მთავარი საზოგადოება გელა ლეჟავა: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაც და პრეზიდენტის განცხადებაც ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

გელა ლეჟავა: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაც და პრეზიდენტის განცხადებაც ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია

1667
გააზიარეთ
გელა ლეჟავა

რატომ არ უნდა მიეღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანაბისის (მარიხუანის) ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება? _ ამ შეკითხვას უპასუხებს ცნობილი ნარკოლოგი და საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ლეჟავა:

_ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მოქმედი პრეზიდენტის აზრები იდენტურია: დემოკრატია ნიშნავს ადამიანის უფლებას, მოიქცეს ისე, როგორც სურს; გააკეთოს ის, რაც სიამოვნებს. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ თავისი საქციელით სხვას არ აზიანებს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტს, არაფერს ვამბობ საკონსტიტუციო სასამართლოზე, ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ უფრო დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ვიდრე ევროპული დემოკრატიის ქვეყნები, მაგალითად, შვედეთი.

შვედეთში კი ექიმის დანიშნულების გარეშე ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება მიჩნეულია სისხლის სამართლის დანაშაულად.

სხვა საკითხია, რეალურად როგორ ისჯება ეს დანაშაული. დასჯის ზომები იქ მნიშვნელოვანი გრადაციით არის წარმოდგენილი, რაც, ბუნებრივია, ამ ქვეყნის ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს. შვედეთი მდიდარი ქვეყანაა და შეუძლია ნარკოტიკის მომხმარებლის მიმართ არ გამოიყენოს მაინცდამაინც თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება, აამოქმედოს სოციალური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური ბერკეტები იმ უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც დამნაშავის ციხის კედლებს გარეთ დარჩენას შეიძლება მოჰყვეს.

ჩვენ კი ეკონომიკურად შარვალგამოხეული ქვეყანა ვართ, რომელიც ცდილობს, წელში გაიმართოს; ქვეყანა, რომელშიც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ძალიან დიდი სხვაობაა ეკონომიკურ მდგომარეობასა და დემოკრატიას შორის. ეს რეალობა უნდა გაეთვალისწინებინა კონსტიტუციურ სასამართლოსაც და პრეზიდენტსაც.

მაგრამ ასე არ მოხდა.

ისეთ პირობებში, როცა საქართველოში დაძლეული არ არის სიღარიბე, უმუშევრობის დონე მაღალია, არ მუშაობს პრევენციული სისტემები, როცა ეფექტიანად არ მოქმედებს ახალგაზრდობის სოციალური პერსპექტივის უზრუნველყოფის და ა.შ. ფაქტორები, კანაბისის ლეგალიზებაც და პრეზიდენტის განცხადებაც, ჩემი აზრით, არის ქართველი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

_ ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ეს გადაწყვეტილება არის ნარკომანებისადმი, რომლებიც უმწეო ავადმყოფები არიან, ადამიანური დამოკიდებლების დემონსტრაცია, ნარკოტიკის მოხმარების თავისუფლებამ კი შეიძლება გააბედნიეროს დაჩაგრული ახალგაზრდობა.

_ ათეული წლების განმავლობაში, რაც ამ სფეროსთან მაქვს საქმე, ბევრი რამ მომისმენია ნარკოტიკებთან ადამიანის ურთიერთობის შესახებ, წამიკითხავს, გავცნობივარ, მაგრამ ასეთი სისულელე ჯერ არ მსმენია: თურმე ნარკოტიკმა შეიძლება ადამიანს დააძლევინოს სიდუხჭირე და ბედნიერ, პერსპექტიულ მოქალაქედ აქციოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის პოზიციას თან სდევს ერთი ქვეტექსტი, ფრიად დამაფიქრებელი, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებელთა შეშფოთება გამოიწვია: თუ კანაბისის (მარიხუანის) ლეგალიზება არის დემოკრატიულობის გამოხატულება, რატომ არ შეიძლება ჰეროინის ლეგალიზაცია?

ამასთან, როგორც ჩანს, თვეების წინათ მიღებული გადაწყვეტილება 75 გრამი მარიხუანის დეკრიმინილაზაციის შესახებ, იყო კანაბისის ლეგალიზაციისთვის საზოგადოებრივი აზრის შემზადების მცდელობა!

_ არსებობს მოსაზრება, რომ ლეგალიზების განწყობილების გასავრცელებლად და დასანერგავად საქართველოში დიდძალი ფული იხარჯება, რომ .. თეთრი ხმაურის და მისნაირების აქციები, რომლებიც თბილისში დროდადრო იმართება, დაფინანსებულია ჩვენი ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალების მიერ, რადგან საქართველოს განიხილავენ ნარკოტრანზიტის ქვეყნად ცენტრალური აზიიდან ირანის გავლით ევროპის მიმართულებით.

_ ამ საკითხზე ერთ ასპექტს მივაქცევ თქვენს ყურადღებას: ნარკოტიკების თავისუფალი მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მიჩნეულია ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობის სიმრავლე იმ ქვეყანაში, რომელზეც ნარკოტრანზიტი გადის.

