მთავარი პოლიტიკა გამოცხადებული მონობის ქრონიკა

გამოცხადებული მონობის ქრონიკა

336
გააზიარეთ
გამოცხადებული მონობის ქრონიკა

ვერ გეტყვით, სისხლის სამართლის რამდენი მუხლით არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრული, რამდენი აქვს დაუსწრებლად მისჯილი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი დღეს არათუ თავისუფალია, არამედ საქართველოს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაში მაღალ თანამდებობაზეც მუშაობს. ისევე, როგორც, მაგალითად, ზურაბ ადეიშვილი, თუმცა ამჯერად კონკრეტულად უმაღლეს ხელისუფალზე, პრეზიდენტზე ვაკეთებთ აქცენტს.

საქართველოს უკრაინისთვის სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს თუ არა, ესეც არ ვიცით. სასაცილოც იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან უკრაინელებმა გადასარევად იციან, რომ ჩვენთვის ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, მაგრამ დასავლეთისგან მწვანე შუქი აქვთ ანთებული და ამიტომ მიშას ცივ ნიავს არ აკარებენ. აი, როცა ქვეყანა სისხლის სამართლის დამნაშავის ექსტრადაციაზე მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს მოთხოვნასაც ვერ უგზავნის, რადგან იცის, აზრი არ აქვს, სხვა რამეზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. არ უნდა უნდოდეს ევროკავშირში შესვლა, ნატოში გაწევრება. რატომ? ევროკავშირისა და ნატოს წევრმა საფრანგეთმა რომ იკითხოს, სისხლის სამართლის დამნაშავეს რატომ ვერ იჭერთ, ხომ არც იმალება და არც ჩაკეტილ ქვეყანაშიაო, რას ვუპასუხებთ? საფრანგეთს კი პასუხი ექნება _ გასულ კვირას სამწლიანი პატიმრობა ნიკოლა სარკოზის მიუსაჯეს. მართალია, ამ სამი წლიდან სარკოზი ციხეში ერთ წელს გაატარებს, დანარჩენი ორი პირობითია. სარკოზი პირველი პრეზიდენტია საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც დააპატიმრეს, თუმცა მისი დასჯის მიზეზი მხოლოდ მოსამართლეთათვის კარიერის გაკეთებაში ხელის შეწყობა არ უნდა იყოს. მესიე ნიკოლამ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ არაერთ საიდუმლოს ახადა ფარდა და მათ შორის ჩვენთვის საინტერესო ისიც თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში არასდროს მიიღებენ. სარკოზის დაპატიმრება ცივილიზებულ დასავლეთს არ გაუპროტესტებია, პირიქით _ ამაყად განაცხადეს, ხელშეუხებელი არავინ არისო, მაგრამ, ორმაგ სტანდარტთან რომ გვაქვს საქმე, ადვილი მისახვედრია. თუ სარკოზი არ არის ხელშეუხებელი, რატომ არის სააკაშვილი?! მიზეზი ერთადერთია _ ხომ ამბობდნენ, “ქართული ოცნება” სააკაშვილს “ბუად” იყენებსო და სააკაშვილი დასავლეთს სჭირდება იმისთვის, რომ მუდმივი დაძაბულობა იყოს ცალკე საქართველოში და… ცალკე უკრაინაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიშა უკრაინელებისთვის არ არის თავისტკივილი, ძალიან ცდება. ჯერ პოროშენკო ცდილობდა მის მოცილებას, მაგრამ საბოლოოდ თვითონ მოიცილეს, ახლა კი ზელენსკის აქვს ამის სურვილი, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ყველაფერი ერთად აღებული, პირდაპირი მნიშვნელობით, ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევაა და სხვა არაფერი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპა და ამერიკა ჯიუტად ცდილობდნენ, კონტროლი დაემყარებინათ 14 რესპუბლიკაზე. ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოირიცხა, ბელარუსმა და აზერბაიჯანმა თავს უშველეს, შუა აზიის რესპუბლიკები საინტერესო არ იყო და დარჩა სომხეთი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. თუ დააკვირდებით, ამ ოთხივე ქვეყანაში, როგორც კი საფრთხე შეექმნა დასავლეთის გავლენის შემცირებას, მაშინვე ხელისუფლება შეიცვალა. რევოლუცია მოხდა ოთხივე რესპუბლიკაში და კიდევ მოხდება, თუ მმართველები დასავლეთს არ დაუჯერებენ და უპირველეს მტრად რუსეთს არ გამოაცხადებენ.

