Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი შერვაშიძე: რა მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს დღეს საქართველოს, ვინც არ უნდა...

გიორგი შერვაშიძე: რა მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს დღეს საქართველოს, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოგვარების, მასთან შეთანხმების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი ილუზიაა

564
გიორგი შერვაშიძე

ამ დღეებში აფხაზეთის .. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ერთერთ ადგილობრივ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად არსებული დაძაბულობისა, რომელიც მძიმე წარსულის ლოგიკური შედეგია, მხარეებმა საერთო ენა უნდა გამონახონ. მისი თქმით, როდესაც კონფლიქტი არსებობს, ან უნდა ისაუბრო, ან იომო, მაგრამომი ახლა არავის სურს, ამიტომ საუბარია საჭირო”…

ომიდან 30 წელი გავიდა, სულ მტრული ურთიერთობები ხომ არ გვექნება? ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და დიალოგი უნდა დავიწყოთ. ჩემი წინადადება არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყება, ვინაიდან ამისთვის ორივე მხარის ნებაა საჭირო…” შამბას განმარტებით, ქართულ მხარეს დიალოგის სურვილი აქამდე არ გამოუხატავს, ამიტომ შეუძლებელია პროცესის წარმართვა. ინტერვიუში შამბამ ასევე ახსენა რკინიგზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აზერბაიჯანის გავლით დააკავშირებს და რომელიც უზარმაზარ მოგებას მოუტანს ორივე ქვეყანას: “ქართული მხარისგან ასეთი რამ ჯერ არ მომისმენია. ფორმატი განსხვავებული შეიძლება იყოს და ახლაც არსებობს _ ჟენევის მოლაპარაკებები გალის რაიონში ენერგეტიკის საკითხებზე და სხვ. როდესაც ეს ვთქვი, ვგულისხმობდი იმას, რომ საქართველოსთან კომუნიკაციების საკითხების განხილვა შეგვეძლო. მაგალითად, რკინიგზის საკითხი რუსეთმა სომხეთთან აზერბაიჯანის გავლით მოაგვარა, არადა, ეს მარშრუტი, აფხაზეთზე რომ გასულიყო, გაცილებით მოკლე იქნებოდა. ახლა საქართველო და აფხაზეთი ამ პროცესის მიღმა დარჩნენ. აქ ხომ მილიონობით დოლარზეა საუბარი…”

ცნობისთვის: სერგეი შამბამ საქართველოსთან დიალოგისა და ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ადრეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომიდან სამი ათეული წლის შემდეგ მშვიდობიანი მოლაპარაკებები აუცილებელია. მან ასევე ყურადღება სავაჭრო ურთიერთობებზეც გაამახვილა, თუმცა ქართული მხარე მის განცხადებებს არ გამოხმაურებია.

რა გზავნილია შამბას განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის და რა ბერკეტები არსებობს შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გასამართავად? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალლეიტენანტი გიორგი შერვაშიძე.

_ ბატონო გიორგი, სერგეი შამბამ ამას წინათ განაცხადა, რომ ომიდან 30 წელი გავიდა და საქართველოსთან დიალოგი აუცილებელია. მისი თქმით, ამისთვის ორივე მხარის მზადყოფნაა საჭირო, თუმცა საქართველოს მსგავსი სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება მან რამდენიმე თვის წინათაც გააკეთარა გზავნილია საქართველოსთვის შამბას განცხადება და რა შესაძლებლობები არსებობს მოლაპარაკებებისთვის?

