მთავარი პოლიტიკა გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა არის ურჩხული, რომელიც გამოზარდეს და მზად...

გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა არის ურჩხული, რომელიც გამოზარდეს და მზად არის, მშობელი შეჭამოს

1863
გააზიარეთ
გია ხუხაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ვითარება იძაბება, უფრო ზუსტად, გარკვეული ძალები ცდილობენ, დაძაბონ წინასაარჩევნო სიტუაცია _ ყოველდღიურად აქვეყნებენ სკანდალურ ინფორმაციას ამა თუ იმ მინისტრის მიერ ფულის დატაცებაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე, წილების გადანაწილებაზე, დაშინებაზე და ..

ერთერთი ხმაურიანი ისტორია კომპანიაომეგა ჯგუფისპრეზიდენტის, ზაზა ოქუაშვილის, საქმე აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ჯერ ნაწილნაწილ აწვდიდნენ ჩანაწერებს საზოგადოებას, შემდეგ კი ვრცელი ინტერვიუ ჩაწერარუსთავი 2”-მა. ლონდონში მყოფმა ზაზა ოქუაშვილმა ამ ინტერვიუში ისაუბრა, როგორ სძალავდნენ მას ფულს ბიძინა ივანიშვილი და მისი .. ხელის ბიჭები, როგორ აჩვენებდა ოთხ თითს ბიძინა ივანიშვილი, როგორ აწამეს სარდაფში სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და სხვ. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება, რომელიც ხალხმა ხელისუფლების სათავეში ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მოიყვანა, წინა ხელისუფლებისგან დიდად არ განსხვავდება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში _ გია ხუხაშვილი.

_ ბატონი გია, ჩანაწერები, რომლებზეც, ბოლო რამდენიმე დღეა, საუბრობს მედიაც და საზოგადოებაც, უფრო სკანდალური აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით. ზაზა ოქუაშვილმა ბევრი, ერთი შეხედვით, საინტერესო და საყურადღებო რამ ილაპარაკა. როგორ ფიქრობთ, მას ფანტაზიის დიდი უნარი აქვს თუ მართლაც სიმართლე თქვა?

_ ოქუაშვილის გამოსვლა ორ ნაწილად უნდა დავყოთ: ერთი ფაქტობრივი, ხოლო მეორე _ შეფასებითი. ფაქტობრივი ნაწილის შეფასება არ არის რწმენის საკითხი, ვის სჯერა და ვის _ არა, ეს გამოძიების თემაა. ოქუაშვილმა უმძიმეს ბრალდებებზე ისაუბრა _ ბანკიდან ფულის გატანაზე, სარდაფში ადამიანის გამომწყვდევაზე, მანქანების შეწერაზე, წილების გადანაწილებაზე და ა.შ. უპირველესად, ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს ამ ბრალდებების გამოძიებით. თუ ხელისუფლება შეეცდება, სირაქლემის პოზაში ჩადგეს, მისთვის ძალიან მძიმედ დამთავრდება ყველაფერი. საზოგადოებაში ეს გაამყარებს იმის განცდას, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავს. ამ საქმეზე სასწრაფოდ უნდა დაიწყონ გამოძიება და დასკვნა დადონ. ხელისუფლებები უდანაშაულობის პრეზუმპციით არ სარგებლობენ, მათ აკისრიათ ვალდებულება, დაამტკიცონ სიმართლე. ხელისუფლებას, რომელიც ამას არ აკეთებს, ადრე თუ გვიან, პასუხისგება მოუწევს.

ლევან ყიფიანი გააშიშვლეს თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და თვითონ ლევანი უნდა დაინტერესდეს გამოძიებით.

_ თქვენ კარგად იცნობთ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს. შეეძლოთ თუ არა მათ ასეთი საქმის ჩადენა? შეეძლო ბიძინა ივანიშვილს, რომ ოქუაშვილისთვის 4 მილიონი დოლარი მოეთხოვა?

_ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი ჯიბისთვის ვიღაცისთვის ფულის მოთხოვნა ფანტასტიკის სფერო მგონია, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, რომ მომრავლებული თაღლითები პირადი გამორჩენის მიზნით ბიძინას სახელს ბოროტად იყენებდნენ და გამოსაძიებელიც სწორედ ეს არის.

_ ოქუაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წამოყენებული პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, მხარდამჭერი აღმოჩნდა. “რუსთავი 2”-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია ინტერვიუთი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გამუდმებით გაიძახოდა: ხვალ საქართველო ახალ რეალობაში გაიღვიძებსო. ეს ინტერვიუ ნაციონალების დადგმული ხომ არ იყო?

