Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონებო, ნუ გადააქცევთ საქართველოს მეორე სირიად!

ბატონებო, ნუ გადააქცევთ საქართველოს მეორე სირიად!

3938
პეტრე პოროშენკო, ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა და პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს შეხვდა. ეს შეხვედრა რიგითი შეხვედრებივით ჩაივლიდა, რომ არა ერთი საგულისხმო ფაქტი: უკრაინის პირველმა პირმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად შესთავაზა, რომ საქართველო უკრაინის პარტნიორი გახდეს და მონაწილეობა მიიღოს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში. ეს _ მოკლედ, უფრო კონკრეტულად კი

“კარგი იქნება, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საქართველოც შეუერთდება. ამით შეიძლება მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, განაგრძოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი”, _ განაცხადა პოროშენკომ.

ჩვენ ერთხელ უკვე ვცადეთ, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამ მიზნით პარლამენტის ამჟამინდელმა ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა სამტრედიაში სარკინიგზო ხაზიც გადაკეტა. ამ ბლოკადის შედეგად, მილიარდობით ზარალი მიადგა საქართველოს, რუსეთმა კი მოგვიანებით შეიტყო, რომ თურმე რკინიგზა ყოფილა გადაკეტილი სამტრედიაში და მეგასახელმწიფომ დანაკლისი ვერც იგრძნო. ორიოდე წლის წინათ კი თქვა ძიძიგურმა: მე რას მერჩით, პრეზიდენტმა მიბრძანა და შევასრულე, თორემ მეც ვხვდებოდი, ამ აქციას ჩვენთვის კარგი შედეგის მოტანა რომ არ შეეძლოო. საინტერესოა, იტყვის კი ახლა ძიძიგური იმავეს და აუხსნის კობახიძეს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ ვიზარალებთ და არა რუსეთი?! ეყოფა საქართველოს ხელისუფლებას უნარი, რომ გაუძლოს ოპოზიციისა და არასამთავრობოების ზეწოლას იმის თაობაზე, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და მას ყველა მეთოდით უნდა ვებრძოლოთ?..

ის, რომ არასამთავრობოები, ვითომ ექსპერტები, ვითომ პროფესორები და კიდევ ათასი ჯურის ვიღაცები ატეხდნენ ყიჟინას, პოროშენკოს შემოთავაზებამ სულზე მოგვისწროო, კი ვიცოდით, მაგრამ, ასე მალე თუ ახმაურდებოდნენ, არ გვეგონა.

“რუსეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიური პოლიტიკა გაააქტიურა 2014-2015 წლების შემდეგ (ვგულისხმობ სტრატეგიულ შეთანხმებებს, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარეობს ამ ორი რეგიონის ბევრი სფეროს მოქცევა რუსულ სამართლებრივ ჩარჩოში). ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რუსეთმა პასუხი აგოს იმაზე, რაც დღემდე ჩაიდინა და კარგი იქნებდა, სანქციების რეჟიმი რომ დაწესებულიყო თავის დროზე. მეორე მხრივ, მიმდინარე ანექსიური პროცესი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო საამართლებრივი რეჟიმიდან გასვლას ნიშნავს. შესაბამისად, ამ ანექსიური პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სწორედ ამ მიზეზით რუსეთს დაუწესდეს სანქციები”, _ განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორმა (GRASS) პაატა გაფრინდაშვილმა.

გაფრინდაშვილისგან ამ განცხადების მოსმენა არ გაგვკვირვებია, მაგრამ საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, შემდეგ _ რუსეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი რატომ ფიქრობს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ნამდვილად ვერ გეტყვით.

