Home ახალი ამბები საქართველო ბაქრაძის შეფასება – „ნახმარი სახეები“ ყველაზე მეტად  მათ მიესადაგება, ვინც ამერიკული თუ...

ბაქრაძის შეფასება – „ნახმარი სახეები“ ყველაზე მეტად  მათ მიესადაგება, ვინც ამერიკული თუ ევროპული გრანტების გამო მზად არის სამშობლოს გასაყიდად

დასავლეთი „ქართული ოცნებისთვის“ მოგებული არჩევნების წასართმევად ემზადება

195

გემახსოვრებათ, ალბათ, უმრავლესობის წევრმა ერთმა დეპუტატმა ოპოზიციონერ თეონა აქუბარდიაზე არცთუ დიდი ხნის წინათ თქვა, დალევა უყვარსო და ატყდა ამბავი. პრესკონფერენცია პრესკონფერენციაზე მოაწყვეს ოპოზიციონერმა ქალებმა, აქაოდა, ეს როგორ გაგვიბედესო და დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებაც მოითხოვეს.  ქალბატონი აქუბარდია ევროპარლამენტარებმაც „დააპადერჟკეს“, იქით ანა ფოტიგა აყვირდა, აქეთ – ვიოლა ფონ კრამონი… არადა, ხომ შეიძლება, ადამიანს (ქალია თუ კაცი)  დალევა მართლა უყვარდეს. ის, რომ  ვიღაცას ღვინის (არყის, ვისკის, კოქტეილის) წრუპვა  უყვარს, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ლოთია. ასე იყო ამ შემთხვევაშიც, მაგრამ ოპოზიციამ და დასავლელმა პარტნიორებმა არ „გაატარეს“, არ წაუყრუეს…

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინ დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს ვთავაზოთ ჩვენ და არა, ბოდიში და, იმ ნახმარ სახეებს, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, – განაცხადა ისტორიკოსმა, გიორგი ლეონიძის მუზეუმის დირექტორმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ბაქრაძემ.

დავიწყოთ იმით, რომ ნაციონალების ზეობის ხანაში მუზეუმის, დირექტორად კი არა, დამლაგებლად არ გამუშავებდნენ, თუ პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერი არ იყავი და არჩევნებზე ოჯახის წევრები არ მიგყავდა. აი, რომელიმე მუზეუმის დირექტორს არჩევნების წინ ასეთი განცხადება რომ გაეკეთებინა, მუზეუმში ფინანსური პოლიცია შევიდოდა, რამე დარღვევას აღმოაჩენდა და დირექტორს აუცილებლად დაიჭერდნენ. ჰო, ეს იყო იმხანად  და ლაშა ბაქრაძე  იმ პარტიის წევრია, რომელიც ამას აკეთებდა.

როგორ გგონიათ, რა რეაქცია მოჰყვა ამ ყველაფერს  იმ ოპოზიციონერ ქალთა შორის, რომლებმაც ალკოჰოლისადმი აქუბარდიას სიყვარული გააპროტესტეს? მათ შეიფერეს ბაქრაძის განცხადება, რომ თურმე ნაზი და სათნონი არიან,  ხელისუფლების წარმომადგენელი ქალბატონები კი –  „ნახმარი სახეების“ მქონენი. ეს განცხადება არ გაუპროტესტებიათ არც ოპოზიციონერ მამაკაცებს, რომლებმაც  თქვეს, როგორც ვიცით, ბაქრაძემ ბოდიში მოიხადა და ამით ინციდენტი ამოწურულიაო. რეალურად ბაქრაძემ ბოდიში კი არ მოიხადა, არამედ განაცხადა: ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგეს, თორემ ისეთი არაფერი მითქვამსო. რას ნიშნავს „ცუდად გაიგეს“? როგორ უნდა გაიგო ქალები „ნახმარი სახეებით?“ ვინმე ამ სიტყვებს ისე აგვიხსნის, რომ ყურს საამოდ მოხვდეს? გამორიცხულია ამის სხვაგვარად ახსნა –  ბაქრაძემ თქვა ზუსტად ის, რისი თქმაც სურდა და ეს არ იყო დაუფიქრებელი ნათქვამი. მან ჩათვალა, რომ ამის თქმის უფლება ჰქონდა, რომ ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვდა და, როცა ვამბობთ „არავინ“, დასავლეთს ვგულისხმობთ, რადგან ოპოზიციას, დიდი ხანია, არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყნის შიგნით, მათთვის მთავარია, რას ფიქრობენ დასავლელი პარტნიორები. აი, დასავლელმა პარტნიორებმა კი, იცით, რა თქვეს? – არაფერი! საერთოდ არ შეიმჩნიეს, რომ ასეთი რამ  ითქვა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, რომელიმე მუზეუმის დირექტორს, ოღონდ „ოცნების“ მხარდამჭერს, იგივე სიტყვები ოპოზიციონერ ქალებზე რომ ეთქვა?! ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ეს პიროვნება არათუ გაეკრიტიკებინათ, არამედ  დაესანქცირებინათ კიდეც.