_ ოქუაშვილს თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ მას წამებულად ვერ წარმოვაჩენთ, ის არც საზოგადო მოღვაწეა, მაგრამ არც წყალწაღებული აფერისტი ჭეშმარიტება სადღაც შუაშია, რაც, კიდევ ვიმეორებ, დასადგენია.

ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ყველა ნაცი არ არის. ოქუაშვილი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობს, მას არ ამოძრავებს სახელმწიფო ინტერესები, თვლის, რომ დაზარალებულია და უპირისპირდება ხელისუფლებას. ზაზა ოქუაშვილი ასე იქცეოდა წინა ხელისუფლების დროსაც, მაშინაც ჩათვალა, რომ იყო დაზარალებული და დაუპირისპირდა ნაცებს. ოქუაშვილი იცავს თავს და საკუთარ ინტერესებს, რაც კრიმინალი არ არის.

მთავარი მახე, რომელშიც ქართველი საზოგადოება გაება, არის ის, რომ “ქართული ოცნება” დღემდე ფიქრობს, თავისი პოლიტიკური კეთილდღეობა ააგოს წინა ხელისუფლების სისხლიან ცხრა წელზე, სხვა არგუმენტზე არც ფიქრობს, რაც სახელმწიფოსთვის დამანგრეველია. წარსულზე აგებული მარაზმი არ გვინდა, ჩვენ ნათელი, რეალური მომავალი გვინდა, რომელიც ჯანსაღ ფუნდამენტზე შენდება და არა სისხლზე.

_ თქვით, სირაქლემის პოზაში არ უნდა დადგნენო… “ქართული ოცნებისშტაბში პოლიტსაბჭო და მთავრობა შეიკრიბა, ივანიშვილიც იქ იყო, მაგრამ ოქუაშვილის ბრალდებებზე არაფერი უთქვამთ

_ დიახ, სამწუხაროდ, ასეა. მათი განცხადებები მომხდარზე ტვინის გამორეცხვაა და სხვა არაფერი. ისინი კვლავ სისხლიან წარსულსა და მიშაზე ლაპარაკობდნენ; აღმოჩნდა, რომ კარგი მეხსიერება აქვთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ქვეყანას აშენებენ.

ხელისუფლება ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ სირაქლემის პოზიციაში ჩადგა, რაც ფატალური შეცდომაა. უფრო მეტიც, ეს ამ ხელისუფლების ბოლო, კატასტროფული შეცდომაა. თუკი ოქუაშვილის მონაყოლის შემდეგ ესენი მხოლოდ ამ განცხადებებით შემოიფარგლებიან, ამ პოლიტიკურ ძალას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ოქუაშვილს თუ პასუხგასაცემ ფიგურად არ თვლიან, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან საზოგადოებისთვისაც არაფერს ნიშნავს ის. “ქართულ ოცნებაშია” პრობლემა.

ძალაუფლება ადამიანებს რყვნის, განსაკუთრებით გამოუცდელებს, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ თანამდებობებზე. გამოუცდელები ადვილად ცდუნდებიან.

ბიძინა ივანიშვილი

დღევანდელმა ხელისუფლებამ სისტემურად არაფერი შეცვალა, მათ გადმოიტანეს თუ გადმოიყვანეს კოლექტიური მურუსიძე და გააზავეს არსაიდან მოსული ფიგურებით, ამიტომ, რაც დღეს ხდება, კანონზომიერი და ლოგიკურია.

_ როგორ ხვდებოდნენ ეს, ასე ვთქვათ, არსაიდან მოსული ადამიანები თანამდებობებზე? რიგითმა მოქალაქეებმა მათ შესახებ თითქმის ყველაფერი იციან, მაგრამ მთავრობის ხელმძღვანელებმა _ რატომღაც არა

_ ქუმსიშვილს ახსენებენ ძალიან ხშირად, მაგრამ მე პერსონებზე არ დავიწყებ საუბარს, რადგან სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი. სისტემა სულ მუშაობდა, ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი. მაგალითად, სააკაშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ კორუფცია დაამარცხა, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ “პარსავდა” ბიზნესს მისი ხელისუფლება. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი ამ მეთოდის შეცვლა არ მოინდომა და ძალიან წარმატებით გადმოიბარა ეს მანკიერი ჩვევა. ადამიანი, რაც უფრო დაუმსახურებლად ხვდება თანამდებობაზე, მით მეტად იქცევა უტიფარივით. ისინი ჩადენილის დაფარვასაც აღარ ცდილობენ ან, თუ ცდილობენ, უხარისხოდ.

