მთავარი პოლიტიკა გია ხუხაშვილი: კაბინეტებში სხედან და თავიანთ ჭიას ახარებენ, მორჩა! სახელმწიფო და ხალხი...

გია ხუხაშვილი: კაბინეტებში სხედან და თავიანთ ჭიას ახარებენ, მორჩა! სახელმწიფო და ხალხი წყალსაც წაუღია

379
გააზიარეთ
გია ხუხაშვილი

10 მაისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა თავის ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის სტიქიურ მატებას შემაშფოთებელი უწოდა და დასძინა, რომ აღნიშნულმა პროცესმა უკვე ანომალიური ხასიათი მიიღო, რაც მისი ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს. მინისტრის განმარტებით, ეს პროცესი რომ შეჩერდეს, საჭიროა აქტიური მუშაობა და ორმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის, რათა პრობლემის აღმოფხვრა კოორდინირებული მოქმედებით მოხდეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გააფორმა და რიგი საკანონმდებლო ვალდებულებების სანაცვლოდ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობ დოკუმენტს მოაწერა ხელი, ქვეყანა დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ დატოვა. სოციალურმა სიდუხჭირემ, სიღატაკემ და ტოტალურმა უმუშევრობამ ხალხი მასობრივად აყარა და საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად გააქცია. თუმცა ხელისუფლება, რომელიც გამუდმებით ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს და “ათასობით სამუშაო ადგილის შექმნით” ტრაბახობს (ბიუჯეტის სასწაულებრივ ზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ), ცხადია, ამ რეალობას აცდენილია.

რა ღონისძიებებია დღეს საჭირო სახელმწიფოში იმისთვის, რომ ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი გადინება შეჩერდეს და რა რესურსები აქვს ჩვენს ქვეყანას რეალურად ამ პრობლემის გადასაჭრელად, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

_ ბატონო გია, ამას წინათ თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ევროპაში და განსაკუთრებით საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ კატასტროფულად მიმატა, რასაც მან ანომალია უწოდა. რით არის ეს პროცესი განპირობებული? რა შეიძლება იყოს მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა ასე ელვისებურად იცლება მოსახლეობისგან?

_ აქ ერთადერთი მიზეზი არსებობს. ეს არის ეკონომიკური სიდუხჭირე და, აქედან გამომდინარე, მაღალი სოციალური რისკი, რომელიც ადამიანებს უბიძგებს, დატოვონ ქვეყანა. დღეს საკითხი დგას ასე: იმ პირობებში, როცა, ერთი მხრივ, ქვეყანაში არის ტოტალური უმუშევრობა, უსახსრობა და გაჭირვება, ხოლო, მეორე მხრივ, ფასები გამუდმებით მატულობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებულია, საზღვარგარეთ გადაიხვეწოს და იქაც უმძიმესი, არაადამიანური შრომით გაიტანოს თავი. თუ ვიღაცას ჰგონია, რომ ევროპაში ჩვენს მოქალაქეებს ულხინთ, ეს ასე ნამდვილად არ არის. რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ თურმე ხალხს ეჩვენება გაჭირვება, თორემ რეალურად ყველაფერი კარგადაა, სამწუხაროდ, ამ ცინიზმის მიღმა ნათლად ვხედავთ ერთ რამეს _ მმართველი გუნდი არათუ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს, არათუ მას რამე ეკონომიკური სტრატეგია აქვს, არამედ დაგეგმილიც არ აქვს მსგავსი რამ. მთავრობა კმაყოფილიამიღწეულითდა გეუბნება, რომ შენც კმაყოფილი უნდა იყოო. თუ დაიჯერებ _ შეგიძლია იხარო და იბედნიერო ამ ვირტუალური წარმატებებით; არ დაიჯერებ და ხარდაუნახავი”. აი, ეს არის რეალურად მათი დამოკიდებულება საქმისადმი და ასე ცდილობენ, მოსახლეობაში კეთილდღეობის ილუზია შექმნან, ისინი ქმნიან ვირტუალურ საქართველოს, რომელშიც ეს ყველაფერი უკვე “გაკეთებულია”.

_ ხელისუფლების წარმომომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ საჭიროა მეტი მუშაობა საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ვიზალიბერალიზაციის წესებით სარგებლობაზე. ეს ღონისძიებები შეამცირებს საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობას?

_ ხელისუფლების ნებისმიერი მსგავსი განცხადება თუ მოწოდება, ვფიქრობ, რეალობას აცდენილია და, რა კამპანიაც უნდა აწარმოონ მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, შედეგის მომტანი ვერ იქნება. იმიტომ, რომ, თუ ვინმეს ჰგონია, საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან უვიზო მიმოსვლის წესები და ამიტომ არღვევენ მას, ძალიან ცდება. ვინც მიდის, უკან იმიტომ არ სურს დაბრუნება, რომ აქედან გაჭირვებას გაექცა და, როგორი არაადამიანური შრომის ფასადაც უნდა უწევდეს იქ თავის გატანა, აქ მაინც უარესი მდგომარეობა ელოდება. ერთადერთი გზა და საშუალება, ადამიანებს ქვეყნიდან გაქცევაზე არ ეჭიროთ თვალი, არის ნორმალური საარსებო პირობების შექმნა აქ _ საქართველოში. ეს თუ იქნება, მერწმუნეთ, არავის მოუნდება საზღვარგარეთ შავ მუშად გადახვეწა; მით უფრო, ქართველი, თავისი ბუნებით, არ არის ემიგრანტი და ის ყოველთვის მოწადინებულია, სამშობლოში იცხოვროს.

