Home რუბრიკები პოლიტიკა გავაუქმოთ სპეცრაზმი და პოლიცია, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში რიგრიგობით შევვარდეთ!

გავაუქმოთ სპეცრაზმი და პოლიცია, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში რიგრიგობით შევვარდეთ!

3581
გავაუქმოთ სპეცრაზმი და პოლიცია, შემდეგ კი პარლამენტის შენობაში რიგრიგობით შევვარდეთ!

ეს ერთადერთი რეცეპტია, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი საზოგადოების სიმშვიდეს და რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩება. აკი, ჩვენი .. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში სამჯერ მაინც შევვარდით პარლამენტის შენობაში სხვადასხვა მეთოდით: ხან _ ტანკებით, ხან _ წიხლებით, ხანაც _ ვითომ ვარდებითშევარდნის მცდელობებს კი ნუღარ მკითხავთ. წელიწადში ორჯერ მაინც ვიღაც აუცილებლად ითხოვს პარლამენტში შევარდნას და, თუ ამ მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ, ძალიან წყინს ხოლმე.

როგორც ჩანს, “პარლამენტში შევარდნის” ჩვეულება სისხლში გადაგვივიდა და დღევანდელი ახალგაზრდების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი ამბავია _ ისინი უნდა შევარდნენ პარლამენტში მაშინ, როცა “გაუსწორდებათ” და ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს.

ვფიქრობ, მსოფლიოში ერთდაერთი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოება მსჯელობს და განიხილავს, უნდა ემოქმედა თუ არა სპეცრაზმს, როდესაც მართლაც აგრესიული და ეგზალტირებული ბრბო სახელმწიფო დაწესებულებაში, კერძოდ კი, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შევარდნას ცდილობდა. ყველაზე კომიკური ისაა, რომ, როდესაც სვამ კითხვას: “აბა, რა უნდა ექნა სპეცრაზმს: უნდა გაწეულიყო და შეეშვა პარლამენტში ეგზალტირებული ბრბო?” _ ამაზე პასუხი არ აქვთ სპეცრაზმის მოქმედებით “აღშფოთებულებს” და იმ წამსვე გადადიან დემაგოგიაზე, რომ სპეცრაზმმა უფლებამოსილებას გადაამეტა. თუ ამ უფლებამოსილების გადამეტების თემაზეც გაყევი კამათში, აღმოჩნდება, რომ ლაპარაკია ორიოდე კონკრეტულ შემთხვევაზე, როდესაც კონკრეტულმა პოლიციელმა რეზინის ტყვია თავის არეში დამიზნებით ესროლა მომიტინგეს. როდესაც ჩაეძიები, აღმოჩნდება, რომ ასეთი შემთხვევები ათამდეც კი არ ადის.

თუმცა, რა უნდა ელაპარაკო ისეთ რეგვენ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში გწერენ: “მხოლოდ იმ ვიდეოებს რომ აქვეყნებ, როგორ ურტყამდნენ მომიტინგეები სპეცრაზმს, იმას რატომ არ აქვეყნებ, როგორ ურტყამდნენ სპეცრაზმელები მომიტინგეებს?” ასეთი უტვინო კითხვების ავტორები, ძირითადად, 19-20 წლის გოგობიჭები არიან, თუმცა ზოგჯერ ამ სულელურ კითხვას კარგა მოზრდილი მუტრუკიც სვამს.

ასეა თუ ისე, ადამიანმა ნებისმიერ ასაკში უნდა იცოდეს, რომ ასეთი კითხვის დასმა ელემენტარულ ჩლუნგობაზე მიუთითებს. სპეცრაზმელი რომ ურტყამს მომიტინგეს ან იყენებს მის წინააღმდეგ გარკვეულ ძალისმიერ მეთოდს, სრულიად ბუნებრივია და ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოს დადების აზრს ნამდვილად ვერ ვხედავ. აი, მოქალაქე რომ ურტყამს ან რაიმეს ესვრის სპეცრაზმელებს, ნამდვილად არ არის ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა, შესაბამისად, ასეთი ვიდეო მართლაც საინტერესოა.

