მთავარი პოლიტიკა ბახტაძის სტარტი

ბახტაძის სტარტი

703
გააზიარეთ
მამუკა ბახტაძე

ბახტაძე თავის გამოსვლებში ძალიან კარგად აღწერს პრობლემებს, მაგრამ მათი მოგვარების გზებზე პრაქტიკულად არაფერს ამბობს

მამუკა ბახტაძე დღეს ტელეეკრანზე ყოველდღე ჩნდება და ახალ ინიციატივებზე საუბრობს, მაგრამ, “ენდიაისკვლევებს თუ დავუჯერებთ, პრემიერმინისტრად დანიშვნამდე მასზე გამოკითხულთა 43 პროცენტს არაფერი სმენოდა. ინფორმაცია ძალიან ბევრია, ამიტომ, ალბათ, უნდა გავარკვიოთ, სად მთავრდება პიარი და იწყება საქმე.

ბახტაძის ურთიერთობა საზოგადოებასთან შეგვიძლია ოთხ ეტაპად დავყოთ:

* რჩეულიშვილებთან და ბეჟუაშვილებთან მუშაობის პერიოდში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მის შესახებ არაფერი იცოდა.

* როდესაც რკინიგზის უფროსად მუშაობდა, მედია მასზე დროდადრო წერდა, თუმცა იშვიათად, ვიდრე იმავე, ან თუნდაც უფრო დაბალი რანგის პერსონებზე. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა არ სიამოვნებს.

* ფინანსთა მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ ვითარება შეიცვალა _ მას ნაკლებადაპიარებდნენ”, როგორც წარმატებულ მინისტრს (ალბათ, სწორედ აქედან მოდის ზემოთ ნახსენები 43%), მაგრამ 2017 წლის ნოემბრიდან ხშირად ახსენებდნენ, როგორც გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელს. უფრო სწორად, სავარაუდო შემცვლელების არაფორმალურ რეიტინგში ის, გიორგი გახარიას შემდეგ, სტაბილურ მეორე ადგილს იკავებდა.

* მეოთხე ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბახტაძე პრემიერის პოსტზე წარადგინეს. სახელისუფლო პროპაგანდა მის თითოეულ ნაბიჯს ნონ-სტოპ რეჟიმში აშუქებს. თუ ბახტაძეს მის ორ წინამორბედს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ შს მინისტრად მუშაობის პერიოდში აქტიურად ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ხოლო კვირიკაშვილის გაპიარება რეალურად მხოლოდ პრემიერად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. არის მნიშვნელოვანი სხვაობაც _ კვირიკაშვილს, ღარიბაშვილის პრემიერობის ფრიად ნერვული პერიოდის შემდეგ, სტაბილურობა და მასთან დაკავშირებული პოზიტივი უნდა განესახიერებინა, ხოლო ბახტაძე ცდილობს, კვირიკაშვილის სახელობის “ზასტოის” ფონზე, დინამიკურ ცვლილებებთან ასოცირდებოდეს.

საზოგადოების განწყობა საქართველოში ერთგვარი ქანქარაა, რომელიც არასოდეს ჩერდება: ერთ მხარეს სტაგნაციაში გარდამავალი სიმშვიდეა, მეორე მხარეს _ ქაოსში გარდამავალი ცვლილებები. ბახტაძე პრემიერად იმ დროს დაინიშნა, როდესაც მოსახლეობა რეფორმების აუცილებლობაზე ლამის ერთხმად შეთანხმდა. შესაბამისად, ბახტაძე ცდილობს, ახალგაზრდა რეფორმატორის კარგად ნაცნობი როლი მოირგოს. მას ბევრი ბონუსის მოტანა შეუძლია, თუმცა არსებობს რისკიც, რადგან კოლექტიური არაცნობიერის სიღრმეში, ალბათ, შენახულია მოგონებები იმაზე, რა უბედურება დაატრიალეს ცოტა ხნის წინათ ახალგაზრდა რეფორმატორებმა, რომლებიც სწორედ ასე რიხიანად საუბრობდნენ და თავი კომპეტენტურად მიაჩნდათ უკლებრივ ყველა სფეროში. მაგრამ, ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამს და არც პრემიერმინისტრად ინიშნება.