_ არსებული ეკონომიკისა თუ სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება, რომ მიგრაციის პროცესი მომავალში კიდევ უფრო გამძაფრდეს?

_ ახლა რაც უნდა გველაპარაკონ ეკონომიკის ზრდაზე ციფრებში, ეს მოსახლეობისთვის არაფერს არ ნიშნავს. მოსახლეობისთვის არსებითია კონკრეტული რამ, რაც უშუალოდ მის სოციალურ პირობებს უკავშირდება, მაგალითად, გაიაფებული საწვავი, მედიკამენტები, პური, შაქარი და ა.შ. თუმცა თვით ეკონომიკა დღეს ისე მანკიერადაა სტრუქტურირებული, რომ სოციალური პრობლემები არ მცირდება. საერთოდ, თუ გვინდა, გავიგოთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ პარამეტრს უნდა მივაქციოთ ყურადღება: იმპორტექსპორტის სალდო უნდა ავიღოთ და ყველაფერი გასაგები გახდება. დღეს ეს მონაცემი გვიჩვენებს, რომ მომხმარებელ ქვეყნად ვიქეცით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს ვასაქმებთ არა აქ _ ჩვენთან, არამედ უცხოეთში, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ფარავს შიდა ბაზრის მხოლოდ მინიმალურ სეგმენტს. აი, ეს არის რეალობა და ამ პირობებში, ბუნებრივია, რთულია იმაზე საუბარი, რომ ხვალზეგ რამე უკეთესობა იქნება. ვერ იქნება! და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მე პოლიტიკურ ნებასაც ვერ ვხედავ ამ ყველაფრის გამოსწორების

_ თქვენი აზრით, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მდგომარეობა ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს?

_ იმისათვის, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი განვითარდეს და დამატებითი ღირებულება შეიქმნას, რითაც დავასაქმებთ ადამიანებს, გასატარებელია ღონისძიებები. პირველ რიგში, ამას სჭირდება პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც იქნება საშუალოვადიანი, საუბარია დაახლოებით 3-5-წლიან პოლიტიკაზე. ამის ნაცვლად კი ხშირად ლაპარაკობენ ღია ბაზარსა და მის პრინციპებზე. ეს კი სასიკვდილო განაჩენია ქვეყნის ეკონომიკისთვის. საერთოდ, ეს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ გადაწყვეტილების მიღება უჭირს. შეიძლება თეორიულად რაღაცას ფიქრობს, მაგრამ პრაქტიკულად ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია. ეს ნაწილობრივ შეიძლება იმითაც არის განპირობებული, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების ეშინიათ, მაგრამ მათ უნდა ავუხსნათ ერთი რამ: ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ წარმოებაზე ვიფიქროთ და ამისთვის საჭიროა გარკვეული რისკი, რაც, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ირიბი გზები შიდა წარმოების დასაცავად, რაზეც ვერავინ მოგედავება და, რა თქმა უნდა, ესეც უნდა გაკეთდეს. სხვათა შორის, ამაზე ყოველთვის აქტიურად იწყება ხოლმე საუბარი, როცა ხელისუფლებას უჭირს და ქულები სჭირდება, მაგრამ გადის რაღაც პერიოდი და ჩერდება. აი, ეს არის მათი მოქმედების სტილი, გნებავთ, სტრატეგია დაარქვით. კაბინეტებში სხედან და თავიანთ ჭიას ახარებენ, მორჩა! სახელმწიფო და ხალხი წყალსაც წაუღია მათი პოლიტიკა აგებულია იმაზე, რომ ოპონენტებისკენ გაიშვირონ თითი და თქვან: მე შეიძლება არ ვარ კარგი ბიჭი, მაგრამ უკეთესი რომელია _ ნაციონალები?! გარდა ამისა, ხდება რესურსების მონოპოლიზება და, ასე თუ ისე, შედეგს იღებენ. მერე იწყება მოსახლეობის გაბრუება და ყურადღება გადააქვთ სხვა თემებზე, რომლებიც რეალურად არავისთვის არ არის მნიშვნელოვანი. აი, ასე გაჰყავთ დრო და თავიანთ საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ივანიშვილის ამოცანა არ არის, მისი ხელისუფლება ხალხის ნდობით სარგებლობდეს, მისი ამოცანაა, ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამას ახერხებს და რა მნიშვნელობა აქვს, ტყუილებითა და უკანონობით, თუ წარმატებული პოლიტიკით?..

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here