Home ახალი ამბები მსოფლიო ბოლტონი “მობოლტეს”

ბოლტონი “მობოლტეს”

824
Болтон, С Вещами!

სწორედ ის ბოლტონი, რომელიც აშშის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უშიშროების საკითხში. და ქორად იყო წოდებული. ფარშევანგის კუდივით გაშლილი ულვაშით, განსხვავებით რომან გოცირიძისგან, რომელსაც ნაწყვეტნაწყვეტი ულვაში ცხვირის ნესტოებიდან ეზრდება. ამ ულვაშში გაცრილი წინადადებებით კარნახობდა ბოლტონი დონალდ ტრამპს, რა გზებით, გზატკეცილებით, ავტობანებითა და ქუჩაბანდებით უნდა ევლო მსოფლიო პოლიტიკის დანაღმულ მიხვეულმოხვეულში.

კრიზისების დიდოსტატი

ბევრი იარა თუ ცოტა, ორწელიწად-ნახევარი გავიდა და “დრო გასრულდა შენიო”, _ უთხრა ტრამპმა ბოლტონს, რომელსაც ექსპერტები (ამერიკელებიც კი) ცუდ კაცად მოიხსენიებენ.

დაემშვიდობა მადლობის სიტყვებით, რომლებსაც “პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების” წიწაკა წააყარა.

მწარე, სამეგრელოში ლობიოს რომ შეკაზმავენ, ისეთი.

ეს _ ახლა, ამჟამად.

მაგრამ იყო დრო, როცა ბოლტონს მოერგო აღმოსავლური ფრთიანი ფრაზა: ბოლტონმა თქვა _ ღმერთმა თქვა! ყურებზე ვდგებოდით ჩვენც, უკეთ რომ გაგვეგონა, რას ბრძანებდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში.

კრიზისების დიდოსტატად ითვლებოდა. ორიოდ დღის წინათ კი ამერიკულმა ჟურნალმა “ეკონომისტმა” საბოტაჟის  ვეტერანი უწოდა.

“ჩვენ მკაცრად უნდა ვუპასუხოთ რუსეთს!

პუტინმა უნდა გაიგონოს ნატოს არტილერიის ქუხილი და ტანკების გუგუნი წვრთნების დროს, რომლებსაც ალიანსი სულ უფრო ხშირად ატარებს უკრაინელებთან ერთად. მხოლოდ ეს და, აგრეთვე, ჩვენი სხვა ნაბიჯები მიიპყრობს პუტინის ყურადღებას! ძალიან დიდხანს იცავდა შეერთებული შტატები აშშსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემდგომი შეზღუდვის ღონისძიებათა შესახებ. რუსეთი კი განაგრძობდა ბალისტიკური და ზებგერითი სისტემების შექმნას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით აკრძალული იყო.

ჩვენი ეროვნული უშიშროების უზრუნველსაყოფად გადავწყვიტეთ, გავთავისუფლებულიყავით ამ ვალდებულებისგან და ეფექტიანად დაგვეცვა ამერიკა ოცდამეერთე საუკუნეში. რა საჭიროა ნაკლული სისტემის შენარჩუნება მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი ხელშეკრულება?!”

ასე გაამართლა ბოლტონმა ამერიკის შესაძლო გამოსვლა აღნიშნული ხელშეკრულებიდან. ეს ერთი.

და, მეორე, ამ ერთ ციტატაშიც კარგად ჩანს მისი უკიდურესად აგრესიული საგარეო პოლიტიკის არსი და ლოგიკა. ქორულიო, რომ ვთქვა, ენა არ მიბრუნდება.

პერსონები მიდიან, პრინციპები რჩება

ბოლტონი გაუშვეს.

ტრამპმა ულვაშები მოიპარსაო, _ ხუმრობენ დასავლეთში ამ საკადრო ცვლილების გამო.

შეიცვლება თუ არა აშშ-რუსეთის ურთიერთდაპირისპირების პოლიტიკა, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია განახორციელებს და რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დღევანდელ მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების გეზს?

გასულ კვირაში ეს პრობლემა ექსპერტთა მსჯელობის ერთ-ერთი თემა იყო.

ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის აზრით, ბოლტონი საშინელი ადამიანია. ეს, დიდი ხანია, ცნობილია. 1989 წლიდან მუშაობდა უფროსი ბუშის ადმინისტრაციაში, შემდეგ _ უმცროსის და მომდევნო ადმინისტრაციებში, ბოლოს _ ტრამპთან ერთერთ საკვანძო თანამდებობაზე დამკვიდრდა. ბოლტონი ამერიკული ფასეულობების პერსონიფიცირებული განსახიერებაა, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ მისი წასვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკი დიდად საფუძვლიანი იყოს.

ბოლტონს სურდა, რომ ყველა ომი მის სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული, სირიაში იქნებოდა სისხლისღვრა, ერაყში, ავღანეთში თუ სხვაგან, სულერთია.

ისრაელის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტოლოგი იაკუბ კედმი მიიჩნევს, რომ ტრამპმა ბოლტონი თავის აპარატში სამუშაოდ მიიწვია არა იმიტომ, რომ მისთვის (პრეზიდენტისთვის) მნიშვნელობა ჰქონდა, რას ეტყოდა ბოლტონი, რას ურჩევდა, არამედ სურდა, რომ ყველა იმ ბრალდების ფონზე, რომლებიც მას წაუყენეს, როგორც თითქოს რუსეთის ინტერესების დამცველს, ასეთი ოდიოზური ფიგურის მრჩევლად დანიშვნა გადაფარავდა პრეზიდენტისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას, შეარბილებდა პრეტენზიების სიმწვავეს.

დღესო, _ ხაზგასმით ამბობს კედმი, _ ტრამპი დარწმუნებულია თავისი პოზიციის სიმყარეში: რუსეთთან მისი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ლეგენდამ წონა დაკარგა და აღარავის აინტერესებს, ამიტომ ბოლტონი პრეზიდენტს აღარ სჭირდება.

ტრამპისა და ბოლტონის პოზიციები ირანზე, ავღანეთზე, ვენესუელაზე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ბოლო კვირეებში ერთმანეთს იყო აცდენილი და, როგორც ერთმა ძველმა დიპლომატმა განაცხადა რუსეთის ტელევიზიის (ОРТ-ს) პოლიტიკურ თოკშოუში Время покажет, აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტი ბოლტონს, როგორც “ქეციან ძაღლს”, ისე გააგდებდა თეთრი სახლიდან.

ეს არ ნიშნავსო,_ დასძინა დიდი გამოცდილების მქონე ამ დამსახურებულმა პიროვნებამ, რომ ტრამპი კარგია და ბოლტონი _ ცუდი. ზოგიერთ მომენტში ისინი განსხვავებულად იწყებენ ლაპარაკს. სულ ესაა.

ვინ დაიკავებს ბოლტონის ადგილს?

ახლა იქ დასვეს ბატონი კაფელმანი, რომელიც ერთ დროს რეიგანის მრჩეველი იყო. იგი ზუსტად ისეთივე ქორია, როგორიც ბოლტონი ბრძანდება. როცა რეიგანი უსასტიკეს ანტისაბჭოთა პოლიტიკას განახორციელებდა, იგი (კაფელმანი) პირწავარდნილი ანტისაბჭოელი იყო, მაგრამ, როცა გორბაჩოვმა ყველაფერი დათმო და რეიგანი ჩვენი საუკეთესო მეგობარი გახდა, იგი (კაფელმანი) მყისიერად მოლბა და ჩვენი საუკეთესო მეგობრის ნიღაბი მოირგო.

ასეთი ფერიცვალების მაგალითები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უამრავია, ამიტომ ჩვენს მკითხველს ამერიკელებისა არაფერი გაუკვირდება.

კანდიდატების სია დიდია. არის ორიგინალური შეთავაზებაც: მაიკ პომპეომ შეასრულოს ერთდროულად სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობები. რაღაც ამის მსგავსი ადმინისტრაციის ისტორიაში უკვე იყო _ კისინჯერი სახელმწიფო მდივანიც იყო და აშშ პრეზიდენტის მრჩეველიც.

