Home რუბრიკები საზოგადოება გაბედეთ, ბატონებო, გაბედეთ!

გაბედეთ, ბატონებო, გაბედეთ!

1910
გაბედეთ, ბატონებო, გაბედეთ!

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ გამარჯვების აღლუმზე დასწრებაზე უარის თქმა დიდი შეცდომაა

ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ქვეყნის მიერ ფაშიზმზე გამარჯვების 75- წლისთავისადმი მიძღვნილ გამარჯვების აღლუმზე დასწრებაზე უარის თქმა დიდი შეცდომაა”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 20 დეკემბერს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის:

“მირ-24”-ის კორესპონდენტმა ელენა დაშკუევამ ჰკითხა პუტინს, _ გული ხომ არ წყდება, რომ საზეიმო კოლონებში არ იქნებიან ყოფილი სსრ კავშირის ყველა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის.

პუტინის აზრით, “ეს მათი არჩევანია”. მაშასადამე, ისინი სათანადო პატივს არ მიაგებენ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ, თავი შესწირეს თავიანთი სამშობლოს დამოუკიდებლობას”. დიდი სამამულო ომის დროს ხალხების ყოფნაარყოფნის საკითხი წყდებოდა.

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვში გამართულ აღლუმზე იმათი შთამომავლების დასწრება, ვინც დაიცვა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ჩვენი ხალხები, სიმბოლური და მნიშვნელოვანი ჟესტია”.

1945 წელი
1945 წელი

პუტინმა “მიუღებლად და არაკორექტულად” მიიჩნია ევროპარლამეტის გადაწყვეტილება ჰიტლერული გერმანიისა და საბჭოთა რეჟიმის გაიგივების შესახებ. საბჭოთა კავშირის შედარება ან მისი გაიგივება ფაშისტურ გერმანიასთან ცინიზმის უმაღლესი წერტილია. “ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა არ იციან ისტორია, წერა-კითხვა არ იციან”, _ დასძინა მან.

კერძო მოსაზრება: ვის ვებოდიშებით?

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების “ზოგიერთი” ლიდერის მიერ გამარჯვების აღლუმზე დასწრებაზე უარის თქმა არა მარტო დიდი შეცდომაა, არამედ ვასალური მორჩილების დემონსტრაციაც, ფაშიზმის დამარცხებაში შეტანილი წვლილის უარყოფა და, უკაცრავად, მაგრამ ძალიან ჰგავს ნაცისტების წინაშე მობოდიშებას _ კი დაგამარცხეთ, მაგრამ ახლა განზე გავდექით და არ გვეზეიმება, ამიტომაც მოსკოვში ჩასვლას არ ვაპირებთო.

სხვა ახსნა ამ დემონსტრაციულ უარს არ მოეძებნება.

თუმცა შეეცდებიან.

არ გაგვიკვირდება, რადგან საქართველოს უმაღლეს სახელისუფლო დერეფნებს ჩაყოლებულ კაბინეტებში ასეთი მოღვაწეები ბუდობენ.

უმეტესად.

დერეფნებს გარეთ ე.წ. ოპოზიციაც ამით არსებობს, პურს ამით ჭამს და შხამ-სამსალასაც ზედ მოაყოლებს.

პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში რომელიმე მონაწილეს თითიც რომ გაეკაწროს, ზედ გადაყვებიან, მოუოხებენ, ფიანდაზს დაუგებენ სამოთხისკენ. 9 მაისს გამარჯვების პარკში გამარჯვების დღის აღსანიშნავად მისულ ვეტერანებს მოხულიგნო აქტივისტები, ახლახან შემოღებული და დამკვიდრებული ტერმინის _ “სამოქალაქო საზოგადოებისღირსეული წარმომადგენლები რომ შეურაცხყოფენ, იმას წაუყრუებენ, თვალს მოუხუჭავენ, მიაჩუმათებენ _ სიტყვის თავისუფლებაა, ბატონო, ჩვენს ქვეყანაში!

მერე რა, რომ სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სისხლის სამართლის კოდექსი! ეს ხომ საბჭოთა გადმონაშთია!

როგორც, მაგალითად, ნარკომანია, რომელიც კომუნისტურ სახელმწიფოში არ არსებობდა, მაგრამ დღეს გამარჯვებული ნეოლიბერალური ზნეობის ეპოქაში “უფრო არ არსებობს”.

ეშმაკები კი დეტალებიდან იღრიჭებიან და წარსულის ყროლი შეფასებებით ერთობიან. ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი რომ აცხადებდა _ მზად ვარ მოსკოვში ჩავიდე მოსალაპარაკებლად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საუბარი არ იქნება სტალინის ბავშვობასა და ყრმობაზეო, ეგაა. იანგლა ბიჭმა.

ამიტომაც აღარ არის პრეზიდენტი.

ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, ისე, სასხვათაშორისოდ და ცინიკურად ხელს რომ წამოჰკრავს სტალინის პიროვნებას, როგორც რამ საყოველთაოდ დადგენილ და აღიარებულ ნეგატიურ მოვლენას, ესეც იმ გაუნათლებლობის რიგიდან არის, რომელიც ჩვენს ხელისუფალთ ახასიათებს.

უმეტესობას.

ამიტომაცაა, რომ ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთხანს ხელისუფლებას ჩამოაცილეს და ხალხმა თანდათან მიივიწყა, დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს.

პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ამიტომ არ გაგვკვირვებია, ჩვენი ქვეყნის ლიდერებმა უარი რომ განაცხადეს გამარჯვების აღლუმზე დასასწრებლად მოსკოვში ჩასვლაზე.

გვეწყინა _ კი, რადგან ამით მხარი დაუჭირეს მატრაკვეცობას მიხეილ სააკაშვილისა, რომლის მტკიცებით, საქართველოს ისტორია მისი მოსვლის დღიდან დაიწყო, მანამდე კი იყო ბნელი და უკუნი.

ნაციონალებთან დაპირისპირებული “ოცნება” ყოფილების იდეოლოგიურ საფუძველზე რჩება.

ვებრძვითო, _ ვინ თქვა?!

პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

იქნებ, მაინც გაბედოთ, ბატონებო! არა იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ინება, არამედ იმიტომ, რომ ისტორიულ ჭეშმარიტებას დაუჭიროთ მხარი!

არმაზ სანებლიძე

P.S. მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ წერილში ასე მიმართავს გონიერ ადამიანებს: “…თქვენ, გონიერნი ხალისით იწყნარებთ უგუნურებს.

რადგან იწყნარებთ, თუ ვინმე დაგიმონებთ, თუ ვინმე შეგსანსლავთ, თუ ვინმე დაგიპყრობთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ.

შესარცხვენად ვამბობ ამას…” (II კორ. 11, 19-21).

ჩვენ ხომ გონიერი ადამიანები ვართ

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here