მთავარი დაიჯესტი გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთი ბზარი გაუჩნდა

გაერთიანებულ სამეფოს კიდევ ერთი ბზარი გაუჩნდა

შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შემდეგ დამოუკიდებლობაზე უელსშიც ალაპარაკდნენ

150
გააზიარეთ

ევროკავშირის გარეთ ცხოვრებისადმი დიდი ბრიტანეთის შეუგუებლობით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების ფონზე გაერთიანებულ სამეფოში ცენტრიდანული ტენდენციები ძლიერდება. კარგა ხანია, ლონდონისგან დამოუკიდებლოაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. ახლა კი მათ შეუერთდა უელსიც, რომელიც ინგლისთან მიერთებული კელტური ტერიტორიებიდან ტრადიციულად ყველაზე ლოიალურად განწყობილად მიიჩნეოდა.

უელსი დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. შუა საუკუნეებში ბრიტანეთიდან რომაული სამხედრო შენაერთების გასვლის შემდეგ მის ტერიტორიაზე ბრიტების რამდენიმე პატარა სამეფო წარმოიქმნა. კუნძულის აღმოსავლეთში მცხოვრები თანამოძმეებისგან განსხვავებით, უელსელმა ბრიტებმა დამოუკიდებლობის, ასე თუ ისე, შენარჩუნება ანგლოსაქსების მიერ დაპყრობის ეპოქაშიც შეძლეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ინგლისს ვილჰემ დამპყრობელი დაეპატრონა, უელსის სამეფო აღმოსავლელ მეზობლებზე დამოკიდებულად იქცა.

XIII საუკუნეში ინგლისელები უელსის მთელ ტერიტორიას აკონტროლებდნენ. ინგლისელი დამპყრობელის წინააღმდეგ ბოლო დიდი აჯანყება XV საუკუნის დასაწყისში მოხდა. დამპყრობლებთან შერიგებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ XV საუკუნის ბოლოს ინგლისის სათავეში მოსულ ტიუდორების დინასტიას ვალიური ფესვები ჰქონდა. უელსი სხვა დამორჩილებული ტერიტორიებიდან სხვებზე მეტად დაუახლოვდა ინგლისს კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ ოფიციალურმა ლონდონმა უელსელებთან სრულ ჰარმონიას მაინც ვერ მიაღწია.

XIX საუკუნეში მრეწველობაგანვითარებული უელსი მუშათა მოძრაობის ბურჯად იქცა, შემდეგ მის ტერიტორიაზე ფეხი მტკიცედ მოიკიდა კელტურმა ნაციონალიზმმა.

შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიისგან განსხვავებით, უელსს ინგლისთან საერთო იურისდიქცია აქვს. მის ტერიტორიაზე ინგლისური სამართლის სისტემა მოქმედებს. 1979 წელს სპეციალურ რეფერენდუმზე უელსის მცხოვრებთა მხოლოდ 20%-მა დაუჭირა მხარი ავტონომიის იდეას. 1997 წლის რეფერენდუმზე მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვეს საკანონმდებლო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს _ უელსის ასამბლეის ანუ სენედას _ შექმნის მომხრეებმა.

2006 წლიდან უელსს უკვე ჰყავს თავისი მთავრობა. მაგრამ უელსის ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებები შემოფარგლულია სოციალურეკონომიკური საკითხებით, ისეთით, როგორიცაა კონტროლი ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის ფონზე უელსში მოიმატა ნაციონალისტურმა განწყობებმა. თუ ადრე დამოუკიდებლობის მომხრეთა რაოდენობა რეგიონში 15-20%-ს ძლივს აღწევდა, დღეს ეს მონაცემი, სოციოლოგების კვლევის შედეგების მიხედვით, 40%-ია, თანაც, ახალგაზრდებს (16-დან 30 წლამდე) შორის დამოუკიდებლობის იდეას ევროკავშირში უელსის ინტეგრაციის პირობით მხარს 58% უჭერს.

