მთავარი პოლიტიკა ბატონებო, 700 მილიონით 14 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა რომ შეიძლება, თუ გიფიქრიათ?

ბატონებო, 700 მილიონით 14 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა რომ შეიძლება, თუ გიფიქრიათ?

832
გააზიარეთ
სკოლა

ერთ კვირაზე ნაკლები რჩება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. სამწუხაროდ, საქართველოს მასშტაბით 108 სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა და ეს კატასტროფაა. კატასტროფა რბილად ნათქვამია, რადგან 108 სკოლა პირველკლასელის გარეშე 11 წელიწადში ნიშნავს 108 სკოლას გამოსაშვები კლასის გარეშე.

სიმართლე გითხრათ, ამ სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გვეგონა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ადეკვატური რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იმ 1731 დასახლებაში, რომლებსაც მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვთ, უახლოეს ორ წელიწადში მარტო სკოლების და ბაღების რემონტზე დაიხარჯება 700 მილიონი ლარი. ხელისუფლებას ჰგონია, რომ სკოლებისა და ბაღების რემონტია გამოსავალი და სწორედ ამ პრობლემის გამო არ არიან აღნიშნულ სკოლებში პირველკლასელები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს განცხადება ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც აიტაცეს და ეს 700 მილიონი ყველა ბრუნვაში ატრიალეს.

ბატონებო, მართლა ვერ ხვდებით პრობლემას თუ, უბრალოდ, ამ 700 მილიონიდან მსუყე ლუკმა ვინმეს ჯამში უნდა ჩავარდეს? რა შუაშია სკოლებისა და ბაღების რემონტი, იმავე სკოლების სხვა კლასებში ხომ დადიან ბავშვები? პრობლემა ეგ კი არ არის, არამედ ის, რომ ადგილზე მოსახლოება აღარ დარჩა, აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს; ლუკმაპურის საშოვნელად ყველა ბარშია ჩასული და, ძირითადად, დედაქალაქში ცდილობს დამკვიდრებას. გაყიდული საქონლის ფულით ნაყიდი მანქანით რომ ტაქსაობს ლამის ნახევარი საქართველო, არ იცით თუ რამე ახალი ვთქვი? ვისთვის უნდა გაარემონტოთ სკოლები და ბაღები, ზამთარში ნადირი რომ შეეფაროს? დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ პრობლემის რეალური არსი ჩვენზე კარგად იცით, მაგრამ არ ამბობთ და რატომ არ ამბობთ, ეგ არის სწორედ საინტერესო. მაგ 700 მილიონით 14 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა რომ შეიძლება, თუ გიფიქრიათ? და 14 ათასი სამუშაო ადგილი, სულ ცოტა, 10 ათასი ეკონომიკურად უზრუნველყოფილი ოჯახი რომ არის, ეგ თუ იცით? ბაღებსა და სკოლებს რომ გაარემონტებთ და ხალხს მოუწოდებთ, სოფელში დაბრუნდითო, რა უნდა გააკეთონ სოფლად? დაამუშაონ მიწა, რომლის ძირითადი ნაწილი საქართველოს მასშტაბით (ჰო, სრულიად საქართველოს მასშტაბით) უცხოელებს აქვთ იჯარით გადაცემული? თუ მერე, მოსავალს რომ მოიწევენ, სახელმწიფოსგან მოისმინონ: მოიწიე და გაყიდე, მე რა გავაკეთო, მე რა შუაში ვარო? არ ყოფილა ასე? არ მოქცეულხართ ასე? თუ ახლა, რთველი რომ მოდის, არ განმეორდება იგივე და ამით გულაცრუებული კიდევ ათეულობით გლეხი არ აჭედავს სოფლად სახლის კარს?! მთავარი პრობლემა, სკოლასა და ბაღში სიარული კი არა, ის არის, იქიდან მოსულ ბავშვს რა აჭამოს მშობელმა!

