მთავარი პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ყველა კანდიდატმა იყიდოს ათასი ლარის ლატარიის ბილეთი, ჩაყაროს დოლურაში და...

გია ხუხაშვილი: ყველა კანდიდატმა იყიდოს ათასი ლარის ლატარიის ბილეთი, ჩაყაროს დოლურაში და 28 ოქტომბერს ეს დოლურა დავატრიალოთ, ვისი გვარიც ამოვა, ის იყოს პრეზიდენტი

1494
გააზიარეთ
გია ხუხაშვილი

შემოდგომაზე მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, პარლამენტის წევრ სალომე ზურაბიშვილს, თუმცაქართულ ოცნებასეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია.

წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არიან: “ნაციონალური მოძრაობიდან” _ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე; “ევროპული საქართველოდან” _ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე; “შენების” პარტიის თავმჯომარე, ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი; ორგანიზაცია “გირჩის” ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე და სხვ. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად არ დაწყებულა და ჯერ არ მოგვისმენია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, მაგრამ მაინც გავიხსენებ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლის, უზენაესი საბჭოს წევრის, აწ გარდაცვლილი თემურ ქორიძის ფრაზას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ თქვა: თუ გინდა გაიგო, სიგიჟის რა ზღვარი არსებობს, თვალი უნდა ადევნო წინასაარჩევნო ბატალიებს”…

საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებსა და მომავალი არჩევნების სავარაუდო შედეგებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

_ “ქართული ოცნება”, დიდი ხანია, პოლიტიკას უყურებს ძალის ცენტრების პრიზმაში. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ძალის ცენტრად არ თვლიან, არც ინსტიტუციურად და არც პოლიტიკურად, ყველანაირად აკნინებენ და, თუკი პრეზიდენტობის კანდიდატს არ დაასახელებენ, მიაჩნიათ, რომ ეს ტრაგედია არ იქნება. თუ ვსაუბრობთ სალომე ზურაბიშვილის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, მხარდაჭერაზე, ეს წყალზე თითით დაწერილს ჰგავს. ამნეზია არავის გვჭირს. სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად “ქართულ ოცნებაში” არის თუ არა, ის “ქართული ოცნების” რესურსით გახდა მაჟორიტარი დეპუტატი და მას შემდეგ ერთ-ერთი აგრესიული აქტივისტია მმართველი პარტიისა. საუბარი, რომ ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ძალიან სასაცილოა.

_ რატომ მოიქცა ასექართული ოცნება” _ არ ჰყავდა კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებდა?

_ დღეს პოლიტიკაში ასეთი ვითარებაა: ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხეს პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. შესაბამისად, არჩევნებს აქვს ნეგატიური ხასიათი. ამომრჩეველი დაშორებულია პოლიტიკურ ელიტას და არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარესს შორის, ამიტომ არჩევნებს იგებს რესურსი _ მოიგებს ის, ვისაც რესურსი აქვს, თანაც _ ვინც უნდა იყოს მისი კანდიდატი.

არ ვიცი, “ქართულ ოცნებაში” რას ფიქრობენ, მაგრამ მმართველ პარტიას ნებისმიერი კანდიდატის გაყვანა არ გაუჭირდება და სალომე ზურაბიშვილი არ არის საუკეთესო ვარიანტი პრეზიდენტის პოსტზე. “ქართული ოცნება” არჩევნებს იგებს არა იმიტომ, რომ მას ქარიზმული ლიდერები ჰყავს ან რეიტინგული არიან, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივის ფორმირება ვერ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე. ასე რომ, ვერსიას, რომ ვერ იპოვეს სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი კანდიდატი, ვერ დავეთანხმები.

_ პოლიტოლოგები ვარაუდობდნენ, რომ თვით ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი

_ ივანიშვილის კანდიდატურის დაყენება სახელმწიფოებრივად იქნებოდა კარგი. ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ინსტიტუციური პრობლემა გვაქვს. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება, იმპლემენტაცია. ეს ინსტიტუციური უწესრიგობა აფერხებს ქვეყნის განვითარებას და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი რეალურად იქნებოდა პრეზიდენტი, ქართულ სახელმწიფოს ძალიან წაადგებოდა. ეს კარგი იქნებოდა თვითონ ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რადგან ოპონენტები ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ მისი ლეგიტიმაციის საკითხს. პრეზიდენტობა მას პოლიტიკურ იმუნიტეტს შეუქმნიდა და ოპონენტებსაც დააცხრობდა. მოკლედ, ივანიშვილის გაპრეზიდენტება უპრიანი იქნებოდა.