_ შამბასგან მსგავსი შინაარსის შეფასებები ადრეც მოგვისმენია. თუმცა ამ რანგში, ანუ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, ეს პირველია და, ამ თვალსაზრისით, ყურადღებას საჭიროებს. ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, ვინ არის შამბა, მერე რა, რომ რაღაც განცხადება გააკეთა, რეალურად რა შეიცვლებაო. ცხადია, მეც შორს ვარ იმ აზრისგან, რომ როგორც კი დავიწყებთ მოლაპარაკებებს, აფხაზები უარს იტყვიან დამოუკიდებლობაზე და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას მოისურვებენ. ამ ეტაპზე ეს საკითხი ხომ არც დგას. მთავარია, დაიწყოს რაღაც დადებითი ძვრები დიალოგისთვის და როგორმე გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, რომელიც, უკვე სამი ათეული წელია, გრძელდება. ეს უძრაობა კი არ არის, ეს არის კიდევ უფრო დაშორება ქართველებისა და აფხაზების, იმიტომ, რომ ცხოვრება მიდის, თაობები იზრდებიან და ამ ხნის განმავლობაში სულ უფრო მცირდება ის კავშირები, რომლებიც ისტორიულად არსებობდა ჩვენ შორის. რაც შეეხება შეკითხვას, რა გზავნილია ჩვენთვის შამბას განცხადება, ფაქტია, რომ უნდათ მეზობელთან კარგი, ნორმალური ურთიერთობა. ეს ჩემი აზრია, თუმცა, ნურავინ გაიგებს და მიიღებს ამას ისე, თითქოს ისინი ხვალ-ზეგ უარს იტყვიან დამოუკიდებლობაზე… აქვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ხაზგასასმელი, რომელზეც ბევრი რატომღაც არ ამახვილებს ყურადღებას. როდესაც იქითა მხრიდან საჯაროდ კეთდება განცხადება, რომ დიალოგი აუცილებელია და მუდმივ მტრობაში ვერ ვიქნებით, ეს მხოლოდ ერთი პიროვნების ნააზრევი არ არის, გნებავთ, შამბა აიღეთ და გნებავთ, სხვა რომელიმე

_ გინდათ, თქვათ, რომ შამბას განცხადება კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური ეშელონების პოზიციას შეიძლება წარმოადგენდეს?

_ რა თქმა უნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შამბასაც და ნებისმიერ სხვას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ მსგავსი პოზიციების ასე საჯაროდ გამოხატვა უფრო შორიდან შეიძლება იყოს ნაკარნახევი…

_ რას გულისხმობთ?

_ შეიძლება, რაღაც გზავნილი მოუვიდათ მათგან, ვინც მფარველობთ, _ აბა, დაიწყეთ და იქნებ, როგორმე დაალაგოთ ურთიერთობებიო. ჩემი აზრით, ეს სავსებით ლოგიკურია იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი რუსეთიდან საჯაროდ საუბრობს ქართულ-აფხაზური დიალოგის შესაძლებლობებზე, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს ჩემი ვარაუდია.

_ ქართული მხარის პოზიციაზე რას იტყვით? ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლება მსგავსი გზავნილების მიმართ?

_ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება მსგავს განცხადებებს დღემდე უპასუხოდ ტოვებს. ეს ფაქტია და მას აქვს თავისი ახსნა, რომელიც ბევრისთვის გასაგებია…

_ რა არის ან შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

_ მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, არად აგდებს აფხაზური მხარის მიერ დიალოგის დაწყებაზე ნათქვამ ყველა განცხადებას, არის გარე ფაქტორები. იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც გამოცხადებულია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, ეს მიუღებელია. მიზეზიც გასაგებია: მას, როგორც მსოფლიო ჰეგემონობაზე პრეტენზიის მქონე ზესახელმწიფოს, ქართველებსა და აფხაზებს შორის არ სჭირდება არანაირი კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც მის როლს გამორიცხავს. რაც შეეხება რეალურ შესაძლებლობებს დიალოგისთვის, ამის საშუალება ძალიან ბევრია, მათ შორის იმ კავშირების სახით, რომლებიც ჩვენ ისტორიულად გაგვაჩნდა. სხვათა შორის, როდესაც ამ ახალ წელს დავრეკე და დამდეგი მივულოცე ჩემს აფხაზ მეგობრებს, არაერთმა დიდი სინანულით მითხრა, რომ ის, რაც 1990-იანებში მოხდა, იყო ძმათამკვლელი ომი. ისინი ხშირად ახსენებენ ამ სიტყვას და მათ შორის ის ხალხიც, რომელიც უშუალოდ ომობდა. აი, ეს არის ის, რაც მე იმედს მაძლევს, რომ ჩვენ შორის ჯერ კიდევ არ არის ყველა კავშირი გაწყვეტილი. თუმცა, ყველაფერი უნდა გადაწყდეს პოლიტიკურ დონეზე… აქვე მინდა, მოკლედ შევეხო ერთ საკითხსაც, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობები იძახიან, რომ თურმე ჩვენ ისე უნდა განვვითარდეთ, აფხაზებს თვითონ მოუნდეთ საქართველოსკენ შემობრუნება. განვითარებას რა სჯობს, მაგრამ ჩნდება კითხვა _ თანამედროვე დასავლური, ნეოლიბერალური გაგებით რასაც ჰქვია განვითარება, მისაღებია ისეთი ტრადიციების მქონე ხალხისთვის, როგორიც აფხაზები არიან?