ბოლო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ევროპა და ამერიკა უხეშად ერევიან საშინაო საქმეებში, გასულ კვირას გვქონდა. ამის კლასიკური ნიმუში იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი. კაცი ევროპიდან ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის ყურის ასაწევად ჩამოვიდა და, საბოლოოდ, კი არ აუწია, ყურები აახია ჩვენს ხელისუფლებას, სახე გააძრო (ახლა არ დამიწყოთ, რა ტერმინებს იყენებო, ტერმინები ისეთი უნდა, ჩვენი პოლიტიკოსები რომ საუბრობენ).

მიშელის ვიზიტამდე ხელისუფლების უმაღლესი პირები დაბეჯითებით საუბრობდნენ, რომ ოპოზიციასთან სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ, რადგან ისინი ულტიმატუმებით საუბრობდნენ, მაგრამ, როგორც კი წვერიანი კაცი დაინახეს, მაშინვე მოლბნენ და მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან კი არ დასხდნენ, არამედ პირობაც დადეს, თქვენ რომ აღარ შეწუხდეთ, მთელი პოლიტიკური სპექტრი 16 მარტს ბრიუსელში გეახლებით და დავალებას იქ ჩაგაბარებთო. ჰო, სწორედ დავალება მისცა მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს თავისი საზეპიროებით და ისინიც გამალებით ემზადებიან.

მხოლოდ მიშელზე არ გვაქვს საუბარი. საკმარისია, ევროპული ქვეყნის ნებისმიერმა ელჩმა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ რეზიდენციაში დაუძახოს, თავპირისმტვრევით გარბიან, წამითაც არ აგვიანებენ და ხბოს აღტყინებით თვალებში შესციცინებენ. რამდენიმე საუკუნის წინათ სტამბოლში მონათა ბაზარი რომ იყო, სოვდაგრები დადიოდნენ და მონებს კბილებს უსინჯავდნენ, დაახლოებით იმავე სიტუაციაშია ქართული პოლიტიკური სპექტრი. დასავლელი სოვდაგრები ჩამოდიან და სწორედ რომ კბილს უსინჯავენ აქაურ პოლიტიკოსებს და ისინი წყვეტენ, ვინ მამლუქი იქნება, ვინ _ საჭურისი, ვინ კიდევ ჰარამხანას დაამშვენებს. გამოცხადებული მონობის ქრონიკა სხვაგვარად როგორია, არ ვიცით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ არ ჩანს საქართველოში პოლიტიკოსი, რომელსაც მონობის ასეთი მდგომარეობა ხელს არ აძლევს. ყველა თანახმაა, პირველი ეამბოროს ხელზე თუ მუხლზე ნებისმიერს, ვინც ძალაუფლების მოპოვებაში ან შენარჩუნებაში დაეხმარება. საერთო ჯამში კი ვიღებთ ერთ დიდ დაკომპლექსებულ ჯგუფს, რომელიც შინაგანად, ქვეცნობიერად ვერ ეგუება მონობას და შემდეგ ჯავრს სხვაზე იყრის. ისსხვაკი საქართველოს მოსახლეობაა, რომელსაც, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, 30 წელიწადია, სულს ხდიან და ჯერ ვერ ამოხადეს, ძალიან სიცოცხლისუნარიანები აღმოვჩნდით _ ვერც შიმშილმა გაგვწყვიტა, ვერც ომმა ჰოდა, ტყვედ აგვიყვანეს, დაგვიმონეს და ამით იკმაყოფილებენ გაწყვეტის სურვილს. ისე, ტყვეს რაღაც უფლებები მაინც აქვს, მონას _ არანაირი და სწორედ რომ უუფლებოა დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენს პოლიტიკოსებს არჩევანს არავინ სთავაზობს, დაწერილ ფურცელს აძლევენ და ეუბნებიან, სწორედ იმ დღის წესრიგით უნდა იცხოვრონ და იმუშაონ, რომელიც დასავლეთს სურს.

