Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი გოგოლაშვილი: ვინც განათლების სისტემა დაანგრია, უნდა დაისაჯოს

გიორგი გოგოლაშვილი: ვინც განათლების სისტემა დაანგრია, უნდა დაისაჯოს

განათლების მინისტრობიდან სტუდენტობამდე

2563
გიორგი გოგოლაშვილი

2017 წლის 14 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. დიდი ხანია, ქართველი საზოგადოება განათლების მინისტრებისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი, მათგან ახალსა და კარგს არაფერს ელის. ყოფილი მინისტრები თითქოს მიზანმიმართულად ანგრევდნენ სისტემას, შემდეგ ტრაბახით გვამცნობდნენ, რომ რეფორმა წარმატებული იყო და სასწავლებლად უცხოეთში მიემგზავრებოდნენ.

ყოფილი მინისტრების შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ნამდვილად ღირს გახსენება ალექსანდრე ჯეჯელავასი, რომელმაც თავი ქართული ხალხური ზღაპრების ძაგებითა და სკოლებში ვაშლების დარიგებით დაგვამახსოვრა. ამბობენ, ჯეჯელავა ბავშვების გონებისა და ჯანმრთელობის ვაშლებით გაუმჯობესების ინიციატივას შეეწირაო

მიხეილ ჩხენკელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ვიცით მხოლოდ ის, რომ უცხოეთში მოღვაწეობდა, კარგი სპეციალისტია, საუკეთესო მათემატიკოსი.

ახალი წელი ახალმა მინისტრმა საინტერესო ინიციატივებით დაიწყო და საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო. “მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი, ყველა სკოლაში უნდა იყოს”, _ განაცხდა მან და იქვე შეეხო მეორე საკითხსაც: “უნივერსიტეტების რაოდენობა შემცირდება. გვყავს ავტორიზაციის საბჭო, პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული, და ეს იქნება ობიექტური შეფასების პროცესი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა თქვას სიმართლე; უნდა ვუთხრათ ყველა აბიტურიენტს, მშობელს, საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, სადაც წამყვანი მხარე არის განათლების ხარისხი”.

განათლების მინისტრის ამ ინიციატივას როგორ შეხვდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სკოლებშიმე და საზოგადოებისშეტანას ითხოვდა, ან რა მოხდება, თუ მართლა გაუქმდება ესოდენ მოჭარბებული უნივერსიტეტების უმრავლესობა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გვესაუბრება.

_ რელიგია, როგორც არჩევითი საგანი, ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდესო, _ განაცხადა განათლების ახალმა მინისტრმა

_ განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის დანიშვნა გასული წლის საუკეთესო მოვლენა იყო. ძლივს ვიხილეთ პროფესიონალი, საქმის მცოდნე, გამოცდილი და, რაც მთავარია, განათლების სისტემის ერთგული მუშაკი.

მისი ყველა განცხადება ყურადსაღებია, კარგად უნდა შევისწავლოთ, რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რელიგიის სწავლება უნდა დაიწყოსო.

არაერთხელ გვქონია დისკუსია, რა გავლენას ახდენდა რელიგიის სწავლება და სკოლებში რელიგიური კუთხეების არსებობა მოზარდებზე. შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი მოიშალა სკოლებში, ვმსჯელობდით იმაზე, რა უარყოფითად იმოქმედა ამან ბავშვების აღზრდასა და ფსიქიკაზე. სამწუხაროდ, ამ საკითხზე კვლევაძიება არავის ჩაუტარებია. რწმენისა და ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება აუცილებელია. როდესაც რწმენა დააშორეს ცოდნას, ამან მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოიტანა.

მინისტრის ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება მსჯელობის საგანი, არავის უნდა მიეცეს პროვოკაციის საშუალება.

_ რას გულისხმობთ პროვიკაციაში?

_ მგონია, რომ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონენი წამოყოფენ თავს და იტყვიან, რომ ერთი რომელიმე რელიგიის სწავლება დისკრიმინაციაა. ამიტომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ უნდა მოგვარდეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები და რელიგიის სწავლება მხოლოდ რჯულის კანონისა და ქრისტიანული რელიგიის საფუძვლების სწავლება არ უნდა იყოს, არამედ ისწავლებოდეს ზოგადად რელიგიის საფუძვლები გარკვეული აქცენტებით. ამ საგნის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამგვარი საგნის სწავლების აუცილებლობას ნამდვილად ვხედავ. ვიმედოვნებ, მინისტრს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ნაფიქრი აქვს და დაველოდოთ, რა ფორმით მოხდება ამ საგნის შეტანა სასკოლო პროგრამაში.

_ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ქვეყანას განათლების მინისტრებში, ასე ვთქვათ, არ უმართლებს, ზოგი მათგანის ფსიქიკური მდგომარეობაც კი საეჭვო იყოვერ გამჩნევთ დიდ ენთუზიაზმს, აქებთ ახალ მინისტრს, მაგრამ დიდად დარწმუნებული არ ხართ

_ განათლების სისტემაში მოყვანა ისეთი ოდიოზული ფიგურებისა, როგორებიც გვყავდა, დამღუპველი აღმოჩნდა ამ სისტემისთვის. სათქმელადაც სირცხვილია, მაგრამ, რომ არ თქვა, არ შეიძლება… სასჯელაღსრულების სამინისტროდან გადმოჰყავდათ მინისტრები განათლების სისტემაში და მათ არც ის საქმე იცოდნენ, საიდანაც მოდიოდნენ და განათლებისა ხომ არაფერი გაეგებოდათ. განათლების სისტემისადმი ასეთმა აგდებულმა დამოკიდებულებამ კატასტროფამდე მიგვიყვანა.

განათლების სისტემის, მომავალი თაობების გულშემატკივარნი ბევრს ვსაუბრობდით ამ თემაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ ისმენდა, რადგან სფეროს არაპროფესიონალები განაგებდნენ. ჩემი სკეპტიკური განწყობაც ამის ბრალია. მინისტრი, შესაძლოა, კარგი იყოს, მაგრამ სამინისტროს ძირითად სამსახურებში რჩებიან და მუშაობას განაგრძობენ ადამიანები ისეთივე სულისკვეთებით, როგორითაც ათითხუთმეტი წლის წინათ იყვნენ განმსჭვალულნი, ანუ ადამიანები, რომელთა ინტერესებშიც განათლების სისტემის დანგრევა იყო. სიახლეები, ცხოვრებისეული გამოცდილებით მიღებული შედეგები განათლების სისტემაში არ ინერგება.

განათლება უფაქიზესი უზარმაზარი სფეროა და, სამწუხაროდ, ამ სისტემის სწორი და მიზანმიმართული აღორძინება არ ხდება. გაუნათლებელი, ადვილად მოსატყუებელი, ცხვარივით უსიტყვოდ მორჩილი საზოგადოება არ არის ძლიერი ქვეყნის აშენების გარანტი.

_ თითქმის ვიქეცით გაუნათლებელ, უსიტყვოდ მორჩილ საზოგადოებად. გაქვთ იმედი, რომ ვითარება გამოსწორდება და განათლების სისტემა დადგება სათანადო დონეზე?

_ გამოსწორებას თუ მოინდომებენ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მთავარია, ჰქონდეთ კეთილი ნება განათლების სისტემის სერიოზული რეფორმისა, უნდა გამოასწორონ დაშვებული შეცდომები, უნდა დაიწყონ ცვლილებები.

ათეული წლებია, ვსაუბრობთ სახელმძღვანელოებზე, შესაცვლელია ყველა სახელმძღვანელო, აუცილებელია, განაცალკევონ ქართული ენა და ლიტერატურა, მაგრამ შედეგებს ვერ ვაღწევთ. ჯიუტად გაიძახიან თავისას და არ არსებობს ნება უკეთესის შექმნისა და უკეთესი სწავლებისა, რაც უბედურებაა. გამოსწორება შეიძლება, თუ სპეციალისტებს მოუსმენენ. რაც დრო გადის, პროცესი რთულდება, ძნელდება. ათი წლის წინათ რომ დაწყებულიყო პრობლემის მოგვარება, ახლა ხომ დასრულებული იქნებოდა?

მომწონს მინისტრი, თუ ასე მსჯელობს და ასეთი ინიციატივები აქვს, მაგრამ მგონია, რომ ქვეყნის დასაღუპავად გაჩენილი არასამთავრობოები, ცალკეული პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ფიგურები აყვირდებიან და ისევ ხელახლა დაიწყება მსჯელობა: შეიტანონ თუ არა სკოლებში რელიგიის ისტორია. მინისტრის ინიციატივა კი, შესაძლოა, ინიციატივად, სურვილად, ოცნებად დარჩეს და არაფერი შეიცვალოს.

