მთავარი საზოგადოება გიორგი გოგოლაშვილი: ხომ არ სჯობს, ისევ სვანური და მეგრული ენების შესწავლის, მოვლისა...

გიორგი გოგოლაშვილი: ხომ არ სჯობს, ისევ სვანური და მეგრული ენების შესწავლის, მოვლისა და პატრონობის პროგრამები შევადგინოთ და იქვე გამოიკვეთოს სკოლაში სწავლების აუცილებლობაც და საჭიროებებიც

“მეცნიერების პოლიტიზება მეცნიერებასაც დაღუპავს და პოლიტიკასაც”

362
გააზიარეთ

ამა წლის 14 აპრილს, ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლებში მეგრული და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივამ ქართველ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დროულად, მართებულად და საჭიროდ მიაჩნიათ ქართული ენის სპეციალისტებს ეს წინადადებაგვესაუბრება ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:

_ მოდი, გავიხსენოთ, რა საბედისწერო აღმოჩნდა ქართული ენისთვის XXI საუკუნე; გავიხსენოთ არაერთგზის თქმული: მე-3 ათასწლეულის კარიბჭესთან (2004-2005 წლებში) ქართული ენის მიმართ გატარდა უმკაცრესი სამთავრობო ღონისძიებანი”:

* გააუქმეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია;

* გააუქმეს პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი;

* გააუქმეს ენის სახელმწიფო პალატა;

* გაქრა (“დაიკარგაო”) პარლამენტში განსახილველად შეტანილი “ენის კანონ-პროექტი”;

* გააუქმეს ყველა ჟურნალი და გაზეთი, რომლებიც ქართულ ენას ეხებოდა;

* გააუქმეს ყველა ტელე და რადიოგადაცემა ქართული ენის შესახებ;

* შეამცირეს სკოლებში ქართული ენის საათები…

პირველ კლასში ქართული ენის საათები გაუყვეს უცხო ენას…

* გააუქმეს სავალდებულო-საუნივერსიტეტო საგანი “ქართული ენა” (ქართული მეტყველების კულტურა), რომელიც ისწავლებოდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში არაჰუმანიტარულ სპეციალობებზე…

თითქოს დრო იხელთესო, “სამთავრობო ღონისძიებებს” შემდეგ მოჰყვა “კერძო უწყებრივი ინიციატივები” (დაგეგმილი თუ “გაუთვალისწინებელი”) და ჩვენს უნივერსიტეტებში ამ ტალღამ (ერთგან “ნაცტალღაც” ვუწოდე) თავისი “ცოდვილი ხელი” მკაცრად ჩასჭიდა ქართულ ენას (დიახ, ეს ის ცოდვილი ხელია, ილია რომ გვაფრთხილებდა: “ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო!”)…

და ამსამთავრობო თუ კერძო ღონისძიებებმაქართული ენის ცოდნის დონე კატასტროფულად დასცა; ეს ჩაიწერა კიდეც 2021 წლის დეკემბერში მთავრობის მიერ დამტკიცებულსახელმწიფო ენის სტრატეგიაში”:

“ქართული ენის ცოდნის დონე მოსწავლეებში საკმაოდ დაბალია. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო კვლევებიც. პიზის (PISA) კვლევების 2018 წლის მონაცემების მიხედვით, 79 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს 280 ქულა აქვს, რაც ძალიან დაბალი შედეგია (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018, 2020)” ( “სახელმწიფო ენის სტრატეგია”, გვ. 43)…

_ ბოლო ათწლეულში სასიკეთო სამთავრობო ღონისძიებებიც განხორციელდა ამ მიმართულებით

_ ნამდვილად: 2004-2005 წლებში გატარებულ “სამთავრობო ღონისძიებათა” შემდეგ წინგადადგმული ნაბიჯი იყო სახელმწიფო ენის კანონის მიღება (2015 წ.); კანონის ამოქმედება დიდწილად დამოკიდებული იყო სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნაზე; დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეიქმნა სახელმწიფი ენის დეპარტამენტი (2017 წ.), რომელსაც უნდა შეემუშავებინა ქართული ენის ეროვნული პროგრამა; როგორც იქნა (ესეც დაგვიანებით) შეიქმნა მსგავსი დოკუმენტი (2021 წ.); ეს არ არის ეროვნული პროგრამა, ვთქვი, მსგავსი-მეთქი, მაგრამ… საქმე ისევ იგვიანებს… სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს… მაგალითად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, სტრატეგიული გეგმის საფუძველზე მივმართე არაერთ ინსტანციას, თუნდაც ეს ერთი საკითხი მოეგვარებინათ: ეზრუნათ უკანონოდ გაუქმებულიქართული ენისსაუნივერსიტეტო კურსის აღდგენაზეპასუხი უცნაურია, თითიდან გამოწოვილსა ჰგავს _ თურმესამინისტრო იცავს უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპს, რომლის გამოც ის ვერ უკარნახებს ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელს კურსის დამატებას ან ამოღებას”…

