Home რუბრიკები სპორტი გაიბრწყინეს და ჩაქრნენ _ სად დაიკარგნენ მსოფლიო ჩემპიონატების გმირები?

გაიბრწყინეს და ჩაქრნენ _ სად დაიკარგნენ მსოფლიო ჩემპიონატების გმირები?

2084
ედერი

მათ, სულ ცოტა, ერთი თვის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს მსოფლიო. ადამიანები თაყვანს სცემდნენ, მაგრამ მსოფლიო თასის გათამაშებაში გაბრწყინების შემდეგ ეს შესანიშნავი ფეხბურთელები სადღაც დაიკარგნენსად?

ანტონიო რატინი
ანტონიო რატინი

ანტონიო რატინი _ “ცხოველი არგენტინიდან”, ინგლისი _ 1966 .

არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ანტონიო რატინის, გაძევებამ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ საფუძველი დაუდო უკომპრომისო და პრინციპულ დაპირისპირებას მსოფლიო ფეხბურთში. მატჩის შემდეგ ინგლისელთა მწვრთნელმა ალფ რამსეიმ ანტონიო რატინისა და მის თანაგუნდელებს ცხოველები უწოდა. თავის მხრივ, რატინი დარწმუნდებულია, რომ მსაჯებმა ტურნირის მასპინძლები (ინგლისელები) ყურით გაათრიეს ნახევარფინალში (სხვათა შორის, ფინალურ მატჩშიც იყო პრეტენზიები მსაჯების მიმართ, რომლებმაც, როგორც შემდეგ გაირკვა, გოლი აჩუქეს ინგლისელებს გფრ-თან შეხვედრაში, როცა ანგარიში იყო 2:2).

აი რას ამბობს რატინი ერთ-ერთ ინტერვიუში: _ 1966 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლები ფინალში ხშირად გადიოდნენ. ორგანიზატორები ცდილობდნენ, მასპინძლებისთვის ე.წ. სასათბურე პირობები შეექმნათ, მაშინ ხომ ერთადერთი შემოსავალი ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული იყო. იმხანად “უემბლიზე” ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი. მე უსამართლოდ გამაძევეს მატჩის მე-20 წუთზე. არადა, მინდოდა, თარჯიმნისთვის მიმემართა. არავინ შეურაცხმიყვია. მსაჯი მიკერძოებული იყო, მხოლოდ ერთი გუნდის სასარგებლოდ უსტვენდა. უბრალოდ, უპატიოსნოდ მსაჯობდა. მოვითხოვე, რომ ვიღაცას აეხსნა, რა სურდა ჩვენგან არბიტრს, გერმანელ რუდოლფ კრაიტლაინის. მან კი მოედნიდან გამაძევა. მაგრამ 28 წუთის განმავლობაში თამაში ვერ განახლდა იმიტომ, რომ მოედნიდან არ გავდიოდი. ამ ხნის განმავლობაში ვკამათობდი ფიფას ვიცეპრეზიდენტთან, რომელიც ცდილობდა, დავემშვიდებინე. ბოლოს და ბოლოს, გავედი მოედნიდან და სამეფო ლოჟაში მოვკალათდი. 2 წუთის განმავლობაში ვუყურებდი თამაშს, შემდეგ გასახდელისკენ წავედი. ამ მომენტში მაყურებლებმა დამიშინეს შოკოლადის ფილები და ლუდის ქილები. გაცოფებულმა ინგლისის დროშა ჩამოვგლიჯე, ინგლისელებს კი გულიანად შევუკურთხე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს, ბინძურ ილეთებს არ იყენებდნენ, მაგრამ ყველაფერი მსაჯმა გააფუჭა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რატინი პოლიტიკაში ჩაერთო და არგენტინის პარლამენტის წევრიც იყო. ამჟამად ის 83 წლისაა.

პაოლო როსი
პაოლო როსი

პაოლო როსი _ “გმირული ჰეთთრიკის შემსრულებელი”, ესპანეთი _ 1982 .

იტალიელი პაოლო როსი მსოფლიო პირველობების ერთ-ერთი კაშკაშა პერსონაჟია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, როგორ ვითარდებოდა როსის კარიერა, მისი მიღწევები განსაცვიფრებელია.

1980 წელს, როცა “პერუჯას” რიგებში თამაშობდა, პაოლო როსი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს ე.წ. ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობისთვის. ციხეშიც კი იჯდა. მან თითქმის 2 წელიწადი გაატარა უფეხბურთოდ. პაოლომ თამაში დაიწყო “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

“არავინ ელოდა, რომ იტალიის ნაკრების მწვრთნელი ენცო ბეარზოტი გუნდში მიმიწვევდა. მე ხომ ოპტიმალურ ფორმაში არ ვიყავი, _ ამბობდა როსი, _ თვითონაც არ მჯეროდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდოდი”. ჯგუფში სამი თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ (იტალიელებმა მხოლოდ 2 ბურთი გაიტანეს). იტალია ძლივს გავიდა შემდეგ ეტაპზე. არგენტინელებთან მატჩში, რომელიც იტალიელებმა მოიგეს, როსიმ ცუდად ითამაშა და მას ყველა ლანძღავდა, ვისაც არ ეზარებოდა. მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა ბრაზილიელთა შესანიშნავი გუნდის (სოკრატესი, ფალკაო, ზიკო, ჟუნორი, ედერი და სხვ.) დამარცხების შემდეგ. ამ მატჩში როსიმ 3 ბურთი გაიტანა და იტალია ნახევარფინალში გაიყვანა. ნახევარფინალურ მატჩში გატანილ 2 ბურთს როსიმ ფინალში კიდევ ერთი დაუმატა და იტალიას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. ამის შემდეგ როსის კარიერა მაღლა და მაღლა წავიდა. 1982 წელს ის “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა. “იუვენტუსის” შემადგენლობაში მოიგო იტალიის ჩემპიონატი და ევროპის თასების მფლობელთა თასი.