მინისტრთა ახალი კაბინეტის წარდგენისას გვითხრეს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ინფლაციის პირობებშიც კი წინ მივიწევთო. დაგვცინით, როცა ამას ამბობთ, თუ გგონიათ, რომ ხალხს ამის სჯერა? სავარაუდოდ, მაღაზიებში თვითონ არ დადიხართ, რადგან ოჯახის დამხმარეები ასრულებენ ამ ერთობ მოსაწყენ პროცედურას. ჰოდა, მათ ჰკითხეთ და გეტყვიან, რომ 1 სექტემბრიდან ყველა პროდუქტი გაძვირდა. ეს, იცით, რისი ბრალია? ზაფხულში, ინფლაციის შემდეგ, ხელოვნურად რომ დაიჭირეთ ფასები და შემომტანებს უთხარით: მარაგი გამოიყენეთ, ფასი ჯერ არ გაზარდოთო. ახლა კი ამოიწურა ის მარაგი და ისინიც იძულებულნი არიან, ფასები ასწიონ, თანაც როდის _ ზედ სასწავლო წლის დაწყების წინ, როცა მშობლებს ისედაც ბევრი გასავალი აქვთ, რადგან ბავშვებს ახალი ტანსაცმელი სჭირდებათ სკოლასა თუ ბაღში წასასვლელად, გული რომ არ დასწყდეთ, სხვებს რომ ექნებათ და მათ არა. თითოეული ოჯახის ბიუჯეტს დაარტყით და ვითომც არაფერი, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ამბობთ, რომ წინ მივიწევთ. წინსვლა თქვენ და ჩვენ, ალბათ, სხვადასხვანაირად გვესმის _ თქვენ, ვისაც ოთხნიშნა ხელფასები და პრივილეგიები გაქვთ, და ჩვენ, ვისაც ყოველდღიურად გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა.

თუ არ გახსოვთ (რა დაგავიწყებდათ, მაგრამ მაინც), შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს, სხვა სიკეთეებთან ერთად, 2012 წლის არჩევნებზე 1000 ახალ ქარხანას დაჰპირდით. ჰო, ათასს! სრულიად საქართველო უნდა დასაქმებულიყო თითქოს, მაგრამ 7 წლის თავზე, ათასი კი არა, შვიდი ქარხანა მაინც გვაჩვენეთ. არადა, რა მარტივი იყო _ წელიწადში 10 ქარხანა რომ გაგეხსნათ, 73 მუნიციპალიტეტია და კი გახვიდოდით ახლა ბოლოში, თითო მუნიციპალიტეტში თითო საწარმო სათქმელად გექნებოდათ, ეგებ ნდობა ისევ გაჩენილიყო, მაგრამ არა _ მერე პრემიადანამატები და ასიათასობით ლარი ვის უნდა წაეღო სახლში?!

სამწუხაროდ, უკვე დაანონსდა, რომ გაძვირდება პურიც და ისევ მოიმატებს აქციზის გადასახადი სიგარეტსა და საწვავზე, რათა დამატებითი გადასახადი შევიდეს ბიუჯეტში, რადგან სხვა საშველი ბიუჯეტისთვის არ ჩანს. უზომოდ გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა და მთლიანობაში, ჯარიმებიდან თვეში დაახლოებით 30 მილიონი შედის ბიუჯეტში. ძალიან საინტერესოა, როდემდე უნდა იდგეს სახელმწიფო აქციზებსა და ჯარიმებზე? როდემდე უნდა იყოს მთავარი გამოსავალი აქციზის გაზრდა საწვავსა და სიგარეტზე მაშინ, როცა მათი მომხმარებელი მოსახლეობაა და სწორედ მათი ჯიბიდან შედის ბიუჯეტში ის მილიონები, რომლებიც ასე ახარებს ხელისუფლებას?