ბაქრაძის განცხადება იყო ერთგვარი ტესტი იმისა, რისი უფლება ექნებათ ოპოზიციის წევრებს არჩევნების წინ და ტესტი ამოხსნილია – ოპოზიციას აქვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, იქნება ეს ჰომოფობიური თუ სექსისტური განცხადება, ოპოზიციას ხელის მოქნევის უფლებაც აქვს და ამ ყველაფერზე დასავლეთი თვალს დახუჭავს. სამაგიეროდ საკმარისია, ამის მეასედი მაინც გააკეთოს „ქართული ოცნების“  გუნდის არათუ წარმომადგენელმა, არამედ რიგითმა მხარდამჭერმაც კი, რომ მას მაშინვე ჰიენებივით წაესევიან და მიწასთან გაასწორებენ.

მერე რა, რომ წყალტუბოში „ოცნების“ აქტივისტზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ფატალური შედეგი მოჰყვა. ოპოზიცია ამბობს, ჩვენი მხარდამჭერის ბრალი არ ყოფილაო და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი სასწაული თქვა:  ეგ კაცი ჩვენი მხარდამჭერი კი არის, მაგრამ პარტიის წევრი არ გახლავთ და ამიტომ პასუხისმგებლობას ვიხსნითო. ადამიანია გარდაცვლილი.  ეს დაპირისპირება სრულიად საქართველომ იხილა და ნაციონალებმა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ… პასუხისმგებლობა მოიხსნეს. სხვათა შორის, დასავლელ პარტნიორებს არც გარდაცვლილ მამაკაცზე გაუკეთებიათ კომენტარი, არ გაუპროტესტებიათ, არ დაუგმიათ და მეტი რა უნდა მოხდეს, რომ მათ ხელისუფლების სასარგებლოდ ერთი სიტყვა მაინც გაიმეტონ? ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ დასავლეთი მზად არის, გვამებზეც კი გადაიაროს, ოღონდ ხელისუფლება შეიცვალოს. ამას ხვდება ოპოზიციაც და, მისი უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელობა რომ არ აქვს, ერთი კაცი მოკვდება თუ ორი, არაერთხელ გვინახავს.

როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენცია ჩანიშნა, ვიფიქრეთ, რომ ის მხარეებს კორექტულობისკენ მოუწოდებდა და ეს იქნებოდა ოპოზიციის ბოსტანში ნასროლი კენჭი, მაგრამ ნურას უკაცრავად.

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოძრაობას ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით. იმ მიმართულებით, რომელიც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი“, – განაცხადა მილერმა.

