მთავარი დაიჯესტი ბორდელები და კადაფის ფული. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო წლების განმავლობაში კითხულობდა მსოფლიო...

ბორდელები და კადაფის ფული. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო წლების განმავლობაში კითხულობდა მსოფლიო ლიდერების საიდუმლოებებს

1354
გააზიარეთ
ბორდელები და კადაფის ფული. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო წლების განმავლობაში კითხულობდა მსოფლიო ლიდერების საიდუმლოებებს

დიდი რუდუნებით შექმნილი რეპუტაცია შვეიცარიისა, როგორც ნეიტრალური და საიმედო ქვეყნის, ერთ საათში დაინგრა. გაირკვა, რომ საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთერთ დიდ კომპანიას _ შვეიცარიულ Cripto AG დიდი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ ამერიკული და გერმანული სადაზვერვო სამსახურები. აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) თანამშრომლები წლების განმავლობაში კითხულობდნენ .. მესამე სამყაროს დიქტატორების, სტრატეგიული მოწინააღმდეგეებისა და უახლოესი მოკავშირეების დაშიფრულ ცნობებს.

დაზვერვის საიდუმლო

XX საუკუნის შუა წლებიდან შვეიცარიული ფირმის მშიფრავი მოწყობილობით 120-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობდა და არავინ დაეჭვებულა, რომ მონაცემები აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების ხელში ხვდებოდა.

საიდუმლო მოლაპარაკებების შედეგები, მოხსენებითი ბარათები და ბრძანებები მანამდე ხვდებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლების ხელში, სანამ მიაღწევდა ადრესატამდე ირანში, ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთსა და ვატიკანშიც კი. მიმწოდებელი კომპანიის კლიენტთა შორის ეჭვი არავის ეპარებოდა საიმედოობაში იმ სისტემისა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მათი ეროვნული უსაფრთხოება.

მომხდარის შესახებ თვით Cripto AG-ის თანამშრომლებმაც არაფერი იცოდნენ.

ასე გრძელდებოდა დღემდე. მასშტაბური კონსპიროლოგიური სქემის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში შეიქნა ცნობილი, როცა ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა და გერმანულმა ტელეკომპანია ZDF-მა გამოაქვეყნეს ერთობლივი გამოძიების შედეგები. მათ შეისწავლეს ცსს-ის დოკუმენტები და გამოჰკითხეს ის მოწმეები, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს და დათანხმდნენ პრესასთან თანამშრომლობას. ასე გამომზეურდა სადაზვერვო სამსახურების ბინძური საქმიანობა გასულ საუკუნეში.

საოცარი ახალი სამყარო

Cripto AG-ი შვეიცარიაში დააარსდა 1948 წელს, მაგრამ “დაბადებიდანვე” ამერიკის შეერთებულ შტატებთან იყო დაკავშირებული. მისმა შემქმნელმა, წარმოშობით რუსმა შვედმა ბორის ცეზარ ვილჰელმ ხაგელინმა თავისი ბიზნესი აშშ-ში იძულებითი ემიგრაციის პერიოდში წამოიწყო. ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქარხანაში ხაგელინის პროექტის მიხედვით აწარმოებდნენ კომპაქტურ მშიფრავ მანქანებს _ M-209-ს, რომლებსაც იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე. ეს მანქანა ძალიან ჩამორჩებოდა ნაცისტურ “ენიგმას”, მაგრამ მაინც ეფექტიანად მუშაობდა. ტექნიკას ნელ-ნელა სრულყოფდნენ, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები კი ყურადღებით აკვირდებოდნენ, როგორც ისინი უწოდებდნენ, “ხაგელინის პრობლემას”. საქმე ის არის, რომ აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეები _ სსრკ, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა _ ისეთ მშიფრავ სისტემებს იყენებდნენ, რომ მათი დეკოდირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

Cripto AG-ის მოწყობილობების გაყიდვის მომატებასთან ერთად ასეთი ქვეყნების რაოდენობაც მოიმატებდა.

ამერიკელებს ბედმა გაუღიმა: ხაგელინზე ოკეანისგაღმა ცხოვრების წლების განმავლობაში დიდი ზეგავლენა იქონია ამერიკულმა იდეოლოგიამ. ის ლოიალურად იყო განწყობილი ამერიკული ფასეულობების მიმართ. ხაგელინი იმედოვნებდა, რომ აშშ მისი უდიდესი კლიენტი იქნებოდა, ამიტომ გამომგონებლის დაყოლიება, ეთანამშრომლა მთავრობასთან, რთული საქმე არ ყოფილა.

