მთავარი პოლიტიკა გივი იუკურიძე: დღეს საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ, შეიძლება მეორედ გაყოს თავი ძალიან...

გივი იუკურიძე: დღეს საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ, შეიძლება მეორედ გაყოს თავი ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ ხაფანგში

468
გააზიარეთ
გივი იუკურიძე: დღეს საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ, შეიძლება მეორედ გაყოს თავი ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ ხაფანგში

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ გარკვეული შეფასებები სოციალურ ქსელშიც გააკეთა. როგორც მთავრობის მეთაურმატვიტერშიდაწერა, შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა მხარეებს შორის თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა, რათა საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცოს უსაფრთხოება და დაჩქარდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი: “ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატოსაქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ძალა, ევროატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება”.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინათ ნატოს საზღვაო ძალებმა შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში მორიგი წვრთნა ჩაატარეს, რომელშიც ალიანსის წევრი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობა მონაწილეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, სწავლება სამხედრო ბლოკის მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (შNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა, ხოლო საქართველოს მხრიდან მასში სასაზღვრო პოლიციის რამდენიმე ხომალდი მონაწილეობდა, კერძოდ, აილენდის კლასის ხომალდები _ “დიოსკურია” და “ოჩამჩირე”. სწავლების შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, შესაბამისი უწყების მაღალჩინოსნების მიერ შეფასებებიც გაკეთდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ წვრთნების მიზანია არა ვინმეს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება, არამედ საქართველო-ალიანსის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ასევე საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება და ა.შ.

რას ნიშნავს პრემიერის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომშავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას ცხადყოფსდა, რაც მთავარია, რა პროცესებს გამოიწვევს ეს საქართველოსთვის, როგორც რუსეთთან უკიდურეს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მყოფი სახელმწიფოსთვის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალმაიორი გივი იუკურიძე.

_ ბატონო გივი, ამასწინათ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომშავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განითარება ნატოსაქართველოს თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანისა და საქართველოს ალიანსში ინტეგრირების დაჩქარების აუცილებლობას ცხადყოფს”. ნახსენები იყო რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და ამ გამოწვევისთვის აუცილებელი საპასუხო მოქმედებები. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, კონკრეტულად, რა მოვლენები ჰქონდა პრემიერს მხედველობაში და, საერთოდ, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ შეხვედრამ?

_ ვფიქრობ, ის გზავნილები, რომლებიც ბრიუსელში პრემიერისგან მოვისმინეთ, დეკლარირებული პოლიტიკის ლოგიკით, ნორმალური იყო. თუმცა ის, რაც სტოლტენბერგის მხრიდან ითქვა, პრაქტიკულად, სიახლე არ ყოფილა. ვგულისხმობ იმას, რომ მოვისმინეთ იგივე ფრაზები, რაც უკვე, 10-15 წელია, გვესმის: ნატოს კარი ღიაა, ნატო დაგეხმარებათ, ვაფასებთ თქვენს წვლილს საერთაშორისო მისიებში და ა.შ. ვფიქრობ, მსგავსი აბსტრაქტული რიტორიკა იმ მომენტში, როცა საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის ახალახალ დავალებებს, ცოტა არ იყოს, კომიკურია.