რა გამოდის, სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემურ საკითხს სახელმწიფო კი არ წყვეტსკანონისადასტრატეგიისშესაბამისად, არამედ რომელიღაც რექტორი თუ ლექტორი, რომლებსაც ქართული ენა ნამდვილად არ ადარდებთ…. ქართული რომ სახელმწიფო ენაა და არ არის რიგითი საგანი, ეს ხომ მარტივი ჭეშმარიტებაა და არ არის ამა თუ იმ რექტორისა თუ ლექტორის გადასაწყვეტი მისი არსებობის საკითხი. რა გამოვიდა: მივიღეთ სახელმწიფო ენის კანონი, დავამტკიცეთ სახელმწიფო ენის სტრატეგია, შევქმენით სახელმწიფო ენის დეპარტამენტიც და… სახელმწიფო ენა მაინც უპატრონოდაა… რა თქვა, იცით, ანა კალანდაძემ? _ “ენას თუ პატრონი არა ჰყავს, ბატონი გაუჩნდებაო,” დავღუპავთ ენას

სახელმწიფო ენის ეროვნული გეგმის მიხედვით სწავლების პრობლემა არ მოგვარდება და გაგრძელდება “განათლების დონის დაცემა მიზანმიმართულად”

_ რა იტყვით პრეზიდენტის ინიციატივაზე _ მეგრული, ლაზური და სვანური ენების სკოლებში სწავლების შესახებ. ამ ინიციატივამ არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია საზოგადოებაში. არადა, ეს ენები დაღუპვის პირასაა

_ ეს ძალიან ფაქიზი და, ზოგ შემთხვევაში, მტკივნეული საკითხია. როცა ასეთი განცხადება კეთდება, თემა სერიოზულად უნდა იყოს მომზადებული. რადგან ამ საქმის შორიდან მაყურებელი არ ვარ, შემიძლია გითხრათ: ეს საკითხი მომზადებული არ არის ჩვენთან და გეტყვით, რას ვგულისხმობ.

2015 წელს მივიღეთ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, რომელშიც მეგრულისა და სვანურის თაობაზე წერია: სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ქართველურ ენათა და კილოთა შენარჩუნებასა და შესწავლაზე, როგორც სახელმწიფო ენის სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს პირობაზე” _ აი, ეს არის კანონის ფორმულირება. კანონი ასე ხედავს სვანურსა და მეგრულს. ეს იმას ნიშნავს, რომ, რადგან, ეს ენები ქართულის სიცოცხლისუნარიანობის პირობაა, ამ პუნქტის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თავის დროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველური ენების შესწავლის, განვითარებისა და სწავლების პროგრამა უნდა შექმნილიყო ან სწავლულებისაგან შემდგარი კომისია უნდა შეკრებილიყო და ემსჯელათ, რა საჭიროებები, რა შესაძლებლობები გვაქვს ამისათვის. არსებობს კითხვები, რომლებსაც ჯერ პასუხი უნდა გაეცეს და მერე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სკოლაში ამა თუ იმ საგნის შეტანის თაობაზე.

ერთი სიტყვით, კანონში რაღაც ჩაიწერა და გაჩერდა. ამაზე, უწინარესად, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უნდა ზრუნავდეს. მით უფრო, რომ ქართულისა და ქართველური ენების შესწავლისა და სწავლების საკითხების მოგვარება დეპარტამენტს სამსახურეობრივად ევალება. კანონი მივიღეთ 2015 წელს, დეპარტამენტი დაგვიანებით შეიქმნა 2017 წელს, 5 წელია, არსებობს და რა გამოვიდა? _ არც კანონი მუშაობს და არც დეპარტამენტი. იქნებ ამაზე ეფიქრა პრეზიდენტს! მოდი, ესეც ვთქვათ _ ეს საკითხი, უპირველესად, განათლების სამინისტროსა და პარლამენტის განათლების კომიტეტს ეხება. მათთან უნდა მოეთათბირა პრეზიდენტს, სანამ საზოგადოების ემოციების მოსასინჯად გაკეთდებოდა განცხადება… და კიდევ _ სპეციალისტებს მოთათბირებოდა, როგორი მზადყოფნაა ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ნიადაგი ხომ უნდა მომზადდეს?