კარიერის დასრულების შემდეგ როსიმ ფეხბურთის კომენტატორობას მიჰყო ხელი, პარალელურად ჩართული იყო ტურისტულ ბიზნესში.

ედერი _ “ელეგანტური გოლების ავტორი”, ესპანეთი _ 1982

ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელმა ედერმა გაიტანა ორი ულამაზესი ბურთი, ერთი _ ყუმბარისებური დარტყმით საბჭოთა კავშირის ნაკრების კარში და ამით ხელი შეუწყო ბრაზილიელების გამარჯვებას, მეორე _ შოტლანდიელების კარში. ეს იყო შესანიშნავი მომენტები. ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშით, როგორებიც არიან სოკრატესი და ზიკო, უდიდეს სიამოვნებას იღებ, სასიამოვნოა, რომ ხალხს დღემდე ვახსოვარ”, _ ამბობს ედერი.

ედერი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზეც უნდა წასულიყო, მაგრამ პერუს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს და გუნდიდანაც გარიცხეს. დისციპლინასთან პრობლემების გამო ედერმა 12 წელიწადში 16 კლუბი გამოიცვალა. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს მოიპოვა ტიტული _ “კრუზეიროსთან” ერთად მოიგო ბრაზილიის თასი, ახალგაზრდობაში კი “გრემიოსა” და “ატლეტიკოსთან” (მინეირო) ერთად 7 ტიტულს დაეუფლა. ფეხბურთის კარიერის დასრულების შემდეგ ედერი ქალაქ ბელუ-ორიზონტის მერიაში მუშაობდა.

როჟე მილა
როჟე მილა

როჟე მილა _ “მოცეკვავე”, იტალია _ 1990 .

1990-იანი წლების დასაწყისში კამერუნელმა ყურადღება უკბილო ღიმილისა და მოღუნული ფეხების გამო მიიპყრო. მილა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კამერუნის ნაკრებში, რომელიც ტურნირის აღმოჩენად იქცა. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მილამ 4 ბურთი გაიტანა. შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში კი 42 წლის მილა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც გოლის ყველაზე ხანდაზმული ავტორი. ეს გოლი მილამ ორიგინალური ცეკვით აღნიშნა.

უნდა ითქვას, რომ მილა ნაკრებში კამერუნის პრეზიდენტის განკარგულებით შეიყვანეს.

სალვატორე სკილაჩი
სალვატორე სკილაჩი

სალვატორე სკილაჩი _ “სიცილიელი ქილერი”, იტალია _ 1990 .

საშუალო სიმაღლის იტალიელი, მოკლედ შეჭრილი თმითა და გადმოკარკლული თვალებით, თავქუდმოგლეჯილი გარბის მოედანზე და გატანილ ბურთს აღნიშნავს. ეს 1990 წელს იტალიაში გამართული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეპიზოდია. ამ ეპიზოდით გაიცნეს ფეხბურთის მოყვარულებმა სალვატორე სკილაჩი, რომლისთვისაც ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო. როგორც თვითონ ამბობდა, “მოუწესრიგებელი, შფოთიანი და თხემით ტერფამდე სიცილიელი” ბოლო მომენტში მოხვდა იტალიის ნაკრებში. ის ხომ მხოლოდ ერთი სეზონი იყო, რაც “იუვენტუსის” შემადგენლობაში თამაშობდა. “სკუადრა ამურამ” (“ცისფერი გუნდი” _ ასე ეძახიან იტალიის ნაკრებს) მეორე ადგილი დაიკავა მსოფლიო ჩემპიონატზე, სკილაჩიმ კი 6 გატანილი ბურთით არა მხოლოდ საუკეთესო ბომბარდირის, არამედ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც მოიპოვა.

“გაიხსენეთ ჩემი გამომეტყველება, როცა ბურთი გამქონდა. იმ მომენტშიც კი არ მჯეროდა, რომ ეს მე ვიყავი. მწვრთნელმა ხომ სულ ბოლო მომენტში გამომიძახა ნაკრებში, წარმოუდგენელია!” _ ამბობდა სკილაჩი.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფორვარდმა 2 სეზონი ითამაშა “იუვენტუსში” და უეფასა და იტალიის თასები მოიპოვა. შემდეგ სკილაჩი მილანის “ინტერში” გადავიდა, მაგრამ ეს ტრანსფერი წარუმატებელი აღმოჩნდა. სიცილიელი იაპონიის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე გუნდ “ჯუბილო ივატაში” გადავიდა.

კარიერის დასრულების შემდეგ სკილაჩიმ კომენტატორობას მიჰყო ხელი, პარალელურად, პალერმოში ბავშვთა საფეხბურთო სკოლა დააარსა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here