Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ბერეჟიანი: როდესაც ვნახე, როგორ მოიმატა ფასებმა “ფარმადეპოში”, მივხვდი, რომ ბიძინაც ჩვეულებრივი...

გიორგი ბერეჟიანი: როდესაც ვნახე, როგორ მოიმატა ფასებმა “ფარმადეპოში”, მივხვდი, რომ ბიძინაც ჩვეულებრივი ხარბი ბიზნესმენია

2103
გიორგი ბერეჟიანი

რუბრიკის სტუმარია თბილისელი გიორგი ბერეჟიანი, რომელიც ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე გვესაუბრება.

_ ვუმზერ საკუთარ თავს და მეცინება ჩვენს მიამიტობაზე. ყველა იმ ადამიანს ვგულისხმობ, რომლებიც ჩემსავით გულუბრყვილო აღმოჩნდა და ენდო “ქართულ ოცნებას”. რასაკვირველია, არ მქონდა ილუზია, რომ “ქართული ოცნების” წევრები, ყველა, უანგარო და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები იყვნენ. “ოცნების” მოძრაობაში ვიყავი თავიდანვე, მაგრამ, როგორც კი პარტიად გადაკეთდა და ქართული ვაზელინის საშინელი სუნი ვიგრძენი (ქართული ვაზელინი ხომ განსაკუთრებულად ყარს), მაშინვე დავტოვე იქაურობა. ბიძინას იმედი მქონდა, მჯეროდა, რომ წინამორბედებს არ ჰგავდა, მაგრამ, როგორც ჩემმა მეგობარმა, სააკაშვილის რეჟიმს შეწირულმა გენიალურმა ადამიანმა თქვა: “სადაც გულია, იქ ფულს რა უნდა?! სადაც ფულია, იქ კი გულს?!” ბიძინა ფულიანი, მაგრამ გულიანი მეგონა _ არ ყოფილა ასე!

ხომ გახსოვთ, როგორ მუშაობდა მიშას კუდი და სოდი? არ გამკვირვებია, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მითხრა, _ ჩვენთან ადამიანების 99% ან მიშას მიერ არის დაშანტაჟებული, ან შემოგზავნილიო. მის სიტყვებში მაშინვე დავრწმუნდი, როგორც კი ღარიბაშვილმა თაროზე შემოადებინა ზურა ვაზაგაშვილის საქმე, ხოლო მისი მკვლელები დააწინაურა. შს მინისტრად კი დასვა ის, ვინც ერთ-ერთი წარმატებული ჯალათი იყო ჩვენი ცემისას 26 მაისს.

2008-ში მიშას ჯოჯოხეთურ ციხეში მომიწია ჯდომა. მხოლოდ ექვს თვეს ვიჯექი, რაც საკმარისი აღმოჩნდა, იქიდან მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსით რომ გამოვსულიყავი. გეფიცებით, თავს უხერხულად ვგრძნობ ჩემი ასაკის ადამიანებთან, ძირითადად, უმუშევრებთან, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ, იმ ასი ლარის გამო, რომელსაც მე ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ის ფული წამლებზეც არ მყოფნის. ამ “ოცნების” მინისტრები კი, რომლებსაც ჩემზე ორმოცდაათჯერ მეტი აქვთ, არანაირ დისკომფორტს არ განიცდიან, როცა თავიანთ თავს ათი ათასობით ლარის პრემიას უწერენ.

ეროვნული მოძრაობა შეცვალა პროვინციულმა ფაშიზმმა, რომელსაც შევარდნაძის ჭაობი მოჰყვა, შემდეგ იყო “ნაცების” სადისტური ეპოქა, დღევანდელობას კი “ფარჩაკი ღორების” ეპოქას ვუწოდებდი. 1930-იან წლებში შეერთებულ შტატებში საბაჟოების შავი ფული სჭარბობდა ქვეყნის ბიუჯეტს, მაგრამ დღეს სად არიან? მოსახლეობამ აიძულა ხელისუფლება, ადამიანებზე ეფიქრა, რაც ჩვენთან გამორიცხულია მარტივი მიზეზის გამო _ ჩვენი ერის წარმომადგენელთა უმრავლესობას არ აქვს ის ორგანო, რომელიც სხვის ტკივილს აგრძნობინებს, ანუ არ აქვს სოლიდარობის განცდა.

გემახსოვრებათ, ბიძინას დაპირება: “მე აფთიაქის ქსელს გავაკეთებ და მოვსპობ მონოპოლიებს წამლების ბაზარზე”. გააკეთა “ფარმადეპო”, მართლა დაბალი ფასებით, მაგრამ ივანიშვილში სიხარბემ სძლია ადამიანობას და ისიც ჩაება ავადმყოფების ძარცვაში. სიხარბე სინდისს აკარგვინებს ადამიანს. როდესაც ვნახე, როგორ მოიმატა ფასებმაფარმადეპოში”, მივხვდი, რომ ბიძინაც ჩვეულებრივი, ტიპური ხარბი ბიზნესმენია.

მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომლებშიც არ არსებობს შრომის ინსპექცია _ ერთია ვანუტუ და მეორე _ საქართველო. ეს არის სამარცხვინო შედეგი ოლიგარქიული მმართველობის.

თბილისში მოღვაწე დეველოპერებზე გურამ დოჩანაშვილის ფრაზა მახსენდება, რომელიც ცოტა გადავაკეთე: მე ის კაცად არ მიმაჩნია, ვინც შვლის ნუკრის დანახვაზე მწვადებს იხსენებს, ხოლო ნაცების მიერ დამახინჯებულ, უამრავ ჯანმრთელ ხემოჭრილ ქალაქში სიმწვანის დანახვაზე კორპუსს წარმოიდგენს”.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ზოიძემ განაცხადა: მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე ვაპირებთ მსჯელობას და წამლის ფასებზე ევროპული ტიპის რეგულაციების შემოღებასო, რაც ნიშნავს ზღვრული დარიცხვის შემოღებას, ანუ 30%-ის. დღეს კი ზოგ წამალზე დარიცხვა 800-1000%-ია. როგორ წარმოგიდგენიათ, პარლამენტი იმსჯელებს ამ თემაზე, როცა ბიძინაც მაგ ბიზნესშია, ისევე, როგორც მის მიერ პარლამენტში დასკუპებული მონოპოლისტი ოქრიაშვილი? ქუჩაში ჰკითხეთ ხალხს, ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებენ “ოცნებას”, ყველა გეტყვით _ “ღორები”.

_ სხვაობას თუ ხედავთ წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების იდეოლოგიაში?

_ იდეოლოგიაში ჯერ არის სხვაობა. ნაცები იყვნენ სადისტი ღორები, ქოცები კი არიან ფარჩაკი ღორები. საბედნიეროდ, ბიძინა არ არის მიდრეკილი, ქუჩაში დახოცოს ახალგაზრდები, მაგრამ ნამდვილად მიდრეკილია, შიმშილით გაწყვიტოს ავადმყოფი, მარტოხელა მოხუცები. “ოცნებამ”, რომელსაც რეიტინგი არ აქვს, ყველაფერი გააკეთა ხელისუფლების მომავალშიც შესანარჩუნებლად, მაგრამ ვშიშობ, დადგება მომენტი, როცა მოსახლეობას ისე გაუჭირდება, რომ მათ ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება, მოუწევთ იდეოლოგიის შეცვლა, ანუ ფინალი ნაცური იდეოლოგია იქნება: ყველაფერზე წავალთ, ოღონდ შევინარჩუნოთ სკამები”.

სლავური წარმოშობის ებრაელი მოღვაწე ლეონოვი წერს: “მონოპოლიების პირობებში ეკონომიკა არ ვითარდება!” მე დავუმატებდი: მით უფრო მაშინ, როცა ბიზნესაქტივობების 80% ბანკებზე მოდის, ანუ არ არის კონკურენტული გარემო, რომელიც გამორიცხავს საშუალო ბიზნესის განვითარებას. მოკლედ, ჩვენ განწირულები ვართ. მოსახლეობა კიდევ მეტად გაღარიბდება, რაც აგრესიას გამოიწვევსოცნებისმისამართით, პასუხად ხელისუფლებას მოუწევს გადასვლა ნაცურ იდეოლოგიაზე. ეს კი არ გაუჭირდებათ, რადგან ხელისუფლება სავსეა პორტირებული სადისტებით.

ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურესად გაჭირვებულია. “ოცნების” მეხოტბეები კი გვიმტკიცებენ, რომ წინ მივდივართ. მათ ვეკითხები: რა ჰქვია იმ ხელისუფლებას, რომლის მაღალი რანგის მოხელეები დღითიდღე მდიდრდებიან მაშინ, როცა მოსახლეობა სულ უფრო ღატაკდება?” მაინტერესებს, რას უპასუხებს ბატონი სესიაშვილი თავის შვილიშვილს, როცა შეეკითხება: “როცა ეს სასახლე ააშენე, მაშინ ხალხის ცხოვრებაც წინ მიდიოდა, ბაბუ?”

_ რატომ ვერ ხერხდება საპროტესტო ტალღის აგორება? ფაქტია, საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება

_ საპროტესტო ტალღის აგორება საქართველოში ურთულესი საქმეა. ყოველთვის ვაპროტესტებთ დაახლოებით ათასი ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს სახეზე ვცნობთ. სამწუხაროდ, ერის მხოლოდ 3%-ს აქვს თანდაყოლილი “ღირსება, რომელიც სიცოცხლეზე მეტია, და სოლიდარობის განცდა”. ერის უმრავლესობისთვის სხვისი ჭირი ღობის ჩხირია. აპროტესტებენ ვაჭრები, რომლებიც დაიჩაგრენ ხანძრის გამო, მაგრამ იგივე ვაჭრები ხმას არ იღებდნენ, როცა გვჩაგრავდნენ მიშას რეჟიმთან მეომრებს. სამწუხაროდ, ერთადერთი შანსი ცვლილებებისა ისევ ბიძინაა. კარგი იქნებოდა, “ბიძინობა” არჩევითი პოსტი რომ იყოს. ავირჩევდით ვინმე უანგარო, ღირსეულს და ის მოაგვარებდა ყველაფერს.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here