“ვფიქრობ, ეს ძალიან დროულია და, უკრაინას რომ არ შემოეთავაზებინა, ჩვენ უნდა დაგვეყენებინა ეს საკითხი მათთან ორმხრივ ფორმატში. ვინაიდან ეს შემოთავაზება არის, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ყოველთვის მაწუხებდა ის გარემოება, რომ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციების შერბილებაზე იყო საუბარი, მოიხსენიებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ყირიმის დეოკუპაცია. მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენმა და უკრაინის ექსპერტებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიაღწიონ იმას, რომ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციების შერბილების საკითხი დადგება, ეს მოხდეს არა მხოლოდ ყირიმის, არამედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციის კონტექსტში (აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტა თავისთავად). წარმოიდგინეთ ფანტასტიკური სიტუცია; რუსეთი დასთანხმდა ყირიმის დეოკუპაციას, შეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და, თუ ჩვენ არ ვართ ამ კონტექსტში განხილული, მოიხსნება ყველანაირი სანქცია რუსეთზე, იქნება ჩვეულებრივი თანამშრომლობა დასავლეთსა და რუსეთს შორის, ხოლო აფხაზეთი და სამაჩაბლო რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებად?! ეს აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა. ამიტომ ჩვენს ინტერესებშია, ვიყოთ ამ პროცესის თანამონაწილე. არ ვიცი, ეს აქამდე რატომ არ ხდება. იმედი მაქვს, რომ არსებული დამოკიდებულება შეიცვლება და ჩვენ გამოვიყენებთ უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებას”, _ განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ახლა ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ გაფრინდაშვილი, ჩეჩელაშვილი და სხვები საერთაშორისო პრესას არ ეცნობიან, მაგრამ ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ (ვალდებულებიც არიან), რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაიწყო რუსეთის მეზობელი ქვეყნების, კონკრეტულად კი ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვის, ფინეთისა და პოლონეთის სამხედრო მზადყოფნის შესწავლა. კონკრეტულად კი, ამერიკას აინტერესებს, ომის პირობებში, როგორ შეძლებენ ეს სახელმწიფოები მოსახლეობის უზრუნველყოფას პროდუქტებით, რა მდგომარეობაში აქვთ სამხედრო ტექნიკა, რა რაოდენობის სასმელი წყლის მარაგი აქვთ და .. და ეს ყველაფერი მოხდება ოფიციალურად და ფარულად. ანუ, აშშ დაუფარავად აცხადებს, რომ, რუსეთთან სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ამ ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოების იმედი აქვს. ჩაერევა თუ არა ბელარუსი ამ ყველაფერში, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ უკრაინა, პოლონეთი და მოლდოვა შესაწირი ზვარაკები რომ არიან, ადვილი მისახვედრია. ფინელებს დაწყობილაწყობილი სახელმწიფო აქვთ და მათ პოზიციასაც ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკა რაღაცისთვის ემზადება და ამ რაღაცას ომი ჰქვია.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში შემთხვევითი არ იყო. ორივე ქვეყანა აშშის ვასალია და მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას ფიქრობენ ამ ქვეყნების ხელისუფლებები, არამედ ის, რას ფიქრობს ძია სემი. ძია სემი კი საჩვენოდ კარგს რომ არაფერს ფიქრობს, ფაქტია. სხვათა შორის, ამ ყველაფერს საეჭვოდ აჰყვა ერთერთი ქართული ტელეკომპანია, რომელმაც რუსეთსა და ამერიკას თვითმფრინავები, ტანკები, ტანკერები, ავიამზიდები, წყალქვეშა ნავები და ჯარისკაცები დაუთვალა, თანაც ისე, რომ ამერიკის უპირატესობა თვალში საცემი იყო და ისიც ითქვა, ომის პირობებში რუსეთს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდესო.

ადრე ვთქვი, ტრამპი რუსეთთან ბრძოლას უკანასკნელ ქართველ ჯარისკაცამდე აპირებს-მეთქი და ახლა ქართველ ჯარისკაცებს პოლონელი, უკრაინელი, მოლდოველი, ფინელი და ბელარუსი ჯარისკაცებიც დაემატებიან. გამორიცხულია, სამხედრო მოქმედებების პირობებში, ამერიკამ ერთი ჯარისკაცი მაინც გამოიმეტოს; პირიქით, ჩვენ შეგვაგულიანებს, ნატოში ხომ გინდათ, ხომ ხართ ნატოს პარტნიორი ქვეყანა და აჰა, ბურთი და მოედანი, _ იომეთო.

სხვათა შორის, ავადსახსენებელ 2008 წელს, როცა საქართველო რუსეთთან ომში ჩაება, თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი ამბობდა: ამაზე ძლიერი შეიარაღება და ჯარი არასდროს გვეყოლებაო. მაშინ რაც მოხდა, ყველას კარგად ახსოვს და ისიც არ დაგვიწყებია, ამერიკულმა ავიამზიდმა თუ ტანკერმა სასმელი წყალი და პამპერსი რომ მოგვაშველა, არც ერთი ჯარისკაცი, არც ერთი საბრძლო ტექნიკა. ამერიკამ იმხანად ჩვენთვის თავი არ შეიწუხა და ახლა რატომ შეიწუხებს?!

და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს, როგორც მტერს, აღარ უყურებს, ანუ მიდგომა შეიცვალა. თუ მანამდე მტრების სიაში, ამერიკის შემდეგ, მეორე ვიყავით, ახლა ათეულშიც ვერ მოვხვდით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქვს აზრი მოლაპარაკების დაწყებას. აზრი აქვს ერთ მაგიდასთან დასხდომას და არა მაგიდაზე მუშტის ბრახუნს. ამ ბრახუნმა რაც მოგვიტანა, ერთად ვიწვნიეთ ყველამ და აღარ გვინდა.

სანამ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრემიერმინისტრი იტყვის, რას აპირებს უკრაინის პრეზიდენტის შემოთავაზებაზე, ერთი ძველი ქართული ანდაზა გაიხსენონ: “გაახელეს მურია, შეაჭამეს მგლებსაო…” წყლის ორი წვეთივით ჰგავს ეს მდგომარეობა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოს ომს უძღოდა წინ. მაშინაც რიხიანი ისმოდა რიტორიკა, ევროპელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსების ხმამაღალი განცხადებები, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ და ჩვენს ტერიტორიას ვერავინ შეეხება. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ რუსეთმა ზუსტად ისე გადაგვიარა, როგორც თვითონ აძლევდა ხელს, არც ამერიკის მორიდებია და არც ევროპის. ბებერი კონტინენტის შუაგულიდან ევროპელ ლიდერთა შეშფოთება კი მოჩვენებითი იყო, რადგან ეს “შეშფოთებული” ლიდერები დღემდე ბედნიერი სახეებით ხვდებიან რუსეთის პრეზიდენტს და აღიარებენ, რომ მისი გაბრაზება არ სურთ.

ბატონებო, არ დაუჯეროთ პოროშენკოს, ნუ გადააქცევთ საქართველოს მეორე სირიად და, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაიხსენეთ, რომ სირია

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here