სპეცსამსახურებმა ხაგელინთან მოლაპარაკების წარმართვა დაავალეს მის ძველ მეგობარსა და კოლეგას, “ამერიკული კრიპტოლოგიის მამას”_ უილიამ ფრიდმანს. მეგობრებმა 1951 წელს ვაშინგტონის ერთერთ კერძო დაწესებულება Cosmos Clubში მოილაპარაკეს და კომპანია გადაიტანეს შვეიცარიაში. ამ მომენტიდან Cripto AG თავისი მოწყობილობების გაყიდვა მხოლოდ თეთრი სახლის თანხმობით შეეძლო. ხაგელინს მხოლოდ ერთ რამეში არ დაუთმია _ ამერიკელ სპეციალისტებს აპარატთან წვდომა არ ჰქონდათ.

საკომპენსაციოდ ხაგელინმა ვაშინგტონისგან მიიღო 700 ათასი დოლარი ავანსად და კიდევ 70 ათასი _ ყოველწლიურად. Cripto AG-სთვის ლიდერის პოზიცია რომ განემტკიცებინათ მსოფლიო ბაზარზე, ამერიკის ხელისუფლებამ გამომგონებელს კიდევ 10 ათასი დაუმატა “სარეკლამო ხარჯებისთვის”.

1986 წლის 5 აპრილი. ბერლინის კლუბ"ლაბელის" აფეთქების შემდეგ
1986 წლის 5 აპრილი. ბერლინის კლუბ”ლაბელის” აფეთქების შემდეგ

1960-იან წლებში კომპანიას მოუწია, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიებისთვის ფეხის აეწყო. აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელშეწყობით, 1967 წელს Cripto AGმა გამოუშვა ელექტრონული მოდელი H-460. ამერიკულმა დაზვერვამ მოიპოვა შიფრები, რომლებსაც იყენებდნენ შვეიცარიული კომპანიის კლიენტები. ამ მომენტიდან დეკოდირებას, რომელსაც ჩვეულებრივ პირობებში თვეები უნდებოდნენ, რამდენიმე წამი სჭირდებოდა.

“წარმოიდგინეთ, ამერიკის მთავრობა თავის სასარგებლოდ მუშაობაზე ითანხმებს უცხოელ მეწარმეს”, _ წერია ცსს-ის საიდუმლო მასალებში. სხვათა შორის, ეს ხდებოდა ახალ საოცარ სამყაროში.

გარიგება

როდესაც ბორის ხაგელინმა ხანდაზმულ ასაკს მიაღწია და დადგა მისი შემცვლელის პოვნის საკითხი, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შიდა დაპირისპირების გამო ვერ შეძლეს კომპანიის გაყიდვაზე მოლაპარაკება. კომპანიის შეძენა სურდათ ფრანგებს, მაგრამ ხაგელინმა მათ უარი უთხრა და ყველაფერი ცსს-ს მოახსენა. ახალი შეთავაზება მიიღო 2 წლის შემდეგ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურისგან (Bundesnachrichtendienst, BND). აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს გერმანელ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 1956 წელს სწორედ ამერიკელების ძალისხმევით შეიქმნა გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური. ამჯერად ამერიკელმა კურატორებმა მოიწონეს კომპანიის გაყიდვის იდეა და გარიგება შედგა.

ამერიკელებმა ოკეანის გამოღმა ჩამოიტანეს მოწყობილობები, მანქანები, საწვავი და სხვა აუცილებელი საგნები. ძალიან მალე გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური მსოფლიოში ერთერთ ძლიერ სადაზვერვო სამსახურად იქცა. ბონისა და ვაშინგტონის თანამშრომლობა ამ სფეროში 1970 წელს განმტკიცდა. შეთანხმების ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, საქმეში ფრანგებს არ ჩაეხედათ. მემორანდუმზე იყო მიუნხენში ცსსის იმჟამინდელი წარმომადგენლის დაბრეცილი (მას უკვე ჰქონდა პარკინსონის დაავადება) და BND-ის წარმომადგენლის გაურკვეველი ხელმოწერები.

