიც, რომლებიც გაიცა 100 საწარმოს შესახებ, იმთავითვე პოპულისტური იყო. თანაც, გააჩნია, რას დავარქმევთ საწარმოს _ საკუთარ ავტოფარეხში ვიღაც რაღაცას რომ გახსნის და 2-3 კაცი დასაქმდება, ეს არ არის საწარმოს გახსნა. ასეთი საწარმოები 1990-იან წლებშიც იხსნებოდა და ამაში არც გასაკვირია რამე და არც სასიხარულო.

_ ბატონო გიორგი, სახელმწიფო უწყებებში ტენდერების თემას მინდა შევეხოთ, ამაზე დღეს ინტენსიურად არავინ საუბრობს, არადა, ხშირად სწორედ ტენდერია კორუფციის წყარო

_ გეთანხმებით, ძალიან ბევრი პრობლემაა ამ მხრივ. ტენდერების თემა სამ ნაწილად უნდა დაიყოს: პირველი _ კორუფციული ინტერესები, მეორე _ საბიუჯეტო თანხების არარაციონალურად გამოყენება და მესამე _ სახელმწიფო ტენდერებში აუცილებლად უნდა ჩაიდოს პირობა, რომ უპირატესობა ადგილობრივი წარმოების პროდუქციას მიენიჭოს. ძალიან საეჭვო ტენდერებია როგორც სამინისტროებში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სიპებსა თუ აიპებში. ხშირად ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით ხდება პროდუქციის შეძენა. გამარტივებული შესყიდვა ნიშნავს, რომ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად მოხდეს უწყებისთვის სასურველი პროდუქციის მიწოდება. ასეთ შემთხვევაში როგორ ორგანიზაციასთან უნდა გააფორმოს უწყებამ ხელშეკრულება? _ რა თქმა უნდა, იმასთან, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ საქმეში, რომელსაც 2-3 მილიონის ბრუნვა აქვს და გარანტიას იძლევა, რომ პროდუქციით უზრუნველყოფა შეუფერხებლად მოხდება. ჩვენს რეალობაში რა ხდება? ყოველგვარი ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით, ხელშეკრულებები იდება კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება ტენდერის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე იყოს დაფუძნებული. იყო შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაფუძნდა ორგანიზაცია და სწორედ მან გაიმარჯვა ტენდერში. როდესაც მოსამზადებელი პერიოდი გაქვს და მერე მაინც გამარტივებული წესით ხდება ხელშეკრულების გაფორმება, რას ემსახურება ეს ყოველივე, თუ არა მაღალჩინოსნების პირად ინტერესებს?! რა გადაუდებელი აუცილებლობით იყო ნაკარნახევი საახალწლო განათების გამარტივებული წესით შესყიდვა?!

მაგალითად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მოგებული აქვს დაახლოებით 20 მილიონამდე თანხის ტენდერი. დარწმუნებული ვარ, ყველა პარლამენტარისა და მინისტრის ბიზნესი ლობირებულია მაღალ ეშელონებში და მათი ბიზნესისადმი გაცილებით ლოიალურია მაკონტროლებელი ორგანოები.

_ ამბობთ, სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ადგილობრივ პროდუქციას უნდა მიენიჭოსო უპირატესობა, რა მექანიზმით უნდა მოხდეს ამის რეგულირება?