“ქართული ოცნების” ლიდერები თავიდან სტრუქტურულ რეფორმებზე ისე საუბრობდნენ, თითქოს რომის იმპერიას შლიდნენ (ან აერთიანებდნენ, რა მნიშვნელობა აქვს). საბოლოო ჯამში, ზედაპირზე დარჩა მხოლოდ იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შერწყმა, რომელიც დიდად არავის გაუპროტესტებია და განათლების სამინისტროს გაერთიანება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან (ის, თავის მხრივ, გასული წლის ნოემბერში ორი შესაბამისი სამინისტროს შერწყმის შედეგად შეიქმნა). ამ შემთხვევაში კრიტიკა გაცილებით მეტი იყო _ უპირველესად, “წითელი” და განსაკუთრებით “ვარდისფერი” ინტელიგენციის იმ წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ ახალი სისტემა სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას გაურთულებს; აგრეთვე, იმ კომენტატორების მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს სხვადასხვა მისიის მქონე უწყებებია და მათი გაერთიანება “ჰუმანიტარულ საქმეთა” სუპერსამინისტროში გაუმართლებელია. ამ ვნებათაღელვის ფონზე თითქმის ვერავინ შეამჩნია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაძლიერება, რომელსაც შეუერთდა სივრცითი განვითარების კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროდან, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირების გაუქმებული სამინისტროდან მემკვიდრეობად ერგო დევნილების განსახლების ფუნქცია. აგრეთვე, მსჯელობენ იმაზე, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, განათლების სამინისტროს ნაცვლად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელოს. ასეთი გაძლიერების გამო ის, სავარაუდოდ, აღარ იქნება “გარდამავალი პრიზი” გავლენიანი დაჯგუფებების ბრძოლაში (როგორც ადრე იყო) და პირველი პირის (ფორმალურად _ ბახტაძის, რეალურად _ ივანიშვილის) კონტროლს დაექვემდებარება. საბოლოოდ კი, სამინიტროების რაოდენობა ჯერ (ნოემბერში) 18-დან 14-მდე, შემდეგ კი (წელს) 14-დან 11-მდე შემცირდა.

მოსახლეობას მსგავსი ცვლილებები, როგორც წესი, მოსწონს, მითუმეტეს, როცა არწმუნებენ, _ ეს ბიუროკრატიის გავლენისა და შემოსავლების შემცირებას მოასწავებსო, თუმცა ნოემბრის ცვლილებებს მსგავსი არაფერი მოჰყოლია და, ალბათ, უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც შესაბამისი ხარჯები მშპ 6,4 პროცენტიდან, დაპირებისამებრ, 3,9 პროცენტამდე შემცირდება. მამუკა ბახტაძის აზრით, ამას ორი წელიწადი დასჭირდება. ბუნებრივია, მთავრობა შეეცდება, წინა პლანზე პრობლემის სიმბოლური მხარე გამოიტანოს. “აუცილებლად წარვადგენ ახალ ინიციატივას, რომელიც არა მხოლოდ ჯიპებს, არამედ ზოგადად ავტოპარკს _ განსაკუთრებით ე.წ. პერსონალურ მანქანებს შეეხება. ბუნებრივია, ის სიტუაცია, რომელიც ამ მხრივ ზოგიერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არის, სრულიად მიუღებელია, მე ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელი”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ეს ისევ “შავი ჯიპების” კარგად ნაცნობი თემაა, რომელსაც არაერთი, მათ შორის ბოლო მთავრობა იყენებდა და ზომების მიღებით იმუქრებოდა _ ავტოპარკის რადიკალური განახლებიდან, სხვა ფერის მანქანების შერჩევამდე. სიტუაცია კი კვლავ “კატეგორიულად მიუღებელია”.

აქ, ალბათ, საინტერესოა სხვა რამ: აქვს თუ არა ხელისუფლებას პოლიტიკური ნება და რესურსი იმისთვის, რომ ხარჯები არა ორი წლის, არამედ უფრო მცირე დროის მონაკვეთში შეამციროს (იგივე ეხება ავტოპარკს)? ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ წინასაარჩევნოდ (2018, 2020) სახელმწიფო მოხელეების ნაწილის გადამტერება “ქართული ოცნებისთვის” სარისკოა, მაგრამ პრობლემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს _ მოსალოდნელი, წინასწარ ანონსირებული, მაგრამ “გადადებული” შემცირება სახელმწიფო მოხელის თავზე ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილია, რომელიც აიძულებს მას, გააკეთოს ყველაფერი თანამდებობის შესანარჩუნებლად. ნაციონალები სწორედ ამ ტაქტიკას იყენებდნენ.