მოდი, ეს ყველაფერი შევაბრუნოთ და დავუშვათ, რომ საქართველოს ელჩმა გერმანიაში საკუთარ რეზიდენციაში დაიბაროს ანგელა მერკელი ან საფრანგეთში საქართველოს ელჩმა დაიბაროს ემანუელ მაკრონი და, მაგალითად, გაუპროტესტოს ნიკოლა სარკოზის დაკავება, ეგ კაცი ჩვენი მეგობარი იყოო. თქვენი აზრით, რა მოხდება? საუკეთესო შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას აიძულებენ, ელჩი გაიწვიოს და უარეს შემთხვევაში, მისთვის პოლიტიკური კარიერა კი არა, შესაძლოა, თავისუფლად ყოფნაც დასრულდეს და, როგორც შეურაცხადი, ისე დააკავონ. ამის უფლებას საქართველოს ელჩებს უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში არავინ მისცემს და, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, სწორედ ეს პერიოდია იმისთვის გაწერილი, ნატოს კარი რომ გაგვიღოს. ისე, წეღან საფრანგეთი შემთხვევით არ გვიხსენებია, სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა: დროა, ევროკავშირმა თავდაცვის ახალ შესაძლებლობებზე იფიქროს და ნატოს დაემშვიდობოსო. მანამდე, 2019 წლის ნოემბერში, მაკრონმა ისიც თქვა: ჩვენ ნატოს ტვინის სიკვდილის მოწმეები ვხდებით, ეს ორგანიზაცია კვდებაო. ჰოდა, ჩვენ სწორედ მომაკვდავ თუ უკვე მკვდარ ორგანიზაციაში რომ მიგვიღონ, ჩვენს ბიჭებს აფრიკასა და ავღანეთში სასაკლაოზე ვუშვებთ.

ძალიან მარტივია, მართო ქვეყანა, რომელშიც ხან გავრილოვს დაიძახებენ, ხან _ ნატოსა და ევროკავშირს, ხან ნარკოტიკების ლეგალიზების მოთხოვნით რამდენიმე ათასი ახალგაზრდა გამოვა ქუჩაში. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი, რომელსაც ქვეყნის მომავალი მართლა სტკივა და აინტერესებს, საშოვარზეა გადაგებული, რადგან შიმშილით შვილები და მშობლები ეხოცებათ, აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ, ფულის აღებას არ კადრულობენ და, თუ ქუჩაში გამოვლენ, გამოვლენ იმიტომ, რომ მართლა სტკივათ, მართლა წუხან და სხვა არაფერრი აინტერესებთ. აი, ასეთი ხალხი მოიშორეს თავიდან დასავლელმა პარტნიორებმა და ამ ყველაფერს ადგილობრივმა პოლიტიკოსებმაც შეუწყვეს ხელი, რადგან საღად მოაზროვნე ნაწილი არავის სჭირდება. მათ დაზომბებული, ნარკოტიკებით გაბრუებული თაობა უნდათ, რომელსაც ადვილად მართავენ.

16 მარტი მალე მოვა, საქართველოდან არაერთი პოლიტიკოსი გაემართება ბრიუსელში ოთხზე სახოხად და უსიტყვო მორჩილების დასადასტურებლად. შემდეგ ევროპელი სოვდაგრების ნათქვამს სხვადასხვაგვარად გადათარგმნიან, საკუთარ თავს (და არა ქვეყანას) მოარგებენ და შეეცდებიან, დაგვაჯერონ, რომ ევროპელები სწორედ მათ მხარეს არიან და არა ოპონენტის. ჩვენ კი უპუროდ მხოლოდ სანახაობა შეგვრჩება: ხან ფარულ ჩანაწერებს მოვუსმენთ და მერე მის ავთენტურობაზე მსჯელობის მოწმენი გავხდებით, ხან გზას გადაკეტავენ, ხან პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოხარშული ღომის ფოტოებს დავათვალიერებთ და ეს წელიც ზუსტად ისე გავა, როგორც შარშანდელი, შარშანწინდელი და იმის წინდელი გავიდა _ ოფიციალურ მონობაში!

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here