Home რუბრიკები პოლიტიკა გივი იუკურიძე: საქართველოს პორტებში აშშ-ის გემების ხშირად გამოჩენას კრემლი რეაგირების გარეშე არ...

გივი იუკურიძე: საქართველოს პორტებში აშშ-ის გემების ხშირად გამოჩენას კრემლი რეაგირების გარეშე არ დატოვებს

“როცა მსოფლიო, პრაქტიკულად, კატასტროფის ზღვარზეა, რაღაც გაუგებარ წვრთნებში მილიონებს არ უნდა ხარჯავდნენ”

1144
გივი იუკურიძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 26 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ახალი გამოწვევებისა, რომლებიც პოლიტიკურ დღის წესრიგში ცვლილებებს გულისხმობს, ქვეყნის უმთავრესი მიზანი კვლავ ნატოსკენ სწრაფვა და ალიანსის სრულფასოვანი წევრობაა. მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ბლოკთან თანამშრომლობა, გაძლიერდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან შავი ზღვის აკვატორიაში მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად: “ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონცენტრირებული მუშაობა ყველა იმ ფორმატში, რომლებიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ეს გახლავთ ნატოსაქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატოსაქართველოს ურთიერთობის არსებითი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ნატოში საქართველოს ინტეგრაციისთვის; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლობით გამოჩენა იყოს უფრო და უფრო ხშირი, სტაბილური…”

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის სუვერენული არჩევანია და იგი რომელიმე პოლიტიკური ცენტრის წინააღმდეგ მიმართული არ არის.

შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში ნატოსა და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის ყველა მცდელობას ოფიციალური მოსკოვის მხრიდან უმწვავესი რეაქცია ჰქონდა ხოლმე. კერძოდ, საპასუხოდ კრემლმა, რომელიც პოტენციურ მოწინააღმდეგედ სწორედ ნატოს ისახავდა, გააძლიერა სამხედრო კონტინგენტი კავკასიაში (მათ შორის სომხეთში განლაგებულ გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაში) და დაიწყო წვრთნები. პარალელურად სერგეი ლავროვმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს ნატოს პოციზიების გაძლიერებას შავ ზღვაში… თუმცა, მიუხედავად ამ გზავნილებისა, რომლებიც, უწინარესად, საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა ყოფილიყო საყურადღებო, “ქართული ოცნების” პოზიცია უცვლელი დარჩა _ ხელისუფლება კვლავ იმეორებს, რომ ნატოსკენ საქართველოს სწრაფვას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო ნატოს შემოსვლა შავ ზღვაში ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა…

არის თუ არა დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და, საერთოდ, დასავლეთი მზად, უზრუნველყოს საქართველოს უსაფრთხოება და რა შედეგების მომტანია რიტორიკა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უფრო ხშირად მიიღოს პორტებში ამერიკის სამხედრო გემები _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ჩვენს პორტებში ხშირად ვიხილოთ ნატოს სამხედრო გემები. რა მიზანს ემსახურება პრემიერმინისტრის ეს განცხადება იმ პირობებში, როცა ალიანსის გაფართოება, ყოველ შემთხვევაში ამჟამად, დღის წესრიგში არ დგას?

_ ამ საკითხზე იმ აუცილებლობიდან გამომდინარე საუბრობენ, რომელსაც დასავლეთის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გულისხმობს. მხედველობაში, უწინარესად, მაქვს ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის ფონზე მივიღეთ და ეს, ალბათ, გასაკვირი არც არის, იმიტომ, რომ ამ მხარდაჭერისა თუ დახმარების ერთ-ერთი პირობა ერთგვარი პოლიტიკური მადლიერების გამოხატვაა. სხვა გათვლა და ამოცანა ამის უკან არ არის. როგორც შეკითხვაში აღნიშნეთ, ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას და კარგა ხანს არ დადგება. არ დადგება თუნდაც იმიტომ, რომ ალიანსის წამყვანი ქვეყნები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადება. მან ჯერ კიდევ 2008 თუ 2009 წელს განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებსაც შიდა კონფლიქტები აქვთ, ვერ მოიპოვებენ ალიანსის წევრობას. აი, ეს არის რეალობა და ამ რეალობას მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებებით ვერავინ შეცვლის. რაც შეეხება შავ ზღვაში ნატოს გემების ხშირად გამოჩენას, ჯერ ერთი, სამ-ოთხ თვეში ერთხელ რამდენიმე გემის გამოჩენა აქ უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას არსებითად ვერ შეცვლის და მეორე _ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატოს სამხედროსაზღვაო ძალების შემოსვლა ალიანსში გაწევრების პერსპექტივასთან მიგვაახლოებს. ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომლის ინტერესიც, ოფიციალურად გაცხადებული პოლიტიკით, პირველ რიგში, არის საკუთარი საზღვრების უსაფრთხოება და მის ამ ინტერესს ჯერჯერობით არ ემთხვევა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა. იმიტომ, რომ ნატოს მიერ საქართველოს გარშემო უსაფრთხოების რკალის შექმნა ნიშნავს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან შეჯახებას. ეს კი თვით ნატოს წევრ სახელმწიფოებს დააყენებს სერიოზული გამოწვევების წინაშე… ისე, ფაქტია, რომ ამ გლობალური პანდემიისა და პანიკის ფონზე, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს, ნატოს ხელმძღვანელობა, ცოტა არ იყოს, უცნაურად იქცევა და რაღაც სწავლებებს ატარებს, მათ შორის, შავ ზღვაშიც.

_ რას გულისხმობთ?