ბახტაძე თავის გამოსვლებში ძალიან კარგად აღწერს პრობლემებს, მაგრამ მათი მოგვარების გზებზე პრაქტიკულად არაფერს ამბობს. მაგალითად, უცნობია, როგორ აპირებს ის იმ ვითარების შეცვლას, რომელზეც შემდეგი რამ თქვა: “საქართველოს ერთ მილიონამდე მოქალაქე სოფლის მეურნეობის სექტორშია თვითდასაქმებული. მათი შემოსავლები, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, ანუ 750 ათასი მოქალაქე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნის… როდესაც ასეთ მნიშნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს… რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამ მიმართულებით იქნება ფუნდამენტური რეფორმები”. პრობლემა აღწერილია ზუსტად და კონკრეტულად, მაგრამ გამოსავალზე ნათქვამია მხოლოდ “ფუნდამენტური რეფორმები”. მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა ძირფესვიანი, თამამი ან რევოლუციური რეფორმები და ეს აბსოლუტურად არაფერს შეცვლიდა, ვინაიდან იმ მომენტამდე, სანამ პრემიერი არ მონიშნავს პრობლემის მოგვარების გზებს, მსგავსი პასაჟების სერიოზულ განხილვას აზრი არ ექნება.

დღეს საზოგადოება ასეთ ნიუანსებს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს, რადგან მთავრობის შეცვლამ ბევრი სიახლე მოიტანა, ამასთანავე, მოქმედებს დადებითი ეფექტი, რომელიც უკავშირდება საგადასახადო შეღავათებს მცირე ბიზნესისთვის, ხელფასების გაზრდას (პოლიციელებისთვის, მეხანძრეებისთვის, პედაგოგებისთვის), ბიზნესმენებისთვის დავალიანების ნაწილის ჩამოწერას (დაახლოებით 30 ათას კომპანიას 550 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერება) და ა.შ., მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოება აუცილებლად აღმოაჩენს სიცარიელეს “ფუნდამენტური” განცხადებების უკან, ზუსტად ისე, როგორც ეს კვირიკაშვილის შემთხვევაში მოხდა.

ეკონომიკური სტატისტიკა ბოლო დროს ნამდვილად გაუმჯობესდა და 6,1%-იანი ზრდა წლის პირველ ნახევარში (7,5% მაისში) “საქსტატის” მანიპულაცია არაა _ ექსპორტიც გაიზარდა და მსხვილი საწარმოების ბრუნვაც (სხვა საქმეა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ დადებითი ცვლილებები ვერ იგრძნო), მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ის მუდმივად უარესდება, თითქმის არავინ უარყოფს. მას, ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ან ხელისუფლების პროპაგანდისტს, ან, უბრალოდ, გიჟს უწოდებენ.

საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა არ იცის ეკონომიკის ანბანი, ვერ გაუგია, რა დგას ამ ციფრების უკან _ რა ზრდაზე საუბრობს პრემიერი, რას ნიშნავს მშპ, რა მნიშვნელობა აქვს ექსპორტს და ა.შ. ცხადია, დეტალებში ჩაღრმავება ყველას როდი სჭირდება, მაგრამ საფუძვლების არცოდნა დღევანდელ პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც წერა-კითხვის არცოდნა ასი წლის წინათ _ ის ქვეყნის განვითარებას აფერხებს. მცირე ბიზნესის წარუმატებლობა ხშირ შემთხვევაში ელემენტარული უნარების არარსებობიდან, ეკონომიკის ანბანის არცოდნიდან მოდის. თუ პრემიერმინისტრი აპირებს, განათლების სფეროში ინვესტიციებისამჯერ გაზარდოს”, ურიგო არ იქნება, ამ მიმართულებით შესაბამისი პროგრამა აამოქმედოს.

ბახტაძემ, ისევე, როგორც თავის დროზე ივნიშვილმა 2012 წლის არჩევნებისას, ისეთი სტარტი აიღო, რომ შეიძლება ხელი შეუწყოს გადაჭარბებული მოლოდინების გაჩენას. ახალი პრემიერი პროპაგანდის სივრცეში ტაქტიკურ უპირატესობას იღებს, მაგრამ ეს, ისევე, როგორც მის წინამორბედებს, ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში თითქმის გარანტირებულად მზარდი უკმაყოფილების ფასად დაუჯდება.

თუმცა ოცნება იმაზე, რომ ოდესმე გვეყოლება მთავრობა, რომელიც გადაჭარბებულ მოლოდინებს შექმნის და შემდეგ დაპირებებს შეასრულებს, ალბათ, მაინც ნაადრევია.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here