ნებისმიერ მსგავს საკითხს ყოველთვის ეყოლება მომხრეც და მოწინააღმდეგეც; მთავარია, ან იმ მომხრეებს რა არგუმენტები აქვთ, ან მოწინააღმდეგეებსმით უმეტეს, როცა დისკუსია დილეტანტების დონეზე მიმდინარეობს. შეიძლება პრობლემის გადაწყვეტაზე პრეტენზია ჰქონდეს კაცს, ჭანური და ლაზური ორი ენა რომ ჰგონია? ჩვენ გვიყვარს ემოციების დონეზე საკითხების განხილვა, მაგრამ, როგორც კი კითხვა ჩნდება, პასუხს ყველა თავს არიდებს

კიდევ ერთი საყურადღებო აქცენტი, რომელსაც განმარტება სჭირდება: დღეს სოციალურ ქსელში ბრალდებაც კი ისმოდა, რომ საქართველოში ქართველური ენებისა და დიალექტების გარჩევა ჭირს. ესეც ემოციურ დისკურსს უნდა მივაწეროთ, თუ აქვს ამ აზრს საფუძველი? ეს იმიტომ ხდება, რომ ყველას აქვს პრეტენზია ყოვლისმცოდნეობისა. ადრეც იყო ეგ საკითხი. დაახლოებით, 20-25 წლის წინათ წამოწიეს, რომ თითქოს ენასა და დიალექტს ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან, რომ სვანური და მეგრული ქართულის დიალექტია, ისეთივე, როგორც, მაგალითად, იმერული, კახური, ხევსურული და ა.შ. ესეც ხომ გამოგონილი (პოლიტიზებული) თემა იყო მაშინ? მოდი, კითხვა ასე დავსვათ _ ქართულ ენათმეცნიერებას მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ავტორიტეტი რომ აქვს, ეს წყალობაა ჩვენი კლასიკოსებისა: აკაკი შანიძის, არნოლდ ჩიქობავას, ვარლამ თოფურიას, ქეთევან ლომთათიძის, გიორგი როგავას, თამაზ გამყრელიძისა და სხვა მრავალთა. ჩაიხედეთ მათ ნაშრომებში. ვინ უპირისპირდება? მოკლედ, არ არის ეს მეცნიერულად დაყენებული საკითხი. პოლიტიკა შემოერია. მეცნიერების პოლიტიზება კი მეცნიერებასაც დაღუპავს და პოლიტიკასაც.

ისევ პრეზიდენტის ინიციატივას დავუბრუნდეთ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ რუსიფიკაციის ორასწლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიური ოჯახის ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ამ საფრთხის თავიდან აცილების მცდელობად მიიჩნევა სკოლებში მეგრული და სვანური ენების სწავლების პერსპექტივაც, მაგრამ არის კი ეს პრობლემის მოგვარების რეალური გზა?

ეს არის კითხვა, რომელსაც მანვე უნდა უპასუხოს, ვინც საკითხი დასვა საერთოდ. მე არ მგონია, რომ ეს საშველია. იცით, რა? საუკუნენახევრის ისტორია აქვს ეროვნულ სკოლას და ამით დავიწყეთ საუბარი, რომ ქართულის სწავლება კატასტროფულ მდგომარეობაშია ამ ახალ ინიციატივაზე ძალიან მარტივი პრაქტიკული კითხვები დავსვათ: რა კადრები გყავს? ვინ ასწავლოს? რით ასწავლოს? როგორ ასწავლოს და ა.შ. _ ეს საკითხები მოგვარებულია? უაზროდ და უსისტემოდ დაწყებული საქმე თავშივე წამხდარია. სანამ ეგ საკითხები მოგვარდება, რამდენი წელი გავა? ხომ არ სჯობს, ისევ ამ ენების შესწავლის, მოვლისა და პატრონობის პროგრამები შევადგინოთ და იქვე გამოიკვეთოს სკოლაში სწავლების აუცილებლობაც და საჭიროებებიც; გზებიც დავსახოთ ამისათვის?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here