_ რას და იმ დროს, როცა დედამიწაზე ჯოჯოხეთი ტრიალებს და მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, რაღაც გაუგებარ წვრთნებში მილიონებს არ უნდა ხარჯავდნენ. რეალურად ეს არის ძალის დემონსტრაცია და სხვა არაფერი.

_ დასაწყისში პოლიტიკური მადლიერების გამოხატვა ახსენეთ და თქვით, რომ ნატოსკენ სწრაფვაზე გამუდმებით საუბარი, მათ შორის მთავრობის მეთაურის, ამ მადლიერების გამოვლენაა. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს დასავლეთი საქართველოს საშინაო საქმეებშიც უხეშად ერევა, მაგალითად, მართლმსაჯულების პროცესში, რომლის მაგალითიც უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ხომ არ ფიქრობთ, რომქართული ოცნებისმხრიდან პოლიტიკური მადლიერება ხშირად პოლიტიკური მაამებლობის ხასიათს იძენს?

_ არ მინდა, ვინმე შეურაცხვყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ის, რაც თქვენ ახსენეთ, ნამდვილად არის რაღაც არასრულფასოვნების გამოვლენა, რომელიც, უკვე წლებია, ერთგვარ პოლიტიკურ პრაქტიკად იქცა. რომელიღაც პოლიტიკურ ვექტორს ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ საქართველოში უგულებელყოს ყველაფერი, რაზეც დგას დასავლური დემოკრატია. წარმოიდგინეთ, უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე როცა იყო საუბარი, ლამის თითის ქნევით მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მერე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ კონგრესმენს, რომლებიც ხელს აწერდნენ წერილს, ბოლომდე არც ჰქონდათ ის წაკითხული… რა ჰქვია ამას, თუ არა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვა. ახლა წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ სცადოს ვინმემ მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოპოვება, რა მოხდება. სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მის წინააღმდეგ…

_ აქ კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი _ როდესაც ნატოში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, დასავლეთის პირველი პირები (მაგალითად, ტრამპი, მაკრონი, მერკელი და სხვები) აცხადებენ, რომ შიდა ან რეგიონული კონფლიქტების მქონე სახელმწიფოები ალიანსის წევრები ვერ გახდებიან. საპირისპირო რიტორიკა გვესმის შედარებით დაბალი პოლიტიკური რგოლებიდან. რით არის ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები განპირობებული?

_ ვფიქრობ, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ პირველი პირების განცხადებებს უფრო დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ანუ, შეუძლებელია, მაგალითად, ტრამპმა ან მაკრონმა _ დიდი სახელმწიფოების პირველმა პირებმა _ გააკეთონ რაღაც განცხადება და ის არ მიესადაგებოდეს რეალურ პოლიტიკურ ამოცანებს. ახლა რატომ არის ხშირად საპირისპირო, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენისა და ევროპარლამენტარის განცხადება. პირველი და მთავარი: ეს ადამიანები გაცილებით თავისუფალი არიან თავიანთ განცხადებებში, იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შედარებით დაბალია; და მეორე _ ისინი ხშირად წარმოადგენენ ანტისახელისუფლო ძალებს, რომლებსაც დისონანსი შეაქვთ თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების იმ კონგრესმენებისა და სენატორების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტ ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, დაპირისპირებულია ტრამპის ადმინისტრაციასთან. სანდოობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, პირველი პირების განცხადებები რეალური პოლიტიკის გამომხატველია. გამომდინარე აქედან, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ სენატორებმა, რომ საქართველოს ნატოში აუცილებლად მიიღებენ, ყველას გვახსოვს წლების წინათ ანგელა მერკელის პირით გახმოვანებული ნატოს პოზიცია, რომ კონფლიქტის მქონე ქვეყნები ალიანსის წევრები ვერ გახდებიან. მორჩა! ეს არის რეალობა. დანარჩენი კი პოლიტიკური რომანტიზმია, რომელიც ვიღაცას სჭირდება

_ ისევ პრემიერის გამოსვლაზე შეგეკითხებით: ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი არავის საწინააღმდეგოდ მიმართული არ არის. გასაგებია, ვისზეც მიანიშნა. როგორ ფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ ნატოს გემები ხშირად გამოჩნდებიან საქართველოს პორტებში, რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი?

_ რუსეთის პოზიცია ნატოს გაფართოებაზე ცნობილია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნატო აღმოსავლეთის მიმართულებით არასდროს არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც, ფაქტობრივად, წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება. საერთოდ, ნატოს არსებობა, როგორც ორგანიზაციისა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მას, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში რეორგანიზაცია დასჭირდება. რაც შეეხება რუსეთის შესაძლო გაღიზიანებას, ცხადია, საქართველოს პორტებში ამერიკის შეერთებული შტატების გემების ხშირად გამოჩენას კრემლი რეაგირების გარეშე არ დატოვებს. როგორ და რა ფორმით, ძნელი მისახვედრი, ალბათ, არ არის. ყოველ შემთხვევაში სტრატეგიული მიზნების განხორციელება ამ რეგიონში არ გაუჭირდება. აი, ეს არის რეალობა და ვფიქრობ, ამ ვითარებაში ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლებისთვის ერთადერთი მიდგომა ასეთი უნდა იყოს _ ეს ჩვენ რას მოგვიტანს. ანუ, როდესაც რაღაც პოლიტიკურ რისკზე მივდივართ და ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, მთავარი საზომი უნდა იყოს ის, თუ სანაცვლოდ რას მივიღებთ. ამის გარეშე ნებისმიერი კურსი, უბრალოდ, არის ბრმა ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე ვიღაცის ინტერესებს ემსახურება; ან მეორე _ უბრალოდ, არის პოლიტიკური თვითმიზანი. ერთიცა და მეორეც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით წამგებიანია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here