ქალი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შენობის შესასვლელთან
ქალი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის შენობის შესასვლელთან

ცენტრალური ოფისი თავდაპირველად განათავსეს სამხედრო ობიექტზე, რომლითაც სარგებლობდნენ ამერიკელები, შემდეგ _ შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გვერდით. კონსპირაციისთვის ყველა სახელი კოდირებული იყო. კომპანია Cripto AG-ს უწოდეს “მინერვა”, ხოლო ორი დაზვერვის თანამშრომლობას თავდაპირველად უწოდებდნენ “ტეზაურუსს”, 1980-იან წლებში _ “რუბიკონს”.

შვეიცარიული კომპანია 5,75 მლრდ დოლარად იყიდეს. გარიგება გაფორმდა ლიხტენშტეინის იურიდიული ფირმა Marxer and Goop-ის მეშვეობით. მსოფლიოს ორ დიდ სადაზვერვო სამსახურს “მინერვას” პირდაპირი მართვა არ შეეძლო, ამიტომ საქმეში ჩართეს გერმანული “სიმენსი” და ამერიკული “მოტოროლა”. კომპანიის რეალური მფლობელების ვინაობა არც თანამშრომლებმა იცოდნენ და არც დირექტორმა, ხაგელინის ერთი თანაშემწის გარდა, რომელმაც მალე დატოვა პოსტი. როგორ წარიმართა მისი ცხოვრება, უცნობია.

მშიფრავი მანქანა
მშიფრავი მანქანა

აშშ-ის ცენტრალური და გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელობით ბიზნესი აყვავდა. ამერიკელთა მონაცემებით, კოდირების მანქანების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 15 მლნ შვეიცარიული ფრანკიდან (1970 წელს) 51 მლნ-მდე მოიმატა (1975 წელს). კომპანიის შტატი კი 250 თანამშრომლამდე გაიზარდა. “მინერვა” _ ეს ოქროს ფსკერია”, _ მიიჩნევდნენ ამერიკის სპეცსამსახურში.

როლექსებიდა ქრთამები

ძლიერი კონკურენტის გამოჩენა რომ არ დაეშვა, Cripto AG, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მოხსენების მიხედვით, ქრთამის მიცემასაც არ თაკილობდა. ერთხელ საუდის არაბეთში გაგზავნეს კომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ჩემოდანში ათეულობითროლექსისსაათი ედო. მოგვიანებით საუდელები მიიღეს შვეიცარიაშისასწავლო წვრთნებისჩასატარებლად, დამატებითი ბონუსი იყო ბორდელებში გართობა.

 Cripto AG-ს ოფისი შვეიცარიაში
Cripto AG-ს ოფისი შვეიცარიაში

1986 წლამდე არავინ იცოდა, ვინ იყო კოდირების მანქანების მწარმოებელი მსოფლიოში უდიდესი კომპანიის ნამდვილი მფლობელი. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო კი ამით წარმატებით სარგებლობდა. 1978 წელს, როდესაც ეგვიპტის, ისრაელისა და აშშის ლიდერები ამერიკის ქალაქ კემპდევიდში შეიკრიბნენ ისრაელეგვიპტის საზავო ხელშეკრულების გასაფორმებლად, ყველა ცნობაზე, რომლებსაც სამშობლოს გადასცემდა ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი, ხელი მიუწვდებოდა აშშის სადაზვერვო სამსახურს. ერთი წლის შემდეგ აშშის 52 მოქალაქე მძევლად აღმოჩნდა თეირანში ამერიკის საელჩოს შენობაში. იმ დღეებში აშშის პრეზიდენტ ჯიმი კარტერს მოახსენებდნენ ირანელებისა და ალჟირელების მიმოწერის შინაარსს, ერთნიცა და მეორენიც შვეიცარიული მოწყობილობით სარგებლობდნენ.

იყო უხერხული სიტუაციებიც. მაგალითად, დაზვერვამ შეიტყო, რომ ჯიმი კარტერის ძმა ლობირებდა ლიბიის ინტერესებს აშშ-ში და ამას აკეთებდა მუამარ კადაფის ფულით. ინფორმაცია გადასცეს იუსტიციის სამინისტროში, იქიდან _ გამოძიების ფედერალურ ბიუროში. კარტერის ძმა ხელებს ასავსავებდა, მაგრამ მტკიცებულებები რკინისებური იყო. საბოლოო ჯამში, მას პასუხი არ უგია, მაგრამ რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი. 1982 წელს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო, ამერიკელები ბრიტანელებს გადასცემდნენ არგენტინასთან ფოლკლენდის ომის სადაზვერვო მონაცემებს. ბუენოს-აირესში მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ Cripto AG-მა მიავლინა თავისი თანამშრომელი, რომელმაც დაარწმუნა არგენტინის ხელისუფლება, რომ საქმე უმნიშვნელო ხარვეზშია და მომავალში სისტემა საიმედოდ იმუშავებდა. თვით რეიგანმაც გამოიყენა სადაზვერვო უპირატესობა 1986 წელს ბერლინის დისკოტეკალა ბელშიმოწყობილი აფეთქების შემდეგ. დამნაშავეები სწრაფად გამოავლინეს და აფეთქებიდან 10 დღის შემდეგ დაარტყეს ლიბიას, შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა კადაფის ერთერთი ქალიშვილი.