_ დავუბრუნდეთ ხელის შემშლელ ფაქტორებს, რომლებიც, შესაძლოა, ქართულაფხაზური ურთიერთობების ნორმალიზებას აფერხებს, ეს ძალები წინა ხელისუფლების დროსაც მოქმედებდნენ?

_ ერთ კონკრეტულ ფაქტს გავიხსენებ და დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. 2004 წელს, როდესაც თანამდებობა დავტოვე, რამდენიმე თვეში, თუ არ ვცდები, ეს იყო 2005 წელი, ჩავედი სოხუმში. იქ, რა თქმა უნდა, მელოდებოდნენ და კარგადაც მიმიღეს. შევხვდი იმჟამინდელ პრეზიდენტ ბაღაფშს და ამ შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ 2004 წლიდან მხარეებს შორის, პრაქტიკულად, ყველანაირი თანაშრომლობა შეწყდა. ეს იყო ნათქვამი იმ კონტექსტში, რომ ურთიერთობების აღდგენა გარკვეულ დონეზე აუცილებლად უნდა მომხდარიყო… სხვათა შორის, ამის შემდეგ მქონდა ბედნიერება, იქ ჩამეყვანა ესტონეთის ელჩი საქართველოში და გავმართეთ შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტთანაც. მაშინაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის, პრაქტიკულად, შეწყდა ყველანაირი თანამშრომლობა და უნდა აღმდგარიყო, მაგრამ ლაპარაკი დარჩა ლაპარაკად, იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრების გაგრძელება აღარ მოისურვა. რატომ და რის გამო, შეფასებებისგან თავს შევიკავებ, ეს იყო 2007 წელს, ერთი წლის შემდეგ კი, 2008 წლის აგვისტოში, რაც მოხდა, ყველამ ვიცით…

_ ხელისუფლების პოზიცია, წინასიც და ამჟამინდელისაც, უცვლელია, _ მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით შეიძლება. ასე უპასუხა თავის დროზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პუტინის განცხადებას, რომელიც საქართველოსთან დიალოგისთვის მზადყოფნას შეეხებოდა. ასეთი მიდგომები მომგებიანია დღეს ჩვენთვის და რა არის ამ ვითარებიდან გამოსავალი?

_ ერთი რამ აშკარაა: რა მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს დღეს საქართველოს, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოგვარების, მასთან შეთანხმების გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი ილუზიაა. აი, ასეთია ჩვენი ობიექტური მოცემულობა, რომელიც არ იცვლება და, ალბათ, კარგა ხანს არ შეიცვლება, ამიტომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ; ეს ერთიმეორეს გულისხმობს _ დაიწყება აფხაზებთან რეალურ შედეგზე ორიენტირებული დიალოგი _ ე.ი. რუსეთთან მიღწეულია შეთანხმება, მოგვარდება რუსეთთან ურთიერთობა _ ე.ი. იქნება აფხაზებთან დიალოგი. თუმცა აქ აღსანიშნავია ისიც, რომ თვით რუსული მხარეც უამრავ შეცდომას უშვებს საქართველოს მიმართ. ამას ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსიც აღიარებს. რაც შეეხება გამოსავალს, ცხადია, ძალიან რთულია ერთი ხელის მოსმით შეცვალო ყველაფერი, როცა რეგიონში ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ იდეაში ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს ამოსავალ წერტილს საკუთარი ინტერესები უნდა წარმოადგენდეს. საქართველო, რა თქმა უნდა, არ არის დიდი მოთამაშე და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ პოლარიზებულ მსოფლიოში, სადაც ყველა საკუთარი გავლენის გასაფართოებლად იბრძვის, საქართველო არ უნა იქცეს დიდი გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესთა შეჯახების წერტილად. ეს გამოიწვევს იმას, რომ აქ ყველა საკუთარ მიზანს მიაღწევს, საქართველო კი დარჩება უკუსვლის გზაზე. საბოლოოდ ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ დაკარგულის დაბრუნება კი არა და, რაც გვაქვს, იმასაც სამუდამოდ დავკარგავთ

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here