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში გვახსოვს, რომ მექრთამეებს ძალიან მკაცრად სჯიდნენ, თუკი ვინმეს რაიმე ამბავი გაუხმაურდებოდა, აუცილებლად მოჰყვებოდა მძიმე სასჯელი

_ დღეს უკვე მივედით ისეთ კრიტიკულ ზღვართან, როდესაც ხელისუფლებას აღარ აქვს სერიოზული მანევრის საშუალება. ვხედავთ, რომ ყველა ვექტორი ბიძინა ივანიშვილამდე მიჰყავთ, თითქოს მის ინტერესებშია ყველაფერი, რაც ხდება. რამდენიმე დღეა, ჩანაწერები ვრცელდება, რომლებშიც მისი სახელი წაღმა-უკუღმაა ნახსენები და ბოლოს ოქუაშვილის დამაგვირგვინებელი ინტერვიუა… ეს ივანიშვილის ღირსების საკითხია, მისი სასიცოცხლო ამოცანაა, ამიტომ ის, რაც ხელისუფლებაში ხდება, ბიძინამ უნდა აღკვეთოს უმკაცრესი მეთოდებით _ ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხალხს, რომ მის არეალში კორუფციამ არ შეიძლება იარსებოს, სირაქლემის პოზაში ჩადგომა არ ეგების, რადგან ფატალური შედეგი მოჰყვება. ვფიქრობ, ივანიშვილი დასჯის ყველას, ვინც მისი სახელით სარგებლობს, თაღლითურად იყენებს, ჩირქს სცხებს მას და კეთილდღეობას იწყობს, მაგრამ ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოს და, თუ ასე არ მოხდა, საზოგადოებას დარჩება განცდა, რომ მართლა ივანიშვილი დგას იმ ყველა სიბინძურის უკან, რომლებიც ქვეყანაში ხდება.

“ქართული ოცნება” ცხოვრობს კომფორტში, ყველაფერი კი ივანიშვილს ეტენება. ხვალ ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ეს ადამიანების დასხდებიან და იტყვიან: ჩვენ პატიოსანი ხალხი ვიყავით, მაგრამ ივანიშვილი გვაძალებდა ყველაფერსო. ვერ ვიტყვი, რომ ბიძინამ რაიმე არ იცის, მაგრამ ხანდახან არ თვლის საჭიროდ, ილაპარაკოს და თავისი აზრი გამოთქვას.

_ ბიძინა ივანიშვილის დარწუნება ადვილია?

_ ადვილი არ არის, მაგრამ, თუკი ვინმე ამბობს, რომ თავის თავზე იღებს ამა თუ იმ საკითხზე პასუხისმგებლობას, მაშინ ის თანხმდება, შანსს აძლევს, რაც ცუდია. კანაფის თემაც, ოქუაშვილის ამბავიც _ ეს ყველაფერი ხვალ ივანიშვილს პრობლემებს შეუქმნის, გაუჭირდება ამდენი ჭუჭყის ჩამორეცხვა. ბიძინამ უნდა იმოქმედოს და თანაც სწრაფად, ცუდად რომ არ დაასრულოს.

_ ნაციონალები თითქოს პოლიტიკური ცეცხლის კერებს აჩენენ. როგორ ფიქრობთ, მშვიდად ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები?

_ ნაციონალები ყოველთვის ცდილობენ ცეცხლის კერების გაჩენას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა “ნაციონალური მოძრაობაა”. მათი მთავარი პრობლემა ისევ საკუთარი თავია _ ურჩხული, რომელიც შიგნით გამოზარდეს, სისტემა, რომელიც არ შეცვალეს. ეს ურჩხული მზად არის, მშობელი შეჭამოს. “ქართული ოცნება” პრობლემებს სწორედ იქ იქმნის, სადაც ყველაზე მეტად გაამართლებს მიზანს. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ამოქექვა ასეთი პრობლემაა… ასე რომ, პრობლემები შიგნით ეძებონ, “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი უბედურებაც ეყოფა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. სანამ ამ სისტემის მთავარ შემქმნელს არ ამოვთხრით არავიძესავით და რაც მთავარია, ჩვენს მენტალობაში, მანამ არაფერი არ გამოვა.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here