ბევრი ქვეყნის მთავრობებმა ერთობლივი ღონისძიებები არ განახორციელეს პანდემიის პირობებში, ამიტომ მსოფლიო შეიძლება შეეჯახოს ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ კრიზისს, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
“პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგები კატასტროფულია და ის კვლავ ძლიერდება. ვერანაირი ვაქცინა ვერ გამოასწორებს ზარალს, რომელიც უკვე განიცადა მსოფლიომ. ჩვენ ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რეცესიის წინაშე ვდგავართ”, _ განაცხადა გუტერეშმა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, დიდია შიმშილის დაწყების საფრთხე.
“პანდემია _ ეს არის კრიზისი, რომელიც სხვას არ ჰგავს, ის მსოფლიოს საერთო მტერია. სამწუხაროდ, ქვეყნების მთავრობებმა ერთობლივი ღონისძიებები არ განახორციელეს ამ გლობალური საფრთხის წინააღმდეგ”, _ მიაჩნია გაეროს ხელმძღვანელს.
tvzvezda.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა