მთავარი საზოგადოება გივი იუკურიძე: ჩვენთან უბრალოდ ლაპარაკობენ საზოგადოების სახელით, ოღონდ ისე, რომ საზოგადოების აზრი...

გივი იუკურიძე: ჩვენთან უბრალოდ ლაპარაკობენ საზოგადოების სახელით, ოღონდ ისე, რომ საზოგადოების აზრი და რეალური განწყობები დავიწყებულია…

2951
გააზიარეთ
გივი იუკურიძე

რამდენიმე დღის წინათ გერმანიის ქალაქ მიუნხენში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დღეს, როგორც არასდროს, მზადაა ნატოს წევრობისთვის. აღნიშნული შეფასება მან საერთაშორისო უსაფრთხოების 56- კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობის შემდეგ გააკეთა და დასძინა, რომ არ იცის, კიდევ როგორ უნდა დააკაკუნოს ქვეყანამ ალიანსის კარზე, როცა ხელისუფლება მისი (ნატოს) წევრობისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა პირობას ზედმიწევნით ასრულებს.

ცნობისთვის: დავით ზალკალიანმა გასული წლის სექტემბერში მაკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზეც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მისი თქმით, მთავრობა და მთლიანად ხელისუფლება, ყველა თვალსაზრისით მზადაა, ამისთვის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას. თუმცა, მიუხედავად ამ რიტორიკისა თუ რეალური პოლიტიკისა, რომელიც ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს იყო დეკლარირებული, ფაქტია და მათ შორის ამას ყველაზე ავტორიტეტული დასავლელი ექსპერტებიც აღიარებენ, რომ ქვეყნისთვის ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს…

რა მიზანს ემსახურება დღეს ხელისუფლების პროპაგანდა, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი, და რა შედეგი მოაქვს რეალურად მსგავს რიტორიკას მმართველი გუნდისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს თუ დავუჯერებთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. მისი თქმით, სამოქმედო გეგმის მოდალობები, რომელიც დროშია გაწერილი, ზედმიწევნით სრულდებარეალურია ეს განცხადებები?

_ მოდი, დავიწყოთ იმით, რომ ბატონი ზალკალიანი არ არის სამხედრო პირი და ლაპარაკობს მხოლოდ პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე. რაც შეეხება მოდალობებს და იმას, რომ თურმე, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ის, რომ მრავალი წელია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი კონტინგენტით ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში. თუმცა ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია და მისი წევრობისთვის მზადყოფნა ამ მისიებში აქტიუტობით არ განისაზღვრება; აქ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტიც, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს, პრაქტიკულად, არ აქვს და ამაზე ალიანსის ხელმძღვანელობა ყოველთვის აკეთებს აქცენტს. სხვა დანარჩენი, ვფიქრობ, პოლიტიკური მოხმარების საგანია და, გამომდინარე აქედან, სად რა განცხადებასა თუ კომენტარს გააკეთებს ბატონი მინისტრი, დიდად მნიშვნელოვანი არ არის. საერთოდ, როგორი წარმატებითაც უნდა სრულდებოდეს მოდალობები, საუბარი იმაზე, რომ აი, ჩვენ, უკვე როგორც ნატოს წევრი, ისე ვმოქმედებთ, ცოტა გადაჭარბებული მგონია. იმიტომ, რომ ნატო დღეს, პრაქტიკულად, არის დახურული ორგანიზაცია, რომელიც არათუ გაფართოებაზე, არამედ, თავის შიდა პრობლემების რეგულირებაზეა მთლიანად ორიენტირებული. მაგალითად, ის, რომ დაფინანსების საკითხზე გარკვეული წინააღმდეგობებია ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის, ან თუნდაც ის, რომ გერმანიისა და საფრანგეთისთვის მიუღებელია ე.წ. გლობალური ნატოს პროექტი. გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ამის შესახებ ანგელა მერკელმა ისაუბრა.

საფრანგეთს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ემანუელ მაკრონმა არც ისე დიდი ხნის წინათ პირდაპირ განაცხადა, _ ნატოს ტვინი კვდომას განიცდისო. აი, ეს არის გადამწყვეტი და, ვფიქრობ, საკითხი ასე კი არ უნდა დავაყენოთ, ვაკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს, მთავარია, ფართოვდება თუ არა თვითონ ალიანსი ერთიანი კონსენსუსით. ფაქტია, რომ არა. ყოველ შემთხვევაში, სამი უმსხვილესი სახელმწიფო _ გერმანია, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები _ ამის წინააღმდეგია; ბალტიისპირეთის ქვეყნები _ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გვიჭერენ თუ არა მხარს, ყველამ ვიცით, რომ არაფერს წყვეტს…

_ თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყნების მხარდაჭერასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

_ ეს უკვე პოლიტიკაა და პოლიტიკაში, ბუნებრივია, სხვანაირად ვერც იქნება, თუმცა ფაქტია: თვითონ ბალტიის ქვეყნებს ნატოს მეხუთე პუნქტი გარანტირებული არ აქვთ…

რაც შეეხება საქართველოს მზადყოფნას ნატოს წევრობისთვის, ხშირად, როცა ამ თემებზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ შეიარაღებული ძალების მომზადებას და ლაპარაკია იმაზე, რომ საჭიროა თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. ეს არასწორი მიდგომაა. საერთოდ, სამხედრო კომპონენტის ცალკე გამოყოფა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საფუძველი არის ქვეყნის ეკონომიკა. ახლა მეორე და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელზეც ყურადღება, ფაქტობრივად, არ მახვილდება _ შეუძლებელია უსაფრთხოების კუთხით რამე წინსვლაზე ლაპარაკი, როცა ქვეყანას თავის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული სტრატეგია არ აქვს და ორიენტირებულია საერთაშორისო მისიებში საკუთარი წვლილის გაზრდაზე. კიდევ ვიმეორებ: ეს რაღაც თვალსაზრისით კარგია, მაგრამ, თუ ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ პრაქტიკულად არ გყავს საჰაერო ძალები, არ გყავს საზღვაო ძალები, არ გყავს მძიმე ტექნიკა და, საერთოდ, თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამაზე მიდის, მაშინ სიკარგეზე, რა თქმა უნდა, ზედმეტია საუბარი. ისე, სიმართლე გითხრათ, არ მიკვირს და ალოგიკურს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ, სრული უპერსპექტივობის მიუხედავად, ხელისუფლების რიტორიკა ნატოში საქართველოს აუცილებლად გაწევრებაზე, უცვლელია. ეს არის ამ (აგრეთვე, მისი წინამორბედის) ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ორიენტირიც, რომელიც მათი ეფექტიანობის ერთგვარი საზომია. გამომდინარე აქედან, მათ არ შეუძლიათ, ბუნებრივია, ასე ერთბაშად თვალი გაუსწორონ რეალობას და განაცხადონ: მორჩა, ვეღარ მიგვიღებენ…

_ პოლიტიკურ დემაგოგიას რა მოაქვს? რა არის ხელისუფლებისთვის შედეგი იმისა, რომ საზოგადოებას სიმართლეს არ ან ვერ ეუბნებიან?

_ არ ვიცი, ეს უკვე ანალიტიკოსების თემაა, მაგრამ ფაქტია: 21-ე საუკუნეში საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერება ძალიან მაღალია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაიზარდა. დღეს, მაგალითად, ძალიან რთულია, საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ მალე ნატოს კარს შევაღებთ, როცა ინტერნეტსივრცეს ელვისებურად ედება, ვთქვათ, მერკელის ან რომელიმე სხვა დასავლელი ლიდერის განცხადება ნატოს გაფართოების მიუღებლობაზე. რაც შეეხება რიტორიკას, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 თუ 80% ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეა და ეს არის ისტორიული არჩევანი, ვფიქრობ, ნებისმიერ ასეთ თამამ გზავნილს საზოგადოების სახელით უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლეგიტიმაცია.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ეს პოზიცია რეალურად უნდა ასახავდეს საზოგადოების განწყობას. ახლა მაინცდამაინც არ ვამტკიცებ, რომ საქართველოს მოსახლეობა ნატოს წინააღმდეგია, მაგრამ ყველაფერს სჭირდება შესწავლა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, ჩვენთან, უბრალოდ, ლაპარაკობენ საზოგადოების სახელით, ოღონდ ისე, რომ საზოგადოების აზრი და რეალური განწყობები საერთოდ დავიწყებულია

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, მისაღებია საქართველოს მოსახლეობისთვის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია?

_ ძნელია, ასე ჰაერზე ამაზე საუბარი, მაგრამ მგონია, რომ განსხვავებით წლებისწინანდელი მდგომარეობისგან, დღეს სკეპტიციზმი გაცილებით მაღალია, თუნდაც იმიტომ, რომ წლებია, უშედეგოდ გვესმის ერთი და იგივე _ ნატოს კარი ღიაა. ვერ შევეტიეთან თუნდაც იმიტომ, რომ 2008 წლის აგვისტოში ყველამ ვნახეთ, რა დაცულებიც ვიყავით. არაფერს ვამბობ სტატისტიკაზე. მოკლედ, ბოლო წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლებების დეკლარირებული პოლიტიკა იყო ალიანსისკენ სწრაფვა და ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის კეთდებოდა ყველაფერი, ქვეყანამ ვერც ერთ კომპონენტში მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ განიცადა _ ვერც ეკონომიკური, ვერც სტრატეგიული, ვერც ტერიტორიული მთლიანობის კუთხით და ა.შ. რაც შეეხება კონკრეტულად თავდაცვასა და შეიარაღებულ ძალებს, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა არ არის სახარბიელო და ეს უკვე ბევრ რამეში თვალში საცემია…

_ მაგალითად?

_ მაგალითად, შევადაროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები სომხეთისას ან აზერბაიჯანისას, გნებავთ _ რაოდენობრივად, გნებავთ _ დაფინანსებით, შეიარაღების დაკომპლექტებითა და საბრძოლო მომზადებით. მათთან შედარებით სუსტები ვართ, სამწუხაროდ. თუმცა აქვე კარგიც უნდა ითქვას და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ პირადი შემადგენლობების ინდივიდუალური მომზადების დონე საკმაოდ მაღალია…

_ ნატოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის, ერთობლივი წვრთნებისა და საერთაშორისო მისიებში აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, რეგიონში ყველაზე სუსტი შეიარაღებული ძალები გვყავს?

_ მოდი, უბრალოდ, სტატისტიკას შევხედოთ: 80-ათასიანი ჯარი ჰყავს სომხეთს, ყარაბახის არმიის გარდა, 120-ათასიანი _ აზერბაიჯანს. რამდენია ჩვენი პირადი შემადგენლობა? _ მათი ნახევარიც არა. არაფერს ვამბობ ტანკების რაოდენობაზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაზე, არტილერიაზე და .. შეფასებებს აღარ გავაკეთებ, უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი: სანამ სახელმწიფოს არ ექნება სწორება თავის სტრატეგიულ ინტერესებზე, რომლებსაც უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის გეოპოლიტიკური სპეციფიკა, რეგიონული პოლიტიკა, ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და .., მანამდე ნებისმიერი მსჯელობა ვითარების არსებითად შეცვლაზე მსჯელობად დარჩება. კი, კარგია საერთაშორისო მისიები, ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, მაგრამ რა დონის მომზადებაც უნდა მოგცეს ამ ყველაფერმა, არ გამოგადგება, თუ იდეაშივე არ არის ჩადებული ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა. დღეს საქართველოს რეალური ინტერესები, ობიექტური ფაქტორებით განპირობებული, გადაწეულია უკანა პლანზე, პრიორიტეტად კი გამოცხადებულია ის, რაც, ფაქტობრივად, არის ილუზია. აი, ამის კვალობაზე ძალიან რთულია მომავალზე საუბარი.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, მნიშვნელობა არ აქვს, მსგავს განცხადებებს ვისგან მოვისმენთ. არ იქნება ბატონი ზალკალიანი, მის ადგილზე მოსული სხვაც იმავე რიტორიკას გააგრძელებს. ეს არ იცვლება და, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ამ მხრივ უახლოეს მომავალში რამე შეიცვლება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. საქართველო არა ნატოში, მაგრამ ნატო უკვე არის საქართველოშო, ოღონდ მე-5 პუნქტის გარეშე: იყენებს ქართველ ჯარისკაცებს თავის ოპერაციებში, აწყობს ნატოს არმიების წვრთნრბს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ დასჭირდა ომისთვის ირანთან, გამოიყენებს საქართველოს აეროდრომებს და ა.შ. ნატოში ყოფნა რაღაა?!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here