დამოუკიდებლობისთვის მოძრაობა YesCymruის (“კამრი” _ ასე უწოდებდნენ ძველი ვალიელები თავიანთ თავს) მხარს უჭერს რეგიონში მცხოვრებთა 33%. პარტიაპლაიდ კამრი” (მხარს უჭერს მემარცხენეცენტრიზმს ეკონომიკაში და უელსელთა ნაციონალიზმს _ პოლიტიკაში) 1952 წელს შეიქმნა და დიდი ხნის განმავლობაში მარგინალურ ორგანიზაციად მიიჩნეოდა, მაგრამ დღეს მას უელსის პარლამენტში (სენედი) 60-დან 13 ადგილი აქვს. რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანების ნახევარზე მეტი უელსელი ლეიბორისტია, მათი რიტორიკა გაცილებით ზომიერია “პლაიდ კამრის” ნაციონალისტებთან შედარებით, მაგრამ ისინიც გამოდიან ოფიციალური ლონდონის გავლენის შემცირებითა და უელსის ავტონომიის გაფართოებით. კონსერვატორები კი, რომლებიც სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, უმცირესობაში არიან.

დამოუკიდებლობის მომხრეები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით აბსოლუტური მხარდაჭერა არ აქვთ, ადგილობრივთა შორის პატივისცემით სარგებლობენ. ექსპერტთა აზრით, უელსში პროცესები ისეთივე სცენარით ვითარდება, როგორც შოტლანდიაში, ოღონდ 15-20 წლის დაგვიანებით.

“დამოუკიდებლობა ქვეყნების ბუნებრივი მდგომარეობაა… ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ბუნებრივი რესურსები… დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უფლებამოსილებები რომ გვქონდეს, ყველაფერ ამას სათანადოდ გამოვიყენებდით… უელსი საკმარისად დიდია. უელსი საკმაოდ მდიდარია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი იყოს. ჩემი აზრით, დამოუკიდებლობა უელსს კიდევ უფრო კარგ ქვეყნად გადააქცევს და უელსელთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. ის უელს გადააქცევს უკეთეს ქვეყნად იმ ადამიანებისთვის, რომელთა მარგინალიზაციას ამჟამად ხშირად ცდილობენ”, _ მოჰყავს გამოცემა “ექსპრესს” დეპუტატ რის აბ ოუენის ციტატა.

უელსის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები მიუთითებენ იმაზე, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ძალიან არის დამოკიდებული ცენტრზე. დამოუკიდებლობის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ ირლანდიამ გაერთიანებული სამეფოდან გამოსვლის მომენტში გადაიტანა კრიზისი, მაგრამ დროთა განმავლობაში წარმატებულ სახელმწიფოდ იქცა.

რამდენიმე დღის წინათ უელსის ხელისუფლებამ დიდი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ. ადგილობრივ მთავრობასთან შეიქმნა სპეციალური ორგანო _ კომისია, რომელმაც უნდა განსაზღვროს გაერთიანებული სამეფოს დანარჩენ ნაწილთან ურთიერთობის ფორმატი. დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის შესაძლებლობის განხილვა ოფიციალურად დაიწყება. პროფესორმა ლაურა მაკალისტერმა, რომელიც კენტენბერიელ არქიეპისკოპოს როუენ უილიამსთან ერთად ხელმძღვანელობს კომისიას, განაცხადა, რომ უაზრობა იქნებოდა ასეთი შესაძლებლობის განხილვაზე უარის თქმა.

ოფიციალური ლონდონი პოლიტიკურ ხაფანგში გაება. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უელსი უახლოეს ხანში მოითხოვს უფლებამოსილებების გაფართოებას ფინანსების, იუსტიციისა და სასამართლოს სფეროებში. ბორის ჯონსონის მთავრობა საპასუხო ძლიერ დარტყმას მხარს ვერ დაუჭერს, რაც “პლაიდ კამრის” ნაციონალისტების წისქვილზე დაასხამს წყალს.

კარგი იქნება თუ არა ეს ყველაფერი უელსის მცხოვრებთათვის, ძნელი სათქმელია. დიდი ხანია, ლონდონის დიქტატი მძიმე ტვირთად აწევს არაინგლისურ ტერიტორიებს. ამ ეტაპზე ცენტრიდანულ ტენდენციებს არაოფიციალურად უჭერენ მხარს ბრიუსელელი ლიბერალები, რომლებიც უარს არ იტყვიან დიდი ბრიტანეთის დასჯაზე “ანტიევროპული ბუნტისთვის” და ევროკავშირის გაძლიერებაზე. მაგრამ, თუკი ბრიუსელი და ლონდონი კვლავ გამონახავენ საერთო ენას, შოტლანდიასა და უელსს ისე გადააგდებენ, როგორც მობეზრებულ სათამაშოებს. ექსპერტთა აზრით, უელსმა შეიძლება ხურდის როლი შეასრულოს გლობალისტების სხვადასხვა ჯგუფს შორის.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here