_ მინისტრი, აგრეთვე, ამბობს, რომ ქვეყანაში ბევრი უნივერსიტეტია, მაგრამ ისინი განათლების მაღალ ხარისხს ვერ უზრუნველყოფენ

_ ამ საკითხშიც მართალია მინისტრი. ძალიან ბევრი უნივერსიტეტი და სასწავლებელია, ქვეყანაში ამდენი სპეციალისტი არ გვყავს. თუკი ვინმე ნორმალური სპეციალისტია, ისეთ გადარბენაზეა სასწავლებლებში, რომ ვერ იცლის ხარისხიანი სწავლებისთვის. ღრმა და საფუძლიან სწავლას სიმშვიდე სჭირდება. ასე რომ, ქვეყანაში კადრების ნაკლებობაა და სჯობს, იყოს ერთი უნივერსიტეტი და სწავლის ხარისხი ავამაღლოთ. კიდევ გავიმეორებ: მომწონს მინისტრის ეს ინიციატივა, მაგრამ ამასაც მოჰყვება ვნებათაღელვა და, როგორ მოხერხდება ამ რეფორმის გატარება, წარმოდგენა არ მაქვს.

რამდენიმე ხნის წინათ ვსაუბრობდით წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ კონკურსებზე, ვთქვით, რომ იყო არასამართლიანი, პოლიტიზებული, რომ პროფესორები ხდებოდნენ დაუმსახურებლად და ამაზე ახალმა მინისტრმაც ისაუბრა, მაგრამ, როგორ მოახერხებს ამ საკითხის მოგვარებას, არ ვიცი, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაც აუცილებელია.

_ ვთანხმდებით იმაზე, რომ განათლების სისტემა დაანგრიესროგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს თუ არა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სკოლებში, თანაც, დაწყებით კლასებში, ესწავლებინათ საგანიმე და საზოგადოება”, და ამით მოსახლეობისა და სპეციალისტების უდიდესი ნაწილის აღშფოთება გამოიწვიეს?

_ ვინც განათლების სისტემა დაანგრია, უნდა დაისაჯოს, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლებაც უწყობდა ხელს, ხელისუფლებაც უარყოფდა საზოგადოებისა და სპეციალისტების აზრს და, აქედან გამომდინარე, საეჭვოა, ვინმე დაისაჯოს.

ისე კი, ყველა დასასჯელია. უნდა დაისაჯონ ის მინისტრებიც, რომლებმაც დააქციეს სისტემა. წესით, საქმის გამფუჭებელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენ, დიდი ხანია, პასუხისგების მექანიზმები არ გაგვაჩნია. იმის ნაცვლად, რომ მინისტრები მოხსნის შემდეგ დაესაჯათ, ვისმენდით, როგორი წარმატებული იყვნენ და როგორი მნიშვნელოვანი და აუცილებელი რეფორმები გაატარეს განათლების სისტემაში. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებოდით მათ არასწორად ჩატარებულ კონკურსებზე, სახელმძღვანელოების არასწორ გრიფირებაზე, მაგრამ გვპასუხობდნენ, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა.

კარგი იქნება, თუ ახალი მინისტრი შეცვლის კადრებს. ჯერ ახალი მოსულია და ვერ მოასწრებდა, წლის ბოლო იყო, შემდეგ დასვენების დღეებმა მოუსწრო. მოკლედ, ვაცადოთ.

_ იმედოვნებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი უკეთეს განათლების სისტემას შექმნის?

_ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ, მინისტრობას როდესაც დაასრულებს, სასწავლებლად უცხოეთში არ წავა, ამას მაინც გადავრჩებით. სხვა მინისტრები ყველა გავუშვით სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც სისტემა დაღუპეს. ესეც ხომ პარადოქსია _ განათლების მინისტრობიდან სტუდენტობამდე

ახალ მინისტრს თავს დაესხმებიან, მაგრამ, როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობს: “ჩვენში საქმის კეთება ძნელია, მაგრამ უფრო ძნელია გაკეთებული საქმის დაცვა გამფუჭებლებისგან”.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here