_ მაშ, რა მოხდა? რატომ არ დააყენეს მისი კანდიდატურა, ვერ გათვალეს ამდენი?

_ ივანიშვილს სხვადასხვა მიზეზის გამო არ უნდა ამის გაკეთება. დღეს თეორიული შანსი არსებობს, შემობრუნდეს ყველაფერი. შესაძლოა, “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის კანდიდატურა დააყენოს. ეს შანსი მცირეა, მაგრამ არსებობს, რადგან ზურაბიშვილის მიმართ თვით “ქართულ ოცნებაში” არის სერიოზული წინააღმდეგობა.

საპრეზიდენტო კანდიდატები

მეჩვენება, რომ ზურაბიშვილს მხარდაჭერას დაჰპირდნენ, მაგრამ გამარჯვების გარანტია არავის მიუცია. პირობა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არ გაჩნდება სალომე ზურაბიშვილის დამარცხების ან მეორე ტურის რისკი. ასეთ ვითარებაში მმართველი გუნდი იტოვებს უფლებას, გადაათამაშოს ეს ყველაფერი და მხარი სხვა კანდიდატს დაუჭიროს. ეს რეალურია იქიდან გამომდინარე, რომ “ქართულ ოცნებას” ღია მხარდაჭერა ზურაბიშვილისთვის არ გამოუცხადებია. აქედან გამომდინარე, თუ ამ ორ-სამ კვირაში სალომე ზურაბიშვილმა თავისი ქმედებებით მოახერხა იმ მწირი კაპიტალისთვისაც კი, რომელიც აქვს, საფრთხის შექმნა, რადგან საკუთარი თავის დაზიანება ამ ქალბატონს კარგად გამოსდის, ბოლო მომენტში უარს იტყვიან მის მხარდაჭერაზე და, თუ ეს ასე მოხდა, “ქართულ ოცნებას” არ ექნება შანსი, მეორეხარისხოვანი კანდიდატი დააყენოს და აქ ჩნდება ივანიშვილის კანდიდატურის წამოყენების თეორიული შანსი, თანაც, არა იმიტომ, რომ მას ასე სურს, ეს გამოწვეული იქნება პოლიტიკური რეალობით. ვიცით, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებასაც არ აპირებდა, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ დააბრუნა…

_ პოლიტოლოგები საუბრობენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ფსონი დავით უსუფაშვილზე დადოს

_ ეს ნაკლებად მოსალოდნელია. არა მგონია, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ისე, თუ გადავხედავთ პრეზიდენტობის კანდიდატების “მენიუს”, უსუფაშვილი ყველაზე უკეთ გამოიყურება. ისინიც კი, ვისაც უსუფაშვილი არ მოსწონს, არ ფიქრობენ, რომ დათო ქვეყნის შემარცხვენელი პიროვნებაა; არავინ ფიქრობს, რომ ის უგუნურ ნაბიჯებს გადადგამს. უსუფაშვილს კანდიდატების რეიტინგში ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პირველ ადგილზე დავაყენებდი, სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან და პროფესიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე. მას აქვს ფასეულობათა სისტემა, რომელიც ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მისაღები არ არის, მაგრამ სახელმწიფოებრივად აზროვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ პირადს სახელმწიფოზე მაღლა არასოდეს დააყენებს.

_ დავუბრუნდეთ სალომე ზურაბიშვილს. მასზე ხშირად ამბობენ, რომ რამდენიმე ქვეყნის აგენტია და რომ ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტში ვერ მოხვდებოდა

_ არ მიყვარს ადამიანების ხელაღებით დადანაშაულება. ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. აგენტი მოღალატეს ნიშნავს… სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ძალიან სახიფათოა. ის არასტაბილური ადამიანია და მისგან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ველოდოთ. მარგველაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაპირისპირებული იყო ხელისუფლებასთან, საკონსტიტუციო ჩარჩოებს არ გასცდენია. სალომე ზურაბიშვილისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი. ამ ყველაფერს ტრაგიკულად არ ვუყურებ, რადგან მოცემულობა გვაქვს ისეთი, რომ ღირსეული კანდიდატი არ გვყავს, ზურაბიშვილი გაგვართობს მაინც. რეალითი შოუს ვუყურებთ. გახსოვთ, ალბათ, მამუკა ღლონტს ჰქონდა ასეთი შოუამტანები”. აი, ამგვარ შოუს ვიხილავთ, ოღონდ ამტანები ვიქნებით ჩვენ _ ხალხი.

