მთავარი პოლიტიკა განტევების ვაცებს შემოდგომაზე ითვლიან

განტევების ვაცებს შემოდგომაზე ითვლიან

1058
გააზიარეთ
განტევების ვაცებს შემოდგომაზე ითვლიან

ქართული პოლიტოლოგიის ყველაზე პოპულარული მიმართულება ისევბიძინოლოგიაა”. ივანიშვილის ვრცელი ინტერვიუ ეთერში ახლახან გავიდა, მაგრამ საექსპერტო საზოგადოება არ ცხრება და ყოველდღე ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს _ რა თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა და რა იგულისხმა სინამდვილეში. ეს მსჯელობა დროდადრო აღვირახსნილ კონსპიროლოგიაში გადადის, თუმცა მის გარეშე ქართული პოლიტიკა ფრიად მოსაწყენი იქნებოდა. ინტერვიუს განხილვის პროცესში გამოჩნდა, რომ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებთ, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. სხვა მნიშვნელოვან თემებს, რომლებზეც ივანიშვილმა ისაუბრა, ნაკლები ყურადღება დაეთმო და, ალბათ, მიზანშეწონილია, ამჯერად მათზე ვისაუბროთ.

“სახელმწიფო ეს მე ვარ”, _ იტყოდა საფრანგეთის მეთე ლუი XIV. ივანიშვილმა კი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის საზოგადოებაა: იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ. ერევათ იმაში, რაც მე ტელევიზიით ძალიან ხშირად მითქვამს, რომ მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და გავაკრიტიკო ნებისმიერი ხელისუფალი”. გამოდის, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვეგონა, რომ ივანიშვილი ქვეყანას მართავდა, ის (მისი აზრით) საზოგადოების თვითგამოცხადებული რუპორის როლს ასრულებდა. ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, ივანიშვილიც თავის განსაკუთრებულ როლს საზოგადოების უმწიფრობით ამართლებს: “კონტროლი რასაც ჰქვია საზოგადოების და რაშიც ჩვენ, სამწუხაროდ, გამოცდილება ცოტა გვაქვს და საზოგადოება შეიძლება ამას ეფექტურად ვერ ახერხებს, მე გარკვეულწილად ვავსებ. ის, რაც მაქვს საზოგადოებიდან _ ნდობა, საზოგადოებასვე ვუბრუნებ და მის ფუნქციას ვასრულებ და ვაძლიერებ, ასე შეიძლება ვთქვათ”.

საზოგადოების სახელით ლაპარაკს თანამედროვე საქართველოში მდიდარი ისტორია აქვს. წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცდილობდა, თავისი პოზიცია ჯერ “სამოქალაქო საზოგადოების პოზიციად”, შემდეგ კი, უბრალოდ, “საზოგადოების პოზიციად” წარმოეჩინა. ეს შტამპი მედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირად გვხვდება. ივნისის დასაწყისში, როდესაც ნაციონალები აპირებდნენ, სათავისოდ გამოეყენებინათ პროტესტი მოზარდების მკვლელობის არასათანადო გამოძიების გამო, ისინი აქციების ორგანიზებაში ღიად ჩაერთნენ, მაგრამ გამუდმებით იმეორებდნენ, რომ ეს “საზოგადოების პროტესტია”, მაშინაც კი, როდესაც რუსთაველზე მხოლოდ “ნაცმოძრაობის” აქტივი დარჩა. ასე იქცევა ყველა პარტია და, პრინციპში, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ივანიშვილი ცდილობს, თავი საზოგადოების ნების გამხმოვანებლად წარმოაჩინოს. ის გვარწმუნებს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სინამდვილეში ხალხის მხარეს იყო და არა ხელისუფლების.

“კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო _ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა (რატომ იყო პარლამენტი ჩახსნილი? მას ხომ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის კონსტიტუციური ფუნქცია? ეს, ალბათ, უნებლიე აღიარებაა იმისა, რომ პარლამენტი უსაქმურთა ბრბოა, ან კიდევ ფარულ გარიგებაში იყვნენ აწ შერისხულებთან _ რედ.) სამწუხაროდ, იქვე ვერ მოხერხდა იმის დაზუსტება, ვინ დანიშნა კვირიკაშვილი თანამდებობაზე: თემურლენგმა თუ შაჰ-აბასმა?! და რა როლი შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა იმ პერსონის, რომელსაც შესაბამისი უნარჩვევების დეფიციტი შუბლზე აწერია, აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში დასმაში? დღეს კვირიკაშვილიგანტევების ვაციადა, როგორც ჩანს, ქართული ოცნებისლიდერებს ჰგონიათ, რომ, ძველისძველი ინსტრუქციის შესაბამისად, “წაიღებს ვაცი თავისი თავით უდაბურ ქვეყანაში ყველა მათ ცოდვას”. ყოველი შემთხვევისთვის, ყოფილი მინისტრების სახით ორი სათადარიგო ვაციც ჰყავთ _ დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, რომლებიც ამ ეტაპზე პროკურატურის კითხვებს სცემენ პასუხს.