ამ ორი ფაქტის გვერდიგვერდ ერთ სიბრტყეში დაყენება იგივეა, რომ ადამიანისთვის სულერთი იყოს, პოლიციელი ადებს ბორკილს მოქალაქეს თუ პირიქით _ მოქალაქე ადებს ბორკილს პოლიციელს. სპეცრაზმელი რომ ურტყამს ან ძალას იყენებს მოქალაქეზე, ეს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს უფლებამოსილების გადამეტებად და არამართლზომიერი ძალის გამოყენებად, ხოლო, მოქალაქე რომ ძალადობს სპეცრაზმელზე, ეს არის პირდაპირ საზოგადოებრივი მართლწესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

ვისაც ამის ახსნა დასჭირდება, ისინი როგორღა უნდა მსჯელობდნენ სხვა, უფრო რთულ საკითხებზე და თუნდაც იმაზე, მაჟორიტარული არჩევნებია უფრო მისაღები თუ პროპორციული? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანებმა სიტყვები მაჟორიტარული და “პროპორციული პირველად გუშინწინ გაიგონეს და, რეალურად რას ითხოვენ და რატომ, თვითონაც არ იციან.

თორემ, რაიმე რომ იცოდნენ ქვეყანაზე, მაშინ ისიც ეცოდინებოდათ, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ნებისმიერ სახელმწიფო უწყებაზე თავდასხმა ისეთი ტიპის დანაშაულია, რომელიც მყისიერად ნებისმიერი საშუალებით უნდა აღიკვეთოს. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში პოლიციასა და სპეცრაზმს, არათუ რეზინის, საბრძოლო ტყვიების გამოყენების უფლებაც აქვს და მოდით, ბარემ ისიც პირდაპირ ვუთხრათ ამძაან ჰუმანურებს”, რომ ძალიან ბევრი ზედემოკრატიული ქვეყნის პოლიცია და სპეცრაზმი იზამდა კიდეც ამას ასე (მავანთათვისძაანსაყვარელი ამერიკის პოლიცია გაუფრთხილებლად გესვრის, რეზინის კი არა, რკინის ტყვიას, თუ მასმოეჩვენა, რომ თავდასხმას უპირებენ”)!

აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბევრი უტიფარი ძალიან უაზროდ და უადგილოდ ადარებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს 2007 წლის 7 ნოემბერსა და 2011 წლის 26 მაისს. ასეთი შედარებების გამკეთებლები, პირდაპირ ვამბობ, დიდად შეურაცხყოფენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების მონაწილეებს. მთავარი განსხვავება სწორედ ის არის, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არც ერთ მომიტინგეს არსად შეჭრა არ უცდია. მეტიც, თუკი 26 მაისს დემონსტრანტებს ხელში პლასტმასის მილები მაინც ეჭირათ და გარკვეულ აგრესიას მაინც ავლენდნენ, 7 ნოემბერს, ყველას გვახსოვს, რომ ხალხი დასცინოდა კიდეც ლიდერებს, რომლებიც გაიძახოდნენ: “ხიდან ფოთოლიც კი არ უნდა ჩამოვაგდოთო!”

სწორედ ასეთ პირობებში მოხდა მშვიდობიანი მანიფესტაციების სასტიკი დარბევა. ამ მხრივ კი 26 მაისის დარბევამ გაცილებით გადააჭარბა 7 ნოემბერისას. ის გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელი იყო და 2 ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. დასავიწყებელი არც ისაა, რომ ამ ორ მოვლენას შორის იყო სხვა, შედარებით პატარა-პატარა დემონსტრაციებიც, რომლებიც მიშას პოლიტიკურმა პოლიციამ უსასტიკესად დაარბია, რომელიც ხმამაღლა სკანდირებდა “მიშა!” “მიშა!”-ს…

მსგავსი რომ არაფერი ყოფილა 20 ივნისს, ამაზე ვინც შემოგვედავება, ის, უბრალოდ, შარზეა.

რა გამოდის? რას ითხოვენ, აბა, ის ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ვითომჰუმანისტურპოზაში დგანან და 20 ივნისის საღამოს რაღაც საშინელებად და კატასტროფად წარმოგვიჩენენ?

აქ შეიძლება ორი კატეგორია გამოვყოთ ადამიანებისა: პირველი _ ისინი, ვისაც ყველაფერი ძალიან კარგად მოეხსენება, უბრალოდ, უტიფრები არიან და სიტუაციას ბოროტად იყენებენ (ანუ ნაციონალების ლიდერები და პარტიული აქტივი). ესენი უმეტესობაა; და მეორე _ უტვინო, გამოუცდელი და ფეხის ხმას აყოლილი ბავშვები; ახალგაზრდები, რომლებსაც ჩააგონეს, რომ “პოლიცია ცუდია” და “პროტესტი კარგია”!

