მთავარი დაიჯესტი გერმანიის ჯარში ჰიტლერი ჰყავთ საფიცრად

გერმანიის ჯარში ჰიტლერი ჰყავთ საფიცრად

1305
გააზიარეთ
გერმანიის ჯარში ჰიტლერი ჰყავთ საფიცრად

წინათქმა

რეჟისორ იური ოზეროვის კინოეპოპეაგათავისუფლებაში” 1945 წლის აპრილში ბერლინზე შეტევის ერთი ასეთი სცენაა გადაღებული: მეკავშირე ოფიცერს ავალებენ, “გაჭიმოსპირდაპირი სატელეფონო ხაზი წითელი არმიის ბელორუსიის პირველი ფრონტის შტაბსა და რაიხკანცელარიის ბუნკერს შორის.

_ იქ უნდა წახვიდე, _ ეუბნებიან.

_ “ბუნაგში”? _ ეკითხება მეკავშირე.

_ “ბუნაგში”, _ დაუდასტურებს სარდალი.

რაიხსკანცელარიას წითელარმიელები მხოლოდბუნაგადმოიხსენიებდნენ, საბჭოთა პლაკატების გავლენით, რომლებზეც კუკრინიკსების კარიკატურები იყო უმეტესად დაბეჭდილი: კობრა ჰიტლერის თავით და მოწოდებითგავანადგუროთ ფაშისტური გველი მისსავე ბუნაგში!”.

75 წლის წინათ აღსრულდა ეს, ამოისუნთქა კაცობრიობამ _ დავამთავრეთ ფაშიზმი მისსავე ბუნაგში.

ერთხელ და საუკუნოდ!

მაგრამ ვინ იფიქრებდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ შხამიანი, ორკაპა ენა კვლავ ასარსალდებოდა და _ სად?! გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არმიის ელიტურ ქვედანაყოფში.

ამჟამად, ამ დღეებში.

ამ დროს.

აქედან _ კონკრეტულად ფაქტის შესახებ.

რაში სდებენ ბრალს გერმანიის ელიტურ ჯარს

ძველი რომაული მისალმება, მესამე რაიხის პლაკატები, რომლებითაც ადიდებენ ადოლფ ჰიტლერს _ ფაშისტური გერმანიის დამარცხებიდან 75 წლის შემდეგ ბუნდესვერში აგორდა ულტრამემარჯვენე სკანდალი. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა სპეცრაზმის ერთ-ერთ ნაწილს მემარჯვენე ექსტრემისტულ განწყობილებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ქვედანაყოფის ელიტურობამ ნეგატიურად იმოქმედა ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეთა გონებასა და ზნეობაზე. ასეთი რამ გერმანიის შეიარაღებულ ძალებში უწინაც ხდებოდა.

ერთგულიმემკვიდრენი

რამდენიმე წლის წინათ ბუნდესვერში ჩამოაყალიბეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამხედრო მოსამსახურეთა ზნეობრივ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესამოწმებლად და შესაძლო დარღვევების გამოსავლენად. შედეგმა გააოგნა სარდლობა. გაირკვა, რომ ცალკეულ ნაწილებში ყვავის ნაციზმი. თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ოფიციალურად დაშალა სპეციალური დანიშნულების რაზმის (KSK) მეორე ასეული. ეს იყო ელიტური ქვედანაყოფი, რომელიც 1998 წლიდან მონაწილეობდა საზღვარგარეთ საბრძოლო მოქმედებებში.

“მიმდინარე მოვლენებისა და მემარჯვენე ექსტრემისტული შემთხვევების ანალიზმა ნათლად დაგვანახვა, რომ KSK-მ, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, უკანასკნელ წლებში მიიღო ზედმეტი დამოუკიდებლობა, რომელიც ცალკეული ხელმძღვანელების მიერ ელიტურობის არაჯანსაღმა გაგებამ განაპირობა, _ განაცხადა კრამპ-კარენბაუერმა. _ ჩამოყალიბდა “ტოქსიკური ლიდერობის” ატმოსფერო, წარმოიქმნა ექსტრემისტული ტენდენციები… ეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ბუნდესვერის წესებს. რაზმის მეორე ასეული დაიშალა”.

მინისტრის აზრით, სწორედ ამ ასეულმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 2017 წელს. ქვედანაყოფის სამხედროებმა 20 აპრილს ზარ-ზეიმით აღნიშნეს თავიანთი კერპის, ადოლფ ჰიტლერის, დაბადების დღე. სკანდალი მიაფუჩეჩეს, მხოლოდ რამდენიმე ოფიცერი დასაჯეს.

მაგრამ ეს “ცელქობა” არაფერია იმასთან შედარებით, რამაც KSK-ის ყაზარმების ჩხრეკის შედეგად იჩინა თავი. ინსპექტორებმა გამოარკვიეს, რომ სპეცრაზმელებს გადანახული ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერებების, ვაზნებისა და ანტიკონსტიტუციური მასალების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო ქვედანაყოფის არსენალებიდან უკვალოდ გაქრა 37 ათასი ერთეული საბრძოლო მასალა, რომელიც დღემდე ვერ იპოვეს.

ბუნდესვერის სამუშაო ჯგუფი განაგრძობს KSK-ში მემარჯვენე ექსტრემისტული განწყობილების აღმოფხვრას. მინისტრის თქმით, “ინსპექტორებს მინიჭებული აქვთ მოქმედების სრული თავისუფლება”. განსაკუთრებულობის კულტისგან გათავისუფლების ღონისძიებათა შორის რეკომენდებულია ხელმძღვანელობის როტაცია რაზმის სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის. ამას გარდა, KSK-ის პირადი შემადგენლობის მომზადებას საერთოარმიულს გახდიან.

