მთავარი პოლიტიკა “გივი, ჩვენ ვართ, გივი”, “წლის ყვავილი”, “წლის ჩიტი”, “წლის გიგა ბოკერია”, და...

“გივი, ჩვენ ვართ, გივი”, “წლის ყვავილი”, “წლის ჩიტი”, “წლის გიგა ბოკერია”, და წლის სხვა ნომინაციები

1363
გააზიარეთ
“გივი, ჩვენ ვართ, გივი”, “წლის ყვავილი”, “წლის ჩიტი”, “წლის გიგა ბოკერია”, და წლის სხვა ნომინაციები

წლის ბოლო მოვიდა და შესაბამისად, არაერთი ორგანიზაცია თუ უწყება საუკეთესოებს აჯილდოვებს. საუკეთესოების გამოვლენა სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება, სხვადასხვა მიღწევის გამო და ჩვენც გადავწყვიტეთ, “დავაჯილდოოთადამიანები, რომლებმაც წლეულს თავი გამოიჩინეს. რადგან დაჯილდოება ჩვენია, ნომინაციებიც ჩვენ მოვიფიქრეთ და საუკეთესოებიც თვითონვე შევარჩიეთ. მაშ, ასე:

* “მყისიერად შესრულებული დაპირებისთვის წლეულს ჯილდო გადაეცემა სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონმა სალომემ განაცხადა, “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო” და… ნაციონალებს საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო.

* ნომინაციაში გივი, ჩვენ ვართ, გივი კვლავ ერთპიროვნულად და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საერთაშორისო ორგანიზაცია ნატომ. წინა წლების მსგავსად, ვაკაკუნებთ, მაგრამ არ გვიღებენ და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნატო _ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამ ნომინაციაში სამუდამოდ უკონკურენციო იქნება.

* ნომინაცია წლის მიდება _ გამარჯვებულები არიან ნიკა მელია და თეიმურაზ კუპატაძე. თუ გახსოვთ, პარლამენტარმა და საპატრულო პოლიციის უფროსმა ერთმანეთს შუბლები მიადეს და ამით პირველობა ცხვირწინ ააცალეს ზაზა პაპუაშვილს, რომელმაც იმავე ნიკა მელიასთვის ხელის დარტყმა დააპირა, მაგრამ მხოლოდ “მიდება” გამოუვიდა.

* ზემოთ “წლის შესრულებული დაპირება” ვახსენეთ და ბარემ შეუსრულებელზეც ვთქვათ _ ნომინაციაში წლის შეუსრულებელი დაპირება გაიმარჯვა გიორგი კვირიკაშვილმა, რადგან პარლამენტში ნიკა მელიას დაჰპირდა “რაღაცას”, მაგრამ არ დასცალდა, მოხსნეს.

* ფლორასა და ფაუნასაც მივხედოთ _ წლის ყვავილი გახდა ენძელა მაჭავარიანი, წლის ჩიტი” _ გუგული მაღრაძე, ხოლო ნომინაციაში “წლის გიგა ბოკერია გაიმარჯვა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნომინაციის “ლუკმა გავარდა, ჯამში ჩავარდა”.

* შარშან არ გვქონია და წელს დავამატეთ ნომინაცია წლის ყველაზე მომხიბლავი მამაკაცი”. ამ ნომინაციაში მძაფრი კონკურენცია იყო, მაგრამ საბოლოოდ პირველობა არავის დაუთმო ნიკა მაჭუტაძემ. გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ მისმა თანამოაზრეებმა არჩევანი დაგვიწუნეს და სასამართლოში ჩივილითაც დაგვემუქრნენ, მაგრამ შემდეგ კარგად დააკვირდნენ ბატონ ნიკას და მისი უპირატესობა აღიარეს.

* ნომინაციაში აქა ვგდივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს (ვალების გადახდა) გაიმარჯვა დავით ქაცარავამ, რომელიც ნებაყოფლობით გახდა მესაზღვრე, დგას სოფელ ატოცთან და… იქიდან შემოთვალა, მე სამშობლოს ვიცავ, ბანკის ვალები მაქვს და ის თქვენ გადაიხადეთო. ბევრი არაფერი, საუბარი დაახლოებით 50 ათას დოლარზეა და, აბა, თქვენ იცით.

* ნომინაციაში წლის დაბრალებული პროფესია პირველ ადგილზე უდიდესი უპირატესობით გავიდა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი. ქალბატონო თაკო, პუბლიცისტი არის ლიტერატორი, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე წერს, ოღონდ არა მშობლის მიერ დაარსებულ გაზეთში.

* ქალბატონმა თაკომ ასევე გაიმარჯვა წლის შეძახილში _ აუუ, რამდენი ვართ?!” და ამ შეძახილმა ტალღად გადაუარა ე.წ. მატროსოვის ციხეს და ახალაიას, მერაბიშვილისა და სხვების ყურს საამოდ მიელამუნა.

“მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები, მე შენი თმები დამაბრუნებენ”, _ უთხრა წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ დავით კირკიტაძემ ნიკა მელიას და… სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ საბოლოო განაჩენის გამოცხადების შემდეგ კირკიტაძე მელიას მიაძახებს: “მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებდნენ…” შედეგად, კირკიტამ გაიმარჯვა ნომინაციაშიმირზა გელოვანის პოეზიის მცოდნე და სათანადოდ ვერგამომყენებელი”.

* გრიგოლ ვაშაძე ნომინაციის გარეშე რომ არ დარჩებოდა, ცხადია. მან ერთბაშად რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა, მაგრამ ყველაზე დასაფასებელი მაინც არის ნომინაცია “11 პარტიის მიერ აღიარებული და დამარცხებული პრეზიდენტი”. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ვაშაძემ არჩევნები წააგო, მაგრამ მას თანაგუნდელები “ბატონო პრეზიდენტოთი” მიმართავენ. ახლა მთავარია, ბატონი გრიგოლი ისე არ შევიდეს როლში, რომ მთავარსარდლობა იტვირთოს და ომი გამოაცხადოს, თორემ ჯავშანჟილეტითა და დაცვით კი დადის უკვე. კიდევ ერთი ნომინაცია, რომელშიც ვაშაძე უპირობო ლიდერი გახდა, ვაშაძეებში გამარჯვებაა”. მას კონკურენციას გიორგი ვაშაძე უწევდა, თუმცა გრიგოლმა თითქმის რვაასი ათასი კაცის მხარდაჭერა მიიღო და ნომერ პირველი ვაშაძე გახდა. გრიგოლსვე ეკუთვნის გამარჯვება ნომინაციაში როცა შენს დალალებს ქარი შლის”, რადგან ქარიან ამინდში მისი თმა და ულვაში დროშასავით ფრიალებდა. აქტიური კონკურენცია ვაშაძეს ირაკლი კობახიძემ გაუწია, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ულვაშმა უშველა. აი კობახიძეს ულვაში რომ ჰქონოდა… თუმცა პატარაა ჯერ, ამოუვა და მერე ამ ნომინაციასაც მმართველი გუნდი წაიღებს.

* “წლის ანთებად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ანთებული ფარები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილმა ჩააქრობინა, საახალწლო ნაძვის ხის ანთება იქნა დაჯილდოებული.

* სამაგიეროდ, ინაშვილმაწლის თოვლის პაპის (გნებავთ, სანტა კლაუსის) ნომინაციაში გაიმარჯვა ფრაზით: დაგივლით სათითაოდ დედაბუდიანად”. ვერ გეტყვით, დაარიგებს საჩუქრებს თუ არა ინაშვილი, მაგრამ სათითაოდ და დედა-ბუდიანად დავლა წინასაახალწლოდ სწორედ თოვლის პაპის პრეროგატივაა.

* “წლის საუკეთესო აბაზანის მიმღები გახდა ნიკა გვარამია. მან საჯაროდ და სახალხოდ განაცხადა, ყელამდე მძღ…რში ვარო და როგორ შეიძლებოდა, არ დაგვეჯილდოვებინა?! ნიკას აბაზანის შემხედვარეს, არ შეიძლება რუსთაველი არ გაგახსენდეს: “კოკასა შიგან რაცა დგას…”

* ნომინაციაში საკუთარი ერის მტერი (გაგიკვირდებათ და) გაიმარჯვა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ ორგანომ (ჰო, ორგანომ), ჯერ მარიხუანის მოხმარება დააკანონა, შემდეგ კი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა მოხსნა. შედეგად, შეგიძლიათ ახალ წელს საკონსტიტუციო ორგანოს (ორგანოს-მეთქი) ბოთლებით მარიხუანას ბოლი მიუტანოთ, მერე კი მიწაც მიაყაროთ (თუ, რა თქმა უნდა, უცხოელებისთვის არ იქნება სრულად მიყიდული).

* წლის ნომინაციაში თქვენ იბრძოლეთ, გამარჯვებულზე მე მოვალ _ უპირობოდ და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე მოიგო ტიტული წლის კურდღელი, თუმცა ამ ტიტულს იგი 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც გორში მიწაზე იხოხა, არავის უთმობს და, შესაბამისად, ამ ნომინაციაში მისი გამარჯვება არ გაგვკვირვებია. მანვე გაიმარჯვა ნომინაციაში ბიძიებო, დეიდებო, დამეხმარეთ”, რადგან განაცხადა, რომ ფული არ აქვს და საქართველოდან დედა უგზავნის. ისე, როგორც ჩანს, სააკაშვილს ფულით ბიძიაც ეხმარება (ენაცვალოს ძია), ის ბიძია, რომელმაც დედა აგინა ქართველ ერს და დისშვილს ასწავლა, რომ ქართველები მუდმივ შიშსა და მონობაში უნდა ჰყავდეს. სხვათა შორის, არ იყო ცუდი მოწაფე სააკაშვილი, თუმცა ვერ გათვალა, რომ ქართველების დამონება ჯერჯერობით არავის გამოსვლია და, ადრე თუ გვიან, სახალხო აჯანყება ყოველთვის ქართველთა გამარჯვებით მთავრდებოდა. ყოველთვისმეთქი, ამერიკისა და ევროპის საყურადღებოდაც ვამბობ!