სხვათა შორის, მიტინგზე დავინახე ერთი ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ, როცა 19 წლის იყო, შუა ზაფხულში ზამთრის პალტოთი შემხვდა ქუჩაში. რომ ვკითხე, _ რატომ გაცვია პალტომეთქი, ამაყად მიპასუხა: ვაპროტესტებო. დამაინტერესა, რას აპროტესტებდა. პასუხი ვერ გამცა. “ზოგადადო”, _ მხოლოდ ეს ჩაიბურტყუნა და წავიდა. რომ ვუსმინე 22 ივნისს მის კომენტარს, რომელიც ერთერთმა ტელევიზიამ ჩამოართვა, როგორცახალგაზრდა მწერალს”, ზუსტად ზაფხულის ის საღამო გამახსენდა. როგორც მაშინ, ჩემმა ნაცნობმაახალგაზრდა მწერალმაახლაც სწორედ ისევე მხოლოდ ის თქვა, რომ აპროტესტებდა, ოღონდ რას? _ ამის შესახებ მისი ნალაპარაკევიდან აზრს ნამდვილად ვერ გამოიტანდი.

მეტიც, სოციალურ ქსელებში გადავაწყდი წარმოუდგენელ ფენომენს, როდესაც ადამიანები წერენ: “ჩვენ პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად გვინდოდა შეჭრაო”. ვერ გეტყვით, “მშვიდობიანი შეჭრა” “მშვიდობიანი შევარდნა” და ა.შ. მხოლოდ ქართული საავტორო ტერმინებია თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებოს მსგავსი რამ, მაგრამ ფაქტია _ ამ ყოველივემ ამას წინათ ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული აქციები გამახსენა, რომლის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ჩვენ აგრესია სულაც არ გვაქვს, უბრალოდ, გეი თუ შეგვხვდა სადმე, მშვიდობიანად გავუკოჭავთ ხელებსო.

ძალიან საინტერესო იყო ე.წ. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადებაც: ჩვენ პარლამენტის შენობაში ხელებაწეული შევდიოდით”. ღმერთო! ნუთუ რამე მნიშვნელობა აქვს, იქ, სადაც შესვლა აკრძალულია, აწეული ხელებით შეიჭრები თუ ჩაწეული ნიფხვით?!

მარტივად ვთქვათ: თქვენთან ოჯახში რომ შემოვიდეს ვიღაც უცხო მამაკაცი, ოღონდ ხელებაწეული და აგრესიის გარეშე, დაჯდეს თქვენს სავარძელში და ფეხი ფეხზე გადაიდოს და ტელევიზორის ყურება დაიწყოს, რადგან ხელები აქვს აწეული, ამიტომ არაფერს ეტყვით?

ამიტომაც ვამბობ, როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოების გარკვეულ და არც ისე პატარა ნაწილს სისხლში აქვს უკვე პარლამენტის შენობაში შევარდნის ჩვეულება. მინდა, მათ ვკითხო: კარგი, დღეს თქვენ შევარდით პარლამენტში და მოიყვანეთ სათავეში თქვენთვის სასურველი ხელისუფლება. გავიდა ცოტა დრო და ახლა მე და ჩემს მეგობრებს მოგვინდა პარლამენტში შევარდნა, რა ვქნათ? აკი, თვითონ ამბობთ, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტებს არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოსო? ესე იგი, გამოდის, რომ მე და ჩემი მეგობრებიც დაუბრკოლებლად უნდა შევვარდეთ პარამენტში. მერე კიდევ სხვას მოუნდება, მერე კიდევ სხვას და ა. შ.

პრინციპში, რომ დაფიქრდეს კაცი, არ არის ცუდი გასართობი. იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ ეკონომიკური კუთხითაც გამართლებული იქნება. თუკი გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ყველგან შევარდება, მაშინ რაღა საჭიროა სპეცრაზმი და პოლიცია?! გავაუქმოთ ეს სტრუქტურები და ბიუჯეტი ბევრ მილიონს დაზოგავს. მართალია, პოლიციელები მერე უმუშევრები დარჩებიან და ძალიან უკმაყოფილოც იქნებიან, მაგრამ არც ეგაა პრობლემა, აგერ არ არის პარლამენტის შენობა? ადგებიან და შევარდებიან ისინიც.

ერთი ეგაა, აშკარად მოგვიწევს მორიგეობის დაწესება, ვინ როდის უნდა შევარდეს პარლამენტში. საჭირო იქნება მკაცრი გრაფიკი, მაგრამ, ვინმეს უგრაფიკოდ რომ მოუნდეს პარლამენტში შევარდნა, მერე რა ვქნათ? დავაყენოთ სპეცრაზმი და არ მივცეთ მათ ამის უფლება? არა, რაღაც არ გამოდის მაინც…

იქნებ სჯობს, ამ ყოველივეს შევეშვათ და ისევ იმ ტვინგახურებულ და ვითომ გულაჩუყებულ რეგვნებს ავუხსნათ, რას ნიშნავს სიტყვა “სახელმწიფო”? თუმცა, აქვს კი აზრი?

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here