რეიგანის განცხადებით, აშშ-ს ჰქონდა მტკიცებულება, რომ ტერაქტის კოორდინაცია ხდებოდა ტრიპოლიდან აღმოსავლეთ ბერლინში ლიბიის საელჩოს მეშვეობით. აშკარა იყო, რომ ეს ცნობები სადაზვერვო სამსახურის მოპოვებული და გაშიფრული იყო.

ამ პერიოდისთვის კომპანიის, უფრო ზუსტად, მის უკან მდგომი დაზვერვის სამსახურების საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა. მაგალითად, ნიგერიის ხელისუფლებამ, რომელმაც კოდირების მოწყობილობები შეიძინა, მათ ხელი არ ახლო. ამასთანავე, უსაფრთხოებაში “ნახვრეტების” არსებობაზე თვით Cripto AG-ის თანამშრომლებიც დაფიქრდნენ.

ძალიან ჭკვიანია იმისთვის, რომ ვერ მიხვდეს

ინჟინერი პიტერ ფრუტიგერი, მაგალითად, დაეჭვდა, რომ მისი დამსაქმებლები თანამშრომლობენ გერმანიის დაზვერვასთან. ამაში დარწმუნდა, როცა რამდენჯერმე გაგზავნეს დამასკოში, რათა მოესმინა სირიის მთავრობის საჩივარი მოწყობილობის გაუმართაობის შესახებ. ფრუტიგერმა თავისი უფროსობის სანქციის გარეშე აღმოფხვრა ხარვეზები სისტემაში და ამისთვის… სამსახურიდან დაითხოვეს. ნაციონალური უსაფრთხორების სააგენტოში გულისწყრომას ვერ მალავდნენ: თანამშრომელი კომპანიაში უნდა დაეტოვებინათ, პარალელურად გამოეძებნათ ხერხი და აეძულებინათ ის, წყნარად მჯდარიყო, მაგალითად, ფულის მეშვეობით.

საკადრო პრობლემად იქცა, აგრეთვე, ინჟინერი მენგია კაფილიში. მისი დანიშვნა სააგენტოში არ გახარებიათ, რადგან იცოდნენ, რომ ის “ძალიან ჭკვიანია იმისთვის, რომ ვერ მიხვდეს”. საბოლოო ჯამში, “ხარვეზებზე”, რომლებიც იპოვა კაფილიშმა, თვალი დახუჭეს. მის მიერ გამართული აპარატები კი მიჰყიდეს ბანკებს, ქვეყნების ხელისუფლებებისთვის “ხარვეზებიანი” აპარატების მიყიდვას კი კვლავ განაგრძობდნენ.

მალე მოხდა პირველი ნამდვილი კრიზისი. ირანელები კარგა ხნის განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ Cripto AG-ი საიმედო არ იყო და 1989 წელს დააკავეს კომპანიის წარმომადგენელი. ჰანს ბუხლერი კომპანიის მოწყობილობების გაყიდვის საუკეთესო მენეჯერად ითვლებოდა, თეირანი კი, სადაც ის ხშირად ჩადიოდა, უმსხვილესი მყიდველი იყო. საბოლოო ჯამში, ბუხლერი 9 თვის შემდეგ გაათავისუფლეს მილიონ დოლარად. თანხა საიდუმლოდ გადასცეს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ უარი თქვეს დახმარებაზე და მიუთითეს ვაშინგტონის პრინციპზე, მძევლის გასათავისუფლებლად გამოსასყიდი არ გადაეხადათ. ბუხლერი შინ ისე დაბრუნდა, კომპანიის საიდუმლოს შესახებ ვერაფერი შეიტყო, მაგრამ არ ტოვებდა განცდა, რომ მის სამსახურზე ირანელებმა უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე თვითონ.