* ნომინაციაში წლის სახალხო არდამცველი გამარჯვებული, უბრალოდ, არ გვყავს. საქმე ისაა, რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი ნაკლებად არის, მხოლოდ ლგბტ თემის ინტერესებზეა გადამკვდარი და შესაბამისად “სახალხო დამცველი” ვერანაირად ვერ იქნება. ხალხს პატრონი როგორც აქამდე არ ჰყოლია, ისე არ ჰყავს დღესაც, თუმცა ლომჯარია ლგბტ-ს მშვიდობაში მოახმაროთ.

* ნომინაციაში აქა ვწევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს გაიმარჯვა კობა ხაბაზმა, რომელიც ველისციხეში პოლიციის მანქანის წინ წამოკოტრიალდა. მართალია, მერე უთხრეს ხაბაზს, ადექი, წელი გაგიცივდებაო, მაგრამ კობა ადგილიდან ვერ დაძრეს. აქაოდა, სად მაქვს წელი, გაგვწყვიტა ხელისუფლებამო. წელში გაწყვეტის ოპოზიციას არაფერი ეტყობა და ეჭვი გვაქვს, თავს იმკვდარუნებს მელიასავით (ოთხფეხა მელიასავით), რათა მერე ფეხზე წამოდგეს და ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცადოს. აი, თუ დაბრუნდნენ, წელის წყვეტა მერე ნახეთ.

* ნომინაციაში აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ გაიმარჯვა გიგი უგულავამ, რომელიც ევროპული საქართველოს გენერალური მდივანია, მაგრამ ნაციონალების აქციებზე აქტიურად დადიოდა. აქაოდა, ამათმა რომ მოიგონ, გემს მიღმა არ დავრჩეო. ამ ნომინაციას ადრე “ერთი ადგილის თამაში” ერქვა, მაგრამ არაკორექტულიაო და სახელიც ამიტომ შევუცვალე.

* რაღა თქმა უნდა, დაჯილდოებას არ ჩაუვლია წლის შალვა ნათელაშვილის გამოვლენის გარეშე. შარშან ამ ნომინაციაში გიორგი გუგავამ გაიმარჯვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩავარდა პროექტი “გუგავა მოვა”, წელს ეს ტიტული სამართლიანად დაიბრუნა შალვა ნათელაშვილმა და გახდა წლის შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტები ქოქოლას რომ მომაყრით, რიგი დაიკავეთ, ერთად ნუ იყვირებთ, ვერ გავიგებ არეულ ხმებს).

* “პური ჩვენი არსობისა” გაძვირდა და შესაბამისად წლის გაძვირების პრემიაც სწორედ მან მიიღო. პრინციპში, პურის გაძვირება ლოგიკური გაგრძელებაა იმ სანახაობისა, რომელიც წინასაარჩევნოდ ვიხილეთ, და, როგორც მოგეხსენებათ, სანახაობა უფასო იყო, ამიტომ პური გაძვირდა.

* ნომინაციაშიჰა, შენ, კიკუ, თუმანი და გაიხადე გაიმარჯვა 5-5 კილო კარტოფილისა და ხახვის დარიგებამ. მოგეხსენებათ, ერთი კილო კარტოფილი ლარი ღირს, ზუსტად იმდენი, რაც ხახვი, და შესაბამისად, 5-5 კილო კი გამოდის თუმანი… (კიკუებმა გაიხადეს).

* დასასრულ, ნომინაციაში წლის სატელეფონო ზარი გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც წინასაარჩევნოდ ყველას (პრაქტიკულად, ყველას) დაურეკა და უთხრა, რომ ხმა ღირსეული კანდიდატისთვის მიეცათ. იმ კანდიდატმა კი გაიმარჯვა, მაგრამ არავინ იცის, წინამორბედის მსგავსად პლასტილინის იქნება თუ ზამთრის წინდებს მოგვიქსოვს. პრინციპში, სიგარეტს ეგ არ ეწევა, ქსოვა რომ დაიწყოს, და არც ათონელის რეზიდენციის ეზოა იმხელა, კარტოფილი რომ დათესოს. მით უმეტეს, კარტოფილი წინასაარჩევნოდ უფასო იყო…

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here