ექსპერტების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბოლტონის დათხოვნა აშშ-ის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებთან არის დაკავშირებული: ტრამპის ელექტორატის დიდი უმრავლესობა, როგორც საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ადასტურებს, სულაც არ არის საომარ განწყობილებაზე. ბოლტონის მოცილება ტრამპს მშვიდობის მტრედად, ცხადია, ვერ აქცევს, მაგრამ ხაზგასმით წარმოაჩენს მისი, როგორც შეიარაღებული დაპირისპირების მოწინააღმდეგის პოზიციას. ეს კი მომავალ არჩევნებში გამარჯვების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

“ვალდაის კლუბის” დირექტორი თევდორე ლვკიანოვი იზიარებს ამ მოსაზრებას და დასძენს, რომ გამორიცხული არ არის, რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულებიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის სახელიც დაისაკუთროს. ტრამპს კი ხელს არ აძლევს, გვერდით ყავდეს ისეთი თვალსაჩინო ფიგურა და პრინციპული მრჩეველი, რომლის შეხედულებები არ შეესაბამება მისი ამომრჩევლების შეხედულებებს. იგი საერთოდ ვერ ეგუება განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლებს, ამიტომაც მის ადმინისტრაციაში არ ცხრება საკადრო ცვლილებების ართურმა, ანუ დომხალი.

ამერიკა უწინარეს ყოვლისა!

ბოლტონის მაქსიმალიზმი ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა. იგი ამბობდა, რომ “დიდი შეცდომაა საერთაშორისო სამართალს დამორჩილება, მას არავითარი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. არ არსებობს არავითარი გაერო. არსებობს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც რაღაც მიზეზისა გამო არ ხელმძღვანელობს მსოფლიოში ერთადერთი რეალური ძალა _ ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ აიძულებს გაეროს, იმუშაოს მაშინ, როცა ეს აშშ-ს სურს. ასეც უნდა იყოს, რადგან ერთადერთი, რასაც აშშ-ისთვის აქვს მნიშვნელობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებია”.

აი, ასეთი გულახდილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ ბოლტონი; კაცი, რომლისთვისაც ნებისმიერ შეიარაღებაზე კონტროლის დაწესება აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

მისი წასვლა ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ ამერიკის პრესას თუ დავუჯერებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განყოფილებაში, რომელიც განიარაღებას განაგებს, დღეს სამად-სამი კაცია დარჩენილი, რომელთაც არასოდეს უმუშავიათ განიარაღების კონტროლის საკითხებზე. ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან.

ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ-ის პოლიტიკა განიარაღებაზე კონტროლის მიმართულებით ბოლტონის გაკვალულ გზას გაჰყვება და მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. არადა, მომავალ არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად ტრამპმა ამერიკას უნდა აარიდოს ახალი დიდი ომი, უწინარესად, ირანის წინააღმდეგ, ამასთან ერთად, გამოიყვანოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთიდან. “როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს სურს, ისტორიაში შევიდეს ისეთ პრეზიდენტად, რომელიც დაამთავრებს შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ ომს ავღანეთში, რომელიც 18 წელიწადი გრძელდება.

ბოლტონი სერიოზული წინაღობა იყო ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

თანამედროვე ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტოლოგი გრემ ელისონი ამტკიცებს (ტრამპის დამოწმებით): ბოლტონის ნება რომ ყოფილიყო, აშშ ერთსა და იმავე დროს ოთხ ომში ჩაებმებოდაო.

რუსეთს ებრძოდა, მაგრამ რუსოფობი არ ყოფილა

“საერთაშორისო დისკუსიის” დროს ბოლტონის პიროვნებაზე ერთი ფრიად საინტერესო და ამავე დროს მოულოდნელი მოსაზრებაც გამოიკვეთა: იგი რუსოფობი არ ყოფილა. პირიქით, რუსეთს განიხილავდა, როგორც აშშის პოტენციურ მოკავშირეს ჩინეთთან და ირანთან დაპირისპირებაში. მისი აზრით, რუსეთისა და ამერიკის ორი საერთო მოწინააღმდეგე სწორედ ეს ორი ქვეყანაა.

ბოლტონი რუსოფობი რომ არ ყოფილა, ამ აზრზე დგას ცნობილი ამერიკელი ექსპერტი, რუსეთის ტელესივრცის ხშირი სტუმარი დიმიტრი საიმსიც. აღნიშნულ არარუსოფობობას სხვადასხვაგვარად განმარტავენ, მაგრამ ამ საკითხის დაწვრილებით განხილვა დღევანდელი წერილის რიტმიდან იქნება ამოვარდნილი, ამიტომ მკითხველებს ვთხოვ, ნათქვამით დაკმაყოფილდნენ.

გვექნება საშუალება და მაშინ ვილაპარაკოთ.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here