ვითარება გამწვავდა, როცა ბუხლერი გამოჩნდა შვეიცარიის ტელევიზიაში 1994 წელს. ცსს-ში ინციდენტს უწოდეს კრიზისი “ჰიდრა”. იმხანად ტელევიზიაში მისვლა მოუწია კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ გრუპსაც, რომლის განცხადებამაც, “შესაძლოა, გადაარჩინა პროგრამა”, _ ნათქვამია ცსს-ის დოკუმენტებში.

ამ ინციდენტის შემდეგ დაიწყო ჟურნალისტური გამოძიება, რის გამოც Cripto AG რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა; რამდენიმე ქვეყანამ კი _ არგენტინამ, იტალიამ, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და ინდონეზიამ _ დაარღვია ან შეაჩერა კონტრაქტები. გასაკვირია, რომ მათ შორის არ იყო ირანი.

ყველაფერი ჩაწყნარდა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა კრიზის “ჰიდრას” შედეგად ურთიერთობა გაფუჭდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და გერმანიის ფედერალურ სადაზვერვო სამსახურებს შორის. უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი იყო სია იმ ქვეყნებისა, რომლებისთვისაც უნდა მიეწოდებინათ “ხარვეზებიანი” აპარატურა. გერმანელები განაცვიფრა ამერიკელი კოლეგების სწრაფვამ, ეთვალთვალათ თავიანთი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის. ისინი ამბობდნენ, რომაშშ უნდა, ისე იმუშაოს მოკავშირეებთან, როგორც მესამე სამყაროს ქვეყნებთან”, “დაზვერვის სამყაროში კი მათ მეგობრები არ ჰყავთ”.

ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გერმანული დაზვერვის პრიორიტეტები შეიცვალა. ბერლინს აშფოთებდა ის, რომ, თუ “მინერვას” საქმე გასკდებოდა, ამას ევროპაში არ აპატიებდნენ. 1993 წელს გერმანიის ფედერალური დაზვერვის ახალმა შეფმა ამერიკელებს განუცხადა, რომ გერმანია, დიდი ალბათობით, გავა Cripto AG-ის პარტინიორობიდან. ასეც მოხდა და გერმანიის დაზვერვა მოკვეთილი აღმოჩნდა უზარმაზარი მოცულობის სადაზვერვო მონაცემებისგან, რომელთა შეგროვებასაც განაგრძობდა აშშ.

მოგვიანებით, 2013 წელს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის, მიერ გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურები მრავალი წლის განმავლობაში უსმენდნენ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს.

დაისი და დაშლა

1990-იან წლებში Cripto AG-ისგან სადაზვერვო ინფორმაცია ინერციით მოდიოდა, რადგან ზოგიერთი ქვეყნის მთავრობას გათიშული არ ჰქონდა ძველი შვეიცარიული მოწყობილობა ახალზე გადასვლის შემდეგ. საუკუნეების გასაყარზე კი კომპანიამ ვეღარ შეძლო კოდირების ახალ სისტემებამდე მიღწევა. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ძალისხმევას არ იშურებდა, გამოეყენებინა Coogle, microsoft-ი და სხვა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები. 2017 წელს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საბოლოოდ მოიშორეს Cripto AG-ი, თავდაპირველად გაყიდეს სათაო ოფისი ცუგში, შემდეგ _ დანარჩენი აქტივებიც. Cripto AG-ის ერთი ნაწილი შეიძინა კომპანია CyOne-მ, რომლის ერთადერთი კლიენტი შვედეთის მთავრობაა.

კომპანიის საერთაშორისო აქტივები შვედმა ბიზნესმენმა შეიძინა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ბორის ხაგელინის გამო გააკეთა, მაგრამ იმის შესახებ, რომ Cripto AG-ის მფლობელი იყო ამერიკული და გერმანული დაზვერვები, მისი თქმით, ეს პირველად ესმოდა.

ბიზნესმენმა Cripto AG-სა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შორის კავშირს ჭორი უწოდა, რომლის წინ წამოწევა მოლაპარაკებებზე საჭირო არ იყო. გაყიდვიდან შემოსული თანხა არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ლიკვიდაციით დაკავებული იყო ლიხტენშტეინის ის კანტორა, რომელმაც გააფორმა Cripto AG-ის გაყიდვის გარიგება ხაგელინსა და ცსს-ს შორის თითქმის 50 წლის წინათ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here