მთავარი ახალი ამბები გია ხუხაშვილი: ჯერ სამვარსკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან...

გია ხუხაშვილი: ჯერ სამვარსკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე!

606
გააზიარეთ
სამთავრობო ქალაქი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სამთავრობო ქალაქის აშენების იდეას  იდიოზურს უწოდებს და აცხადებს, რომ დღეს, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა ასეთი ტიპის პროექტის დაწყება საკმაოდ არაადეკვატურია იმ სოციალურ რისკების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არსებობს. მისი თქმით, ეს მთავრობა არ უნდა დაემსგავსოს სააკაშვილის ხელისუფლებას. „ჯერ სამვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან  სასტუმროებზე“. –აცხადებს ხუხაშვილი.

„საკუთარ ეკონომიკურ აქტივობაზე გიგანტომანიით დაავადნენ და სხვა პოზიტივს რომ ქმნიან, ასეთ ოდიოზურ პროექტებს იგონებენ. თეორიულად მათი ინიციატივა თითქოს ცუდად არ გამოიყურება – ერთი შეხედვით კარგია, რომ მთავრობა კომპაქტურად იყოს განლაგებული და უკეთესად კოორდინებული, მაგრამ დროში და სივრცეში არიან დაკარგულები. დღეს, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, ასეთი ტიპის პროექტების დაწყება აბსოლუტურად არაადეკვატურია და შეუსაბამოა იმ სოციალურ რისკებთან, რაც ქვეყანაში არსებობს. ის არგუმენტი, თითქოს მშენებლობის სტიმულირებას მოახდენენ ამით, იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი მიშა სააკაშვილის დროს, რომ სირცხვილია. ნუ დაემსგავსებიან იმას, რასაც ჩვენ ვებრძოდით და რის გამოც მოვიყვანეთ ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ჯერ სამვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ პროექტი ეკონომიკურად კარგად არ არის დათვლილი და უსაფრთხოების მხრივ პრობლემებსაც ქმნის.
„ის ამონაგები, რაც, არსებული ინფრასტრუქტურის რეალიზაციიდან თეორიულად შეიძლება მივიღოთ, რამდენად ადეკვატურია იმ თანხის, რაც ეს ქალაქი დაჯდება?! მე ვფიქრობ, ეს გათვლები არავის გაუკეთებია და მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება. გარდა ამისა, სანამ ეს ქალაქი არ აშენდება, ბუნებრივია, ის შენობები ვერ დაიცლება და შესაბამისად, ხარჯები წინასწარ იქნება გასაწევი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომპენსირება. მანამდე რა შეიძლება გახდეს ამ მშენებლობის წყარო? კიდევ დგება უსაფრთხოების საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველო საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს და წარმოიდგინეთ დაიწყო პროტესტი, დადგეს კარვები. როგორ წარმოუდგენიათ მათ, როდესაც მთელი მთავრობა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ერთ წერტილში განლაგდება და ხომ არ მოხდება ისე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მღელვარების შემთხვევაში მთლიანად მთავრობა პარალიზებული იქნება? უსაფრთხოების კუთხით, მე ვფიქრობ, არავის უფიქრია. რისკების დივერსიფიცირება ყოველთვის უკეთესია. როდესაც ყველა ერთად გროვდება, მთელი ხელისუფლება, უკმაყოფილო ხალხმა შეიძლება მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება მოახდინოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი სოსო ცინცაძე სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ  იდეა  სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.  ექსპერტი მიიჩნევს, რომ  გრანდიოზული პროექტი იდეის დონეზე კარგია, თუმცა ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, განუხორციელებელია საქართველოსთვის.
”თავად იდეა ბრწყინვალეა და ეს არ არის ჩვენი მთავრობის და გახარიას ნოუ-ჰაუ. მთელ რიგ ევროპის, აზიის, აფრიკის ქვეყანებში არის სამთავრობო უბნები, რაიონები, სადაც განთავსებულია ადმინისტრაციული შენობები, პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის რეზიდენცია, მაგრამ მეორე საკითხია, თუ როგორი განსახორციელებელია ჩვენთან. მაგალითად, ამერიკაში უმუშევრები დახმარებას იღებენ, იდეა კარგია, მაგრამ ახლა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ეს რომ თქვას, განუხორციელებელია ხომ? ჩვენი, ქართული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ კეთილი სურვილებია. ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო კარგი შენობაა და კარგად გაიყიდება, ეს შენობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ავარიულია, მაგ შენობას არავინ არ იყიდის. ასეთი დიდი ადმინისტრაციული შენობები საქართველოში დიდი წვალებით იყიდება და უმრავლესობა ვერ იყიდება. მე მგონია, რომ ეს არის კარგად მოფიქრებული სულ სხვა გეგმა, ჩვენი გაჭირვებიდან ყურადღების რაღაცაზე გადატანის”, – განაცხადა  ცინცაძემ.
ექსპერტი მთავრობას იმისთვისაც აკრიტიკებს, რომ ჯერ სამთავრობო ქალაქის იდეა გაჟღერდა და ხარჯები დათვლილი არ არის.
”კვირიკაშვილმა თქვა იდეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ არც გაანგარიშება არსებობს, არც ისაა დათვლილი რამდენი შენობა უნდა აშენდეს, არც ის, რომელი გაიყიდება. მთავრობის კანცელარიის მყიდველის პოვნა წარმოუდგენელია, ელენტარულად იქ რომ სასტუმრო აშენდეს, პარკინგის ადგილიც კი არ ექნება. როგორ შეიძლება იქ სასტუმრო გაკეთდეს? იდეას შემოაგდებენ, აღტკინებული მოქალაქეთა ჯგუფი ”ფინთი არიფივით” ავარდება, იწყება თოქ-შოუები, მიდის საუბარი ვარგა-არ ვარგაზე და მთავარი თემიდან ყურადღება გადადის. ნებისმიერი ხელისუფლება, სადაც განსაკუთარებით მწვავეა სოციალური პრობლემები, ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას ნეიტრალურ პრობლემაზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია. ჟურნალისტები „წამოეგეთ ამ საკენკზე“, ამ დროს კი ყურადღება გადატანილია იქიდან, რომ ყოველდღიურად იზრდება დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება და ორი წლის შემდეგ მთავრობას ვინმე თუ შეახსენებს რატომ არ განახორციელეთო, მთავრობა იტყვის, გვინდოდა განხორციელება, მაგრამ მოსახლეობამ არ დაგვიჭირა მხარიო. გაზაფხული საქართველოში ჩვეულებრივ მშიერი თვეებია და სოციალური ფონიდან ყურადღების გადასატანად ეს იდეა გამოიყენეს. მე ასე მგონია”, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  დაანონსა, რომ  ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა.

 

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here