“საერთაშორისო ოპერაციები არ გაიმართება, _ დაასკვნა მინისტრმა, _ KSK-ის ამოცანებს შეძლებისდაგვარად შეასრულებენ სხვა ქვედანაყოფები. მინდა, ხაზი გავუსვა: ეს KSK-ის დასჯა კი არ არის, არამედ გამოსწორების შანსია. მალე აღვნიშნავთ იუბილეს. კონსტიტუციასთან შესატყვისობა გარანტირებული უნდა იყოს”.

გერმანიის ჯარში ჰიტლერი ჰყავთ საფიცრად

შავებთან არ ვურთიერთობ

არაერთი ათწლეულია, რაც ეს პრობლემა დგას და ღრმავდება. სამხედრო მოსამსახურეების საქმეთა ბუნდესტაგის წარმომადგენლის ჰანს-პეტერ ბარტელსის მოხსენებაში წარმოდგენილია ასეთი მონაცემები: 2018 წელს ჯარის ნაწილებში გამოვლინდა ექსტრემისტული განწყობილების 170 შემთხვევა, 2017 წელს _ 167, 2016 წელს კი _ 63.

დოკუმენტში აღნუსხულია კონკრეტული მაგალითები.

“ერთმა შტაბსეფრეიტორმა სწავლებისას კურსის მსმენელთა და ლექტორთა სრული შემადგენლობის წინაშე განაცხადა, რომ მას არ უყვარს შავები და არ ელაპარაკება მათ, _ განაცხადა ბარტელსმა, _ შეკითხვას, _ გერმანიის საზღვრებს მიღმა რომელ ქვეყანაში ისურვებდა ცხოვრებას, მან უპასუხა: არგენტინაში, რადგან იქ ჯერ კიდევ არიან ნაცისტები”. ბუნდესვერის ოფიცერთა ჯგუფმა მესენჯერში შექმნა ჩატი, რომელშიც აქვეყნებდნენ ადოლფ ჰიტლერის ციტატებს, დასცინოდნენ “რასობრივად არასრულფასოვან” თანამშრომლებს და ხუმრობდნენ ჰოლოკოსტზე. ყაზარმებში რეგულარულად პოულობენ მესამე რაიხის პროპაგანდისტულ პლაკატებს, სვასტიკის გამოსახულებას, ხოლო რიგითი ჯარისკაცები, როცა ოფიცრებს გაიგულებდნენ, ერთმანეთს “რომაული სალმით” ხვდებოდნენ”.

“ზიგჰაილობანა” გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებში მორიგ ხუმრობად არის მიჩნეული. მეთაურების დასანახავად ამას, რა თქმა უნდა, არ აკეთებენ, მაგრამ ყაზარმებში გერმანელები საკუთარ თავს ბევრი რამის უფლებას აძლევენ: უსმენენ მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მუსიკას, დასცინიან არაგერმანული წარმოშობის თანამშრომლებს, კითხულობენ ნაცისტურ ლიტერატურას.

ემზადებიან სამოქმედოდ

2017 წელს გერმანიის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შედგენილია ბუნდესვერის ჯარისკაცების პოლიტიკური მომზადების გაძლიერების გეგმები ამ სფეროში ნეონაცისტური განწყობილების ფონის გადასაფარად. თქვეს, რომ არმიაში მიღების ფილტრაცია რეკრუტების წარსულის დეტალური შემოწმებით ჩატარდება. გფრ-ის მთავრობა ცდილობს, შეზღუდოს ულტრამემარჯვენეების შეღწევადობა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ტენდენციის გარდატეხა იოლი არ არის.

ბევრი ექსპერტის აზრით, გერმანიის არმიის “ნაციფიკაცია”, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია უკიდურესად ლიბერალურ მიგრაციულ პოლიტიკასთან. აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა მოზღვავებამ აიძულა გერმანელი საზოგადოება, უკიდურესად გამემარჯვენებულიყო, ქსენოფობიური განწყობილება, “სტუმრებით” გამოწვეული უკმაყოფილების გამო, მკვეთრად გაძლიერდა; გამრავლდა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები. არმიაში სამსახურს ნეონაცისტები განიხილავენ, როგორც ახალი თანამოაზრეების პოვნის, იარაღის ხმარების შესწავლისა და ფიზიკური მომზადების კურსის გავლის საშუალებას. ეს ყველაფერი მათ სჭირდებათ არმიიდან წასვლის შემდეგ “სამოქალაქოში” გამოსაყენებლად.

ამას სამწუხარო შედეგები მოჰყვება. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში პოლიციამ გახსნა სამხედროების შეთქმულება, რომლებიც რიგი პოლიტიკოსების მკვლელობას გეგმავდნენ, უწინარეს ყოვლისა კი, ბუნდესტაგში “მემარჯვენეთა” ფრაქციის ლიდერ დიტმარ ბარჩის. შეთქმულებს მომარაგებული ჰქონდათ იარაღი, საბრძოლო მასალა და საწვავი. ერთი წლის წინათ კი გერმანიაში დააკავეს ბუნდესვერის ოფიცერი, რომელიც აპირებდა დიდი ტერაქტის მოწყობას და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მიგრანტებისთვის გადაბრალებას. ყაზარმაში გამომძიებლებმა იპოვეს მისი კუთვნილი საგნები ნაცისტური სიმბოლიკით.

Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა არმაზ სანებლიძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here