Home რუბრიკები პოლიტიკა გივი ვანიშვილი: ქაცარავა და მისნაირები პროვოკატორები არიან და მადლობა მათ, ვინც აღკვეთა...

გივი ვანიშვილი: ქაცარავა და მისნაირები პროვოკატორები არიან და მადლობა მათ, ვინც აღკვეთა ეს პროვოკაცია!

3651
გივი ვანიშვილი

რამდენიმე დღის წინათ სოფელ ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფებოდნენ წარმომადგენლები .. ანტისაოკუპაციო მოძრაობისაძალა ერთობაშია”. მათ ხურვალეთში რუსი სამხედროების შესვლის გამო განგაში ატეხეს. მსახიობ დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ერთერთი მოქალაქის ბაღი დაიკავეს. ქაცარავა მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებდა.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები შემოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინათ ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა მუშაობდა, შედიოდა თავის ბაღებში – დღეს იქ უკვე რუსები არიან. სურათებიც კი არ გადააღებინეს ქალბატონს, რომ გადმოეგზავნა და ეჩვენებინა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მთავრობის შემადგენლობის, სამოქალაქო სექტორს აქ ჩამოსვლას იმიტომ, რომ რუსები გვართმევენ მიწებს”, _ განაცხადა ქაცარავამ.

საგუშაგოსთან, აგრეთვე, იმყოფებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. “საოკუპაციო ხაზთან ქაოსი და პანიკაა, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების დამატებითი დანაყოფები გადაისროლეს. რუსმა ჯარისკაცებმა მავთულხლართები გადმოლახეს და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღში დაბანაკდნენ. ჩახერგეს მათ მიერვე ცოტა ხნის წინათ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასვლელი გზა”, _ აცხადებდნენ ე.წ. აქციის მონაწილეები

სოფელ ხურვალეთში რამდენიმე დღის წინათ მომხდარ ინციდენტზე გვესაუბრება ვიცეპოლკოვნიკი გივი ვანიშვილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. 2008 წლის ომის შემდეგ მან პროტესტი გამოთქვა დანაშაულებრივი ომის გამო, რომელიც სააკაშვილმა შიდა ქართლში გააჩაღა. გივი ვანიშვილი შიდა ქართლის მკვიდრია, ის სოფელ ხურვალეთში ცხოვრობდა, მისი მშობლები დაკრძალულნი არიან ამავე სოფელში, .. გამყოფ ხაზს იქით და მათ მხოლოდ აღდგომას შეუძლიათ საფლავზე მისვლა.

_ ბატონო გივი, რა მოხდა სოფელ ხურვალეთში?

_ ოსურმა მხარემ საგუშაგო ააშენა, იქ არის მონაკვეთი, რომელზეც მავთულხლართია გაბმული. სწორედ იმ ადგილას გამოჩნდნენ ფორმიანი ადამიანები, ზუსტად თქმა არ შემიძლია, ოსები იყვნენ თუ რუსი სამხედროები. ხუთი ჯარისკაცი რამდენიმე მეტრით გადმოვიდა (ათი მეტრითაც არა) და ორ წუთში უკან გაბრუნდა. მათი გადმოსვლა სოფლის მოსახლეობას არც შეუმჩნევია. ჩემი ბიძაშვილი, დათო ვანიშვილი, იქითა მხარეს არის დარჩენილი, ის მუდმივად გადმოდის აქეთ, არჩევნებშიც მონაწილეობს, საქართველოს მოქალაქეა, მას არ მიუღია ოსეთის მოქალაქეობა. დათოს არც რუსები სძულს და არც ოსები. 72 წლის კაცია, იმ ეპოქაშია გაზრდილი, ახლა ავადსახსენებელს რომ უწოდებენ… რუსეთში მუშაობდა, ხურვალეთში არც უმუშავია. მის სახლს ხშირად აჩვენებენ ტელეეკრანზე, საზღვართან ახლოს არის, ორსართულიანი სახლია, ეს სახლი იმ “კარგ” დროს აქვს აშენებული. ტკბილად ცხოვრობდა. ხურვალეთში არასოდეს მომხდარა დაპირისპირება, შუღლი…

დათო ვანიშვილი
დათო ვანიშვილი

_ ჩვენ ვიცით, რომ პატარპატარა უსიამოვნებები ყოველთვის იყო ოსსა და ქართველ ხალხებს შორის

_ 1990-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის დროს, ხურვალეთისა და შავშვების ეროვნული კონგრესის არჩევნებს მე ვატარებდი, როდესაც ხურვალეთში ჩავედი, მითხრეს, რომ არ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, თქვეს: მალე ჩვენი არჩევნები ჩატარდება და იქ მივიღებთ მონაწილეობასო. მოკლედ, იყვნენ იქაც ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობდნენ.

ხურვალეთში მოსახლეობის 80 პროცენტს შერეული ოჯახები აქვთ. გახსოვთ, ალბათ, 90-იანი წლებში ათასი ბანდფორმირება იყო, მაგრამ მოსახლეობის აწიოკების მიზნით ხურვალეთში არ შედიოდნენ, ოსები იცავდნენ ტერიტორიებს. ქართველები და ოსები მუდამ მხარში ედგნენ ერთმენთს. ვერავინ იტყვის, რომ ხურვალეთიდან ვინმე გაიტაცეს. შუღლს ხურვალეთის მოსახლეობაში ვერავინ ჩამოაგდებს.

