მთავარი პოლიტიკა გივი იუკურიძე: რეალურია საფრთხე, რომ სომხებმა და აზერბაიჯანელებმა თავიანთი ტაქტიკური მიზნებისთვის საქართველოს...

გივი იუკურიძე: რეალურია საფრთხე, რომ სომხებმა და აზერბაიჯანელებმა თავიანთი ტაქტიკური მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ

913
გააზიარეთ
გივი იუკურიძე

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, რომლებსაც ორივე მხარეს ადამიანური მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მოჰყვა, ამიერკავკასია ცხელ წერტილად აქცია. შეიარაღებულმა დაპირისპირებამ რეგიონში გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებების ალბათობა კიდევ ერთხელ ცხადყო, ხოლო კონფლიქტის მასშტაბებმა და მის კვალდაკვალ სხვა სახელმწიფოების განცხადებებმა აჩვენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ტერიტორიული დავა უფრო დიდი პოლიტიკური აქტორების _ რუსეთისა და თურქეთის _ ინტერესთა კონფლიქტზე გადის.

მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ თემაზე მსჯელობისას საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის მესამე და თანაც რუსეთთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახელმწიფოს, კონტექსტში ჩნდება, უსაფრთხოებას უკავშირდება. ანუ, ბუნდოვანია ქვეყნის ბედი, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთ-თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური პატრონაჟით ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს დაიწყებენ. მით უფრო ბუნდოვანია, რომელი ძალა იქნება საქართველოს დაცულობისა და სტაბილურობის გარანტი საერთაშორისო ასპარეზზე, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი შეეცდებიან კონფლიქტში ჩვენი ტერიტორიების პლაცდარმად გამოყენებას…

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ბაქოსა და ერევნის უკიდურესად მწვავე დაპირისპირება, რა ცვლილებებს გამოიწვევს ის რეგიონში და არის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა ამ ყველაფრისთვის?

საქართველო და მსოფლიოს~ ესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, ზოგიერთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს კავკასიის, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის, რეგიონში ცვლილებების წინაპირობად განიხილავს; მეტიც, ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ფართომასშტაბიანი დაპირისპირებაც მოჰყვეს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის თურქეთისა და რუსეთის არაპირდაპირი მონაწილეობით. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს დაპირისპირება და რა იცვლება საქართველოსთვის?

_ ძალიან რთული თემაა, რომელსაც სერიოზული დაფიქრება და სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ დღეებში უამრავი შეფასება მოვისმინე, მათ შორის, ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ექსპერტებისგანაც, მაგრამ ყველა შეფასება აცდენილი იყო რეალობას. კეთდებოდა ისეთი აბსურდული განცხადებებიც, რომ საქართველომ სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ფონზე, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი გეოპოლიტიკური დატვირთვა შეიძინოს და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს დასავლეთისთვის. ამაზე მოგვიანებით…

რაც შეეხება შეკითხვას, რას ნიშნავს და რას შეცვლის ჩვენთვის ეს დაპირისპირება, თუკი ის ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზრდება, დავიწყოთ იმით, რომ სამხრეთ კავკასია, თავისი გეოგრაფიული და არა მხოლოდ გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე, არის სივრცე, რომლის ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქვეყანაში ან ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში განზე გადგომა არავის გამოუვა. ჯერ ერთი, ეს არის ერთი რეგიონი, რომელიც ყოველთვის ყველა კონტექსტში ერთ მოცემულობად განიხილება; და მეორე _ ამ რეგიონის არც ერთ ქვეყანას არ აქვს არც პოლიტიკური და მით უმეტეს არც ეკონომიკური დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც დროის რაღაც მონაკვეთში მის ცალკე, მეზობლებისგან იზოლირებულად ყოფნას შესაძლებელს გახდის.

საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე სერიოზული საფრთხე არსებობს, რომლებიც გამორიცხავს იმას, რომ ფართომასშტაბიანი სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება არ შეგვეხება. პირველი და უმთავრესი _ მოგეხსენებათ, საქართველოში არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი დიასპორები როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული, რომლებსაც ერთმანეთთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ და ეს ყოველთვის ჩანს. გამორიცხული არ არის და, ვფიქრობ, ადვილი სავარაუდოა, რომ ეს დიასპორები მასობრივად ჩაერთვებიან კონფლიქტში, თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება და მათ შორის ჩაერთვებიან საბრძოლო მოქმედებებშიც, როგორც ეს მოხდა 1991-94 წლებში მთიანი ყარაბაღის ომის დროს. არაფერს ვამბობ იმ პრობლემებზე, რომლებიც მერე იმ ხალხის ისევ საქართველოში დაბრუნებას შეიძლება მოჰყვეს… მოკლედ, ეს სხვა საკითხია. ახლა მეორე პრობლემა _ ვფიქრობ, რეალურია საფრთხე, რომ, თავის მხრივ, სომხეთმა და, თავის მხრივ, აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ საბრძოლო მოქმედებებში თავიანთი ტაქტიკური და ოპერატიული მიზნების შესასრულებლად. მით უფრო, რომ ერთსაც და მეორესაც ერთხელ უკვე ჰქონდათ ამის მცდელობა, რამაც თავის დროზე სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა…

_ თქვენ, ალბათ, ისევ ყარაბაღის ომისდროინდელ მოვლენებს გულისხმობთ. დღეს რა ბერკეტები აქვს საქართველოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ან ერთი, ან მეორე სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ტერიტორიების საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოყენების საფრთხე?

_ პირველი და უმთავრესი არის მოვლენების სწორი და სიღრმისეული ანალიზი, რომელზეც უნდა აიგოს სახელმწიფოს სტრატეგია. ეს საზოგადოდ, მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ განზე ვერ გავდგებით და რეგიონის ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება აუცილებლად შეგვეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნების უკან დგას ორი დიდი და ძლიერი სახელმწიფო _ რუსეთი და თურქეთი, რომლებიც ვითარების გამწვავებისა და დაპირისპირების მასშტაბის გაფართოებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი მოკავშირეების დასახმარებლად. აი, აქ ჩნდება ზუსტად ის საფრთხე _ თურქეთმა ყოველგვარი ნებართვისა და შეთანხმების გარეშე რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია, როგორც სამხედრო გზა და პლაცდარმი მოძმე აზერბაიჯანის დასახმარებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ანკარა ისე იქცევა და არაფრად აგდებს საერთაშორისო ნორმებს, რომ მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა სამხედრო მიზნით ნამდვილად არ გამიკვირდება. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ, თავის მხრივ, რუსეთმაც, რომელსაც, მოგეხსენებათ, სომხეთთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, შეიძლება აქ ერთგვარი დერეფანი გაჭრას და ასე აღმოუჩინოს დახმარება მოკავშირე ქვეყანას.

_ საქართველოს ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ დაუშვებს. თქვენი აზრით, ეს გათვლა რეალურია?

_ ეს ყველანაირი პოლიტიკური კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დღემდე ყველაფერი დაუშვა. ყველას გვახსოვს, რომ ხელისუფლება ასევე დიდ იმედს ამყარებდა საერთაშორისო თანამეგობრობაზე 2008 წლის აგვისტოშიც, მაგრამ დაიწყო ომი და გაირკვა, რომ ამ იმედის მიღმა არაფერი იყო, გარდა დასავლელი მაღალჩინოსნების შეშფოთებისა. ზუსტად იგივე მოხდება დღესაც და მეტიც, შეიძლება, ის შეშფოთება აღარ იყოს, ვინაიდან დასავლეთი უკვე აღარ არის ისეთი გეოპოლიტიკური მოცემულობა, როგორიც თუნდაც 12-15 წლის წინათ იყო.

დავუბრუნდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს. ვფიქრობ, ამ დაპირისპირების მასშტაბები მაინც შემოიფარგლება იმით, რომ აზერბაიჯანი შეეცდება, აღადგინოს კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე, რაც მისი უმთავრესი ამოცანაა; ხოლო სომხეთი შეეცდება, გაიმაგროს პოზიციები. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, რომელიც ამ დაპირისპირებას უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს სძენს, ვგულისხმობ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებას მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს, რადგან ჩერნობილი მონაგონი იქნება ამიერკავკასიისთვის, მათ შორის, ჩვენთვისაც

_ საინტერესოა, რა დონეზეა დღეს საქართველოში სამოქალაქო თავდაცვა?

_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის სისტემა არ გააჩნია; არ აქვს არც ინდივიდუალური და არც კოლექტიური დაცვის საშუალებები _ თავშესაფრები. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში, როცა სამოქალაქო თავდაცვა მაღალ დონეზე იყო, თითოეულ მოქალაქეზე მოდიოდა თითო აირწინაღი, რომელთა ნაწილიც მერე გაზიდეს თურქეთში და გაყიდეს, ხოლო ნაწილს ვადა გაუვიდა და გადაყარეს. რაც შეეხება კოლექტიური თავდაცვის საშუალებებს _ თავშესაფრებს, ზოგი გაპარტახებულია, ზოგი გაიყიდა და ზოგიც დაინგრა. ეს მაშინ შევამოწმეთ, როდესაც პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი ვიყავი. რაც გაიყიდა, ისიც კანონის უხეში დარღვევით გაიყიდა და ამის შესახებ შესაბამის აქტებშია აღნიშნული. მერე იმ უკანონოდ გაყიდულ თავშესაფრებში სხვადასხვა დაწესებულება გაიხსნა, უმეტესად გასართობი _ კაფეები, ბარები, ღამის კლუბები და ა.შ. აი, ეს არის რეალურად დღეს ჩვენი სამოქალაქო თავდაცვის დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია საფრთხის წარმოქნის შემთხვევაში.

_ ინტერვიუს დასაწყისში თქვით, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას სიღრმისეული ანალიზი და დაფიქრება სჭირდებაო. არიან კი დღეს საქართველოს ხელისუფლებაში შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამგვარი ანალიზის გაკეთება?

_ ვის რა კომპეტენცია აქვს კონკრეტულ საკითხებში, ამაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი: საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტში მინიშნების დონეზეც კი არ არის საუბარი იმ საფრთხეებზე, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. არსად არ არის პირდაპირი მინიშნება, რომ სომხეთაზერბაიჯანს შორის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში თურქეთმა ან რუსეთმა შეიძლება საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს საკუთარი სამხედროტაქტიკური მოქმედებებისთვის. დანარჩენი თავად განსაჯეთ და გამოიტანეთ დასკვნები _ შეიძლება თუ არა ადეკვატური იყოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა, რომელიც ამგვარ დიკუმენტს ეფუძნება.

_ დასასრულ, ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ატეხილ ხმაურზეც შეგეკითხებით. რუსეთი უკვე მერამდენედ ავრცელებს განცხადებას, რომ ამ ლაბორატორიაში, შესაძლოა, ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდეს

_ კონკრეტული არგუმენტების გარეშე, ჭორების დონეზე კომენტარი რთულია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რუსეთს, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ კონკრეტულ საკითხში, ლუგარის ლაბორატორიას ვგულისხმობ, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები ამოძრავებს. რაც შეეხება ბიოლოგიური იარაღის შესაძლო დამზადებაზე განცხადებებს, ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: თავის დროზე, როცა ეს ლაბორატორია გაიხსნა, უშუალოდ გახსნის ცერემონიაზე დავინახე ამერიკელი სამხედროები, რომლებიც მანამდე, ამერიკაში ვიზიტისას გავიცანი. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, ვინაიდან ლაბორატორიის გახსნას ამერიკელი სამხედროები ესწრებოდნენ, ამერიკის სამხედრო უწყებას, ალბათ, აქვს გარკვეული ინტერესი.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here