რაც შეეხება შეკითხვას, რას გულისხმობდა ღარიბაშვილი “შავ ზღვაში მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებაში”, მას, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა რუსეთი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ის მუდმივად ზრდის თავის წარმომადგენლობას სამხედრო გემების სახით, რაც მისი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, მხრიდან საკუთარი ინტერესების შესაბამისად ძალის სრულიად ლოგიკური დემონსტრაციაა. თუმცა რუსეთის მხრიდან წარმომადგენლობის ზრდის ფონზე ძლიერდება ალიანსის წარმომადგენლობაც და ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, სინქრონულად ხდება, შეიძლება ითქვას, რომ დაძაბულობა პიკს აღწევს. ეს ყველაფერი კი ცხადია თუნდაც იმით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო ძალები, რამდენიმე მცურავი საშუალების შემადგენლობით, განუწყვეტლივ მოძრაობენ ჩვენს პორტებში. რას მოუტანს საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის მზარდი კონფრონტაციის ეპიცენტრში ყოფნა, ისევე, როგორც უკრაინას, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია: ის ნეგატიური დამოკიდებულება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რომელიც ადრე განცხადებებში გამოიხატებოდა, უკვე დიდწილად გადაზრდილია ქმედებებში, რომლებმაც სულ მალე უკრაინა კიდევ ერთხელ შეიძლება გადააქციოს ცხელ წერტილად და, თუ ეს მოხდა, ვეჭვობ, ამ კონფლიქტის მასშტაბები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით.

_ სხვათა შორის, ბოლო ხანს აქტიურად საუბრობენ საქართველომოლდოვაუკრაინის კავშირზეც, რომლებმაც ნატოსთან აქტიური თანამშრომლობით ერთობლივად უნდა განახორციელონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ქმედებები

_ მე ვიცი ერთი: სიტყვით ითვლება, რომ ჩვენ რაღაც ამოცანებს ვასრულებთ, მათ შორის ნატოს პოზიციების გასაძლიერებლად შავ ზღვაში, მაგრამ ჩვენ დღეს, როგორც სახელმწიფოს, პრაქტიკულად, არანაირი რესურსი არ გვაქვს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედებისთვის. ჩვენ რეალური საზღვაო კომპონენტი არ გვაქვს, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საქართველო რამე ფორმით ჩაერთვება ალიანსის მიერ წამოწყებულ ამა თუ იმ კამპანიაში, რომელიც რუსეთის მოქმედებების საპასუხო ნაბიჯები იქნება, არაადეკვატური მგონია. რაც შეეხება მოლდოვას და განსაკუთრებით უკრაინას, რომლის გარშემოც ახლა ძალიან საეჭოდ ვითარდება მოვლენები, მართალია, უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში საუბრობენ, ყირიმს დავიბრუნებთო, და ამ ფონზე ხდება სამხედრო კონტინგენტის გადასროლა როგორც დონეცკის, ისე ლუგანსკის მიმართულებით, მაგრამ ამას წინათ ყირიმის შემოერთების რომელიღაც წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა: ყირიმი ჩვენია და ნურავინ იფიქრებს, რომ მას დავთმობთ!” მორჩა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მზად არის ნებისმიერი მოქმედებისთვის და მათ შორის ომისთვისაც. მეორე მხარეს ვინ არის მზად იმისთვის, რომ რუსულ სამხედრო მანქანას დაუპირისპირდეს, არ ვიცი, მაგრამ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: თუ სერიოზული სამხედრო მოქმედებები დაიწყება უკრაინაში, პრობლემა შეექმნება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად რეგიონის ახლომდებარე ქვეყნებსაც, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოსაც, რომელიც, სულ არ არის გამორიცხული, ჩათრეული აღმოჩნდეს ამ პროცესში.

_ მოდი, ასე შევხედოთ ამ ყველაფერს: ფაქტია, რომ საქართველო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ნატოს სახელით წამოწყებულ გარკვეულ გეოპოლიტიკურ ავანტიურაში მონაწილეობით რისკავს; რისკავს მათ შორის ალიანსის სამხედრო გემების გახშირებული ვიზიტებითაც ჩვენს პორტებში. რას ვიღებთ სანაცვლოდ _ სარგებელი, რომელიც ჩვენთვის მოაქვს ამ ყველაფერს (თუ მოაქვს საერთოდ), შეესაბამება იმ საფრთხეებს, რომლებიც გვექმნება?

_ ჯერ ვთქვათ, რა შეიძლება იყოს იმ საფრთხეების საპირწონე დივიდენდი, რომელსაც რეგიონში რუსეთის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვა ქმნის ჩვენთვის.

პირველი _ რადგან დეკლარირებული პოლიტიკის ერთერთ უმთავრეს ამოცანას ალიანსის წევრობა წარმოადგენს, უნდა ჩანდეს ამ ყველაფრის კონკრეტული პერსპექტივა. ის კი არა, რომ გეუბნებიან: ამას თუ დააკმაყოფილებ, მიგიღებ; აკმაყოფილებ და მერე კიდევ ახალს იგონებენ რაღაცას, მაგრამ არსებობს კონკრეტული პერსპექტივა? არა.

მეორე _ ალიანსის წევრობის კონკრეტული პერსპექტივა თუ არა, იმის გარანტია მაინც უნდა იყოს, რომ, თუ, ვთქვათ, რამე აგრესია განხორციელდება ჩვენზე, შეშფოთება-აღშოთებით კი არ დაგვეხმარებიან, არამედ მივიღებთ კონკრეტულ დახმარებებს _ სამხედროს, ეკონომიკურს, ჰუმანიტარულს, პოლიტიკურს და ა.შ. ეს რომ ზღაპარია, 2008 წლის აგვისტოს ომმა ცხადყო. მაშინ ჩნდება შეკითხვა: რას მოუტანს საქართველოს ვაშინგტონის შესაძლო ანტირუსულ ავანტიურაში ბრმა იარაღად ყოფნა?

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში აბსოლუტურად დარღვეულია სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მარტივი პრინციპი, რომ, როდესაც რაღაცას გასცემ, სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღო. ჩვენ დღეს ისევე, როგორც უკრაინამ, შეიძლება მეორედ გავყოთ თავი ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ ხაფანგში, ოღონდ ისე, რომ შიგნით სრული სიცარიელეა

_ ხშირად მსმენია პოლიტიკოსებისგან, მათ შორის .. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც, რომ რუსეთმა საქართველოს ყველაფერი წაართვა, რისი წართმევაც უნდოდა, და ახლა უკან დასახევი გზა არ გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყება და მასში ჩვენც ჩაგვითრევენ, კიდევ რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს, რა შეიძლება დავკარგოთ?

_ სხვათა შორის, უკრაინაზეც ამბობს ზოგი, რომ მან დასაკარგი დაკარგა და უკან დასახევი გზა არ აქვს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში მოქმედებებმა შეიძლება ქვეყნის სხვა ნაწილებშიც გადაინაცვლოს; ასე რომ, მათ დასაკარგი, რა თქმა უნდა, ბევრი აქვთ. რაც შეეხება საქართველოს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც არა მხოლოდ რუსეთს აქვს სტრატეგიული ინტერესები, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, არამედ თურქეთსაც და ეს სულ უფრო მზარდია. დღეს ამაზე საუბარი რომ ჩვენს პოლიტელიტაში მაინცდამაინც მიღებული არ არის, არაფერს ნიშნავს, ისტორიული ინტერესები უცვლელია… ეს ერთი. მეორე _ ნუ დაგვავიწყდება, რომ არის სამცხე-ჯავახეთი, სადაც კონკრეტულ ვითარებაში სულაც არ არის გამორიცხული, ჩვენთვის საზიანო გარკვეული მოქმედებები გააქტიურდეს. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ის კი არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ, რომ დასაკარგი რა გვაქვს, არამედ, რაც შეგვრჩა, იმას უნდა გავუფრთხილდეთ ათმაგი და ასმაგი ძალისხმევით. გაფრთხილებას ვუწოდებ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ პოლიტიკურ კონიუქტურაში იხელმძღვანელებს ერთადერთი პრინციპით _ რას მოუტანს ეს საქართველოს, და არა იმას, რომ გამუდმებით საზღვარგარეთიდან ველოდოთ რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, შეიძლება კარგი სატყუარაა, მაგრამ რეალურად არაფერს გვაძლევს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here