_ ხურვალეთში ხუთი ფორმიანი ადამიანის შესვლამ გამოიწვია ასეთი ხმაური და სურდათ, ახალი დაპირისპირების კერა გაეხსნათ?

_ ქაცარავა და მისნაირები პროვოკატორები არიან და მადლობა მათ, ვინც აღკვეთა ეს პროვოკაცია.

_ მაინც რატომ გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე ის ფორმიანები? ყველაფერში ქაცარავას ნუ დავადანაშაულებთ

_ ხშირად ეშლებათ გზა და საზღვარიც, რადგან მავთულხლართები არ არის მთელ პერიმეტრზე. ჩვენს მოსახლეობასაც ეშლება ხანდახან და გადადიან იქით მხარეს. სოფელ კნოლევისკენ, ავნევისკენ გადადიან. საზღვარი გავლებული არ არის, არც ბანერია, რომელიც გაგაფრთხილებს, რომ გადასვლა არ შეიძლება. ასე რომ, შემთხვევით ხდება ასეთი რამ. იქ არის ერთი ქალბატონი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, მოხუცთა თავშესაფრის დირექტორია, თავშესაფარი სააკაშვილის აშენებულია. ამ ქალბატონის გვარია სალია. სწორედ ეს სალია ჰყავთ იქ, რომელიც იმ წუთშივე ატყობინებს ხოლმე ამბებს. ამჯერადაც მან დაურეკა და გააგებინა, რომ საზღვარზე გადმოვიდნენ, მაგრამ შეგნებულად არავინ გადმოსულა, ყველაფერი შემთხვევით მოხდა.

სოფელი ხურვალეთი
სოფელი ხურვალეთი

ტელეეკრანზე რასაც და ვისაც აჩვენებენ, არც ერთი არ არის ხურვალეთის მკვიდრი, არიან ერედვიდან, აჩაბეთიდან, კეხვიდან… მოკლედ, ესენი არიან ჩასახლებულები დევნილთა დასახლებაში, რომელიც ავტობანიდან 400 მეტრში მდებარეობს, ხოლო ხურვალეთი კილომეტრ-ნახევარშია ცენტრალური გზიდან; ადამიანები, რომლებიც ხურვალეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ, ხურვალეთში არც ადიან.

_ რა დამოკიდებულება აქვს ხურვალეთის მოსახლეობას ქართველი სამართალდამცველების მიმართ? სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ადგილობრივი მოსახლეობა დააშინეს, მოისყიდეს

_ მსგავსი არაფერი ყოფილა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ხურვალეთის მოსახლეობას და არა მხოლოდ მათ _ ყველას, ვინც კონფლიქტის ზონასთან ახლოს ცხოვრობს. ასზე მეტი ღონისძიება ჩავატარე კონფლიქტის პირას მდებარე სოფლებში, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი. პოლიცია ყოველთვის მობილიზებულია, უსაფრთხოების სამსახურები მზად არიან და პროვოკატორებს ვითარების გამწვავების საშუალებას არ აძლევენ. სოციალურ ქსელშიც სწორედ გაღიზიანებული ხალხი წერს, ხალხი, რომელსაც პროვოკაციის საშუალება არ აქვს. ჩამობრძანდნენ ჟურნალისტები, შეხვდნენ მკვიდრ მოსახლეობას და ისინი თვითონ ეტყვიან ყველაფერს. სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს სოფელ წინაგარის მოსახლეობასთან. ეს ოსური სოფელია, საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. იქაურები აქეთ ეხმარებიან ქართულ მოსახლეობას, პროდუქტებს უგზავნიან. ეს ყველაფერი იციან ამ არაადამიანმა პროვოკატორებმა და სურთ ვითარების გამწვავება.

ერგნეთის ბაზრობა, რომელმაც ქართველი და ოსი მოსახლეობა შეარიგა, ქაცარავასნაირმა პროვოკატორებმა მოსპეს. არ სურთ ორი მხარის შერიგება და ურთიერთობის გაღრმავება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ, დღეს თუ არა, ხვალ ჩვენ მაინც შევრიგდებით.

დღეს ქალაქ ცხინვალში 100-ზე მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობს. მათ ფეხი არ მოუცვლიათ იქიდან, არც ომის დროს გადმოსულან. როცა ვინმე გარდაიცვლება ან ქორწილია, იქ მცხოვრები ქართველები მოდიან მავთულხლართებამდე, ჩვენი პოლიცია აქეთ არ უშვებს. მათ უწევთ ვლადიკავკაზამდე ჩასვლა და იქიდან ჩამოდიან ხურვალეთში, გორში. წინაგარის მოსახლეობას ასი მეტრით არ შეუძლია გადმოსვლა. ფორმალობის გამო წვალობენ ქართველები. ჩვენ ცხინვალს ჩვენად ვთვლით, მაგრამ იქიდან ჩვენს ხალხს არ ვუშვებთ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს პრობლემა მოსაგვარებელია, არ ვიცი, ვის ეხება ამ საკითხის მოგვარება, მაგრამ, ვისაც ეხება, იქნებ გაითვალისწინოს ხალხის ტკივილი.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here