_ რას იტყვით ნაციონალებისა დაევროპული საქართველოსკანდიდატებზე?

_ ეს ორი კანდიდატი არ იბრძვის გამარჯვების მოსაპოვებლად, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატისთვის იბრძვიან. მთავარი ინტრიგა არის ის, როგორ გაიყოფენ ისინი “ნაცების” ელექტორატს.

_ გამოდის, ერთმანეთს ებრძვიან და არა ხელისუფლებას?

_ რა თქმა უნდა. ეს ჩაკეტილი სისტემაა, დაბალი აქტივობის შემთხვევაში, მათ აინტერესებთ, ვის დაუჭერს მხარს ნაციონალების ამომრჩეველი. მათ აინტერესებთ, ქართულ პოლიტიკაში ვინ გახდება მეორე პოლუსი. ამ ორ პარტიას ერთმანეთთან ფარული ომი აქვს.

_ რომელს აქვს უპირატესობა, თქვენი აზრით?

_ უპირატესობა ჯერ სააკაშვილის მხარეს არის. ვფიქრობ, მეორე ადგილზე ვაშაძე გავა.

_ ხალხი ბევრს საუბრობს იმაზე, რომ მეორე ტური გარდაუვალია. ვინ გავა მეორე ტურში?

_ არ ვფიქრობ, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. მეორე ტური რეალური გახდება მაშინ, თუ ზეპარტიული კანდიდატები გამოჩნდებიან, ისეთები, რომლებსაც ამომრჩევლები არ ჰყავს. ასეთი კანდიდატები არიან მარგველაშვილი და ელისაშვილი. თუ ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მაშინ შესაძლოა, ელექტორატი გადაქაჩონ და “ქართულ ოცნებას” მეორე ტურის გამართვის საფრთხე შეუქმნან, რადგან მმართველი პარტიის პოტენციურ ამომრჩეველს წაიყვანენ. თუ მარგველაშვილი და ელისაშვილი კენჭს იყრიან და მეორე ტური გაიმართა, ზურაბიშვილის კონკურენტი ვაშაძე იქნება.

_ ქართველი საზოგადოება მიჩვეული იყო, რომ ყოველთვის სახელისუფლო კანდიდატს უჭერდა მხარს, უფრო ზუსტად, არჩევნებში სახელისუფლო კანდიდატი იმარჯვებდა.

_ ეს არ არის არჩევნები, რადგან რეალურად საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგი ძალიან დაბალია. წარმოდგენილ კანდიდატებს საპრეზიდენტო ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, არ აქვთ. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნულიდან დაიწყოს და ორ თვეში აკრიფოს ისეთივე რეიტინგი, როგორიც საპრეზიდენტი კანდიდატებს დღეს აქვთ. რამდენიმე ხნის წინათ ვთქვი, რომ არჩევნების ჩატარებას სჯობს, ლატარია გავათამაშოთ, ეს უფრო ეკონომიური იქნებამეთქი. ყველა კანდიდატმა იყიდოს ათასი ლარის ლატარის ბილეთი, ჩაყაროს დოლურაში და 28 ოქტომბერს ეს დოლურა დავატრიალოთ, ვისი გვარიც ამოვა, ის იქნება პრეზიდენტი. დამიჯერეთ, ეს უფრო დემოკრატიული პროცესი იქნება მოცემულ ვითარებაში.

ასეთი არჩევნები ნიჰილიზმს აჩენს. ჩვენ არ ვენდობით ენ-დი-აის კვლევებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი არჩევანის გარეშეა დარჩენილი, არავინ მოსწონთ და არავინ უნდათ, არ ენდობიან არავის, რადგან მოტყუებულნი არიან, ამიტომ სწორი იქნება ლატარიის გათამაშება _ გადაიხადონ და ხმას გადავუგდებთ.

ჩვენ გვყავს პოლიტიკურ სტაგნაციაზე ორიენტირებული ხელისუფლება, სტაგნაციას კი დასასრული აქვს, რამეს თუ არ შეცვლიან, არაფერი გამოვა. ისე, არ მაქვს იმედი, რამე შეცვალონ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here