ეს ტრიუმვირატი, ინტერვიუს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებას და თვით ივანიშვილს იუნისეფისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევების შედეგებს უმალავდა, რომელიც საქართველოში ჭარბვალოანობასთან და სიღარიბესთან დაკავშირებით შექმნილ კატასტროფულ სიტუაციას ასახავდა. ალბათ, სეიფში მალავდნენ, ქუმსიშვილის კაბინეტში, სამთაგან ყველაზე დიდი სეიფი მაგას ჰქონდა. ივანიშვილს სურდა, სიტუაცია ისე წარმოეჩინა, თითქოს იმაში, რომ “საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის”, მას წვლილი საერთოდ არ მიუძღვის, ხოლო დამნაშავე, უპირველესად, კვირიკაშვილია, როგორც მსხვილი ბანკირების ლობისტი.

ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი ინტერვიუში: “გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვნახე, რომ სიტუაცია მძიმე იყო, ვუთხარი: საზოგადოებაში გამოვდივარ და ვამბობ, რომ საერთოდ არ ვერევი თქვენს მთავრობაში, საერთოდ აღარც შეკითხვებზე და არაფერზე აღარ დარეკო-მეთქი. ამან შეაშფოთა სწორედ, გუნდი დამეშლება მთლიანადო. გუნდის დაშლაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ საზოგადოებაში შეიძლებოდა მას გარკვეული რესურსი დაეკარგა. ეს არის ის, რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახიან”. ანუ, ჯერ კიდევ ნოემბრის სამთავრობო როტაციამდე ივანიშვილმა (მისი ვერსიით) პრემიერის შემდგომ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. შესაბამისად, კვირიკაშვილი გადადგომაზე უნდა დაფიქრებულიყო, მაგრამ ის დარჩა, შემდეგ კი შეიქმნა სიტუაცია, რომელიც ივანიშვილმა ასე აღწერა: “არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო. ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი. დავინახე, რომ გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო”.

დაშლას, ნებისმიერ შემთხვევაში, რაღაც ობიექტური მიზეზი უნდა ჰქონდეს. იდეოლოგიური უთანხმოება “ქართული ოცნების” შემთხვევაში გამორიცხულია _ მას ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოველთვის “მეათეხარისხოვანი” მნიშვნელობა ჰქონდა (ნაკლები, ვიდრე “მოქკავშირში” და “ნაცმოძრაობაში”, რომელთაც ასევე არ ახასიათებდათ მწვავე იდეოლოგიური დისკუსია). ამავე დროს, არ არსებობდა გარე ფაქტორი, რომელიც პარტიის ერთიანობას დაემუქრებოდა _ ოპოზიცია ძალზე დასუსტებული იყო; რეგიონულ მოთამაშეებს კი, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთვის არ ეცალათ. რეალურად, ერთადერთი რამ, რაც 2012-18 წლებშიქართულ ოცნებაშიდაპირისპირებას იწვევდა, იყო ბრძოლა გავლენის სფეროს გაფართოებისთვის პოლიტიკასა და ბიზნესში. ადრე ის გარკვეულ წესებს ექვემდებარებოდა, დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ ივანიშვილისთვის, რომელიც “მთავარი არბიტრის” როლს ასრულებდა, რომ მოწინააღმდეგის მოქმედება პარტიას ზიანს აყენებს. ივანიშვილი ამბობს, რომ 2017 წლის შემოდგომაზე კვირიკაშვილთან კომუნიკაცია გაწყვიტა თუ შეზღუდა. გამორიცხულია, რომ პარტიის სხვა ლიდერებს ეს ვერ შეემჩნიათ. შესაბამისად, ივანიშვილის დისტანცირების შემდეგ, “კონვენციური ბრძოლის პერიოდი” დასრულდა, შეზღუდვები მოიხსნა, დაპირისპირება გამწვავდა და, საბოლოოდ, ჩვენ ვიხილეთ კრიზისების სერია: უმრავლესობის დეპუტატების დაპირისპირებით დაწყებული, ივნისის საპროტესტო აქციებით დასრულებული.