დავუბრუნდეთ ისევ მაღალმთიან რეგიონებს, რომლებშიც თურმე მთავარ პრობლემად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა რჩება. თუნდაც სვანეთი ავიღოთ, ყველაზე განვითარებული საკურორტო ზონა მაღალმთიანი რეგიონებიდან. იცით თუ არა, რომ ზამთარში სვანეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბარში ჩამოდის და იქ მხოლოდ თითო-ოროლა კაციღა რჩება, რომლებიც ტურისტულ ზონებთან ახლოს არსებულ სასტუმროებს ამუშავებენ? ანუ, სკოლებში იქაც არ დაჰყავთ ბავშვები და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამუშაო მხოლოდ ზაფხულშია. აყვავდა სვანეთი ტურიზმითო. იქნებ ამ აყვავებულ მხარეს 1-2 საწარმოც დაახმაროთ, რათა ზამთარში იქ დარჩენის სურვილი გაუჩნდეს მოსახლეობას. მიდით, დათვალეთ სვანურ სოფლებში პირველკლასელები. ყველგან ხელის თითები გეყოფათ, ზოგან კი ორი ხელიც არ დაგჭირდებათ. ასეა რაჭაშიც, ფშავშიც, ხევსურეთშიც… რაჭაში ზაფხულში თუ ახმაურდება გარემო, თორემ სოფლები ნასახლარებად არის ქცეული, ზამთარში მოხუცები რჩებიან, ისინი, ვინც მამაპაპისეულ ადგილებს ვერ ელევიან, თორემ იციან, პერსპექტივა არ აქვთ და არც სარჩო-საბადებელი ექნებათ ჭარბად.

ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ, გვეტყვიან, _ გამოსავალიც გვითხარითო. გეუბნებით, ბატონებო: მაგ 700 მილიონით 14 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება და შექმენით. დამატებით რამდენიმე ათეული მილიონის მოძიება შეიძლება იმ პროექტებიდან, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. ეს კი, რასაც ჩვენ ვამბობთ, სტრატეგიული კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისიც ხომ კარგად იცით, რომ თბილისის სკოლებში რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში ივსება ადგილები და შემდეგ მშობლებს სირბილი უწევთ, პირველკლასელი გარეთ რომ არ დარჩეს. გაივსო და გადაივსო დედაქალაქი, არც სკოლაში და არც ბაღში ბავშვები (ღმერთმა ამრავლოს) აღარ ეტევა და ამ დროს სოფლების სკოლები ცარიელია. ალბათ, არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე სკოლებში ცარიელი საკლასო ოთახების ნახვა. სახელმწიფომ კონკრეტულად ამ მიმართულებით თუ არ იფიქრა და სერიოზული თანხები თუ არ ჩადო, ხელში შეგვრჩება მხოლოდ დედაქალაქი და ზაფხულში ახმაურებული სოფლები. იქაც სახლები ნელ-ნელა ინგრევა და, როცა დაინგრევა, არც ზაფხულში ჩავა ვინმე და ნასოფლარები გატყიურდება.

ამიტომაც ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ მომავალი წლიდან მაინც დაიწყოს და წელიწადში 10 ახალი საწარმო ააშენოს _ ადრე თუ გვიან მივალთ იქამდე, რომ ადამიანებს სამსახური ექნებათ და მამაპაპისეული საძვალეების მიტოვებას აღარ იფიქრებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სტატისტიკა გაუარესდება და გაისად 108-ზე მეტი სკოლა გვექნება პირველკლასელის გარეშე. ისიც ვთქვათ, რომ ამ 108-დან რამდენიმე სკოლას არც შარშან ჰყოლია პირველკლასელი და ასე, ნელ-ნელა, დაამთავრებენ სოფლად შემორჩენილი ბავშვები სკოლას, ისინიც დატოვებენ იქაურობას და თქვენს გარემონტებულ შენობებს ინვენტარის ნაცვლად ერთი დიდი ბოქლომი დასჭირდება მხოლოდ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here