_ ეს დიდი პრობლემა განსაკუთრებით გამოჩნდა ჯარის კვების საკითხებში. ჩვენი ჯარი, მართალია, ქართული პროდუქტითაც იკვებება, მაგრამ ხშირად შემოაქვთ უცხოური პროდუქციაც. კვების პროდუქტები, მაგალითად, ხილის ჯემი, მაიონეზი, წვენი, თაფლი უცხოეთიდან რატომ უნდა შემოგვქონდეს? წარმოიდგინეთ, თაფლიც კი საზღვარგარეთ, უკრაინაში შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ. არადა, როგორც ვიცი, თაფლის დეფიციტი ნამდვილად არ არის ქართულ ბაზარზე. ხორციც უცხოეთიდან შემოიტანეს და იმით ახსნეს, რომ ბაზარზე დეფიციტია, მუსლიმურ ქვეყნებში გააქვთ საქონელიო. თუ ასეთი მოთხოვნაა და ასე გიჟდებიან უცხოელები ჩვენს პროდუქტებზე, მაშინ ყოველდღე უნდა იხსნებოდეს ფერმები, საწარმოები. რაზეც რეალურად არის მოთხოვნა, იმას ყურადღებას არ აქცევს სახელმწიფო და აფინანსებს სრულიად არასაჭირო პროექტებს. ვიღაცის ფინანსური ინტერესები რომ არ არსებობდეს, რა ლოგიკას ექვემდებარება უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტით თუნდაც ჯარის გამოკვება?! ამიტომ კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს, რომ უპირატესობა მიენიჭოს ქართულ პროდუქციას. თუ ხელისუფლებას სურს ეკონომიკის განვითარება, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, დასაქმება, ბიუჯეტის ზრდა, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება უნდა გაიზარდოს. თუ არგუმენტად იმას მოიტანენ, რომ არ არის ბაზარზე საკმარისი რაოდენობა, კიდევ უკეთესი _ საექსპორტოდ ბაზრების მოძიებაც კი არ სჭირდებათ, ადგილობრივი ბაზარი აუთვისებელია და ამ დროს მილიარდის პროდუქცია შემოდის. ხელისუფლება იმაზე წუწუნებს, რომ ძალიან რთულია საზღვარგარეთ ბაზრების მოძიება და ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია, არადა, აქვეა გასაღების ბაზარი, რომელიც დეფიციტურია _ ჩვენი პროდუქცია არ არის საკმარისი. ხილის ჯემი აზერბაიჯანიდან შემოიტანეს, ასევე, კიტრის მწნილი და რა, ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ კიტრის მწნილისა და ხილის ჯემის წარმოება არ შეგვიძლია?! წელს ხალხმა მდინარეში გადაყარა ატამი, იმიტომ, რომ ვერ გაყიდა, და ასეთი რამ თითქმის ყოველ წელს ხდება. სახელმწიფოსგან თითქოს გაცხადებულია მხარდაჭერა პროგრამისააწარმოე საქართველოში”, მაგრამ, ვინც ერკვევა ეკონომიკაში, იცის, რომ, რისი საჭიროებაც არის ქვეყანაში, ზუსტად იმას არ აფინანსებენ. ჯარი რომ იკვებებოდეს ქართული პროდუქციით, ეს ხომ გარანტირებული ბაზარია, ასევეა შინაგანი ჯარის დანაყოფები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები (პატიმრები), ბაღები და უფასო სასადილოები… აქ ხომ არაფერი იცვლება?! სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესს იმისთვის, რომ განვითარდეს კვების პროდუქტების ადგილობრივი წარმოება, როცა ბიზნესმენს ეცოდინება, რომ მხოლოდ სახელმწიფო, კომერციულ ბაზრებს თავი რომ დავანებოთ, მისგან მილიონების პროდუქციას შეისყიდის ტენდერით, რა თქმა უნდა, პროდუქციასაც შექმნის და ხალხსაც დაასაქმებს. და ეს ეკონომიკაზეც აისახება.

ერთ კონკრეტულ მაგალითსაც გავიხსენებ. ამას წინათ, ჯარის საკვებად 30 ტონა მაიონეზის შესასყიდად სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც ჯარს მიაწვდის აზერბაიჯანულ მაიონეზს. ამ კომპანიის მფლობელები კი არიან აზერბაიჯანული კომპანია და თურქეთის 2 მოქალაქე. იცით, ყველაზე ტრაგიკომიკური რა არის ამ ამბავში? ამ კომპანიამ მხოლოდ 1 ლარით, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ 1 ლარით მოუგო ქართულ კომპანიას, რომელიც ჯარს საქართველოში დამზადებულ მაიონეზს აწვდიდა. გარდა იმისა, რომ, ადგილობრივის ნაცვლად, იმპორტულ პროდუქტს ასაღებს ხელისუფლება, ეს ის შემთხვევაც არ არის, რომელზეც შეიძლება ითქვას, იმპორტული უფრო იაფი ჯდება და ბიუჯეტის ფული დაზოგესო. საკუთარ წარმოებას ავითარებთ თუ უცხოეთისას? თქვენს სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას არა “აწარმოე საქართველოში”, არამედ, “აწარმოე აზერბაიჯანში, თურქეთში, ჩინეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბრაზილიაში, ყაზახეთში და ა.შ.”

_ ბატონო გიორგი, რით ახსნით ამომრჩევლის პასიურობას არჩევნებზე?

_ ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა პასიურობამ და ხმების გადანაწილებამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ახალი, წესიერი, სამართლიანი, პროფესიონალი და რიგით მოქალაქეებზე რეალურად მზრუნველი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის მოლოდინშია. მოქმედი პარტიების რეტინგებს, მათ ფინანსურ რესურსებს და თუნდაც ამ არჩევნებში მიღწეულ შედეგებს რომ გადავხედოთ, ნათელია, რომ საზოგადოება ითხოვს ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას. ხელისუფლებაში ვინც იყო, მათ მიმართ ნდობა რომ აქვს ამომრჩეველს დაკარგული, ეს ლოგიკურია, მაგრამ არც იმ ოპოზიციურ სპექტრს ენდობა, რომელიც, წლებია, პოლიტიკაშია და ხელისუფლებაში ვერასდროს მოვიდა. ფაქტია: საზოგადოებრივი დაკვეთაა ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა ახალი სახეებით.

ესაუბრა

ნიკა გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here