თუ ივანიშვილის ლოგიკას მივყვებით, შემდეგ სურათს მივიღებთ: მან ჯერ დააწინაურა კვირიკაშვილი (ქუმსიშვილი და ზოგიერთი სხვაც), შემდეგ დაინახა, რომ ის ცუდად იქცევა, მაგრამ თანამდებობიდან მისი გადაყენების იმდენად უცნაური ტაქტიკა აირჩია, რომ გუნდში დამანგრეველი იმპულსების სერია გამოიწვია და მის გადასარჩენად პოლიტიკაში დაბრუნება დასჭირდა. მართვის თეორიისა და პრაქტიკის გადასახედიდან, ეს ეპიკური მარცხია. კიდევ ერთხელ _ ეს მოხდა სიტუაციაში, როდესაც ივანიშვილს არც ერთი სერიოზული მოწინააღმდეგე არ ემუქრებოდა, მან ყოველივე ეს საკუთარ თავსა და ქვეყანას თვითონ დამართა. ახლა კი, ფაქტობრივად, აღაირებს, რომ სისტემა, რომელიც მან პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ შექმნა, უეფექტო გამოდგა.

უკანასკნელი შტრიხი: ივანიშვილმა განაცხადა, რომ 7,5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში წვლილი არა იმდენად კვირიკაშვილს, რამდენადაც ახალ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს, მიუძღვის. სხვათა შორის, მასზე საუბრისას, ივანიშვილმა აღნიშნა (მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ იყო), რომ ბახტაძე ნაყოფიერად თანამშრომლობდა ჩინელებთან. ეს, ალბათ, იყო ერთგვარი რევერანსი პეკინის მიმართ _ ჩინეთის გავლენა საქართველოში სწრაფად და განუხრელად იზრდება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს, კვირიკაშვილს თუნდაც ერთი პოზიტიური თემა (თუნდაც 7,5%-იანი ზრდა) დაუკავშიროს, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ის ყოფილი პრემიერისა და მასთან დაახლოებული პირების ეტაპობრივი დემონიზაციის გზას დაადგა. და ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ როდი ხდება, რომ კვირიკაშვილისგან “განტევების ვაცს” ქმნიან. შესაძლოა, ივანიშვილს სურს, დაანახვოს პოლიტიკურ ელიტას, როგორ ეპყრობა ურჩ თანაგუნდელებს. კვირიკაშვილი ნამდვილად არ იყო მეამბოხე, მაგრამ ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის შიგნით თუნდაც მცირე მინიშნების გაუთვალისწინებლობაც კი გათანაბრებულია ღალატთან.

ინტერვიუმ აჩვენა, რომ ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია, ჭარბვალიანობის პრობლემა მას კი არა, კვირიკაშვილსა და ბანკირებს (მოკლედსხვებს) დაბრალდეს. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის ნაწილმა უკვე ამოწურა ყოველგვარი რესურსი _ პროცენტს ვეღარ იხდის და შეიძლება გადაიქცეს ფეთქებადსაშიშ მასალად პოლიტიკური ავანტიურისტების ხელში. შემთხვევითი არაა, რომ ამ თემას მიხეილ სააკაშვილი “ეთამაშება” _ ამბობს, რომ “უსამართლო ვალების” პრობლემას შეებრძოლება: ივანიშვილს “ქართუ” ბანკს ჩამოართმევს, ქონებას დაუყადაღებს, მის ფულს ხალხს დაურიგებს და ა.შ. სააკაშვილს, მისი მიმდევრების გარდა, საქართველოში სერიოზულად არავინ აღიქვამს, მაგრამ თემა მან სწორად შეარჩია _ მოსახლეობას ყველაზე მეტად სიღარიბე და ვალები აწუხებს და ეს ივანიშვილის წინააღმდეგ შეიძლება სხვა, უფრო ძლიერმა და ჭკვიანმა მოწინააღმდეგეებმაც გამოიყენონ. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის ყველაფრის კვირიკაშვილისთვის გადაბრალება და ბახტაძის მიერ მიღებული საგანგებო ზომებიც, თუმცა ამ პრობლემის მყისიერი მოგვარება გამორიცხულია. შესაბამისად, ის წლების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლების თავზე ჩამოკიდებულ დამოკლეს მახვილად დარჩება.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here