თუ არ მეშლება, აშშ-ის პრეზიდენტი ბუში-უმცროსი ამბობდა, რომ ქვეყანა, რომელშიც ასე თუ ისე ფეხი აქვს მოკიდებული ნარკომანიას, ჰგავს შიდსით (იმუნოდეფიციტით) დაავადებულ ადამიანს, რომელსაც იოლად ერევა ნებისმიერი ინფექცია. მისი აზრით, იმუნიტეტის ასეთი დაქვეითება კორუფციის გავრცელების წინაპირობაა, ანუ ნარკომანიის გავრცელება ხელს შეუწყობს კორუფციის მაღალი დონის გაჩენა-განვითარებას. ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ნარკოტიკების ბიზნესით…

_ ნარკომაფია?

_ დიახ, ნარკომაფია ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო უსაფრთხო ნარკოტრანზიტის ქვეყნად იქცეს.

_ მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ვხვდები, კატასტროფისკენ გვიბიძგებს.

_ ასე გამოდის. ახლა კი სხვა თემაზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას: კანონს რომ აუქმებდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები დაინტერესდნენ კი, სად შოულობს უძვირესი ნარკოტიკების საყიდელ ფულს ათიათასობით ნარკომანი ჩვენს გაჭირვებულ და გაღატაკებულ, უმუშევრობით დაღდასმულ ქვეყანაში, რომელშიც წესიერი, კანონიერი გზით ასეთი თანხის შოვნა შეუძლებელია?

სად ილექება ნარკოტიკების გასაღებით მიღებული ფული? ვის ჯიბეში? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დიდძალი თანხა და ენერგია იხარჯება იმისთვის, რომ საქართველო ნარკოლიბერალური ქვეყანა გახდეს. სხვათა შორის, მასმედიას საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ ამ მიზნის მისაღწევად.

_ და ამას სიტყვის თავისუფლების დროშით ფარავენ.

_ სხვა სიავეც სდევს ასეთ “დემოკრატიულ” და “ლიბერალურ” საქმიანობას, მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისითაც, სერიოზულ გართულებებს იწვევს რეპროდუქციულობის, შთამომავლობის გაგრძელების კუთხით, რაც განსაკუთრებით საშიშია ჩვენს დუხჭირ პირობებში, როცა არ გაგვაჩნია საჭირო სახსრები ამ უბედურებისგან ერის დასაცავად.

_ ბატონო გელა, რასაც ახლა ამბობთ, თქვენს სხვა პუბლიკაციებსა და გამოსვლებს თავი რომ დავანებოთ, არაერთხელ გითქვამთ ჩვენი მკითხველებისთვისაც. გქონდათ შესაძლებლობა, როგორც ექსპერტს, ობიექტური მონაცემები გაგეცნოთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისთვისაც, მაგრამ სასამართლო სისტემის უმაღლესი სტრუქტურის პატივცემულმა შემადგენლობამ წაუყრუა გონივრულ რჩევას და ანტიეროვნული გადაწყვეტილება მიიღო. რით შეიძლება ამის ახსნა?!

_ მათ რომ დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობის მიმართ, უდავოა. რატომ მოიქცნენ ასე, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან შეიძლება ძალიან უსიამოვნო ეპითეტების გამოყენება დამჭირდეს.

_ “საქართველო და მსოფლიოშიამ თემაზე ბატონმა ჯემალ ჯანაშიამაც ისაუბრა. მისი აზრით, შექმნილი სამართლებრივი ჩიხიდან გამოსვლის გზა შეიძლება იყოს სახალხო რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება.

_ რეფერენდუმი, რასაკვირველია, შეიძლება მოეწყოს, მაგრამ, კანაბისის ლეგალიზაცია რომ მცდარი და მეტისმეტად მავნე გადაწყვეტილებაა, ამას არ სჭირდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა. ადამიანი ავად რომ გახდება, აქციას კი არ მოაწყობს მოთხოვნით: მითხარით, რა მჭირს და როგორ ვიმკურნალოო, არამედ ექიმს მოიხმობს საშველად. აქაც ასეა. უმარტივესი პარალელია, მაგრამ ჩანს, ასეთი მარტივი კატეგორიებით უნდა ვესაუბროთ მათ, ვინც ჭეშმარიტების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს.

დარწმუნებული ვარ: თუ საქართველოს არსებობა სურს, კატეგორიულ უარს იტყვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელებაზე, თუ არა, ჩვენი ხვედრიც ეს ყოფილა _ ამ გზით დავამთავროთ ამქვეყნიური არსებობა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. პრობლემაში გასარკვევად ვიხმეთ ექიმი _ “მკურნალი და მაჯისამცა შემტყობარი”. დიაგნოზი დასმულია. მივყვებით საღ აზრს? გადავრჩებით. უგულებელვყოფთ? შეუკვეთეთ შავი ჯვარი!

..

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ბატონები გელა ლეჟავა და არმაზ სანებლიძე უგანათლებულესი, მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწეები და თავიანთ სფეროებში უაღრესად გამოცდილი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები გახლავან. და რაც მთავარია, ორივე მათგანი თბილისის ცნობილი პირველი გიმნაზიის აღზრდილები არიან, რომელთა კეთილსინდისიერებასა და სამშობლოს სიყვარულში ოდნავი ეჭვის შეტანაც კი შეუძლებელია. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს ღვაწლმოსილი მეცნიერებისა და მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, გააუქმოს საკონსტიტუციო სასამართლო (როგორც ძვირად ღირებული ზედმეტი რგოლი) ასეთი ანტისახემწიფოებრივი გდაწყვეტილების მიღებისათვის და მისი ფუნქციები დააკისროს უზენაეს სასამართლის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here