არადა, მილერს შეიძლება მარტივი კითხვა დავუსვათ:  სად არის დამოუკიდებელი მედია ან მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაცია? ქართულ სინამდვილეში ასეთი არ არსებობს და ეს ყველაზე კარგად სწორედ მილერმა უნდა იცოდეს, რადგან დასავლეთმა და, პირველ რიგში, ამერიკამ დაიმონა ოპოზიციური პარტიებიც და არასამთავრობოებიც. ბაქრაძის შეფასება „ნახმარი სახეები“ ყველაზე მეტად სწორედ მათ მიესადაგება, ვინც ამერიკული თუ ევროპული გრანტების გამო მზად არის სამშობლო გაყიდოს. ჰო, ამას ვერც ერთი ოპოზიციური პარტია თუ არასამთავრობო ვერ გააპროტესტებს, რადგან ეს აღიარება იქნება იმისა, რომ თანხის გამო სამშობლოს ყიდიან… მეთიუ მილერს კიდევ ვეტყვით, რომ ამ შემოდგომაზე არჩევნები ამერიკაშიც არის და არავის აძლევენ უფლებას, მომავალ არჩევნებზე სიტყვაც კი დაძრას, რადგან შტატებში ამას თავიანთ საშინაო საქმეებში ჩარევად თვლიან. ჰო, ნებისმიერ აზრს საშინაო  საქმეებში ჩარევას ეძახიან, ქართველებს კი, ვისაც არ ეზარება, ყველა  გვიმტკიცებს, თქვენზე უკეთ  ჩვენ ვიცით, საქართველოს რა სჭირდებაო.

აქამდე დასავლეთი სულ იმის მტკიცებაში იყო, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდებაო, მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ ციფრულად ხმის მიცემა, გაყალბების შესაძლებლობის გარდა, იმის შანსსაც ამცირებს, რომ დამკვირვებლებმა საფუძვლიანი საჩივრები წერონ. ჰოდა, ახლა გაყალბებას თვითონ ისინი შეეცდებიან, ანუ მოგებული არჩევნების არაღიარება, არცნობა იქნება მთავარი იარაღი და დაგვიანონსეს კიდეც: ზუსტად ისე მოვიქცევით, როგორც ბელორუსში, როცა ლუკაშენკოს მოგებული არჩევნები არ ვაღიარეთ და დავასანქცირეთო. ანუ, მოიგებს ხელისუფლება და დასავლეთი იტყვის: ჩვენ ამ შედეგს არ ვაღიარებთო; და არ ექნება მნიშვნელობა, მათ მიერვე ჩამოყვანილი ათიათასობით დამკვირვებელი დარღვევას რომ ვერ ნახავს და საჩივარს ვერ დაწერს. დასავლეთი  „ქართული ოცნებისთვის“ მოგებული არჩევნების წასართმევად ემზადება და ამისთვის მზად არის ოპოზიცია ­- მას გვამებზე გადავლაც რომ  შეუძლია, უკვე დაამტკიცა.

ისევ ბაქრაძესა და მის გამოთქმას დავუბრუნდეთ. წესითა და რიგით, მან განცხადება უნდა დაწეროს და აღარ უნდა იმუშაოს იმ გუნდში, რომლის ქალ წევრებსაც „ნახმარ სახეებს“ ეძახის, მაგრამ ბაქრაძეს ასე არ უნდა, მას სურს, ხელფასი მიიღოს და თან იმ გუნდს აგინოს, რომელიც ხელფასს უხდის. საინტერესოა, რა გააკეთა მუზეუმის დირექტორობის პერიოდში ბაქრაძემ იმის გარდა, რომ ყოველთვიურად ხელფასს იღებდა. მე გეტყვით – არაფერი გაუკეთებია და არ გაუკეთებია იმიტომ, რომ არ აქვს ამის უნარი და  შნო!  ხელისუფლებას კი ვეკითხებით: ასეთი ადამიანები რატომ ჰყავს გვერდით? არ არსებობს მორალური პასუხისმგებლობის საკითხი? გასვან სარზე ბატონი ლაშა ზუსტად ისე, როგორც იმსახურებს. მაგის ისტორიკოსობა არ გაიშვას კიდევ, როცა ქვეყანაში როინ მეტრეველი გყავს და ლაშა ბაქრაძე არის წინა პლანზე წამოწეული, სირცხვილზე მეტია. ისე,  ამ ქალბატონების ქმრებმა ბაქრაძეს ცხვირ-პირი რომ დაუნგრიონ, მერე ამოიღებს ხომ ხმას დასავლეთი, აქაოდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ესხმიან თავსო? ასეთი ლიდერები და ასე მოაზროვნე ხალხი არ მოგაკლოთ ღმერთმა არც ოპოზიციას და არც დასავლეთს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here